მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საბავშვო ბაღებზე „საბოლოო იერიშის მიტანა“ გადაწყვიტეს? - 06 აპრილი 2016

„არჩევნების პერიოდში ბაღის დირექტორები იქნებიან ის ადამიანები, ვისაც ენდობიან და ვინც მათ დავალებებს უპირობოთ შეასრულებენ“

myrights.ge

დედაქალაქის საბავშვო ბაღებიდან დირექტორების გათავისუფლების პროცესი გრძელდება. „მონიტორინის ცენტრი მედიატორი“ ამაში მერიისა და ბაღების მართვის სააგენტოს მხრიდან პოლიტიკურ მოტივს ხედავს, რას მისივე შეფასებით, მომავალ არჩევნებს უკავშირდება. თბილისის მთავრობის წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ „რამდენიმე გათავისუფლებული დირექტორი ცდილობს პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს“.

ბოლო დღეებში, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კიდევ რამდენიმე დირექტორი თანამდებობიდან გაუშვა. მათ მშობლებთან ერთად აქციები გამართეს. ასევე პროტესტი  თბილისის მერიასთან გამოხატეს. 

ამ პრობლემატიკაზე, „ქრონიკა პლუსი“ ა/ო „მონიტორინგის ცენტრი მედიატორის“ დამფუძნებელს, ლევან ხაბეიშვილს ესაუბრება. 

- 169, 155, 76, 20, 19, 91, 2, 6, 215, 72, 162, 90, 92, 153, 86, 163, 83, 212, 121, 114, 192, 211, პატარა ლილოს ბაღი, გლდანის პირველი ლოგოპედიური ბაღი, „ჩიორა“,  ეს თბილისის  იმ ბაღების არასრული ჩამონათვალია, სადაც უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დირექტორები გაათავისუფლეს. 

ფაქტია, ასეთი მასშტაბური გათავისუფლებები აღძრავს ეჭვებს, რომ საქმე არ გვაქვს მაინცდამაინც სამართლებრივ და საქმიან დამოკიდებულებასთან. მით უმეტეს, რომ ამ ყველაფერს წინ გარკვეული მოვლენები უსწრებდა. 

2014 წლის აგვისტოში, რაც დედაქალაქის ახალი მთავრობა მოვიდა და ბაღების სააგენტოში ხელმძღვანელობა შეიცვალა, მაშინვე ცხადი იყო, რომ აითვალწუნებდნენ  დირექტორების უმრავლესობას, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში კონკურსის წესით შეირჩნენ. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ფაქტი, რომ ამ ადამიანების შერჩევა კონკრეტული ტესტირების შედეგად მოხდა. 

პირველივე დღიდან დაიწყო მონიტორინგი და 2015 წლის დასაწყისამდე, თუკი რაიმე მექანიზმი არსებობდა სააგენტოში და მერიაში, ბაღები ყველა  წესით შემოწმდნენ. 

აღმოჩნდა, რომ დირექტორებს არანაირი დარღვევები და გადაცდომები არ ჰქონდათ. ამის შემდეგ თორდინავამ და მერიამ აირჩია ახალი სტრატეგია და ახლა დირექტორებს მოსთხოვა, რომ თავიანთი მოადგილეები მოეხსნათ და მათ ნაცვლად სააგენტოს მიერ შეთავაზებული კადრები დაენიშნათ; ანუ ქართული ოცნების აქტივისტები მოეყვანათ. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით, 2015 წლის 22 იანვარს „მედიატორმა“  გაასაჯაროვა ჩანაწერები, სადაც მოადგილეები თავად საუბრობდნენ იმ ზეწოლაზე, რაც მათზე ხორციელდებოდა რამდენიმე დირექტორის მხრიდან. თუმცა, რა თქმა უნდა, არა ყველასგან. 

მაშინ ამ ინფორმაციის „გაჟონვამ“ სიტუაცია დააშოშმინა და ეს პროცესი დროებით შეჩერდა. თუმცა იმ ბაღებში, სადაც დირექტორები დიდი წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ, მაინც მოხდა მოადგილეების გათავისუფლება და ახალი კადრებით ჩანაცვლება. 

საბოლოო იერიშის მიტანა გადაწყვიტეს 2015 წლის ბოლოს, 2016 წლის დასაწყისში და ამას მარტივი პოლიტიკური გათვლა ახლდა წინ. როგორც მოგეხსენებათ, არჩევნების ადმინისტრირებაში აქტიურად არიან ჩართულები სკოლები და ბაღები. მარტივი მიზეზების გამო - საარჩევნო უბნები, ძირითადად, სწორედ ამ დაწესებულებებშია. 

შესაბამისად, ბაღის დირექტორიც და თანამშრომლების ნაწილიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო ადმინისტრირებაში. 

"ქართულმა ოცნებამ" და "სუსმა" გადაწყვიტეს არასასურველი კადრების ჩამოშორება ბაღებიდან და ეგრეთ წოდებული "სუსის" „უსტანოვკების“ შედეგად დაიდო სიები, თუ ვინ არ იყო ოცნების აქტივისტი. 

ამის შემდეგ წამზომიც ჩაირთო. მათ კარგად მოეხსენებოდათ, რომ მრავალგზის შემოწმებული დირექტორების დათხოვნა (რომლებსაც არანაირი დარღვევები არ ჰქონდათ) უნდა მომხდარიყო უსაფუძვლო მიზეზით; და ეს იმ დროს, როცა გასაჩივრების შემთხვევაში ვერ მოასწრებდნენ 2016 წლის არჩევნებისთვის აღდგენას. 

ანუ არჩევნების პერიოდში ბაღის დირექტორები იქნებიან ის ადამიანები, ვისაც ენდობიან და ვინც მათ დავალებებს უპირობოთ შეასრულებენ. ადმინისტრაციული დავები კი, მინიმუმ 1 წელიწადს იწელება, სანამ სამივე ინსტანციას მოივლის და კანონიერ ძალაში შევა. 

სწორედ ამ სიტუაციიდან გამომდინარე მოხდა საბოლოო იერიშის მიტანა ამ პერიოდში და განსაკუთრებით უკანასკნელ დღეებში. როცა 10-ზე მეტი დირექტორი ერთად დაითხოვეს. 

- რაც შეეხება ოფიციალურ დოკუმენტაციას? 

- ამაზე სააგენტო ამბობს, რომ თურმე ფინანსური დარღვევების გამო მოხდა მათი გაშვება, რეალობაში შემდეგი ფაქტები წერია: 

მაგალითად, პატარა ლილოს დირექტორი გაათავისუფლეს იმიტომ, რომ გამგეობამ 3 მარტის აღსანიშნავად ტორტი მიართვა ბაღს, რომელიც დირექტორმა ბაღშივე გაჭრა და ამის გამო მოხდა მისი დათხოვნა. 

მეორე ფაქტი იყო, რომ ერთი ტაფა თევზი დაიწვა ბაღში და ამის გამო დაითხოვეს დირექტორი. 

იყო შემთხვევა, რომ ერთი „გოგრით“ მეტი არმოჩნდა ბაღში და ამის გამო გაუშვეს დირექტორი. 

მოკლედ, ანეკდოტებად უფრო გამოდგება ის ფაქტები, ვიდრე სერიოზულ დასკვნებად. როგორი კომიკური პერსონაჟიც არის ნარმანია და თორდინავა, ისეთივე კომიკურია „დასკვნები“ . 

ახლა ჭკუას არიგებს თორდინავა და ნარმანია დირექტორებს, რომ სასამართლოში იჩივლეთო. 

ზემოთ ავხსენი, თუ რატომ არიან ასე ლაღად. მათთვის მთავარია, რომ ეს დავები არ მოესწრება 2016 წლის არჩევნებს და შემდეგზე მერე იფიქრებენ. 

ნარმანიამ ათეულობით თანამშრომელი დაითხოვა მერიიდან უკანონოდ, ეს სასამართლომაც ბევრ შემთხვევაში დაადასტურა. მაგრამ დაისაჯა ვინმე ამის გამო, რომ უკანონოდ გამოყარეს ადამიანები? 

მაგალითად, მარტო ჩემ ყოფილ სამსახურში ოთხმა თანამშრომელმა მოვიგეთ დავა, მაგრამ უკანონო ბრძანებაზე ხელმომწერი ნარმანია ისევ მერია. ცრუ  მოხსენებითი ბარათების შემქმნელი საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილიც ისევ სამსახურის უფროსია. 

ერთადერთი, ისევ ჩვენ ოთხნი დავზიანდით და ბიუჯეტი, რომელსაც ჩვენ სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დაევალა; და ეს ნარმანიას და მისნაირების უკანონო ბრძანების გამო მოხდა. 

რაც შეეხება ახალ კადრებს, აბსოლუტურად ყველა ვაკანტურ ადგილზე ოცნების აქტივისტებს ნიშნავენ. არანაირი ტესტირება, არანაირი გამოცდები, არანაირი შერჩევა და კვალიფიკაციის გადამოწმება. მთავარია, იყო პარტიული და პარტია გიწევდეს რეკომენდაციას.

მაგალითად, 76-ე ბაღში, რომელიც ორხევში მდებარეობს, ოცნების კორდინატორია დანიშნული, რომელმაც დოკუმენტაციის წარმოებაც კი არ იცის. 

იგივეა 169-ე ბაღის შემთხვევაში, რომელიც პირადად დეპუტატ ია მაკასარაშვილის პროტეჟეა. ეს ბაღი ცალკე ამბავია. 

- რას გულისხმობთ?

- ამ ბაღის დირექტორი იმიტომ გაუშვეს, რომ თანამშრომლების დათხოვნა მოსთხოვა თორდინავამ. რაც არ გააკეთა და ამიტომ თავად დასაჯა. 

ამ ყველაფერს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ახალმა დირექტორმა ნინო ბუჩაშვილმა სამ თვეში 6 თანამშრომელი დაითხოვა. მათ შორის ქალბატონები, რომლებიც 30 წელი ემსახურებოდნენ ბაღს. 

მათგან ერთ ქალბატონს სიმსივნე აქვს, შშმ პირი ვაჟი ჰყავს, უკიდურესად გაჭირვებულია და არც ის დაინდეს. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი ქალბატო ბაღში მუშაობდა.  

ეს ბაღი „გამოირჩევა“ იმითაც , რომ 6 დღის პური აჭამეს ბავშვებს, რაზეც მშობლებმა საჩივარიც დაწერეს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც "ქოცობა" ჭრის. დირექტორი თავს იმართლებს, ბავშვებისთვის არ მიჭმევინებია 6 დღის პური, პედაგოგებს ვაჭამეო. ჰო, ესეც „მორალი“. 

საჩივრებით „შეწუხებულმა“  დირექტორმა გადაწყვიტა თავისთვის მადლობის წერილი შეედგინა და მშობლებს ხელმოწერების შეგროვება დაავალა. რაც ასევე გაპროტესტეს მშობლებმა. წარმოიდგინეთ დირექტორის მენტალიტეტი, რომელიც საკუთარ თავს მადლობას უხდის, წერილს თავად წერს და ხალხს ხელმოწერებს სთხოვს. 

სამწუხაროა ის რეალობა, რომ ბავშვები არავის ადარდებს და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო მიმდინარებს რეპრესიები ბაღებში. ეს ყველაფერი სიკეთეს არავის და არაფერს არ მოუტანს. 

მაშინ, როცა თორდინავა დირექტორებს უწუნებს მენეჯმენტს, თავად იმდენი მოახერხეს, რომ 2 თვის განმავლობაში თბილისის რამდენიმე ბაღში ხორცი საერთოდ არ შესულა და ბრინჯის კატლეტებს აჭმევენ ბავშვებს. 

ცინიკურია ის ფაქტიც, რომ ბაღების სააგენტო და თორდინავა აცხადებს ტენდერებს საკვების მიწოდებაზე, თავად ავლენს გამარჯვებულს, თავად ადგენენ პირობებს და თავად აფორმებენ ხელშეკრულებებს. ხოლო პროდუქტის ხარისხზე პასუხს დირექტორებს სთხოვენ. 

წარმოუდგენელია დირექტორს მოთხოვო ხარისხიანი იყოს ბრინჯი, როცა კომპანიას სააგენტო არჩევს და უგზავნის. რა ქნას დირექტორმა? შიგნით ხომ არ იჯდება, კომპანია ბრინჯს რომ მოიტანს? 

ის, რომ ტენდერების დროს უამრავი ხარვეზი იყო, ამაზეც 2015 წლის ბოლოს "მედიატორი" საუბრობდა. მაშინ ჩვენი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კომპანიებს რომლებსაც ჯამში 3 500 000 ლარის ხელშეკრულება გაუფორმდათ, არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ და ტენდერის გამოცხადების შემდეგ იყვნენ დაფუძნებულები. ოფისიც კი არ ქონდათ, ისე მოიგეს ამხელა ტენდერები. 

- აქედან გამოსავალი...

- დიახ, არსებობს გამოსავალი: 

1. აუცილებელია გაუქმდეს ბაღების მართვის სააგენტო იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს; 

2. რეალური თვითმმართველობა უნდა მიეცეთ ბაღებს;  

3. სააგენტოს ხელმძღვანელს ჩამოერთვას უფლება ერთპიროვნულად შეეძლოს დირექტორის დანიშვნაცდა გათავისუფლებაც. 

სხვა შემთხვევაში, თუ რეალური სისტემური ცვლილება არ მოხდა და მსგავსი ფუნქციები და უფლებები შეუნარჩუნდა სააგენტოს და მის ხელმძღვანელს, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში იქნება ცდუნება, რომ მართული იყოს ეს პროცესები. 

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა და დასრულდეს ის მარაზმი, რაშიც დღეს რეალურად აღმოვჩნდით. როგორ წარმოგიდგენიათ, ერთ დღეს უცბად გაიღვიძა თორდინავამ და აღმოჩნდა „მართალი“ და სხვა ყველა 30-მდე დირექტორი  „მტყუანი?". 

"ქრონიკა პლუსი" 169-ე ბაღის გათავისუფლებულ დირექტორს, ფიქრია ჩახნაშვილს დაუკავშირდა : 

- ფაქტია, ამ ყველაფერმა იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ შეგვიძლია დავარქვათ რეპრესიები ჩვენი, უკვე ყოფილი დირექტორების და არა მარტო დირექტორების, ზოგადად თანამშრომლების წინააღმდეგ. ამ ყველაფერს, ფაქტია, საფუძვლად პოლიტიკური მოტივები უდევს და ეს აიხსნება იმით, რომ ჩვენ არ ვართ ოცნების აქტივისტები. 

რეალურ გადაწყვეტილებას იღებს "სუსი" და კადრების სამსახურის უფროსი კეკენაძე, ფაქტობრივი "ოდეერია" ბაღების მართვის სააგენტოში. 

სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ უსმენს ხალხს. არ ინტერესდება რეალური პრობლემებით და დაკავებულია დევნით. რეალურად, პრობლემები სხვაგან არის. 

მაგალითად, თორდინავამ დეკემბრის თვეში 8000 ლარი აიღი სარგოს დანამატი და პრემიის სახით. რაც რიგითი პედაგოგის 3 წლის ანაზღაურებაა. მასწავლებლებს ხელფასი კი 12, 16 ლარით მოუმატეს, რაც ცინიკურია. 

მით უმეტეს, ლარის გაუფასურების პირობებში. მოკლედ, ყველაფერს აქვს საზღვარი და იმედი გვაქვს, რომ ჩენი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და სასამართლოში მაინც ვიპოვით სიმართლეს. 

ამ ფონზე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღი დღეს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. სააგენტოში უარყოფენ ინფორმაციას, რომელიმე საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შესაძლო შეფერხების შესახებ.

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის რომელიმე საბავშვო ბაგა-ბაღში შესაძლოა, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეფერხდეს, სინამდვილეს არ შეესაბამება. გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღი დღეს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. თითოეული ბაღის თანამშრომელი მოწოდებულია, პატარებს უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეუქმნას", - ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მტკიცებით, რამდენიმე გათავისუფლებული დირექტორი ცდილობს პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს. სააგენტო მოუწოდებს ბაგა-ბაღების ყველა თანამშრომელს, "ნუ ჩაერთვებიან ხელოვნურად მართულ პროცესებში და ნუ ჩაშლიან სააღმზრდელო პროცესს". 

თავის მხრივ, თბილისის მერი დავით ნარმანია ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორებისა და მშობლების ნაწილის პროტესტს ეხმაურება. როგორც ნარმანია  აცხადებს, თუ ყოფილ დირექტორებს მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია აქვთ, ამისთვის სასამართლო და სამართლებრივი გზა არსებობს.

"ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში და რაიმე სახის სამართლებრივი საფუძველი პროტესტთან დაკავშირებით არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ბაღებში გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი, რათა არაფერი მოაკლდეთ ჩვენს პატარებს. ჩვენი უმთავრესი საზრუნავი არის ჩვენი პატარები და იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ უკეთესი პირობები და უფრო მოწესრიგებული გარემო, ვაკეთებთ ყველაფერს და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას... თუ ვინმეს აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არიან უკანონოდ გათავისუფლებულები, ამისთვის არსებობს სამართლებრივი ბერკეტები, მექანიზმები, სასამართლო", - ამბობს ნარმანია.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2026 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE