მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პაატა ბურჭულაძის ფონდი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ბიზნესს ორწლიანი ვადა მისცეს - 02 მარტი 2016

„აკრძალვა არჩევნებამდე გადაიდება და შემდეგ მიიღებენ რადიკალურ გადაწყვეტილებას“

myrights.ge

„პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდი“ ხელისუფლებას მოუწოდებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს ბიზნესის გადასაწყობად ორწლიანი ვადა მიეცეთ. როგორც ფონდის ეკონომიკური რეფორმების ჯგუფის ხელმძღვანელი, ირაკლი ყიფიანი აცხადებს, პარლამენტში მეორედ გადაიდო მარჯვენასაჭიანების იმპორტირების აკრძალვის განხილვა, ამ სექტორში მომუშავე კომპანიებს კი ფინანსური ვალდებულებები და სესხები აქვთ.

ამ თემაზე, „ქრონიკა პლუსი“ „პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდის“ ეკონომიკური რეფორმების ჯგუფის ხელმძღვანელს, ირაკლი ყიფიანს ესაუბრება.

- მესამე თვეა ამ ბიზნესით დაკავებული კომპანიები გაურკვევლობაში იმყოფებიან, აღარ იციან შემოიყვანონ თუ არა ავტომობილები, ჩადონ ამ ბიზნესში დამატებითი თანხები თუ არა. ამ კანონის მიღებით 90 მილიონ დოლარამდე შეუმცირდებათ შემოსავლები კომპანიებს და უმეტესი მათგანი საერთოდ გაკოტრდება.

ბიზნესის გაურკვევლობაში ყოფნა სახელმწიფოს მხრიდან არის დანაშაული. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მორიგი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ. 

ამიტომ „საქართველოს განვითარების ფონდი“ მოითხოვს, რომ ამ კომპანიებს და ამ სექტორში დასაქმებულებს მიეცეთ ორწლიანი ვადა, თავიანთი ბიზნესი გადააწყონ სხვა ბაზრებზე. 

მიეცეთ ვადა, რომ არ გაკოტრდნენ. დაუშვებელია ამ კანონპროექტის დაუყოვნებლივ მიღება.

ჩვენი ფონდი ასევე მოითხოვს სახელმწიფომ დაასაბუთოს ამ აკრძალვების შედეგად რა ალტერნატივას სთავაზობს, როგორც ქალაქის ისე რეგიონების მოსახლეობას.

კანონპროექტის დღევანდელი ვარიანტით დაბალფასიანი იაპონური ავტომობილები საერთოდ გაქრება ბაზრიდან, ასევე, ამ კანონით გაძვირდება მარცხენასაჭიანი ავტომობილები.

რა ალტერნატივას სთავაზობს ხელისუფლება იმ მოქალაქეებს, ვისაც არ აქვთ ძვირადღირებული მანქანების ყიდვის შესაძლებლობა? ხელისუფლება სთავაზობს, მოუწესრიგებელ, ისედაც გადაჭედილ ყვითელ ავტობუსებს, მოუწესრიგებელ გზებს და ინფრასტრუქტურას. 

რეგიონებში მცხოვრებლებს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ არსებობს და რაც არის იმას საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც ჰქვია, სთავაზობს ფეხით სიარულს. გამომდინარე აქედან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაასაბუთოს და ჩამოთვალოს ის ალტერნატივები, რასაც სთავაზობს რეგიონის და ქალაქის მოსახლეობას.

- რატომ გადაიდო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტირების აკრძალვის საკითხის განხილვა?

- ამაზე ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ. რადგან ეს არის ბიზნესის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება, ასე ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. 

-  რას იტყვით აკრძალვის მომხრეთა დასახელებულ არგუმენტებზე - უსაფრთხოება, გადატვირთულობის პრობლემა და ა.შ? 

- როგორც მოგეხსენებათ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არგუმენტი ბოლოს მთავრობასაც უკვე აღარ ჰქონდა. თორემ ამ მანქანების სტატისტიკა რომ შეგვედარებინა სხვა ქვეყნებში ამავე ტრანსპორტის რაოდენობასთან, საქართველოში ერთ-ერთი უდაბლესი მაჩვენებელია ყოველ ათას კაცზე გაანგარიშებით. თუნდაც ევროპის მასშტაბით მაჩვენებლები რომ ავიღოთ. 

ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება არსებულ სტატისტიკასაც არ დებს. 2012 წლიდან 2016 წლამდე სტატისტიკას რომ შევხედოთ, ვერაფრით ვერ ასაბუთებენ, რომ ეს მარჯვენასაჭიანი მანქანები უსაფრთხოებისთვის რისკფაქტორის შემცველია. 

ასევე მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და არ არის განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სახელმწიფოს რადიკალური გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებულია და დალაგებული ინფრასტრუქტურაა. 

ახლა საცობებს რაც შეეხება, მას მარჯვენასაჭიანი ან მარცხენასაჭიანი მანქანების რაოდენობა არ ქმნის. მთავარი მიზეზი ის არის, რომ თვითონ ქალაქში ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ქალაქგეგმარებაში შემოვლითი გზები არ არის განვითარებული. ვიმეორებ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფაქტობრივად არ გვაქვს და ა.შ. 

ამიტომ ამ კონტექსტში საცობების არგუმენტის მოყვანა აბსოლუტური ტყუილია. 

- აქვს თუ არა ხელისუფლებას მზაობა, რომ ეს პრობლემა სამართლიანად მოაგვაროს?

- როდესაც ბიზნესომბუდსმენთან ჰქონდათ შეხვედრა ბიზნესის წარმომდგენლებს, იმაზე საუბრობდნენ, რომ შეიძლება მათ ერთწლიანი ვადა მისცენ. ანუ ერთი წლის განმავლობაში ამ სფეროში დაკავებულ კომპანიებს არავინ შეეხება, კიდევ გაგრძელდება აღნიშნული ავტომობილების შემოყვანა. 

მაგრამ ეს საკითხი საკმაოდ პოლიტიკური შინაარსის მატარებელია. რადგან ოქტომბერში არჩევნებია, აქედან გამომდინარე არ სურთ ელექტორატი გაანაწყენონ. იგივე რეგიონის მოსახლეობა, რომელსაც უბრალოდ ტრანსპორტის გარეშე ტოვებენ და ეუბნებიან, რომ ფეხით იაროს. მოკლედ, გადაიდება ოქტომბრამდე და არჩევნების შემდეგ მიიღებენ რადიკალურ გადაწყვეტილებას. რეალურად, ამის მოლოდინი მაქვს. 

მოკლედ, მოტივი ოქტომბრის არჩევნებია, რისთვისაც აკრძალვა გადადეს. თორემ მთავრობა ახლაც  ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე მზად იყო მიეღო ასეთი აბსურდული კანონპროექტი. 

- თუ ხელისუფლება ამ გზას დაადგება, თქვენი პოზიცია როგორი იქნება? 

- „საქართველოს განვითარების ფონდი“ ზემოთ დასახელებულ არგუმენტებს მაქსიმალურად დაიცავს. მივმართავთ ყველანაირ სამართლებრივ ფორმას, რომ საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ და მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ბოლომდე დავდგებით ბიზნესსექტორისა და მოსახლეობის გვერდში, რომელიც ყოველგვარი ტრანსპორტის გარეშე რჩება. 

თბილისში ეს დამტვრეული ყვითელი ავტობუსები მაინც დადის. ხაზს ვუსვამ, რეგიონებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შესაბამისი ინფრატრუქტურა პრაქტიკულად არ არსებობს. ადამიანს რომ ეუბნები, - მორჩა, იაფიან ავტომობილს ვეღარ შემოიყვან, ალტერნატივას ავითარებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით თუნდაც რეგიონებში? რას აკეთებ, რეალურად ხომ არაფერს მთავაზობ? 

ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ სახელმწიფომ ჯერ განავითაროს საზოგადობრივი ტრანსპორტი ქალაქში, რეგიონებში და მეორე, ბიზნესს მისცენ ორწლიანი ვადა, რათა შემოიყვანონ მანქანები იმავე ფორმატში, როგორადაც ბიზნესსაქმიანობას აქამდე აწარმოებდნენ.  

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია