მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვა ბათილად ცნეს - 21 მარტი 2016

„საზოგადოების აქტივობის გარეშე თბილისი დასასვენებელი პარკების, რეალურად ფილტვების გარეშე დარჩება“ 

myrights.ge

წლების განმავლობაში დედაქალაქელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი, ვაკის პარკი მაქსიმალურად დაჩეხეს და დაანაწევრეს. გარშემო იმდენი მშენებლობა განხორციელდა, რომ მწვანე ზოლი დღემდე რის ვაი-ვაგლახით არის გადარჩენილი. პარკისთვის ჩაცემული ბოლო ლახვარი უზარმაზარი გაბარიტების სასტუმრო „ბუდეპეშტის“ მშენებლობა უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლო მომენტში სამოქალაქო საზოგადოების აქტივობამ შედეგი გამოიღო.   

სამომავლოდ, ფართო საზოგადოების აქტივობის გარეშე თბილისი დასასვენებელი პარკების, ანუ რეალურად ფილტვების გარეშე დარჩება. 

მანამდე კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიის ნებართვა, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე და ასევე, მერიის განკარგულება, სპეციალური ზონალური შეთანხმების შესახებ ბათილად ცნო. სასამართლომ დედაქალაქის მერიას საკითხი ხელახლა განსახილველად უკან დაუბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსარჩელე მხარის, ორგანიზაცია „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენლები ავრცელებენ.

როგორც „პარტიზანი მებაღეები“ აღნიშნავენ, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბათილადაა ცნობილი თბილისის მერიის 2013 წლის 24 ივლისის განკარგულება, ჭავჭავაძის გამზირზე #68-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს მშენებლობის მიზნით, სპეციალური ზონალური შეთანხმების შესახებ და 2013 წლის 20 სექტემბრის, ამავე მისამართზე, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ სასტუმროს მშენებლობაზე გაცემული ნებართვა. 

სასამართლო დავა დაახლოებით ორი წელი მიმდინარეობდა. მოსარჩელე მხარე „პარტიზანი მებაღეები“, „მწვანე ალტერნატივა“, ზურაბ ბაქრაძე და თემურ კალანდაძე ითხოვდნენ სასამართლოს დაედგინა სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის დასაშვებობა. 

ამ თემაზე, „ქრონიკა პლუსმა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელ დირექტორ  ნინო გუჯარაიძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა. 

- ქალბატონო ნინო, რა დაედო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბათილობის თაობაზე? 

- ჯერჯერობით გადაწყვეტილების მხოლოდ სარეალიზაციო ნაწილი არის გამოცხადებული. დასაბუთება სასამართლოს ჯერ არ დაუწერია.

- თქვენ რა კონკრეტული მოთხოვნა გქონდათ ვაკის პარკში აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით? 

- ვითხოვდით ნებართვისა და ზონალური შეთანხმების გაუქმებას, რომლის საფუძველზეც თავის დროზე მშენებლობის ნებართვა გაიცა. რადგან ეს მთელ რიგ კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა, როგორც ზონალური შეთანხმების, ასევე ნებართვის ნაწილში. 

- ამის შემდეგ საქმესთან დაკავშირებით პროცესები როგორ გაგრძელდება იურიდიული თვალსაზრისით? 

- ჯერჯერობით სასამართლოს ვადა აქვს დასაბუთებული გადაწყვეტილების დასაწერად. შემდგომში, როდესაც ყველა მხარეს ჩაბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება, იქიდან 14 დღის ვადაში მხარეებს გასაჩივრების უფლება ექნებათ. 

თუ რომელიმე მხარის მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრდა, მერე უკვე დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. 

- ხომ არ გაქვთ მონაცემები მეორე მხარე რას აპირებს ამ საკითხთან დაკავშირებით? 

- ვერ გეტყვით, ამაზე ინფორმაცია არ გაგვაჩნია. 

- თქვენი აზრით, ამ კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებით გამოსავალი რა შეიძლება იყოს, როგორ უნდა მოხდეს მისი ათვისება? 

- ჩვენ საერთოდ ვითხოვთ, რომ აქ არ იყოს მშენებლობა. რეალურად, ეს არის ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია და აქ სასტუმროს ტიპის მშენებლობა უბრალოდ დაუშვებელია. რადგან ეს ფაქტობრივად აღნიშნული ტერიტორიის ათვისებას ხელს შეუწყობს არა პარკის განვითარების მიზნებისთვის. 

შესაბამისად, მსგავსი ტიპის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვდივართ. რაც შეეხება სასტუმროს ან საცხოვრებელ კომპლექსს, ამ ტერიტორიაზე არც ერთი არ უნდა იყოს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია