„ვიღაცას შეიძლება ლექსი, მოთხრობა მიუღებლად მოეჩვენოს და ასე ჩვენ საით მივდივართ, ვინ უნდა განსაზღვროს, შეაფასოს ეს ყველაფერი?“
myrights.ge
პარლამენტში რელიგიურ სიწმინდეებთან დაკავშირებით დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავენ. წინადადება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს ეხება. ცვლილებების მიხედვით, აღნიშნულ კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა მოცემული კანონპროექტი და მისი ზოგადი შინაარსისა და ბუნდოვანების გამო, ინიციატორს მუხლის ფორმულირების შეცვლა შესთავაზა. თუმცა, პრინციპის დონეზე კომიტეტმა მხარი დაუჭირა პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევის საკითხს.
საპარლამენტო ინიციატივამ საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია. სახალხო დამცველის შეფასებით, კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმის თვალსაზრისით, ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნას ეწინააღმდეგება და განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას.
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, შემოთავაზებული ფორმულირებებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთადერთი კრიტერიუმია „მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“, რაც სრულიად მოკლებულია ობიექტური შეფასების შესაძლებლობას და ერთი ადამიანის გამოხატვას მთლიანად მეორე ადამიანის - მორწმუნის კონტროლის ქვეშ აქცევს, რასაც პრაქტიკულად მორწმუნეებისთვის პრივილეგიის მინიჭების ეფექტი აქვს.
ამასთან, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ამ ნორმის საფუძველზე კანონის აღსრულებისას უნდა შეაფასონ რა შეიძლება იყოს „შეურაცხმყოფელი მორწმუნის გრძნობებისთვის“, რაც ამ ორგანოებს თვითნებობის ფართო შესაძლებლობას მიანიჭებს.
სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მიმართავს უარი თქვას ამ ფორმისა და შინაარსის მქონე კანონპროექტის მიღებაზე.
„ქრონიკა პლუსთან“ საუბრისას, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ კანონპროექტს არ იცნობს და მასზე შინაარსობრივად ვერ ისაუბრებს.
- კანონპროექტი მოვა ჩვენთანაც კომიტეტში, ვიმსჯელებთ და მერე შეიძლება მასზე შინაარსობრივად საუბარი.
- წინასწარი შეფასება არ გაქვთ?
- მე თავად აღნიშნულ კანონპროექტზე ჯერ არ მიმუშავია, რადგან მისი რიგი (ასე ვთქვათ) არ მოსულა. თან ორი კვირაა ბიულეტენზევიმყოფები. ახლა უკვე დავიწყებთ კანონპროექტზე მუშაობას და სათქმელსაც მერე გეტყვით.
ნონა ხიდეშელი, მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ფსიქოლოგი:
- ჯერ ერთი, კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას. მანდ სიწმინდეებზე ყურადღება არ გამიმახვილებია. მათი ხელყოფა, რასაკვირველია, არ შეიძლებაა. ოღონდ, როგორც დაუშვებელია მართლმადიდებლური სიწმინდეების ხელყოფა, ასევე არ შეიძლება მაგალითად ღორის თავის ჩამოკიდება მუსულმანური სალოცავის კარზე, როგორც ეს აჭარაში მოხდა.
ასევე არ შეიძლება ბაპტისტების, 50-იანელების, იეღოვას მოწმეების სატანისტებად გამოცხადება...
აქ კიდევ მეორე თემაა საგანგაშო - საუბარია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე, რაც შეიძლება სხვადასხვა ქმედებით გამოიხატოს. ეს მომენტი იქ არ არის დაკონკრეტებული. და ახლა ვიღაცას ჩემი ლექციები არ მოეჩვენოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად; ვიღაცამ გოგონას თავისუფალი ნახატი შეიძლება შეურაცხყოფად წარმოიდგინოს; ვიღაცას შეიძლება ლექსი, მოთხრობა მიუღებლად მოეჩვენოს და ასე ჩვენ საით მივდივართ? ვინ უნდა განსაზღვროს, შეაფასოს ეს ყველაფერი?
რეალურად რომ ვიმსჯელოთ, მორწუნისთვის შეიძლება ყველაფერი შეურაცხმყოფელი იყოს. ისიც, რომ მე მაგალითად ეკლესიაში შიშველი მხრებით შევიდე. ანუ ძალიან ზოგადი შინაარსის კანონპროექტია. ეს მიდგომა ცალსახად აძლიერებს ფუნდამენტალურ მმართველობას, რაც ძალიან საგანგაშო სიგნალია.
სამასლარიანი ჯარიმა ექვსასლარიანი შეიძლება გახდეს და სჯობს გაჩერდეო. გამარკვიეთ, რატომ ვცვლიდით მაშინ კომუნისტურ იდეოლოგიას. ისიც იდეოლოგია იყო და ესეც გარკვეული ტიპის იდეოლოგიაა. რატომ ვცვლიდით სისტემას, თუკი ეს ცენზურა მაინც უნდა დარჩენილიყო? იქაც ხომ ასე იყო, პარტია სულ პატარა რაღაცას არაფრით არ დაუშვებდა, იყო დასჯადი და ა.შ.
მესმის, რომ შეურაცხყოფა ზოგადად ცუდი ტონია. მაგრამ აქ არც ერთი მხარე არ იქცევა ნორმალურად. ამიტომ მაინც ისე წავა პროცესი, რომ ძალიან დიდ გაუგებრობებს მოიტანს. და რაც მთავარია, დავამატებ, რომ ეს კიდევ უფრო გაზრდის ესკალაციის მაჩვენებელს. ეს არაფრით არ მოიტანს ჰარმონიას და მეტ ურთიერთგაგებას ჩვენ საზოგადოებაში.
- აქედან გამომდინარე, პარლამენტისგან რა ტიპის რეაქციას ელოდებით?
- ვიმედოვნებ, რომ ჯანსაღი აზრი მაინც გაიმარჯვებს. პარლამენტი არ არის მაინც ჯაჭვლიანი და ბესელია. იქ არიან რესპუბლიკელები, საღად მოაზროვნე დეპუტატების რაღაც ნაწილი და დიდი იმედი მაქვს რომ მსგავს სისულელეს არ დაუშვებენ. მე რესპუბლიკური პარტიისგან ამის იმედი ნამდვილად მაქვს.
ასევე ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხზე განცხადებას პრეზიდენტიც გააკეთებს. ჩემი აზრით, ეს არის ჯანსაღი ძალა დღევანდელ ხელისუფლებაში და ალბათ, ჯაჭვლიანის იმედზე არ დაგვტოვებენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას სერიოზული სამოქალაქო პროტესტი უნდა მოჰყვეს. რადგან ეს მაინც გარკვეული იდეოლოგიის ფარგლებში გვაბრუნებს, რაც დაუშვებელია.
სჯობს სხვანაირად დავლაგდეთ და დავარეგულიროთ, რომ ასე ერთმანეთს შეურაცხყოფა არ ვაყენოთ. მე არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემი ლექციებიდან გამომდინარე ზოგი მორწმუნე შეურაცხყოფას მაყენებს. მაშინ ისიც დასჯადი იყოს. ასე ხომ არ შეიძლება, ცალმხრივი მიდგომა ხომ სრულიად არალოგიკური იქნება.
გია ნოდია, ყოფილი განათლების მინისტრი:
- კანონპროექტის სულისკვეთება სრულიად მიუღებელია, რადგან ეს არის გამოხატვის თავისუფლების აშკარა შეზღუდვა. და არ არსებობს არანაირი მკაცრი კრიტერიუმი, რითაც განსაზღვრავ, რას ნიშნავს ეს რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა.
ანუ ვინც ამ ქვეყანაში უფრო გავლენიანია, მისი გრძნობების შეურაცხყოფა შეუძლებელი იქნება. და ვინც საპირისპიროდ სუსტი იქნება, მისი შესაძლებელი. ეს რას ნიშნავს, მე შემიძლია ყველაფერზე ვთქვა, რომ ჩემი გრძნობები შეურაცხყოფილია.
- პარლამენტისგან რა დამოკიდებულებას ელოდებით?
- აქამდე მეგონა, რომ პარლამენტი ამ ყველაფერს სერიოზულად არ მიიღებდა და შესაბამისად, უარს ეტყოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ე.წ. ადამიანი უფლებების კომიტეტმა მწვანე შუქი მისცა ამ კანონპროექტს, უკვე დავიჯერე, რომ ის შეიძლება მიიღონ.
ალბათ ერთადერთი, რამაც ეს კანონპროექტი შეიძლება გააჩეროს, ეს ბიძინა ივანიშვილის რაქციაა. თუ ივანიშვილმა გადაწყვიტა ჩარევა და რაღაცნაირად დეპუტატებს ხმა მიაწვდინა, რომ ის ამას მხარს არ უჭერს. შეიძლება ამან იმოქმედოს.
- ევროპასთან რამე პრობლემას ხომ არ შექმნის ასეთი კანონის მიღება?
- რაღაც ღრმა პრობლემა შეიძლება არ შექმნას. მაგრამ ჩვენს იმიჯზე, რასაკვირველია, ნეგატიურად აისახება.
შეგახსენებთ საპატრიარქოს განცხადებას, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სახდელის დაწესების შესახებ კანონპროექტის მიღების საკითხი საპატრიარქოს ინიციატივა არ ყოფილა.
„როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის შემოღებას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის. სოციალურ ქსელებშიც და ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია ამ კანონპროექტთან საპატრიარქოს კავშირის შესახებ, მიაჩნიათ რა, რომ მისი მიზანი თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის „ჯანსაღი კრიტიკის აცილებაა“, რაც რეალობას არ შეესაბამება.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ ცილისწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და გამოსვლები, მსგავსი კანონპროექტის მიღების საკითხი არც ადრე და არც ამჟამად ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა. რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ ამ და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან მიმართებაში მომავალ სამშაბათს საქართველოს საპატრიარქოში ინტერრელიგიურ საბჭოში შემავალი რელიგიური გაერთიანებების სამუშაო შეხვედრა იგეგმება“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.