მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არ ცნობენ ბავშვს დაზარალებულად, როცა დაზიანებებს ექსპერტიზა ადასტურებს? - 31 მარტი 2016

„ოქტომბრიდან მარტამდე კომისიურ ექსპერტიზას ატარებენ“

ufleba.ge

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოქალაქე რ. გ-ს წარმომადგენელია და მისი ბავშვის ინტერესებს იცავს. გ-ების ოჯახის დანგრევის შემდეგ სასამართლომ დროებითი განკარგულება მიიღო, რომ ბავშვი 15-15 დღით ორივე მშობელთან დარჩენილიყო. ერთხელაც, წარმომადგენელმა დედის ოჯახიდან ბიჭი ფიზიკური დაზიანებების ნიშნებით წამოიყვანა, რაც ჩატარებულმა ექსპერტიზამაც დაადასტურა. მიუხედავად ამისა, ის დღემდე შესაბამისი ორგანოების მხრიდან დაზარალებულად ცნობილი არ არის. ამიტომ ადვოკატი ბავშის დაზარალებულად ცნობას და მისი სრული დაცვით უზრუნველყოფას მოითხოვს

„ufleba.ge“ ადვოკატ მიხეილ რამიშვილს ესაუბრება:

- მცხეთის რაიონის სოფელ წ-ში მცხოვრები რ. გ-ს წარმომადგენელი ვარ. მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც 2014 წლის 24 მარტს დაიბადა. ბავშვს დაბადებიდანვე ანემია აღმოაჩნდა. იაშვილის კლინიკაში იყო რეგისტრირებული და მთელ რიგ მკურნალობას გადიოდა.

- დაბადებისთანავე სჭირდებოდა აღნიშნული მკურნალობა?

- დიახ, მაშინვე დასჭირდა. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ავადმყოფობა მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული.

დაბადების შემდეგ, დაახლოებით ივნისში ბავშვის დედამ, გარკვეული პირობების გამო ოჯახი დატოვა. მანამდე კარგი ცხოვრების პირობები ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ მეუღლე მკურნალობდა შვილს, მეუღლესაც და არაფერს აკლებდა. ეტყობა, პიროვნებებს შორის გარკვეული შეუსაბამობა იყო, გოგომ ოჯახი მიატოვა და მშობლების სახლში წამოვიდა

- სად წამოვიდა თავის სახლში?

- კასპის რაიონში, სოფელ ს-ში. ბავში მამამისთან, წ-ში დატოვა. ამის შემდეგ მამა ზრდიდა ბავშვს, არაფერს აკლებდა. საავადმყოფოში რეგისტრირებული იყო და მკურნალობა უტარდებოდა. მდგომარეობა აშკარად უკეთესობისკენ მიდიოდა.

2014 წელს დედამისმა სასამართლოს სარჩელით მიმართა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა კასპის რაიონის სოფელ ს-ში მოითხოვა, სადაც თავად ცხოვრობდა. მოკლედ, თავისთან წაყვანა და მამისთვის ალიმენტის დაკისრება. პროცესს მცხეთის სასამართლოში დიანა გოგატიშვილი (მოსამართლე) აწარმოებდა.

სანამ მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, დროებითი განკარგულება მიიღო და ბავშვის შენახვის ვადები განსაზღვრა - 15 დღე დედასთან და 15 დღე მამასთან.

ამ პერიოდში მქონდა მცდელობა, რომ ცოლ-ქმარი შემერიგებინა. ოფიციალურ ქორწინებაში არ იყვნენ. ჩემთან სახლში შევკრიბე, დაველაპარაკე. ეს ბიჭი, რ. უფრო მონდომებული იყო მეუღლესთან შესარიგებლად. გოგოს მიზეზზე რა გითხრათ, - მამაჩემი უფლებას არ მაძლევსო და . ანუ მისი ოჯახიდან იყო აგრესია სიძის მიმართ, შეუთავსებლობას ჰქონდა ადგილი.

რამდენიმე დღით შერიგდნენ. ჩვენთან საუბრის შემდეგ ორივე ერთად გავამგზავრე. ამ ბიჭს ბინა ჰქონდა ნაქირავები. ორი დღის შემდეგ გოგო სახლიდან ისევ გაიქცა. მისი მხრიდან ზედმეტ ემოციურობას და აგრესიულობას ჰქონდა ადგილი.

ეს 15-15-დღიანი სასამართლოს განკარგულება რომ გაიცა, ჩვეულებრივად მე ვიყავი შუამავალი და ბავშვი მე მომყავდა საქადაგიანოდან წოდორეთში, იქიდან უკან საქადაგიანოში...

ბოლოს, სასამართლომ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება - ბავშვის საცხოვრებელ ადგილად კასპის რაიონის სოფელი ს. განსაზღვრა. მიუხედავად ბევრი მტკიცებულებებისა, ფაქტობრივი გარემოებებისა, რომ არ იყო ჯანსაღი მდგომარეობა იმ ოჯახში. რეალურად, გაითვალისწინა ერთი ვიზიტის შედეგად გაკეთებული დასკვნა, რომელიც რაიონის სოციალური სამსახურის მუშაკებმა დაწერეს. და იქაც თავისი კი არა, ბიძაშვილის სახლი ანახეს.

მერე დავადგინე, რომ იმ სახლში სულ სხვა აღწერილობაა და ბავშვი სხვა სახლში ცხოვრობს. არ მესმოდაფეშენ-სახლისგამოჭიმვა, როდესაც რეალურად ბავშვის სამყოფლად სხვა სახლი უნდა ყოფილიყო წარმოჩენილი.

- ეს დასკვნა კასპის სოციალურმა სამსახურმა დაწერა?

- დიახ. ამის შემდეგ ბავშვი წაყვანილი იყო 15 დღით, დროებითი განკარგულების გათვალისწინებით

- სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტულება სრულად რას ითვალისწინებდა?

- საცხოვრებელ ადგილად კასპის რაიონი განისაზღვრა და მამას ალიმენტის გადახდა დაეკისრა

- მაგრამ ეს 15-15-დღიანი დათქმა მაინც მოქმედებდა...

- დიახ, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლო საბოლოო არ არის და გასაჩივრების უფლებაც არსებობს. ჩვენ ეს გავასაჩივრეთ და ბავშვის სამყოფელს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ვითხოვდით. და ალიმენტის დაკისრებაც კანონის დარღვევად მივიჩნიე და რატომ, - ალიმენტი ეკისრება იმას, ვისაც მონაწილეობა არ მიუღია და მთელი ეს პერიოდი ყველაფერში სწორედ მამა მონაწილეობდა.

მესმის, დედამისს შეიძლება საშუალება არ ჰქონდეს, მაგრამ აქ უფრო ფინანსური ინტერესი ჰქონდათ, მამისგან ეს თანხა წამოეღოთ.

მთელი ეს პერიოდი, ბავშვი 15-15 დღე რომ აქეთ-იქით მიდიოდა, მე ძალიან ინტენსიური კონტაქტი მქონდა სოციალურ მუშაკებეთან. ვუგზავნიდი წერილებს, საქმის კურსში ვაყენებდი და ვითხოვდი, რომ ბავშვს რეაგისტრაცია უნდა გაუტარდეს იქ, სადაც ცხოვრობს. ჯერჯერობით მაინც, რადგან იაშვილის კლინიკაში აცრები თუ მთელი რიგ საქმეებია მოსაგვარებელი და უნდა ვიცოდე, ეს ყველაფერი როგორ იქნება.

წერილებზე იქიდან მოდიოდა, - დღეს ვიყავითო და ერთი და იგივე შინაარსის პასუხი. როგორც ვატყობ, სოციალურ მუშაკს ერთი ვიზიტი ჰქონდა შესრულებული. შესთავაზა, - მოდით რეგისტრაციაში ავიყვანოთო, რაც არ განხორციელებულა. შემდეგში არც გადაუმოწმებიათ, ბავშვი რეგისტრაციაში აიყვანეს თუ არა.

ბავშვი მიმყავდა და მომყავდა. რამდენჯერმე რ. გ-მ მითხრა, იცით რა, ბატონო მიხეილ, რაღაც მინდა გითხრათ და იქნებ თქვენ რამე მირჩიოთო. რა ხდება-მეთქი.

ყოველ მეორე დღეს, როცა ბავშვი იქ იყო, ღამის 2-3 საათზე დედის, მარიამის ტელეფონი ირეკებოდა და ბავშვის არანორმალური კივილის ხმა ისმოდაო. რუსლანს ამაზე ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდა.

ალბათ, ბავშვს ან გაეღვიძა, ან შეუძლოდ არის-მეთქი. არადა, თითქმის ყოველი ჩასვლის მომენტში ასე ხდებოდა.

ჩავთვალე, რომ ბავშვია, შეიძლება რაღაც ატკივდა, ტირის და .. მშობელი თავის დამოკიდებულებას გამოხატავს-მეთქი.

ამის შემდეგ ჩვენ საქმე აპელაციაში გავასაჩივრეთ და მოვითხოვეთ, რომ გაუქმებულიყო საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტი. ბავშვი მამასთან ყოფილიყო, რაგან ის ზრუნავდა თავიდან ბოლომდე. იმ პერიოდში მე ორივე ოჯახი უშუალოდ ვიცოდი, რადგან ერთგანაც ჩავდიოდი და მეორეგანაც. არსებულ გარემოს ძალიან კარგად ვცნობდი.

თან იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი იყო დაავადებული და სხვანაირი ყურადღება სჭირდებოდა.

2015 წლის 2 ოქტომბერს მირეკავს რ., - კასპის რაიონის სოცმუშაკმა დამირეკა და მითხრა, რომ მარიამს დაურეკავს და უთქვამს, რომ ბავშვი ავადაა, ვირუსი აქვს, მაღალი სიცხე და იქნებ წარომადგენელი 10 ოქტომბრის შემდეგ ჩამოვიდეს, წაიყვანოსო.

- მე იცი რას ვიზამ, მაინც ჩავალ, ბავშვს ვნახავ რა მდგომარეობაშია და თუ ვირუსი, სიცხე აქვს, სხვა საქმე იქნება-მეთქი.

მანქანით ჩავდიოდი, მძღოლი მაკითხავდა, რადგან ბავშვთან ერთად საჭესთან ჯდომა რთულია.

3 ოქტომბერს წავედით მანქანით. რომ შევედი ოთახში, მე იქ ბავშვი სიცხით და ვირუსით ვერ ვნახე. ეს იყო სასწაულად დაზიანებული ბავშვი. ლოყაზე, ყბაზე, შუბლზე, ყბის ქვევით, ტუჩებზე დაზიანებები ჰქონდა. ბავშვს ეგრევე ხელი მოვკიდე და წამოვიყვანე.

- რა გითხრეს ამაზე ოჯახში?

- ხმა არ ამომიღია, რადგან ამას აზრი არ ჰქონდა. კითხვა-პასუხის რეჟიმში შესვლა სრული უაზრობა იყო. რადგან როგორც კი ვთქვი, მე ეს ბავშვი მიმყავს-მეთქი, მაშინვე დიდი ბებია  (რომელსაც ატამანას ეძახიან) აყვირდა, რას ჰქვია ბავშვი მიგყავს, ღმერთი ზემოდან იყურებაო და ..

ვუთხარი, ქალბატონო, დღეს ბავშვის წაყვანის ვადაა და უნდა წავიყვანო, გინდათ თუ არა-მეთქი.

ერთი კი ვიკითხე, ბავშვს ეს რა დაემართა სახეზე, ეს რა არის-მეთქი. წაიქცა და მისთანებიო. როგორ, ბავშვი არ დადის და ასე როგორ წაიქცა, ლოგინიდან გადმოვარდა, გადახტა თუ როგორ მოხდა-მეთქი ეს ამბავი.

მერე გავჩერდი, საუბარს აზრი არ ჰქონდა. მოვკიდე ბავშვს ხელი და წამოვიყვანე, მამამისს ჩავაბარე. იქვე ბაბუა და ბებია იყვნენ. ვუთხარი, რომ ეს ამბავი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს-მეთქი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მე წამოვიყვანე და დარწმუნებით ცოდნა მჭირდებოდა, რომ ეს შემთხვევითობა იყო და არა სხვა რამე.

ბავშვი მცხეთის პოლიციაში წაიყვანეს. სად დაზიანდა და კასპის რაიონშიო. მაშინ თქვენთან ახლოს, იგოეთის განყოფილებას უნდა მიმართოთო. მერე გადაეგზავნათ, მიეღოთ და დაეწერათ, რეაგირება მაინც მოეხდინათ. ასე სიტყვიერად გამოუშვეს.

ვუთხარი, მაშინ ბავშვი წაიყვანეთ და ექსპერტიზა ჩაუტარეთ-მეთქი. სამ რიცხვში იყო წამოყვანილი და შაბათ-კვირა დაემთხვა. 5 რიცხვში ექსპერტიზაზე მიიყვანეს. იმწუთშივე ექსპერტიზამ ბავშვი შეამოწმა, სამედიცინო ცნობაც გაკეთდა. ეს შპს მედკაპიტალში მოხდა, სადაც ბავშვი იყო რეგისტრირებული.

მათ შორის ნევროპათოლოგმა შეამოწმა და ყველამ სერიოზული დასკვნები დაწერა; რომ ბავშვი ძალიან აგრესიული, დაზიანებული იყო და ესეც საქმეში დევს.

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში წერია:

- მოქალაქე . გ-ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას შუბლის, მარცხენა ლოყის, მარცხენა ქვედა ყბის მიდამოში აღინიშნებოდა სისხლნაჟღენთები, ცხვირის, მარჯვენა ლოყის და მარჯვნივ ქვედა ტუჩის მიდამოში - პირის მარჯვენა კუთხესთან - ნაჭდევები. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. შუბლის და მარცხენა ქვედა ყბის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთები განვითარებულია სასამართლო სამედიცინო შემოწმებამდე 7-12 დღით ადრე. ნაჭდევები და მარცხენა ლოყის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით 3-4 დღისაა.  

ამის შემდეგ განცხადება კასპის რაიონის პოლიციაში შევიდა. საჩივარი დაწერა რ. გ-მ, რომ ბავშვი ჩემმა წარმომადგენელმა დაზიანებული მომიყვანაო. დავიკითხე, ასევე დაიკითხა მძღოლი, რომელიც მანქანით ჩემთან ერთად იყო. დაიკითხა მამამისი და სხვა დანარჩენები.

აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 126 მუხლის პირველი პრიმა მუხლით. ანუ ძალადობა ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ.

- საქმე როგორ წარიმართა?

- 9 ოქტომბრიდან დღემდე რამდენჯერაც არ მივმართეთ, თუ რა ხდება, რა მდგომარეობაა, - მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის პასუხი, მეტი არაფერი. ბოლოს რუსლანმა იკითხა, - ჩემი შვილი დაზარალებულად ცნობილი არისო?

არც ერთ კითხვაზე პასუხი არ მოსულა, რომ ბავშვი დაზარალებულად არის ცნობილი. მიმდინარეობს გამოძიება და ჯერ საფუძველი არ გვაქვს ბავშვი დაზარალებულად ვცნოთო. ეს პასუხი მივიღეთ როგორც ოლქის პროკურატურიდან, ასევე მთავარი პროკურატურიდანაც, სადაც ირაკლი შოთაძის სახელზე შევიდა განცხადება. რ. გ-მ დაწერა საჩივარი და მოითხოვა, ერთი გამაგებინეთ რა ხდებაო. ისევ ოლქს გადაუგზავნეს და იქიდანაც იგივე პასუხი.

ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ბათილად იქნეს ცნობილი და გაუქმდეს ბავშვის დაზარალებულად არცნობის თაობაზე გადაწყვეტილება. ამაზე დადგენილება მიიღეს, რომ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. რადგან ჩვენ ბავშვს დაზარალებულად არ ვცნობთ და ეს გამოძიების ინტერესებიაო.

მივმართეთ სახალხო დამცველს, აპარატი ჩაერთო. ბოლოს რ-მ დარეკა და ამბავი იკითხა, - გვითხრეს, რომ კომისიურ ექსპერტიზას ვატარებთო. ოქტომბრიდან მარტამდე რომელ კომისიურ ექსპერტიზას ატარებენ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი ამბავია. კასპის რაიონის საგამოძიებომ ეს უთხრა სახალხო დამცველის აპარატს.

ეს იმ დროს, როდესაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ადგილზე მიტანილი იყო. ბავშვის დაზარალებულად ცნობა არ ხდება და თურმე საქმის გამოძიება მიმდინარეობს. რეალურად, რას იძიებენ, ჩვენთვის უცნობია.

მეორე, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამოვდივარ და ხელს არავის ვადებ. ჩემი შეფასებით, თვითონ იმ ოჯახში არსებული ვითარება ძალიან არამყარი და არაჯანსაღი იყო. თუ სააპელაციოში და პირველი ინსტანციის სასამართლოშიც მოწმეების ჩვენებებს გავითვალისწინებთ, გოგოს მამას, ოჯახის უფროსს ძალიან აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდა. ასევე შვილს მამის მიმართ, მამა გარბოდა, ასევე დედა მეორე მხარეს და .. შესაბამისად, ბავშვისთვის მიუღებელი გარემო იყო შექმნილი.

ყოფილა შემთხვევა (სატელეფონო ჩანაწერიც არის), თუ როგორ გამოაგდო ოჯახის მამამ დედა და ეს მარიამი; როგორ წავიდნენ ისინი ბებიასთან, როგორ რეკავდა იქიდან ნათესავი და რუსლანს ეუბნებოდა, - მარიამი წაიყვანეო. მარიამი იძახდა, მე არსად წავალო და ..

ყოფილა შემთხვევა, რ-ს და ჩემი თანდასწრებით უთქვამს, მაგ ბავშვს მაინც წავიყვან და გაგამწარებო. სამწუხაროდ, ასეთი ტერმინოლოგია ჰქონდათ. აზერბაიჯანული არ ვიცოდი, მაგრამ რ. რომ იძაბებოდა და ვეკითხებოდი, რა ხდება-მეთქი, ერთი ნახე, რას მეუბნებაო. და რას-მეთქი, - აი ასე, წავიყვან და გაგამწარებო

საინტერესო კიდევ რა არის - იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტი მომხდარია, არც სოციალურ სამსახურს, სააგენტოს, არც გამოძიებას არ მოუთხოვია, რომ ის 15-დღიანი დროებითი განკარგულება სასამართლოს გაეუქმებინა. ესეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეაო.

უბრალოდ, შემდეგში როდესაც საქმე აღიძრა, მე თვითონ როგორც წარმომადგენელმა მივწერე სოციალური სამსახურის მცხეთისა და კასპის რაიონის ხელმძღვანელობას. ვუთხარი - იმის გათვალისწინებით, რომ საქმე აღძრულია, პროცესში ნუ ჩაერევიან. როგორც მამა, ასევე მე ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე ბავშვს ვერ გავატანთ-მეთქი. ისევ და ისე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

იგივე ტექსტით მივმართე გამოძიებას, რომ აქ თქვენ ინტერესიც ხომ არსებობს-მეთქი. ღმერთმა დაიფაროს და რაღაც რომ არ მოხდეს, კეთილი ინებეთ, შედით სასამართლოში და გამოძიების ინტერესით შეაჩერეთ ან გააუქმეთ გარკვეული პერიოდით ეს დადგენილება-მეთქი. არც გაუკეთებიათ მაგდაგვარი.

ასევე 2 ოქტომბრიდან, რაც კი ბავშვი წამოყვანილია, დედამისი არ მოსულა და ბავშვი წესიერად არ უნახია.

- ამას რას უკავშირებთ?

- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ ბავშვი მართლა უნდა, ჯერ გამოძიება დამთავრებული არ არის, ბრალი არავისთვის წაყენებიათ, მას სურვილი არ აქვს, რომ თავისი შვილი ნახოს? რომელიც ყოველდღე და ყოველ წამს იზრდება? ერთხელ თუ ამოვიდა და ფეხსაცმელები მოუტანა ბავშვს

ეს სურათზე ასახული დაზიანებები კი, როგორც ჩემთვის ცნობილია არის ნამწვები. ექიმებმა თქვეს დამწვარიაო. წარმოიდგინეთ წლისა და ორი თვის ბავშვიაქ რას უნდა დაეწვა?

- რას ქონდა ადგილი?

- რ-მ ასეთი რაღაც მითხრა, - ასანთს რომ ვანთებ, ბავშვი სულ ასეთ რაღაცას აკეთებს - ხელს ლოყაზე იდებს და მექანიკურად უკან იწევაო. არ ვიცი, ამაზეც თუ წავიდნენ. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ეს ბავშვი ნივთად არის გამოყენებული.

ახლა პოზიცია ასეთია, რომ რუსლანი დაბრუნდეს და ეს გოგო წაიყვანოსო. ოჯახის უფროსებს სურთ, რომ მარიამი ისევ დაბრუნდეს თავის ოჯახში.

აქ ყველაზე მეტად არც რ. ცოლი მაინტერესებს და არც მარიამის ქმარი. მე აქ ბავშვი მაღელვებს და ახლა მამის ოჯახში იდეალურ მდგომარეობაშია. ჩემთან ოჯახშიც მოყავს ეს ბავშვი, ვნახულობ და დანახვაზე სულ ბაბუ-ბაბუს გაიძახის.

მაგრამ საქმის გამოძიება გაჩერებული და მიგდებულია. და მთავარი, ექსპერტი აცხადებედა, - დამიბარონ და დამკითხონ, მე რატომ არ მიბარებენო. ამ დროს სახალხო დამცველს ეუბნებიან, რომ კომისიურ დასკვნას აკეთებენ. ამასობაში 6 თვე გავიდა.

- რას ითხოვთ?

- ელემენტარულად, კანონის თანახმად გამოძიებამ ბავშვი დაზარალებულად ცნოს. აბა რა საქმეს იძიებს და ვის მიმართ? ბავშვი არ არის დაზარალებული? თუ ასე არაა, მაშინ რა საქმის აღძვრა და გამოძიება მიმდინარეობს, რის საფუძველზე? დაზარალებული არ არის და ოჯახში ძალადობა ვის მიმართ მოხდა?

მერე თვითონ არკვიონ, დედამისი იყო, ბებიამისი, ბაბუამისი, უმცროსი ძმა თუ ვინ. ამიტომ საფუძველი ბავშვის დაზარალებულად ცნობაა.

- ამ ბავშვისთვის, ოჯახისთვის გამოსავალი რა შეიძლება იყოს?

- ასეთი შემთხვევა ექსპერტის დასკვნის მიხედვით ორჯერ არის მომხდარი. ამიტომ აქ თუ რაღაც კანონიერი ზღვარი არ დაწესდა (შენ უფლება არ გაქვს, რადგან ამაზე პასუხისმგებელი ხარ და სხვ.) შედეგი არ იქნება. სასამართლო პროცესი 6 თვეა მიდის. დედამისი ამდენი ხნის მანძილზე არ გამოჩენილა და ახლა პროცესზე თამამად მოდის. ისე ზის, ვითომც არაფერი. .. ვიღაცისგან ინფორმაცია აქვს მიღებული, რომ ნუ გეშინია, ეს ასე ჩაივლის და ყველაფერი კარგად იქნება, შენ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვსო.

ბავშვისთვის დაცვა სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. და მისი უფლება მას შემდეგ იქნება დაცული, როცა გამოძიება რეალურად და კანონის მიხედვით იმოქმედებს. რადგან ძალადობის შემადგენლობის მეტი ნიშანი არ არსებობს.

ღმერთმა დაგვიფაროს და ბავშვი მაინც და მაინც ხომ არ უნდა მოკვდეს. ამიტომ ოჯახური მდგომარეობა ნაკლებად მაინტერესებს, აქ უპირველესად ბავშვის უფლება არის დასაცავი. ეს იმიტომ კი არა, რომ რ. გ-ს წარმომადგენელი ვარ. ყველაფერი შეფარდებითია, დედობის უფლებაზე არ მაქვს უფლება ვილაპარაკო, ერთადერთი ბავშვის უფლებაზე ვსაუბრობ და ის დაცული უნდა იყოს.

- ახლა რა მდგომარეობაშია?

- შემიძლია ჩამოგიყვანოთ ან ერთად ავიდეთ და ვნახოთ. ბავშვი იდეალურ მდგომარეობაშია. ბოლო სასამართლომდე მცხეთის რაიონის სოცმუშაკი თამარ ნოზაძე ავიდა მამამისის სახლში და ასეთ მდგომარეობაში ნახა. მკურნალობას აგრძელებს, აცრები ჩაუტარდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა...

იმას კი არ ვამბობ, რომ დედა ცუდია, ამის განსაზღვრა ჩემი კომპეტენცია არ არის. მთავარი ბავშვია და გამოძიებამ თავისი საქმე გააკეთოს. ნუარავის ნურაფერს პირდება, დაუსჯელი კი არავინ უნდა დარჩეს. და ეს დანაშაული, 126 პრიმა მუხლი მაინც და მაინც ციხე არ არის. ჯარიმაც არის და სხვა პასუხისმგებლობაც. ცოდოა ბავშვი, ლამის ჩემი შვილიცაა, ბავშვებთან ერთად მასთან ავდივარ და ჩამოვდივარ.

ახლა იმის თქმა, რომ ბავშვი წაიქცა, ეს მტკიცებულება არ არის. მესმის ერთხელ წაქცევა, რაღაზე ურეკავ სოცმუშაკს, რომ არ მოვიდნენ და მალამოებით გინდა ეს სისხლჩაქცევები მოურჩეს?   ერთი ქალი ამბობს, წაიქცა და სახე დაარტაო. ვუთხარი, - ასე ერთ დარტყმაზე ცხვირი, შუბლი, ყბა, ლოყა ერთდროულად როგორ უნდა დაარტყას, ერთი ამიხსენი-მეთქი. ასეთი რამ გინახიათ, ეს ხომ ფანტაზიის სფეროა? ამ დროს გამოძიება არაფერს აკეთებს. ამის გარეშე ბავშვი დაცული ვერ იქნება.

ხვალ მომადგებიან და იცით რას მეტყვიან? აგერ მაქვს 15-დღიანი გადაწყვეტილება, რომელიც არ გააუქმეს და ბავშვი უნდ წავიყვანოო. მამამისმა ბავშვი რომ არ გაატანოს, პირველად გააფრთხილებენ-დააჯარიმებენ და მერე 30 დღით ციხეში ჩასვამენ. რადგან დროებითი განკარგულება 15 დღეზე ისევ მოქმედებს.

გამოძიებას სწორედ ამას ვეუნბნები, - მოდით რა, საგამოძიებო ინტერესი მაინც არ გაგაჩნიათ? იქნებ მართლა დამნაშავეა ბავშვთან დამოკიდებულებაში ოჯახის რომელიმე წევრი. სულ არ აინტერესებთ.     

მ., ბავშვის დედა:

რა მოუვიდა ბავშვს, რის გამო მიიღო ფიზიკური დაზიანებები?

- წაიქცა და სახე, შუბლი დაარტყა. ჩვენ გარეთ ვიყავით.

- წაქცევის მომენტში მარტო იყო?

- დიახ.

- ხომ არ აპირებთ რუსლან გულიევთან შერიგებას, ერთად ცხოვრებას?

- თვითონ რუსლანი აპირებს შერიგებას? თუ ამას აპირებს, მაშინ ეს საქმე რატომ გააკეტა, სისხლის სამართლის საქმე რატომ აღძრა? ბავშვია, წაიქცა და რა ვქნა ახლა? თვითონ რუსლანთან არასოდეს წაქცეულა? ექვსი თვეა იქ არის.   

თუ მას შერიგება უნდა, საქმე ასეთი გზით რატომ წაიყვანა? სისხლის სამართლის საქმის აღძვრა რატომ მოითხოვა? ამიტომ მე არ მინდა მასთან შერიგება.

- როგორ ფიქრობთ, ბავშვი სად უნდა დარჩეს, ვისთან უნდა გაიზარდოს?

- აბა, ჯერ თქვენ მითხარით, ბავშვი ვის ეკუთვნის?

- ალბათ, დედას, მაგრამ სადაც ნორმალურ პირობეში გაიზრდება...

- ორი წელია ჩემი ბავშვი წესიერად არ მინახია...

აქ სატელეფონო კავშირი გაწყდა. კიდევ ერთხელ დარეკვაზე ქალბატონმა გვიპასუხა, რომ მარიამი ტირის და საუბრის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.   

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2026 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE