მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აქვს თუ არა მიხეილ ჯანელიძეს სერგეი ლავროვთან შესახვედრად საკმარისი კომპეტენცია? - 19 თებერვალი 2016

„ლამის არავინ აკმაყოფილებს წაყენებულ თანამდებობრივ მოთხოვნებს ამ ქვეყანაში და მინისტრი ჯანელიძე რაღა გამონაკლისი იქნება?“

myrights.ge

მმართველ კოალიციაში ერთმანეთის პროფესიონალიზმი აეჭვებთ. პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შესახვედრად საკმარისი კომპეტენცია არ აქვს. მისივე შეფასებით, ჯანელიძე ნიჭიერია, თუმცა არ ფლობს იმ გამოცდილებას, რომელიც ლავროვთან მოლაპარაკებისთვის არის საჭირო. 

„ვფიქრობ, რომ შეხვედრა აუცილებელია, თუმცა არ ვიცი ერთი-ერთზე რამდენად წონიანი იქნება ბატონი ჯანელიძე. ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ის გამოცდილება არ აქვს, რომელიც ჭირდება ლავროვთან შეხვედრას. საკმაოდ კარგად უნდა ვიყოთ მომზადებული ამ შეხვედრისთვის“, - აცხადებს ქანთარია. 

მისივე თქმით, თედო ჯაფარიძე არის წონიანი დიპლომატი, რომელიც შესაძლებელია პირისპირ დაჯდეს ლავროვთან: „საკმაოდ კარგად უპასუხა თედო ჯაფარიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. თედო უფრო ფრთხილი და მოზომილია ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ისევ დიპლომატიური, მაგრამ მკვეთრი პასუხი გასცა. თედო ჯაფარიძე არის მძიმე წონიანი დიპლომატი, რომელიც შეიძლება პირისპირ დაჯდეს ლავროვთან“. 

ქანთარიას თქმით, თედო ჯაფარიძე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე არ განიხილება: „ის არის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მას შეუძლია აღიჭურვოს გარკვეული უფლებებით და ასეთ შეხვედრებში მიიღოს მონაწილეობა“. 

ნუკრი ქანთარიას შეფასებებს მმართველ კოალიციაში კრიტიკულად გამოეხმაურნენ. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება, - „საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ“. ხიდაშელი ქანთარიას შეახსენებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ჰყავს იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელსაც თავად ეკუთვნის:

„საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ჰყავს იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელსაც ეკუთვნის ნუკრი ქანთარია. თუ მას რამე კითხვები გააჩნია მიხეილ ჯანელიძესთან დაკავშირებით, ამ კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდა საქართველოს პარლამენტში, გასულ წელს. ყველაფერი დანარჩენი არის ბელეტრისტიკა და ძალიან ვწუხვარ, რომ ის ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს საკუთარი ქვეყნის ძალიან პროფესიონალ, ახალგაზრდა, ენთუზიასტ, ძალიან გამოცდილ დიპლომატთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ცოტა მეტი ფიქრი სჭირდებათ იმ პარტიაში, საიდანაც ეს განცხადებები კეთდება, რომ საკუთარ მინისტრებზე ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ“.

ამ თემაზე, „ქრონიკა პლუსი“ დიპლომატიური აკადემიის რექტორ სოსო ცინცაძეს ესაუბრება: 

- ჯერ ერთი, ნუკრი ქანთარია რომელი პროფესიონალი დიპლომატია, რომ მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარი გაკეთდეს. 

მეორე მხრივ, ლამის არავინ აკმაყოფილებს წაყენებულ თანამდებობრივ მოთხოვნებს ამ ქვეყანაში და მინისტრი ჯანელიძე რაღა გამონაკლისი იქნება? სხვა საჯარო პირებიდან ვინ აკმაყოფილებს ამ თანამედროვე სტანდარტებს? 

თუ მომზადების დონეს, განათლებას, ეშმაკობას დიპლომატიაში, ვაჭრობის უნარს და ა.შ. აღვნიშნავთ, რასაკვირველია, რუსეთის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვს მეტი გამოცდილება აქვს. მაგრამ ასეთ შეხვედრაში (თუ საერთოდ შედგება), ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. რადგან მინისტრი ჯანელიძე აქედან კონკრეტული ინსტრუქციებით წავა. ასევე ლავროვი შეხვედრაზე კონკრეტული ინსტრუქციებით გამოცხადდება. 

ერთსაც და მეორესაც ეცოდინება, თუ რაზე უნდა შეთანხმდნენ და რაზე არა. ამიტომ მსგავს შეხვედრებში ფიგურანტების კვალიფიკაციას დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. აქედან ვინც უნდა გაუშვა, მან იცის, რომ ამ საკითხზე უნდა დათანხმდეს, ხოლო სხვაზე არა. 

გარდა ამისა, უშუალოდ მოლაპარაკების დროს ყოველთვის შეიძლება პაუზის, შესვენების აღება. და შევა სადღაც მოსაცდელ ოთახში, ტუალეტში, რა ვიცი, სადაც უნდა და ხელად დაურეკავს აქ თბილისში საჭირო ინსტრუქციების მისაღებად. ამიტომ, დღეს უკვე ამ ყველაფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, როგორც ეს ადრე ხდებოდა. 

- ამ მოლაპარაკებით რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის მოხსნა თუ იქნება შესაძლებელი? 

- ჯერ დღის წესრიგი არ გვაქვს, შეთანხმებაც არ გვაქვს მოლაპარაკებაზე და წინასწარ ვერ ვიტყვით, რა და როგორ იქნება. ისე, ყველაფერზე შეიძლება ისაუბრონ. 

მაგრამ უკვე მინიშნება იყო იმაზე, რომ დიპლომატიური ურთიერთობის გარეშე სავიზო რეჟიმი ცოტა უცნაური იქნებაო. ეს თვითონ ლავროვმა ჩვეულ დიპლომატიურ ენაზე გააჟღერა. 

მაგრამ ეს ქართულ ენაზე თარგმანში იმას ნიშნავს, რომ სანამ დიპლომატიური ურთიერთობა არ იქნება, თბილისი-მოსკოვს შორის უვიზო მიმოსვლა არ დამყარდებაო, ეს არის და ეს. 

- დღევანდელ პირობებში რამდენად შესაძლებელია მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა? 

- ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, დღესვე აღვადგენდი, რადგან მომხრე ვარ იაპონიის სახელმწიფო კურსის. იმ პოლიტიკის მომხრე ვარ, რომელსაც ოფიციალური ტოკიო მოსკოვთან მიმართებაში ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიას შეიძლება ჩვენზე მეტი პრეტენზიები ჰქონდეს რუსეთთან, იგივე ტერიტორიების პრობლემასთან დაკავშირებით. ახლა ისტორიულზე ფონზე არაფერს ვამბობ. 

ტერიტორიულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რუსეთს მითვისებულ-წართმეული აქვს იაპონიის უფრო სტრატეგიული და წიაღისეულით მდიდარი ტერიტორიები, ვიდრე გაფხეკილი ე.წ. სამხრეთ ოსეთი და ათეულმილიარდობით ინვესტიციების შემდეგ პერსპექტიული სოხუმია. 

- სადღეისოდ რუსეთში არსებული მდგომარეობა რამდენად მოქმედებს ლავროვის, სხვა ლიდერების ამ ტიპის განცხადებებზე? 

- ნამდვილად მოქმედებს და რუსეთში არსებული კრიზისული რეალობის პირდაპირი შედეგია. დღეს რუსეთს, მის ლიდერს უჭირს და ამიტომ ცდილობს პუტინი, რომ თავის ახლო გარემოცვაში სამეზობლოდ რაც შეიძლება მეტი, თუ გნებავთ კეთილგანწყობილად ნეიტრალური სახელმწიფო ჰყავდეს. 

ვიმეორებ, კეთილგანწყობილად ნეიტრალური. არც ვთქვათ სომხებივით ბოლომდე ჩახუტებულები და არც ბალტიისპირელებივით დანასისხლად აფოფრილები.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია