"პრობლემა არ იარსებებს, თუ სოფლის გამგებლებს ექნებათ ბეჭედი და უფლება, რომელიც დაადასტურებს, ვინ არის ესა და ეს პიროვნება"
myrights.ge
"ივანიშვილს ერთ კახურ ანეკდოტს შევახსენებ: მიხოს ბიჭმა ცოლი მოიყვანა; პირველ ღამეს "რაღაც" გაუჭირდა; გამოვიდა, მამას დაუძახა – მიშველე რამეო. მიხომ გაიღვიძა და გაბრაზებით ჩაილაპარაკა, - კაცოო, ამ სახლში ყველა საქმე ჩემი გასაკეთებელი, როგორ არისო. ბატონო ბიძინა, ხომ გაგიგიათ, - ძაღლი ვინც მოკლა, იმანვე გადაათრიოსო. სანამ ცოცხალი ხართ, ამ ქვეყანაში თქვენც კახელი მიხოს როლი გაქვთ მორგებული. გამოუცდელ თეა წულუკიანსაც ისევე უნდა შველა, როგორც მიხოს ბიჭს. ისე უშველეთ, როგორც ირაკლი ღარიბაშვილს "დაეხმარეთ", - ამბობს "ქრონიკა პლუსთან" ინტერვიუში არმაზ ბაკურაძე. ჩვენი რესპონდენტი იუსტიციის სისტემაში (მათ შორის საჯარო რეესტრში) არსებულ პრობლემებსა და გამოსწორების გზებზე ამახვილებს ყურადღებას.
"ქრონიკა პლუსი" არმაზ ბაკურაძეს ესაუბრება.
- მე ვსვამ კითხვას, ვინ დაიხსნის მოქალაქეებს საჯარო რეესტრის შენობებში გამეფებული განუკითხაობისგან? წააკითხეთ საქართველოს "უგვირგვინო მეფეს", ბიძინა ივანიშვილს. მინისტრი თეა წულუკიანი მამა აბრამის უცოდველი "კრავის" როლს თამაშობს, ფარულად შეეკრა დღევანდელ პრეზიდენტსა და ირაკლი ალასანიას "ქართული ოცნების" გასანადგურებლად.
ვინ მოუწყო ქვეყნის გაჭირვებულ მოქალაქეებს ლაბირინთი? შედიხარ შენობაში და იქიდან თვეობითა და წლობით ვეღარ გამოდიხარ. ვინ და რატომ დაუგო ერს ფულის მახე?
არადა, ამას იუსტიციის სახლში დასაქმებული წესიერი ადამიანები აღიარებენ.
ვინ ასრულებს ადრე მიღებულ მახინჯ კანონებს? იუსტიციის სამინისტროში მოკალათებული ყოფილი "ნაციონალები", თუ იუსტიციის მინისტრი?
- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- რატომ არ იცის წულუკიანმა, რომ ისიც ამქვეყნად სტუმრად არის მოსული და ევალება სიკეთე დათესოს თავისი გაჭირვებული ერისთვის?
ბატონო ბიძინა, რატომ არ იცით, რომ ორგანიზაცია, რომელსაც იუსტიციის გამოუცდელი მინისტრი ხელმძღვანელობს, სავსეა წინა ხელისუფლების მხარდამჭერი კადრებითა და მახინჯი კანონებით?
რაც ყველაზე საშიშია, მათ საქართველოს ყველა მოქალაქესთან აქვთ კონტაქტი. ამან კი შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს არჩევნების დროს "ქართული ოცნების" მოსასპობად.
საჯარო რეესტრის შენობებში მთელი საქართველოს მაშტაბით სუფევს განუკითხაობა – ჩემი დაკვირვებით, მოსახლეობის ამბოხება ხდება. საჭიროა ამ ორგანიზაციაში წესრიგის დამყარება. იუსტიციის სამინისტროში შესაცვლელია, სულ ცოტა, 20-მდე ხელმძღვანელი მუშაკი და ის მახინჯი კანონები, რომლებიც მოსახლეობის ამბოხს იწვევს; რეალურად, ეს წამების საქმეა და არა წლების.
გარდა ამისა, ბოდიში მოუხადეთ გაჭირვებულ ხალხს, მექრთამე ხელქვეითების ხელში რომ ჩააგდეთ – უთხარით, რომ ეს გამოუცდელობით მოგივიდათ. თქვენი შველა ისევ გაჭირვებულ ხალხს შეუძლია. არჩევნებში წაგების შემთხვევაში განწირული იქნებით ორი ზესახელმწიფოს მიერ.
თუ უკვე არ გაგწირეს, როგორც ეს მოხდა ბადრი პატარკაციშვილისა და კახა ბენდუქიძის მიმართ. მათგან არც ერთი არ მოუკლავს გულის დაავადებებს, ორივეს კი დარჩა უთვალავი სიმდიდრე. ამიტომ ფრთხილად იყავით. არ დაგავიწყდეთ ზურაბ ჟვანია, გურამ შარაძე, რამაზ კლიმიაშვილი და ეროსი კიწმარიშვილი.
ისინი ერთ-ერთი ზესახელმწიფოს ინტერესებს შეეწირენ. ასეთ ქვეყნებთან კი "კატათაგვობანას" თამაში არ შეიძლება. ერთი ქვეყანა უნდა ამოირჩიოთ საქართველოს დასახმარებლად.
გაიხსენეთ, როდესაც საქართველოს გაუჭირდა, ამერიკელებმა უარი თქვეს ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დახმარებაზე.
ერთის მხარეს დაიჭერ, მეორე შენი დაუძინებელი მტერი იქნება. ეცდება მოგიცილოს, სხვა მოიყვანოს შენს ადგილზე. რომ გადარჩეთ, საქართველოში იცხოვროთ, ამისათვის საჭიროა გაჭირვებული ხალხის ნდობა მოიპოვოთ. სააკაშვილივით რომ არ გაგაძევონ საკუთარი ქვეყნიდან.
არ ენდოთ და არ დაეყრდნოთ მექრთამე ხელქვეითებს, მინისტრებს, პარლამენტარებს, რაიონების გამგებლებს და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს. პირად კონტროლზე აიყვანეთ ყველა – არ მოდუნდეთ.
მათ ნაციონალური მოძრაობის ნარჩენების დახმარებით გაგყიდეს. ამის დასტურია ქვეყნის დღევანდელი რეალობა, ამბოხებული მოსახლეობის სახით.
- დავუბრუნდეთ თემას, რა ხდება იუსტიციის სისტემაში?
- ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას საბუთებში, მათ შორის დაბადების მოწმობაში მშობლების სხვადასხვა სახელი უწერია. მაგალითად, ერთ საბუთში მამის სახელია რეზო, მეორეში რევაზი. დედის სახელი თამარი, მეორეში თამრიკო.
ამას ემატება კიდევ ერთი გადაუჭრელი პრობლემა. ეს არის და-ძმების დაბადების მოწმობებში, მშობლების შეცვლილი სახელები. მაგალითად, ერთ და-ძმას უწერია დედის სახელი მარიამი, მეორე და - ძმას მარო.
პრობლემები არსებობს გარდაცვლილ მოქალაქეთა საბუთებშიც. ეს კი მათ ცოცხლად დარჩენილ ნათესავებს ძალიან ურთულებს საქმეს.
პრობლემები ამით არ მთავრდება. არსებობს რეესტრის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი უფრო მძიმე შეცდომები.
- მაინც რომელი?
- მაგალითად, სამ ძმას საბუთებში სამი სხვადასხვა გვარი უწერია. ზოგიერთი მოქალაქის საცხოვრებელი მისამართი მითითებულია სამი განსხვავებული რიცხვით - 14, 15, 16. ასეთი ქმედება სპეციალურად აქვთ ჩადენილი საჯარო რეესტრის თანამშრომლებს, რათა მეტი თანხა წაგლიჯონ ხალხს საბუთების მოწესრიგების დროს.
ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს გადაუჭრელ პრობლემად ექცევათ, როდესაც დააპირებენ თავის სახელზე გაიფორმონ ის სახლი, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ. პრობლემა უფრო მეტად იზრდება ახლობელი ადამიანის გარდაცვალების დროს. მაგალითად ძმის, მამის, ბებიის, დედის, ვის სახელზეც საცხოვრებელი სახლი ან მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული.
ვისაც ეს პრობლემა უჩნდება, სასამართლომდე რომ მიაღწიოს, 400-500 ლარზე მეტი უჯდება.
გარდა ამისა, რაიონებში და სოფლებში დაბადებულ ადამიანებს, რომლებმაც 30-40 წელი იცხოვრეს იქ, შემდეგ ჩაეწერნენ თბილისში, უფლება არ აქვთ ზემოაღნიშნული პრობლემების დროს, თავისი მშობლიური რაიონის სასამართლოში შეიტანონ საბუთები, თუმცა რეგიონალური შეზღუდვები არ არსებობს.
მახინჯი კანონები 82-85 წლის მოხუცი ადამიანების თბილისში ჩამოყვანას ითხოვს.
- რას გეუბნებიან ამ დროს?
- საჯარო რეესტრის თანამშრომლები ირონიულად და ურცხვად გეუბნებიან, რომ მოხუცი ადამიანების დასწრებაა საჭირო, რომლებიც იცნობდნენ შენს ნათესავს. ამ ასაკის ადამიანების უმრავლესობა კი ლოგინადაა ჩავარდნილი.
ეს პრობლემა არ იარსებებს, თუ სოფლის გამგებლებს ექნებათ ბეჭედი და უფლება, რომელიც დაადასტურებს, ვინ არის ესა და ეს პიროვნება, რა გვარის იყო მისი პაპა და ბებია, მამა, დედა, ძმა, რა სახელი ერქვათ მათ.
ეს წამების საქმეა და არა წლების, მონგოლ–თათართა შთამომავალნო!
ამ სტრიქონების ავტორს, მახინჯი კანონებით უფლება არა მაქვს დავიმარხო დედაჩემის გვერდით, რადგან ჩემს დაბადების მოწმობაში ჩაწერილია დედის სახელი ანი, მისი გარდაცვალების მოწმობაში ანა. არსად ფიგურირებს დედის გვარი ბექაური, რადგან დედა გათხოვების შემდეგ ატარებდა მეუღლის გვარს – წიკლაურს.
ამის გამო ვერ ვახერხებ დავიმტკიცო სოფელში მიტოვებული სახლი. ჩემნაირი პრობლემები აქვს საქართველოს მრავალ მოქალაქეს. ამიტომაც გადავწყვიტე გამეცნო საქართველოს "უგვირგვინო მეფისთვის", ბიძინა ივანიშვილისთვის საჯარო რეესტრში არსებული ვითარება. რათა "ქართული ოცნების" მონაგარი ბოლომდე წყალმა არ წაიღოს.
გასულ წელს, მოწმეთა ზეპირი მოსმენის დროს, რეესტრის თანამშრომელმა, ქალბატონმა ხუხუამ უარი მითხრა საჭირო ცნობის მოცემაზე, რა ვქნა, მოვიდეს ვინმე ქალი და თქვას, - მე ვარ თამარ ბექაურიო.
შევახსენე, რომ დედა გარდაცვლილია, მისი გაცოცხლება ხომ შეუძლებელია-მეთქი.
მე ველაპარაკე ადვოკატებს, ვაჩვენე ამ ქალბატონის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შედეგი. მითხრეს, რომ მას ჩემს სასარგებლოდ ცნობა უნდა გაეცა.
ხუმრობა იქით იყოს და გარდა ზემოაღნიშნული პრობლემისა, მჭირდება ცნობა და იმის მტკიცებაც, რომ ჩემს ა.წ. გარდაცვლილ მშობლებს ვყავდით 4 შვილი, რომელთაგან ცოცხალი მარტო მე დავრჩი. ასეთ ცნობას იძლევა რაიონის გამგებელი. იმ რაიონის, რომლის სახელსაც მრავალი წლის განმავლობაში ვიცავდი. ვიყავი რესპუბლიკის ნაკრები გუნდის წევრი, მრავალგზის ჩემპიონი. ვარ საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებების როგორც პრიზიორი, ასევე გამარჯვებულიც.
დავუბრუნდეთ ცნობის გაცემის პროცედურას. ჩემს სოფელში რაიონის გამგებლის წარმომადგენელი კარგად იცნობს ჩემს ოჯახს. მისი შუამდგომლობა არაფრად ჩააგდეს და არ მომცეს საჭირო ცნობა. ჩემს რაიონში თავი ისე ვიგრძენი, როგორც უცხოპლანეტელმა.
ჩემს ოჯახს რაიონში უამრავი ადამიანი იცნობდა და ცნობს დღესაც. აღნიშნული პრობლემა არ იქნებოდა, რომ ყოფილ პრემიერს, მექრთამე ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისიდან "გოდრით" არ ჩამოეყვანა გამგებელი, თან 20-კაციანი ამალით. ხოლო თეა წულუკიანს 400 კილომეტრიდან, თავისივე რაიონიდან გამოგდებული მოსამართლე არ "გაეჩითა".
ცოტა ხნით ასევე დავუბრუნდეთ მიშა სააკაშვილის რეჟიმს.
ერთადერთმა ხელი შევუშალე "ნაციონალური მოძრაობის" უმაღლეს ჩინოსნებს (პრეზიდენტის მეთაურობით) მომავალი თაობების წინაშე ჩადენილ დივერსიაში - სპორტული მოედნების ბოლომდე დანგრევაში. ამ საქმეში დახმარებისათვის, პატრიოტი ქართველების შუამავლობით, პირადად მივმართე ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ადეიშვილს. მათ შეძლებისდაგვარად დაბლოკეს ნარკობარონების მფარველების მიერ დაწყებული დივერსია. ავღნიშნავ, რომ მსგავსი დანაშაული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასრუქტურის განადგურება, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ჩაუდენიათ.
გულსატკენია, რომ მერაბიშვილსა და ადეიშვილის ძალისხმევით შეჩერებული დივერსია თბილისში "ქართულ ოცნებას" მიტმასნილმა გადაგვარებულმა ქართველებმა განაახლეს. ამ დანაშაულით მომავალი თაობები ისევ ნარკომანიის ჭაობში ჩასაძირად გაწირეს.
უფრო ადრე, 2002 წელს, მსგავს დივერსიაში ხელი შევუშალე "აჭარის ფაშას", უმდიდრეს ნარკობარონს, ასლან აბაშიძეს, აჭარელი ახალგაზრდებისთვის რომ არ წაერთმია უკეთესი მომავალი.
ამ ფონზე, მიჭირს იმის მტკიცება, რომ ჩემს დედ-მამას 4 შვილი ვყავდით. საწყენია, რომ ეს ჩვენი მოქალაქეების მტრებისა და ივანიშვილის მიერ "გოდრით" მოყვანილთა მახინჯი კანონების წინაშე მჭირდება.
- რას ითხოვთ?
- მივმართავ ჩვენ ხალხს, სულ ასეთ ჯოჯოხეთში და წვალებაში იცხოვრებთ, სანამ საქართველოში იარსებებს თქვენი მტანჯველების ხელისუფლებამ მათი მემკვიდრეები, ვინც თავის დროზე ორას ორმოცი ათასი (240 000) აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ჭუბერის უღელტეხილზე გადაატარა.
გარდა ამისა, მოგიწოდებთ არჩევნებში ხმა არ მისცეთ არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც "ქართულ ოცნებას", არც ალასანიას და არც ლეიბორისტებს. თორემ უარესი დაგემართებათ.
თქვენი გადარჩენისათვის გამოიყენეთ "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი. არასოდეს აირჩიოთ საქართველოს პრეზიდენტი (თანამდებობა-უდიდესი ბლეფი), ქვეყანა უნდა მართოს პარლამენტმა.
ივანიშვილს კი, ერთ კახურ ანეკდოტს შევახსენებ: "მიხოს ბიჭმა ცოლი მოიყვანა; პირველ ღამეს "რაღაც" გაუჭირდა; გამოვიდა, მამას დაუძახა – მიშველე რამეო. მიხომ გაიღვიძა და გაბრაზებით ჩაილაპარაკა, - კაცოო, ამ სახლში ყველა საქმე ჩემი გასაკეთებელი, როგორ არისო.
ბატონო ბიძინა, ხომ გაგიგიათ, - ძაღლი ვინც მოკლა, იმანვე გადაათრიოსო.
სანამ ცოცხალი ხართ, ამ ქვეყანაში თქვენც კახელი მიხოს როლი გაქვთ მორგებული. გამოუცდელ თეა წულუკიანსაც ისევე უნდა შველა, როგორც მიხოს ბიჭს. ისე უშველეთ, როგორც ირაკლი ღარიბაშვილს "დაეხმარეთ".
დამიჯერეთ, რადგან ჩემი ასაკი 75 წელს გადაცდა, ნახევარ საქართველოს ვიცნობ, გამოცდილება მეტი მაქვს. გარდა ამისა, მშობლებმა წესიერ კაცად გამზარდეს, ღმერთმა კი, ჩემი ხალხისა და ქვეყნის ღირსების დაცვა, მისი სიყვარული მასწავლა. ამის გამო იყო, რომ წინა ხელისუფლებას არ მივეცი უფლება, მომავალი თაობები დაეღუპა.
სწრაფად მოაგვარეთ ზემოაღნიშნული პრობლემა თეა წულუკიანის კანტორაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაწილეობას მივიღებ "ქართული ოცნების" ქვეყნიდან გაძევებაში. გეტყვით, რომ მოძრაობა დაწყებულია შენს წინააღმდეგ.
უკვე მაქვს პრეზიდენტის საქართველოდან გაძევების გამოცდილება. ჩემი გაჭირვებული ერის დარბევას არავის ვაპატიებ, დადექით ხალხის გვერდით (თორემ ღმერთი არ გაპატიებთ).
ნუ გეშინია, ფული არ დაგეხარჯება, არც არავინ გთხოვს. "ქართული ოცნების" მონაგარი წყალში არ ჩააყრევინო არც ნაციონალებს, არც ირაკლი ღარიბაშვილს და არც ზურაბ ტყემალაძეს და მათ ნათესავ-მეგობრებს.
სოფლის გამგებლებს ელემენტარული უფლება და ბეჭედი დაუბრუნე. თქვენი გაფუჭებული საქმის გამოსწორება ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ წამების საქმეა და არა წლების.