მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რას უნდა ველოდოთ ნატოს ვარშავის სამიტიდან? - 12 აპრილი 2016

"მაპზე საუბარი მაშინ დამთავრდა, როდესაც გენერალური შტაბის უფროსი ტუელეტთან დაიჭირეს"

myrights.ge

თუ ოთხმოცდაათიან წლებში ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვათა შეხამება "მეცხრე ბლოკი" იყო, ალბათ, შემდგომ პერიოდში ასეთი - "მაპ-ის მიღებაა". აქამდე "მაპ-ი" მხოლოდ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მივიღეთ და რა ვითარებაში, ამას აქ ნუ მომაყოლებთ, გამგები გაიგებს. ფაქტი ერთია, ამ საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსული "დათვის" დაშოშმინების გარეშე პროგრესი გაძნელებული იქნება.    

მანამდე კი, თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, "ვარშავის სამიტზე მაპ-ს (გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა) არ ვითხოვთ, ვინაიდან დეკემბრის მინისტერიალზე გაცილებით უფრო ფართო ნაბიჯი გადავდგით ნატო-სკენ". ხიდაშელის თქმით, საქართველოს ერთადერთი მოთხოვნა - ნატო-ში გაწევრიანებაა, მანამდე კი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაა.

"ჩვენ ვარშავის სამიტზე მაპ-ს არ ვითხოვთ, თუმცა "არ უნდა ველოდოთ" და "არ ვითხოვთ" სხვადასხვა ამბავია. არ ვითხოვთ იმიტომ, რომ ჩვენ დეკემბრის მინისტერიალზე გასულ წელს გაცილებით უფრო წინწაწეული, გაცილებით უფრო ფართო ნაბიჯი გადავდგით ნატო-სკენ. ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ამოცანაა, ვარშავიდან წამოვიღოთ ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის. 

ნატო-ს წევრობა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს. ნატო-ს წევრობა არის ჩვენი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა, მაგრამ სანამ ეს ამოცანა შესრულდება, მანამდე ნომერ პირველი ამოცანაა ის, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება უნდა გახდეს მამოძრავებლად ნებისმიერი საუბრის, შეთანხმების, სამიტის თუ მინისტერიალის შედეგებზე მუშაობის დროს", - ამბობს ხიდაშელი.

ამ თემაზე "ქრონიკა პლუსის" პირველი რესპონდენტი ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დიმიტრი შაშკინია:

- ბატონო დიმა, რა გველის ნატოს ვარშავის სამიტზე?

- სამწუხაროდ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ზუსტად იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც ახლა ვართ. ჩვენ ამ წუთისთვის საერთაშორისო პოლიტიკის რადარებზე საერთოდ არ ვიმყოფებით. 

აქედან გამომდინარე, ხაზს ვუსვამ, უკეთეს შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მხარდამჭერ განცხადებას. ხოლო უარეს შემთხვევაში, ჩვენზე საერთოდ ლაპარაკიც არ იქნება. 

- მაპ-ის მონიჭებაზე საუბარიც აზრს მოკლებულია? 

- არა, მაპ-ზე საუბარი მაშინ დამთავრდა, როდესაც გენერალური შტაბის უფროსი ტუელეტთან დაიჭირეს. ამ ხელისუფლებამ მაშინ ამოწურა გაწევრიანების სამოქმედო პროგრამაზე ლაპარაკი, როდესაც გენშტაბის ყოფილი უფროსს ასე მოექცა და რამდენიმე მაღალჩინოსანი ოფიცერი ციხეში გაუშვა.

- რეგიონული კონფლიქტები და საერთაშორისო პროცესები რა გავლენას ახდენს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე? 

- ამ ხელისუფლების მთელი პრობლემა შემდეგშია, - იმ საბაბით, რომ რუსეთის ფედერაცია არ უნდა გავაღიზიანოთ, მან საქართველო მსოფლიო რადარებიდან ბოლომდე მოხსნა. ამიტომ ის პროცესები, რომელიც ჩვენთვის შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო (მაგალითად, სირიაში) უკვე ვერ იქნება გამოყენებული. 

რადგან ჩვენ რადარების სიახლოვეს საერთოდ არ ვართ. ანუ, რაც არ უნდა ხდებოდეს ამ წუთისთვის მსოფლიოში, ჩვენზე ეს არანაირ ზეგავლენას არ ახდენს. ამ ხელისუფლებას აწყობს, რომ ნატოში ინტეგრაცია  მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციის გზით იყოს ნახსენები. 

მაგრამ მსურს შეგახსენოთ, რომ ასეთივე დეკლარაციებით ცნობილი იყო ედუარდ შევარდნაძე. ის ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებდა, რომ ნატოსკენ სიარული გვინდა, მაგრამ არანაირი პრაქტიკული ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგმული არ იყო. ამდენი წლების განმავლობაში ასე ხდებოდა. 

ამიტომ მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ვიყოთ რეალისტები. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ნატოში ინტეგრაცია მხოლოდ დეკლარაციების დონეზე დარჩეს. 

- რა გავლენას ახდენს ამაზე ჩვენს რეგიონში, იგივე მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტი?

- ყარაბაღის კონფლიქტი პროცესზე რაიმე პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს. ვიმეორებ ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენ იმ საჭირო მიმართულებით არ მივდივართ. დარჩა მხოლოდ განცხადებები, ლამაზი სადღეგრძელოები, რომ ჩვენ გვინდა ნატოში, მაგრამ ხელისუფლება არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს იმისთვის, რომ ჩვენ ალიანსში გავწევრიანდეთ; რეალურად, ამას თავს არიდებს. 

- რა პროცესები მოიტანს გარღვევას ამ მიმართულებით? 

- სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, არანაირი პროგრესს ადგილი არ ექნება. ჩვენი პარტნიორებიც ბავშვები არ არიან. ყველას ძალიან კარგად ესმის და ამაზე უზარმაზარი ინსტიტუციები მუშაობენ; აღნიშნილი ინსტიტუტები შექმნილი მდგომარეობის ანალიზს ახორციელებენ.

საკმარისი არ არის ხელისუფლების განცხადება, რომ ჩვენ გვინდა ნატოს რიგებში ყოფნა. არავინ აკეთებს ანალიტიკურ დასკვნებს იმის შესახებ, თუ  ნაბიჯების დგამს ხელისუფლება აღნიშნული განცხადებების შემდეგ. ძალიან დიდი მიამიტობაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ გზით პროგრესს მივაღწევთ.  

ერთი მხრივ ხელისუფლება დეკლარაციის დონეზე ამბობს, რომ გვინდა ნატო, მეორე მხრივ, მაგალითად, ცდილობს გაზპრომის შემოყვანას საქართველოში. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ნატოს ვექტორი არ არის. 

უკრაინამ, რომელიც ბოლომდე რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, მოახერხა ამ ორბიტიდან გამოსულიყო. მეტს იხდის, მაგრამ იღებს ევროპულ ბუნებრივ აირს. ჩვენ კიდევ ყურებით ვითრევდით აქეთ რუსულ გაზს.

მეორე მაგალითია ის, რაც ახლა ხდება საქართველოში რუსული პროპაგანდის თვალსაზრისით. ჩვენ ხომ სხვა პლანეტაზე არ ვცხოვრობთ და ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ვაკვირდებით. პრორუსული ძალებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა, კომფორტის რეჟიმი არის შექმნილი. 

"ქრონიკა პლუსის" რესპონდენტი, პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილია: 

- რამდენადაც ვიცი, ვარშავის სამიტიდან მაპ-ის მოლოდინი არ არის. ეს მოლოდინი არ არის არც ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებში და არც საერთაშორისი თანამეგობრობაში. დანარჩენზე საუბარი გამიჭირდება, ალბათ, ახალი აქცენტები დაისმება. 

ახლა ყველაზე მთავარი საკითხი, რაც ჩვენ წინაშე დგას და რაზეც ხაზს უსვამენ ნატოს სახელმწიფოები, ეს არის სამხედრო შესაძლელობების გაზრდა საქართველოში. ამ კონტექსტში, ქვეყანაში ნატოს სასწავლო ცენტრი იხსნება. 

მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ალბათ, ამ მიმართულებით რაღაც დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული; რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. 

დანარჩენში ეჭვი მეპარება, რომ რაღაც ინსტიტუციური ნაბიჯი იყოს, განსაკუთრებით კი მაპ-ის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. 

- რეგიონული კონფლიქტები რა გავლენას ახდებს ამ ეტაპზე ალიანსთან დაახლოების პროცესზე? 

- ყარაბაღის იმდენად არა, უშუალოდ მოქმედებს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკა. გავლენას ახდენს ეს კონფლიქტები, რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე საქართველოს მიმართ. 

რადგან ჩვენ ამით ვგვავართ ხაფანგში მოხვედრილ ქვეყანას, რომელსაც აქედან თავის დაძვრენა სურს. მაგრამ იქვე თავზე ადგას ეს მხეცი, რომელიც უყურებს, - მსხვერპლი როგორც კი ხაფანგიდან გათავისუფლდება, იმწუთშივე შეჭამოს. 

ჩვენ ოდითგან ამის ლოდინი  გვიწევს, თუ როდის წავა აქედან ეს მხეცი. ნატოში ჩვენი მიღების პროცედურა რომ დაჩქარდეს, რუსეთი უბრალოდ შეეცდება ეს არ დაგვაცალოს. მანამდე განახორციელებს საქართველოს ტერიტორიების დამტებით ოკუპირებას. აი ეს აფერხებს გაწევრიანების პროცესს. 

რეალურად, ჩვენ ვემზადებით, ვვითარდებით, ნატოსაც აინტერესებს ჩვენი ინტეგრირება. მაგრამ ეშინიათ, რომ ამან ქვეყნის მიმართ რუსეთის აგრესიის პროვოცირება არ მოახდინოს. 

- სად არის გამოსავალი ამ მოჯადოებული წრიდან, რა მოახდენს გარღვევას ინტეგრაციის გზაზე? 

- საქმე იმაშია, რომ ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რაც ამ პროცესზე არის დამყარებული. თავისთავად, როგორც ჩანს ეს გრძელვადიანი პროცესია. ამიტომ ჩვენ უნდა ველოდოთ შესაძლებლობის გახსნას. მანამდე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შიდა კონსოლიდაციისა და შიგნიდან გაძლიერების პროცესი. 

ეს არის სამხედრო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, პოლიტიკური კონსოლიდაცია, ქვეყნის ეკონომიკურად გამყარება და ა.შ. 

ეს პროცესი, მთელი ძალისხმევა სწორედ აქეთკენ უნდა მივმართოთ. და, რასაკვირველია, უნდა ვემზადოთ ალიანსში გასაწევრიანებლად. როგორც კი შესაძლებლობების ფანჯარა გაიღება, ჩვენ უნდა მოვასწროთ ამ ნაბიუჯის გადადმა, რის შემდეგად აღარაფერი დაგვემუქრება.

მაგრამ, რასაკვირველია, ზუსტად არ ვიცით ეს როდის მოხდება. ამიტომ სულ მზადების პროცესში უნდა ვიყოთ და ჩვენთვის ხელსაყრელ დროს დაველოდოთ.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია