მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საქართველო ვარშავის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (მაპი) ვერ მიიღებს“ - 18 თებერვალი 2016

აშშ ევროპაში მძიმე შეიარაღების მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს 

myrights.ge

პუტინის ხელისუფლების არაადეკვატურმა ნაბიჯებმა დასავლეთს ახალი გადაწყეტილებებისკენ უბიძგა. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნატო-ს ქვეყნებში მძიმე შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობას მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს. პენტაგონის მაღალჩინოსნების ინფორმაციით, დამატებითი ძალები და სამხედრო აღჭურვილობა შესაძლოა, უნგრეთში, რუმინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიგზავნოს. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის თანახმად, ეს იქნება თეთრი სახლის ადმინისტრაციის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია რუსეთის შეკავებისკენ რეგიონში შესაძლო აგრესიისგან: „თეთრი სახლი ევროპაში ამერიკული შეიარაღების განლაგების მიზნით რეკორდულ 3,4 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს“. 

თეთრი სახლის ადმინსიტრაციაში „ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბარში აცხადებენ, რომ გაზრდილი სამხედრო პოტენციალი ევროპაში იქნება სიგნალი ვლადიმერ პუტინისთვის იმის შესახებ, რომ დასავლეთი კვლავ ეჭვის თვალით უყურებს მის ზრახვებს ევროპის რეგიონში. 

„ეს არის გრძელვადიანი პასუხი ევროპაში უსფრთხოების კუთხით შეცვლილ გარემოზე და ასახავს ახალ სიტუაციას, რომელშიც რუსეთი უფრო რთული მოთამაშე გახდა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში. 

„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია ექნება მოსკოვს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე, მაგრამ, როგორც პენტაგონის ყოფილმა თანამშრომელმა ეველინ ფარკასმა განაცხადა, ეს იქნება „უდიდესი სიგნალი“, რომ დასავლეთი კვლავ ერთგული რჩება გააგრძელოს რუსეთის შეკავების პოლიტიკა და „გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან“.

ამ ფონზე, სამხრეთ კავკასიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ საქართველო ვარშავის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს. „ფიქრობენ, რომ მაპი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გაზრდის რისკს საქართველოსთვის. ამიტომ მათ ურჩევნიათ აქცენტი იმპლემენტაციაზე გადავიდეს“, - ამბობს აპატურაი „პირველ არხთან“ საუბრისას. 

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ესაუბრება:

- მსოფლიოში მძიმე პროცესები მიდის. რუსეთი სულ უფრო არაადეკვატური ხდება. ეს არაადეკვატურობა პირველად საქართველოსთან აჩვენა ღიად, 2008 წლის ომის დროს. მაშინ კიდევ ბევრ ევროპულ ქვეყანას იმედი ჰქონდა, რომ ეს პროცესი თავისით შეჩერდებოდა, პუტინი დაჭკვიანდებოდა და ა.შ. 

ასე არ მოხდა. მერე უკრაინაში ომმა, სირიაში რუსეთის მხრიდან ღია ინტერვენციამ (როგორც ეს საქართველოში მოხდა) კიდევ ერთხელ იმაზე მიუთითა, რომ პუტინი აბსოლუტურად არაადეკვატურია.

მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი ერთი და იგივეს, უფრო სწორად ვიმეორებდი უინსტონ ჩერჩილის სიტყვებს, - ერთადერთი, რასაც რუსეთი პატივს სცემს, ეს არის ძალა. ეს მე არ მითქვამს, ვიმეორებ ჩერჩილის სიტყვებს, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია. 

ამიტომ მგონია დადგა მომენტი, როდესაც დასავლური ქვეყნების პრეზიდენტები მიხვდნენ, - ერთადერთი, რითაც შეიძლება დაუპირისპირდნენ რუსეთს, ეს არის ის, რომ აჩვენონ ძალა, აჩვენონ კბილები. და ამ პროცესს ახლა რეალურად ვხედავთ. 

- ამ პროცესის შედეგად რა შედეგებს მიიღებენ თუნდაც ქართული, უკრაინული და მოლდოვური მხარეები? 

- დღეს ამაზე საუბარი ძალიან რთულია. ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული. 

მოგეხსენებათ, რომ ამერიკა შევიდა საარჩევნო კამპანიის სტადიაში. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული თვითონ ამ საარჩევნო პროცესზე. ეს ბუნებრივია, ძალიან ბევრი პროცესის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება. 

ამ დროს, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტია ყველა თავის ნაბიჯს ამ შიდა საარჩევნო კამანიის კუთხით უყურებს. ამიტომ რამე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთული საქმეა. ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ აშშ-ში განსაკუთრებით ეს საარჩევნო კამპანია არ დამთავრდება. და ეს უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოხდება. 

- ექნება თუ არა ზემოაღნიშნულ  ნაბიჯებს რეალური გავლენა რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკაზე? 

- ამის იმედი მაქვს, რადგან როგორც აღვნიშნე, ერთადერთი, რასაც რუსული მხარე აღიარებს და პატივს სცემს, ეს არის ძალა. ახლა, ამ წუთისთვის დასავლეთს რაც შეუძლია, უნდა გადადგას სერიოზული ნაბიჯები იმისთვის, რომ აჩვენოს პუტინს, რუსეთს, რომ მის ძალას ასევე უპირისპირდება ძალა. 

ამ პოლიტიკის თვალსაზრისით რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ნებისმიერი დემოკრატიული ფასეულობა, ნებისმიერი ტაქტიკური სვლა, მაგალითად მოთმენა, დიპლომატიური უკანდახევა ყოველთვის აღიქმება, როგორც სისუსტე. ანუ ეს ისტორიული მომენტია და ამას ნებისმიერი მემატიანე დაადასტურებს. ეს ეხება რუსეთის თუ საბჭოთა კავშირის, ბოროტების იმპერიის დიპლომატიას. 

მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნებოდა მეფის რუსეთი, საბჭოთა კავშირი თუ პუტინის რუსეთი, ეს ერთი და იგივე ბოროტების იმპერიაა, რომლის ნებისმიერი დიპლომატია ძალაზე არის აგებული. და თავისი მოწინააღმდეგის ნებისმიერ, რაღაც მოზომილ ნაბიჯს მხოლოდ და მხოლოდ სისუსტედ აღიქვამს. 

სიმართლე გითხრათ, თუ ამ ისტორიული კუთხით შევხედავთ, დღევანდელი ვითარება ძალიან ჰგავს მეცხრამეტე საუკუნეს, როდესაც ნიკოლოზ პირველი იყო რუსეთის სათავეში. მაშინ რუსულ-თურქული ომი იყო, მეტოქე დაამარცხეს  და თითქოს რუსეთის იმპერია ბოსფორზე გავიდა. რადგან მაშინაც რუსეთის იზოლაცია მოხდა და საკმაოდ დიდი ხნის, ერთი საუკუნის განმავლობაში დასავლეთმა მისი შედარებითი ნეიტრალიზება მოახდინა მსგავსი იმპერიული გიჟობებისგან. 

ახლა ჩვენ დაახლოებით იგივეს ვხედავთ. 

- ამ ვითარებაში რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ქართულმა მხარემ, რომ ახალ გამოწვევებს მომზადებული შეხვდეს? 

- ამაზე მარტივი პასუხია. ქართულმა მხარემ უნდა გაატაროს პრინციპული პოლიტიკა. არავითარ შემთხვევაში, არანაირი დათმობა არ შეიძლება. და არც ერთ შემთხვევაში არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ისინი რაღაც თამაშში შეიძლება გაყვნენ რუსეთს. 

ძალიან პრიმიტიულად რომ ვთქვათ, რუსეთი ვთქვათ ფეხბურთს არ თამაშობს. მასთან ამ თამაშს აზრი არ აქვს. და თუ ვინმეს განცდა აქვს, რომ ამ თამაშს რუსეთს მოუგებს, ის ცდება. რადგან რუსეთს ხელში ავტომატი უჭირავს. როგორც კი ბურთით წინ წაიწევი, მის კარებთან მიხვალ, ეგრევე გესვრის. 

ამიტომ ჩვენ ძალიან პრინციპული პოლიტიკა უნდა გვქონდეს, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთზე და ნატოსთან ინტეგრაციაზე. პარტნიორებთან მუდმივად უნდა ვიმუშაოთ. მეტი არაფერი. აქ ყველაფერი ძალიან მარტივად დგას. 

- ამ მხრივ გარკვეულ საფრთხეს შეიცავს თუ არა „გაზპრომთან“ ცნობილი მოლაპარაკებები? 

- ბუნებრივია, რომ ეს ძალიან დიდი საშიშროებაა. აქაც ძალიან მარტივი პოლიტიკაა რუსეთის მხრიდან. მას უნდა, რომ საქართველოში აზერბაიჯანული გაზი შეცვალოს. ამისთვის მზად არის, რომ მინუსშიც კი წავიდეს; კერძოდ, შესთავაზოს კონკურენტუნარიანი ფასი. 

ახლა მაგალითად, სომხეთს, თავის სტრატეგიულ პარტნიორს უფრო ძვირად აწვდის, ვიდრე აზერბაიჯანი ჩვენ გვაძლევს. მაგრამ რუსეთი ამაზეც კი წავა, რომ კონკურენტუნარიანი ფასი იყოს. რადგან მას ძალიან კარგად ესმის, რომ აზერბაიჯანული გაზი, რომელიც ახლა საქართველოში მოდის, როგორც კი ჩვენ ამაზე უარს ვეტყვით, ეს აირი მილებში არ დარჩება; ეგრევე წავა ევროპაში. 

მერე როცა ჩვენი მთავრობ მიხვდება, თუ რა ხაფანგში თავი ჩაყო, უკვე გვიანი იქნება. რადგან ეს გაზი სხვა მისამართზე გაგზავნილი იქნება; და აზერბაიჯანს არ აქვს იმის რესურსი, რომ ბუნებრივი აირი იქაც აგზავნოს და აქაც გამოაგზავნოს. ანუ მერე ჩვენ ამ გაზს უკვე ვერ მივიღებთ და ბუნებრივია, ის მონოპოლისტი გახდება. 

ანუ ეს იგივეა, რომ მაგალითად, საქართველოში პურს ბევრი კომპანია ყიდის. ერთმა კომპანიამ შესთავაზოს პური ვთქვათ ათ თეთრად და ამ გზით მოკლას ყველა კონკურენტი. ეს ყველაფერი ხელში ჩაიგდოს და როცა არავინ არ იქნება ბაზარზე, მერე გინდ ათ ლარად გაყიდოს და გინდ ას ლარად. რადგან პური მაინც პურია და მისი ყიდვა აუცილებელია. 

- სამხრეთ კავკასიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ საქართველო ვარშავის სამიტზე სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს...

- აქ მთელი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ხელისუფლებას, მთავრობას არ ესმის, თუ რას აკეთებს ნატოსთან დაკავშირებით. მოკლედ ჩამოვაყალიბებ. ნატოში ინტეგრაცია, მაპის მიღება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური პრობლემა. ანუ ვასრულებთ თუ არა ჩვენ რაღაც კონკრეტულ მოთხოვნებს. ამას ვასრულებთ და ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლემები არ გვაქვს. 

მაგრან მეორე არის პოლიტიკური ნაწილი. ამ პოლიტიკურ ნაწილში კი, გენერალური შტაბის უფროსს ტუალეტთან იჭერ, რუსთავი ორზე ზეწოლა მიმდინარეობს, ტელეკომპანია ბეწვზე არის გადარჩენილი, ზოგადად თავისუფალ მედიაზე მიდის ზეწოლა; როდესაც ადამიანებს პოლიტიკურად დევნიან, მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი ციხეში ზის; როდესაც მერი 24 საათი იყო გამოშვებული და მერე ისევ ციხეში დააბრუნეს; როდესაც პრეზიდენტს ქვეყნის მოქალაქეობას ართმევ და ა.შ. ბუნებრივია, რომ ასეთ პირობებში პოლიტიკურად წამგებიან თამაშში ხარ. 

იმ ადამიანებს, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ჩვენს გაწევრიანებას, რეალურ საბაბს აძლევ თქვან, რომ აქ დემოკრატიის პრობლემა არის. და აქედან გამომდინარე, ნატოში ინტეგრაცია უნდა გადაიდოს. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა. 

ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, ყოველთვის ამ პროცესზე კონკრეტულდ აისახება. 

- მომავალ საპარლამენტო არჩევნებს თუ შეუძლია ამ მხრივ გარკვეული როლი შეასრულოს უკეთესობისკენ? 

- კარგი კითხვაა იმ კონტექსტში, რაც ახლა გარდაბანში ხდება. დიახ, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებს შუძლია ძალიან პოზიტიური როლი ითამაშოს. მაგრამ ასევე

ეს როლი შეიძლება იყოს საპირისპიროდ ძალიან ნეგატიურიც; ჩვენ თუ შევხედავთ იმას, რაც ახლა აქ, გარდაბანში მოხდა. როდესაც საარჩევნო უბნები ზონდერბრიგადების, ნიღბიანი ადამიანების ალყაში იყო მოქცეული. ყურების ძალიან სპეციფიკური ტრავმებით, ანუ მოჭიდავეებით, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ და რეალურად აშინებდნენ, ატერორებდნენ მოსახლეობას.

მაგალითად, გარდაბნის ერთ-ერთი მკვიდრის მანქანა ხელებით დაამტვრიეს. გამოვიდა გაბრაზებული, ნიღბიანი ადამიანი სპეციალური საბრძოლო ხელთათმანებით და  ავტომანქანას ბოლო მოუღო.  ანუ ეს მაგალითია იმისა, თუ როგორ ტარდებოდა ეს ბოლო, გამგებლის არჩევნები.

თუ ჩვენ ოქტომბერში ასეთ არჩევნებს მივიღებთ, ბუნებრივია, ეს ძალიან დიდი პრობლემა იქნება კონკრეტულად ნატოში ინტეგრაციის კუთხით. და ეს რეალობა ყველა ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს. 

მესმის, რომ არსებობს ანტიპატია ერთმანეთის მიმართ. ვიღაცას მოვწონვარ, ვიღაცას არა, ეს აბსოლუტურად გასაგები ამბავია. მაგრამ ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას ძალიან მარტივი საკითხი, ეს არის გადარჩენის პრობლემა. 

ჩვენ ვერ წავეთამაშებით რუსეთს და ვერ დავრჩებით მარტო მის წინააღმდეგ. ერთიც დამღუპველია და მეორეც. რუსეთთან თამაშიც დამღუპველია და მასთან პირისპირ მარტო დარჩენაც იგივე შედეგის მომტანია. ყველაფერი ისე გავაკეთოთ, ქვეყანა ისე უნდა განვითარდეს, რომ დასავლელ პარტნიორებს იმის საბაბი არ მივცეთ თქვან, - ამ ხალხს დემოკრატიის მშენებლობა არ შეუძლიაო. 

ცემა-ტყეპა, მანქანების დამტვრევა და ასე არჩევნების ჩატარება, როცა საარჩევნო უბნები ნიღბიანი ადამიანების ალყაში ექცევა, - დემოკრატია არ არის. ეს ძალიან დიდი საფრთხეების წინაშე დაგვაყენებს, რისთვისაც თავის დაღწევა ყველას გაუჭირდება.     

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია