"მინისტრი და მისი გუნდი ამის განმახორციელებელი არა არიან, რადგან ელემენტარული ხედვები არ გააჩნიათ"
myrights.ge
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის პროექტზე მუშაობა გრძელდება. უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია და შემდეგ მისი განხილვა გაიმართა. სამინისტროს განმარტებით, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, სამინისტრომ ახალ კანონზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო და ამ პროცესში მისი აქტიური მხარდამჭერი გაერო-ს განვითარების პროგრამა წარმოადგენდა.
"კანონპროექტის პირველადი ვერსიის მომზადების შემდეგ, პრემიერის ინიციატივებისა და ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, დაიწყო დოკუმენტის დახვეწა შიდა განხილვების გზით, რაც სამინისტროს დეპარტამენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების აქტიური მონაწილეობით წარიმართა. მიმდინარე ეტაპზე სამინისტრომ უკვე დაასრულა დოკუმენტის შიდა განხილვები და კანონპროექტი მზად არის საჯარო განხილვისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ამ თემაზე "ქრონიკა პლუსი" პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარეს, ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრ დენის დავითაშვილს ესაუბრება:
- განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და მისი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი შიდა შეხვედრებს ატარებენ, რაღაცებს აპიარებენ. ბოლო შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის პირველად ვერსია მზად არისო; მაგრამ იმის გათვალიწინებით, რომ ახლახან, 24 მარტს პრემიერმა კვირიკაშვილმა პროფგანათლების რეფორმის ახალი მოდელი გამოაცხადა, კანონპროექტის პირველადი ვერსია უნდა გადავამუშავოთ და შემდეგ მის განხილვას დავიწყებთო.
ასევე გამოაცხადა, რომ კანონპროექტი მზად არის საჯარო განხილვებისთვის. ამ განცხადებაში ქეთევან ნატრიაშვილი კიდევ ერთხელ სრულ არაკომპეტენტურობას ამჟღავნებს; საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას აწვდის, რადგან პროფგანათლების შესახებ კანონპროექტი და მისი პირველადი ვერსია სამინისტროს ჯერ არ შეუმუშავებია.
ამიტომ პრემიერის შეთავაზება, რომ პროფესიული განათლების ახალი მოდელის განხორციელება დაიწყება, რეალურად, არც ამის შესახებ არის რაიმე ცნობილი. ნათლად ჩანს, რომ პროფგანათლების შესახებ არანაირი კანონპროექტი დასრულებული არ არის.
- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
- თავად ვარ იმ კომისიის წევრი, რომელიც 2014 წლის 31 მარტს განათლების მინისტრმა თავისი ბრძანებით შექმნა. სწორედ იმისთვის, რომ პროფგანათლების შესახებ კანონპროექტზე გვემუშავა. იმავე წლის 1 აგვისტოს კომისიამ პროექტზე მუშაობა შეწყვიტა. მას შემდეგ კომისიის წევრებს არ გვინახია, არ გავცნობილვართ არც ერთი თავის, არც ერთი მუხლის და პუნქტის შინაარსს.
- კომისიამ მუშაობა რატომ შეწყვიტა?
- განათლების სამინისტროს, მისი ხელმძღვანელობის ასეთი დათქმით, - რაზეც ჩვენ კომისიაში ვიმსჯელეთ, ახლა ამაზე ჩვენი იურისტები და სპეციალისტები იმუშავებენ და კანონის სახეს მისცემენო. რეალურად, 18 შეხვედრა გაიმართა ამ საკითხზე, მაგრამ ჩვენ არც ერთი მუხლი არ განგვიხილავს.
ამიტომ არც ცალკეულ ნაწილებში, არც მთლიანობაში განათლების სამინისტროს მისთვის კანონის ფორმა არ მიუცია. ჩვენ რომ სამინისტროს ვუკავშირდებით, შესაბამისი დეპარტამენტი გვეუბნება, რომ ჯერჯერობით, პროექტისთვის საბოლოო სახე მიცემული არ გვაქვსო; მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, კომისია ისევ შეიკრიბება და მომზადებული კანონპროექტის ვერსიას გაგაცნობთო.
ასე რომ, შემიძლია გითხრათ, რომ სამინისტრომ მთლიანი კანონპროექტის სამუშაო ვერსია ვერ შექმნა. და თქვენ იმის მოწმე ხართ, რომ ახლა საუბრობენ პროექტის გადამუშავებაზე, რადგან პრემიერმა პროფგანათლების რეფორმის ახალი მოდელი შემოგვთავაზაო.
მაგრამ ხაზს ვუსვამ, ესენი კანონპროექტის დამწერები არ არიან.
მიმდინარეობს ცალკეული შიდა შეხვედრები სამინისტროსა და ზოგიერთი "სსიპ-ის" მონაწილებით, მაგრამ ძირითადი საკითხები გვერდით არის მიტოვებული.
- რომელ საკითხებზე საუბრობთ?
- ძირითადი საკითხებია პროფესიული განათლების პედაგოგების მომზადება, დაფინანსება, კერძო კოლეჯების ჩართულობა დაფინანსების ნაწილში, ახალი სტანდარტებისა და მოდულური პროგრამების ახლიდან გადამუშავება...
რაც პრემიერმა საზოგადოებას რეფორმის სახით შესთავაზა, გულისხმობს უშუალოდ დამსაქმებლებთან ხანგრძლივი საწარმოო პრაქტიკების ჩატარებას, რაც აქამდე თითქმის არ ტარდებოდა. დამსაქმებლები არ იყვნენ დაინტერესებულნი, რომ ფასიანი სამუშაო ადგილები გამოეყოთ; ეწარმოებინათ ანაზღაურება შექმნილი პროდუქციისთვის; შეექმნათ სხვადასხვა პირობები, როგორც სასწავლო სახელოსნოებისთვის (უშუალოდ კოლეჯებში), ასევე გამოეყოთ ცალკეული უბნები, რომ იქ საწარმოო პრაქტიკა გაძლიერებულად ჩატარებულიყო.
ისევე, როგორც ეს არის ევროპაში - გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, დანიაში და სხვ. გარდა ამისა, ამ ყველაფერს შესაბამისი კანონმდებლობა სჭირდება, არამარტო კანონის შექმნა პროფესიული განათლების შესახებ.
- ამისთვის კიდევ რა უნდა გაკეთდეს?
- უნდა შემუშავდეს დასაქმების კანონი. საგადასახადო შეღავათებზე იყოს მსჯელობა, რომ დაინტერესდნენ დამსაქმებლები, საწარმოო პრაქტიკები ადგილებზე თავიანთი ხარჯებით აწარმოონ. რის გარეშეც პროფესიული განათლების ხარისხი ამაღლებული ვერ იქნება.
შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი პროგნოზი ყოველთვის სრულდება. ამიტომ ეს არის წინასაარჩევნო ხრიკი განათლების მინისტრის მხრიდან, დაარწმუნოს ქვეყნის პრემიერი, თუ რა მაგარია; მან დაიწყო რეფორმები პროფესიულ განათლებაში, უკვე შემუშავებული აქვს კანონპროექტი იმისთვის, რომ გაიხანგრძლივოს ყოფნა მინისტრის სავარძელში.
და კიდევ უფრო დიდი უბედურება, რაც შეიძლება განათლების სისტემას მოუვიდეს, მოხვდეს ქართული ოცნების პარტიულ სიებში და გახდეს პარლამენტარი.
რეალურად, სანიკიძის ოცნებაა თავი დააღწიოს განათლების სამინისტროს პოსტს; სადაც იცის, რომ მისი ყოფნა განწირულია.
- ასე რატომ ფიქრობთ?
- მან ჩაშალა ყველანირი რეფორმები. იცით, რა მდგომარეობაშია სკოლა, უმაღლესი განათლება, მეცნიერება და პროფესიული განათლება. ამ დროს მინისტრს სურს პარლამენტის მეცხრე მოწვევის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გახდეს. ხოლო მისი მოადგილე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილედ მოგვევლინოს.
გუშინ ჩატარდა წიგნის - საქართველო 2050-ის განხილვა. ეს არის ძალიან დიდი ნაშრომი, სადაც ძირითადი მიმართულება განათლება და მეცნიერებაა. როდესაც უამრავი საზოგადოებრივი, სამეცნიერო სფეროს პროფესიონალი იყო წარმოდგენილი, გაგიკვირდებათ და იქ არც მინისტრი და არც მისი მოადგილე არ ყოფილან.
ე.ი. საერთოდ არ აინტერსებთ როგორ განვითარდება ეს სფერო და როგორი სტარტეგია არის ჩამოყალიბებული.
ამიტომ ვამბობ, რომ განათლების მინისტრი და მოადგილე ცრუპენტელები არიან. არანაირი უნარი არ აქვთ თვითონ, დეპარტამენტებს, იურისტებს, რომ დაიწეროს ისეთი კანონი პროფგანათლების შესახებ, რომელიც დარგში რეალურ ძვრებსა და წინსვლას მოახერხებს; რომელიც დააინტერესებს დამსაქმებლებს; და ისეთი დონის პროფესიულ განათლებას მისცემენ პროფესიული კოლეჯები (საჯარო და კერძო), რომლითაც დამსაქმებლები დაინტერესედებიან. ამით ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი მოიმატებს და უმუშევრობა დაიკლებს.
- გერმანული მოდელი რით არის გამოსარჩევი და როგორ მოერგება ქართულ რეალობას?
- პროფგანათლების გერმანული მოდელი ბრწყინვალეა. მაგრამ ის შეიძლება განხორციელდეს ეკონომიკურად ისეთ ძლიერ და განვითარებულ ქვეყანებში, როგორიც ზემოაღნიშნული ევროპული სახელმწიფოებია. სადაც უამრავი საწარმოა, დამსაქმებლებს აქვთ ჩამოყალიბებული სურვილი, რომ საწარმოში ხანგრძლივად (2 წელი, ორწელიწადნახევარი) თავიანთივე ხარჯებით ჩაუტარონ სწავლება. ამ საწარმოებს ისეთი კადრები ჰყავთ, რომლებიც საწარმოო პრაქტიკებს ადგილზე აწარმოებენ.
ამ ხნის საწარმოო პრაქტიკაზე ახალგაზრდების დაოსტატების შედეგად მიიღებენ ჩამოყალიბებულ სპეციალისტს, რომელიც მათი კვალიფიციური მუშახელი იქნება და შექნის ხარისხიან პროდუქციას.
ეს ჩამოყალიბებული, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების ბრწყინვალე მოდელია. მაგრამ ევროკავშირიდან მოვლინებული ექსპერტი ოლივერ რიზი შეხვედრების დროს გვაფრთხილებს, - განათლების სამინისტრო, ხელისუფლება ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, როცა რაიმე მოდელზე საუბარს დაიწყებენო.
საქართველომ თავისი, ქართული მოდელი უნდა შეიმუშავოს; გერმანული, ირლანდიური, ფინური ან ესტონური მოდელის პირდაპირ გადმოტანა ქვეყანას არ გამოადგებაო. რადგან აქ ეკონომიკური სიძლიერის, დამსაქებლების დაინტერესების, შესაბამისი კანონდებლობის არქონის, მაღალი დონის პედაგოგებისა და ინსტრუქტორების არარსებობის გამო უამრავი თავისებურებებია.
არავინ არ ზრუნავს ახალგაზრდა პედაგოგებსა და ინსტრუქტორებზე, რომ მათ მიეცეთ ცოდნა. იცით, რომ ასაკგადაცილებულები - 60, 65, 70 წლის პედაგოგები და ინსტრუქტორები არიან. ხშირ შემთხვევაში, შემთხვევითი პიროვნებები გვხვდებიან, რადგან ბოლო 15 წლის განმავლობაში ამ კადრების მომზადებაზე არავინ ზრუნავს.
გარდა ამისა, დარგს ძალიან დიდი დაფინანსება სჭირდება. ამ დროს პრემიერს გერმანული მოდელით ატყუებენ. ახლა ამბობენ, რომ მის ცალკეულ ელემენტებს შემოვიტანთო.
უკაცრავად, მაგრამ ამას ჯერ მთლიანად განათლების სისტემის წყობრი რეფორმის შემუშავება სჭირდება. ეს კონცეფცია ყველგან უნდა იყოს განხილული. ეს იქნება სკოლა, უმაღლესი სფერო, მეცნიერება - პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
მას შემდეგ, რაც განათლების ერთიანი სისტემა შემუშავდება და დამტკიცდება, მერე უკვე იმ დამტკიცებული კონცეფციის შესაბამისად ცალკეული დარგების რეფორმირება უნდა დაიწყოს. მათ შორის პროფესიული განათლების.
ვეჭვობ, საერთოდ ვინმე იყოს დაინტერესებული, რომ მთლიანად განათლებაში რეფორმა წაღმა განხორციელდეს.
პრემიერმა კი განაცხადა, რომ პროფესიულ განათლებაში რეფორმა ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, რაშიც სავსებით ვეთანხმები.
რეალურად, ეს არის დასაქმების უზრუნველყოფა. ახალი სპციალობების გამოვლენა, რომლის სწავლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები ისეთ უნარ-ჩვევებს მიიღებენ, რომ სამუშაოს ადვილად მიიღებენ.
ჯანდაცვის მინისტრმა სერგეენკომ ახალი, 52 სპეციალობა გამოაცხადა. მაგრამ აქაქც ისევ ხანმოკლე სტანდარტებსა და პროგრამებზეა საუბარი. ახლა ყველაფრის თავიდან კეთება არის საჭირო.
ამაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში 5 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. ახლა, რადგან გერმანული თუ სხვა გამოცდილების შესაბამისად ქართულ მოდელს ვქმნით, საჭიროა პროფესიული განათლება ხანგრძლივი, არანაკლებ სამწლიანი იყოს. მათ შორის, პროფგანათლებაში ზოგადი განათლების ციკლის სწავლება უნდა იყოს შემოღებული; რომ ე.წ. ჩიხი აღმოფხვრილი იყოს.
როდესაც მეცხრე კლასის შემდეგ ბავშვები პროფესიულ კოლეჯში მოდიან, დასრულების შემდეგ უფლება აღარ აქვთ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ. რადგან მარტო პროფესიის დიპლომს იღებენ და არ აქვთ საშუალო განათლება.ეს "ჩიხი" აღმოფხვრილი უნდა იყოს. ამიტომ აქ ძალინ დიდი სამუშაო არის ჩასატარებელი.
- გამოსავალი სად არის, კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
- ჩვენ ხანმოკლე კონტაქტი გვქონდა პრემიერ-მინისტრთან. ოფიციალურ წერილზე მივიღეთ პასუხი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც პროფგანათლების რეფორმაზე მუშაობენ (მათ შორის, ჩვენი პროფკავშირი) მუშა შეხვედრა ექნება. ამისთვის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებული ნაკლოვანებების საზოგადოებრივი საბჭო გვაქვს.
სწორედ ამ საბჭომ შეიმუშავა რეკომენდაციები და პრემიერ-მინისტრს წარუდგინა; სადაც ნათლად ჩანს, თუ რა კანონპროექტები არის მოსამზადებელი. ჩვენი წინადადებაა:
1. სახელმწიფო კომისიას სათავეში პრემიერი ჩაუდგეს, რადგან პროფესიული განათლება შეეხება არამარტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. რეალურად, ეს შეეხება ათ სამინისტროს - ჯანდაცვას, ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას, ფინანსთა, სასჯელაღსრულების (სადაც პროფგანათლების კუთხით კახა კახიშვილი კარგად მუშაობს), ენერგეტიკის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროებს, ინფრასტრუქტურას.
ამის სათავეში უნდა ჩადგეს პრემიერი, რომ მის მიერ გაპიარებული რეფორმა აუცილებლად განხორციელდეს.
და მეორე - რადგან ეს დარგი ათ სამინისტროზე გადის, ხსენებული შტატები უცილებლად უნდა გამოეყოს. ასეთი, დაახლოებით, 40-მდე შტატი აქვთ. ამიტომ დამატებით არც შტატის გამოყოფა იქნება საჭირო და არც დაფინანსება. მთავრობასთნ ცალკე უნდა გამოეყოს, როგორც ვეტრანთა უწყებაა, ასეთი დეპარამენტი უნდა შეიქმნას, რომელიც ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება.
დაწყებული მიღებიდან, სასწავლო პროცესის მაღალი დონეზე განხორციელებაზე სრულად პასუხისმგებელი იქნება. რაც მთავარია, დასაქმების უზრუნველყოფაზე. დღეს პროფესიული კადრის მომზადებაზე და მის დასაქმებაზე, ცალ-ცალკე არც ერთი უწყება პასუხისმგებელი არ არის.
ამიტომ რეალურად აჯაფსანდალია და საჭიროა ერთი უწყება მთლიანად პასუხისმგებელი იყოს ქვეყანაში ამხელა და საჭირო დარგის ყველა საკითხის მოსაგვარებლად. ეს არის მიღება, სასწავლო პროცესი, ქსელის განვითარება და ა.შ.
მარტო ერთი ანაკლიის პორტი რომ ავიღოთ (მისი მშენებლობა ახლა იწყება), მისთვის უამრავი, 50-მდე სხვადასხვა სპეციალობა საჭირო იქნება. ჯერ მშენებლობის და მერე ექსპლუატაციის ნაწილში.
ამ მხრივ, პროფესიული განათლება ყოველთვის პროცესების წინმსწრებია. ზუგდიდში რომ იყო პროფესიული კოლეჯი, ისიც აღსადგენია. გარდა ამისა, რეგიონებში ახლად უნდა ჩამოყალიბდნენ სოფლის მეურნეობის მიმართულების პროფესიული კოლეჯები. და ეს უმუშევართა დასაქმებას ხელს შეუწყობს.
იცით, რომ რეგიონებში უამრავ ოჯახს მიწა აქვს, მაგრამ ვერ ამუშავებენ და პროდუქციას ვერ ქმნიან. ძალიან ბევრი საკითხია, რის გადაწყვეტაც ძალიან ადვილია. მთავარია ნება იყოს. ეს ნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, მაგრამ შემსრულებლები არაკვალიფიციური და უნიჭო არიან.
სამინისტროს სათავეში მთლიანად ახალი გუნდი თუ არ მოვა, ეს ვითარება არ შეიცვლება. რაც მთავარია, ქართული ოცნებისთვის საარჩევნოდ ძალიან არასასურველი შედეგები დადგება. რადგან მთელი სამეცნიერო და განათლების სიტემის მუშაკები ძირეულ ძვრებს ელოდებიან; და როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა ზოგადად განათლებაში და მათ შორის პროფესიულ განათლებაში ძალიან დიდი რეფორმებია ჩასატარებელი.
ეს მინისტრი და მისი გუნდი ამის განმახორციელებელი არ არიან, რადგან ამის ელემენტარული ხედვები არ გააჩნიათ.