myrights.ge
ა/ო „მონიტორინგის ცენტრი მედიატორის“ დამფუძნებლის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსი, „ორჯერ ნასამართლევი იმედა ბერიძე ჭორვილიდან, თანამდებობიდან გაათავისუფლეს“. „ათეულობით თანამშრომელი გაათავისუფლა უკანონოდ და შესაბამისად ხელებიც მას „მიახოცეს“ . ბაღების პრობლემები იმედათი არც დაწყებულა და არც დასრულდება. შემდეგი სამუშიას მეუღლე და თორდინავა უნდა იყოს ვინც რეალურად იძლევა დავალებას და ასრულებს „სუსის“ დირექტივებს“, - აცხადებს ხაბეიშველი.
თავად მონიტორინგის სამსახურის უფროსი იმედა ბერაძე აცხადებს, რომ გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა და მიზეზად სხვა სამსახურში გადასვლასა და ოჯახურ პრობლემებს ასახელებს.
ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსს ბოლო პერიოდში შესაძლო კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდნენ.
ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“, „მონიტორინგის ცენტრი მედიატორის“ დამფუძნებელს, ლევან ხაბეიშვილს ესაუბრება:
- იმედა ჭორვილსკის (ბერიძე ) სამსახურიდან გაშვება შემთხვევით არ მომხდარა. ბერიძე ჩვენი ინფორმაციით ორჯერ არის ნასამართლევი და მიუხედავად ამისა, მაღალ თანამდებობაზე აღმოჩნდა ბაღების სააგენტოში. კარგად ასრულებდა „სუსის“ დავალებას და ყველა თანამშრომელი, ფაქტობრივად, მისი მოხსენებითი ბარათების საფუძველზეა გათავისუფლებული. იმედას ცოდვებმა და მედიატორმა უწია და თავადაც მიაბრძანეს სახლში.
ასეა, ერთჯერადი მოხმარებისთვის სჭირდებათ ხოლმე მსგავსი ჯალათები.
ბერიძის გარდა, ჩვენი ინფორმაციით თორდინავას მოადგილეც გათავისუფლებულია. მოკლედ, დიდი პრობლემები და ქაოსია ამ მიმართულებით, ისევე როგორც ზოგადად ქალაქში. აქ მთავარი ბაღების სააგენტოში ჯაბა სამუშიას მეუღლე და თორდინავაა. სამუშიას მეუღლე ფაქტობრივად რუხი კარდინალია, რომელიც საკადრო გადაწყვეტილებებს იღებს. ხოლო ამ დირექტივებს ის პარტიიდან და „სუსისგან“ იღებს. შემსრულებელი იმედა გაუგდეს, ახლა კი, მისი და თორდინავას ჯერია.
იმდენი ადამიანი გაათავისუფლეს უკანონოდ, რომ მხოლოდ თანამდებობის დატოვებით შემოფარგვლა მათთვის ნამდვილად მისალოცი იქნება.
- ორგანიზაციის ახალ კვლევებსა და ინიციატივებზე რას გვეტყვით?
- „მედიატორის“ ახალ ინიციატივაზე გეტყვით, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში წარვადგენთ. ეს არის ინიციატივა, რომელიც საჯარო სამსახურიდან უკანონო დათხოვნას ეხება. კერძოდ, თანამდებობის პირი, რომელიც უკანონოდ გაათავისუფლებს საჯარო მოხელეს და ამას სასამართლოც დაადასტურებს (ორ ან მეტ შემთხვევას), თავად იქნეს დათხოვნილი და გარკვეული დროით საჯარო სამსახურში მუშაობა აეკრძალოს.
ეს ინიციატივა პასუხობს იმ გამოწვევას, რაც რეალურად დგას საჯარო სამსახურებში. ასობით საჯარო მოხელეა უკანონოდ გათავისუფლებული. მიუხედავად სასამართლოს გამამართლებელი განაჩენებისა, „მოძალადე“ და კანონდამრღვევი ჩინოვნიკები კვლავ თანამდებობებზე არიან და რეალურად ამ პროცესის შემაკავებელი კანონი არ არსებობს.
- რა შედეგები მიიღეთ ელმავალშემკეთებელ ქარხანაში ვითარების შესწავლისას?
- უკიდურესად რთული ვითარებაა ელმავალშემკეთებელ ქარხანაში; რომელმაც 2005 წლის შემდეგ 130 ვაგონს ჩაუტარა მოდერნიზაცია და ამ დროისთვის კიდევ 26 ვაგონია გასანახლებელი. ვაგონების ექსპლუატაციის ვადა 25-35 წელია და მუდმივად განახლებაა საჭირო.
ამისთვის სახელმწიფოს და დედაქალაქის მერიის დახმარებით შეიქმნა ეს ქარხანა, სადაც 105 თანამშრომელია დასაქმებული. მოხდა ამ ადამიანების გადამზადება, განათლება, რაც სახელმწიფომ თავის თავზე აიღო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს თბილისში ვაგონების მოდერნიზაცია, რაც გულისხმობს:
მექანიკური მართვიდან ვაგონები გადავიდა სენსორულ მართვაზე; ვაგონებში შეიცვალა ინტერიერ-ექსტერიერი; გაიზარდა ექსპლუატაციის ვადა 20 წლით, რის გამოც სახელმწიფომ უდიდესი თანხების დაზოგვა მოახერხა.
ეს ქარხანა ამიერკავკასიაში ფაქტობრივად ერთადერთია. კონკრეტული შედეგებიდან გამომდინარე, ამ ქარხნით დაინტერესდა ბაქო და ერევანი. ამ დროის მანძილზე 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია იყო მოზიდული და ასევე გრძელდებოდა მოლაპარაკებები.
დავით ნარმანიას პირობებში, 2015 წლის მაისში ქარხანაში შეიცვალა ხელმძღვანელობა და მალევე საერთოდ გაჩერდა. ამასთან დაკავშირებით უამრავი წერილი აქვთ მიწერილი თანამშრომლებს, სადაც სიტუაციაში გარკვევას ითხოვენ.
ასევე ირკვევა, რომ 26 წლის სპეციალისტმა, რომელსაც ბანკის კრედიტები ჰქონდა თავი ჩამოიხრჩო და ობლად დატოვა მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე.
ბოლო წუთამდე თანამშრომლები ცდილობენ მოლაპარაკებით გაერკვნენ სიტუაციაში. თუმცა მათთან საუბრით არავინ თავს არ იწუხებს. 105 ოჯახი დატოვებულია ბედის ანაბარა, მაშინ როდესაც ამ ადამიანების ცოდნის გამოყენებაა საჭირო.
რაც დრო გადის, ვაგონები ძველდება, ახლიდან იქნება განსაახლებელი და მოვა დრო იტყვიან, ამ მიმართულებით სპეციალისტები არ გვყავსო.
ამ რამდენიმე დღის წინ, ნაძალადევში მდებარე მეტროს სავაგონე დეპო ჩამოინგრა და 9 ვაგონი „ტყვეობაში“ მოექცა. მხოლოდ 2 კვირის შემდეგ გამოყო მერიამ კომისია, რომ გაეგოთ შეიძლებოდა თუ არა გამაგრება.
ნაძალადევის თანამშრომლები გლდანის ელდეპოში გააერთიანეს და იქ გადაიყვანეს. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. თუმცა ფაქტია, ინფრასტრუქტურა მოუვლელობით ნადგურდება. მოკლედ, ამ მიმართულებითაც სრული კრახი განიცადა დედქალაქის მთავრობამ. არ არსებობს დედაქალაქაში გამოწვევა, რომელზეც ადეკვატურად რაეგირებს მერი.
- იქნებ ისიც გვითხრათ, რა ხდება მთავარ ბიბლიოთეკაში?
- მთავარი ბიბლიოთეკა კულტურის სამინისტროს სსიპია. თუმცა დედაქალაქის მერიისგან ფინანსდება და შესაბამისად, კულტურის საქალაქო სამსახურიც „ზემოქმედებს“ მასზე. 2015 წლის შემდეგ ბიბლიოთეკაში ახალი ხელმძღვანელობა მივიდა.
მართალია, თავად დირექტორი „ძველი ნაცნობია“, ანუ ლენა ასკურავა, სანამ დირექტორი გახდებოდა, მანამდე წლები ამავე ბიბლიოთეკაში მოადგილედ მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორობამდეც ეკავა მაღალი თანამდებობა, თანამშრომლებმა ასკურავა რეალურად მხოლოდ მას შემდეგ იხილეს, რაც ბიბლიოთეკას სათავეში ჩაუდგა.
ამის მერე იწყება ბიბლიოთეკაში ტერორი, შანტაჟი, მუქარა და ასე შემდეგ. 2015 წლის ზაფხულიდან დღემდე 50-ზე მეტმა თანამშრომელნა დატოვა ბიბლიოთეკა და მათ შორის ერთი, ნერვიულობის შედეგად დაიღუპა. არიან ისეთები, ვისაც აიძულეს განცხადებების დაწერა. ბევრი თავად გაათავისუფლეს და მათში არიან ისეთები, ვინც ბრძოლას სასამართლოში განაგრძობს. მათ შორის ნანული ყიფიანი და სხვები.
გათავისუფლებულების ინტერესებს „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ იცავს და ბრძანების სისულელეებიდან გამომდინარე, აუცილებლად აღადგენენ თანამშრომლებს.
მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ლენა ასკურავა და მისი მოადგილე ჯანელიძე აგრძელებენ ზეწოლას თანამშრომლებზე და მათ იძულებას, რომ წავიდნენ სამსახურიდან.
მაგალითად, ასეთია ქალბატონი მანანა ხორავა, რომელმაც მომართა ჩვენს ორგანიზაციას და უფლებების დაცვას ითხოვს. 30 წელზე მეტია ეს ქალბატონი ბიბლიოთეკაში მუშაობს; და ასე „უპრაგონოდ“ იმის გამო, რომ თურმე მისი „ჰაბიტუსი“ არ მოსწონთ, არ უნდა ათავისუფლებდნენ. აი ასე ცინიკურად და აგდებულად პასუხობენ, რომ მისი ჰაბიტუსი არ მოსწონთ .
ქალბატონი მანანას გარდა, ასევე ზეწოლის ქვეშაა ჭავჭავაძის 24 ნომერში მდებარე ბიბლიოთეკის ფილიალის ხელმძღვანელიც, რომელიც 20 წელზე მეტია ამ ფილიალს ხელმძღვანელობს. ასევე მიმდინარეობს თანამშრომლების დაბარება და ერთმანეთის დაბეზღების სანაცვლოდ პირდებიან, რომ მათ არ გაათავისუფლებენ. მოკლედ, საშინელებები ხდება .
დედაქალაქის მერს უამრავჯერ მიმართა თავად ფილიალის ხელმძღვანელმაც, მაგრამ ამაოდ. იმის მაგივრად, რომ დაინტერესდნენ რეალური ფაქტებით, აძლიერებენ ზეწოლას. ეს ყველაფერი კარგად არ დაუმთავრდება არც ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას და არც დედაქალაქის უყუადღებო მერს...
საინტერესოა ისიც, რომ დათხოვნილი თანამშრომლების მაგივრად 50 პროცენტი უკვე შევსებულია. და ეს კადრები ძირითადად პარტიული აქტივით და ნათესავებით შეავსეს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ არავის არანაირი კონკურსი და გამოცდა არ ჩაუბარებია, ვინც იქ დაინიშნა. ასე პირადი ნაცნობობითა და „დავალებით“ ნიშნავენ კადრებს.
საინტერესოა ისიც, რომ ქალბატონმა ლენამ მისი დისშვილი, 22 წლის ყმაწვილი მრჩევლად დაინიშნა. ჩვენ ბოლმდე გავყვებით ამ საქმეს და აუცილებლად დავიცავთ ყველას უფლებას, ვისაც მსგავსი რამე უსამართლობა ემუქრება. უბრალოდ, რთულია უვიცებისა და უწიგნურების ბრბოსთან შიშველი ხელებით რამეს გახდე.
ამიტომ სასამართლოს გზით ვეცდებით დავუპირისპირდეთ და ასევე არ გამოვრიცხავთ თანამშრომლებთან ერთად აქციის გამართვას.