გამგებლის ცოლისძმა ქალაქ რიგის ღამის კლუბში…
myrights.ge
ა/ო „მონიტორინგის ცენტრი მედიატორი“ აგრძელებს დედაქალაქთან ერთად რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესწავლას. ამჯერად მათი დაკვირვების არეალში კახეთის რაიონები, მისი მუნიციპალიტეტები მოხვდა. „ქრონიკა+“ მიღებულ შედეგებზე „მედიატორის“ რეგიონულ წარმომადგენლებს, გოჩა ყოლბაიასა და გიგა გლუნჩაძეს ესაუბრება. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ მოპოვებულ მონაცემებსაც ეყრდნობიან.
გოჩა ყოლბაია, „მედიატორის“ რეგიონული წარმომადგენელი:
_ კახეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, 2015 წლის ბოლოს, 530 325 ლარის ოდენობის პრემია გასცეს. რეგიონის ხუთ გამგეობასა და ექვს საკრებულოში, ჯამურად, 484 375 ლარის პრემია გაიცა. საახალწლო პრემიებზე ყველაზე დიდი თანხა _ 118 935 ლარი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ დახარჯა. საკრებულოში პრემიის სახით 26 860 ლარი დარიგდა.
საკრებულოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 1 350 ლარის ოდენობით პრემია მიიღეს საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებმა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში, წინასაახალწლოდ, 92 075 ლარის ოდენობის პრემია გაიცა, აქედან 2650 ლარი მიიღო გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა; 1300 ლარის ოდენობის პრემია მიიღეს გამგებლის მოადგილეებმა _ დავით ივანიშვილმა და გიორგი რევაზიშვილმა. 1000 ლარი გამგეობის სამსახურების უფროსებზე გაიცა.
თვითმმართველი თემის, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საახალწლო პრემიის სახით 15 365 ლარი გაიცა.
ამავე მუნიციპალიტეტის გამგეობამ პრემიებზე 48 460 ლარი დახარჯა.
21 570 ლარის პრემია გაიცა ქალაქ თელავის მერიაში. აქედან თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ პრემიის სახით აიღო 2750 ლარი; მერის მოადგილე თენგიზ მთვარელიშვილმა _ 2500 ლარი; მერის მოადგილეებმა ლევან ლილუაშვილმა და ალექსანდრე საჩიშვილმა კი _ 2200-2200 ლარი;
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებსა და აპარატის თანამშრომლებზე (36 ადამიანი) საახალწლოდ გაცემულმა პრემიებმა 33 550 ლარი შეადგინა,
ასევე საკრებულოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საახალწლოდ საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა 2650 ლარის ოდენობის პრემია აიღო; საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილმა _ 1700 ლარი; კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებმა კი 1350 ლარის ოდენობის პრემიები.
საახალწლოდ 97 095 ლარის ოდენობის პრემია გაიცა სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
საახალწლო პრემიებზე 24 380 ლარი გამოყო სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციამ.
65 020 ლარის პრემია გაიცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში. გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა პრემიის სახით 2500 ლარი მიიღო; გამგებლის პირველმა მოადგილე სოლომონ ღორაშვილმა _ 1300 ლარი; 1000 ლარის ოდენობის პრემიები მიიღეს გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელებმა.
საკრებულოს განკარგულების საფუძველზე 17 700 ლარის პრემია გაიცა დედოფლისწყაროს საკრებულოში, სადაც საახალწლო პრემიები მიიღეს: საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილმა _ 2500 ლარი; საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ პაპიაშვილმა _ 1 700 ლარი; ასევე კომისიების თავმჯდომარეებმა, თითომ _ 1350 ლარის ოდენობით.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საახალწლო პრემიის სახით 4550 ლარი გასცა.
კითხვაზე, _ რა დამსახურებისთვის მიიღეს პრემია მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა? საგარეჯოს გამგებელმა განაცხადა, რომ „ამას კანონი არეგულირებს“.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა პირადი მძღოლი, შმაგი ლაგაზაური, რომელიც მისი ცოლისძმაა, ლატვიის რესპუბლიკის ლიგატნეს მხარეში ბიუჯეტის ხარჯზე დაასვენა. გამგებლის ცოლისძმის ლატვიაში დასასვენებლად ბიუჯეტიდან 2300 ლარი გადაირიცხა; მათ შორის, ქალაქ რიგაში, ღამის კლუბში გასართობად. გამგებელმა სამივლინებო დოკუმენტი შეადგინა (ბრძანება #914, 11.06.2015), სადაც წერია, რომ შმაგი ლაგაზაური ლატვიაში „კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების“ მიზნით გაიგზავნა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებიდან ირკვევა, რომ ლატვიაში გამგებლის მოადგილე თამაზ ქავთარაშვილი, საკრებულოს წევრი მამუკა ხოლეგაშვილი და გამგეობის ადმინისტრაციის დამხმარე მოსამსახურე (გამგებლის ცოლისძმა) შმაგი ლაგაზაური გაიგზავნენ.
ლატვიაში ვიზიტი 7 დღე გაგრძელდა _ 6 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით.
გამგებლის ცოლისძმის მივლინება ადგილობრივ ბიუჯეტს თითქმის 2300 ლარი დაუჯდა.
„მათ შორის მგზავრობის ღირებულება _ 1050 ლარამდე (დაზღვევისა და სავიზო მომსახურების ჩათვლით), სადღეღამისო ხარჯი _ დაახლოებით 1250 ლარი. ვინაიდან იმავე მივლინებაში გამგებლის მოადგილე თამაზ ქავთარაშვილი და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილიც იმყოფებოდნენ, გამოდის, რომ ამ „პარტიულ-ნათესაური“ ვოიაჟისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, სავარაუდოდ, 7000 ლარი დაიხარჯა“.
ოფიციალური ინფორმაციით, 2013 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 5 მარტამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირები საზღვარგარეთ მივლინებით შვიდჯერ იმყოფებოდნენ. მათ შორის: ლატვიასა და მოლდოვაში _ 2-2-ჯერ, უკრაინაში, პოლონეთსა და ლიტვაში _ თითოჯერ. მივლინების მიზნები და მისი კონკრეტული შედეგები გაცემულ ინფორმაციაში მითითებული არ არის.
მუნიციპალიტეტის გამგებელი (2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე _ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი), ბექა ბაიდაური, მივლინებით იმყოფებოდა ხუთჯერ (ყველა ზემოაღნიშნულ ქვეყანაში თითოჯერ), რაც ადგილობრივ ბიუჯეტს 5428 ლარი დაუჯდა.
ასევე ხუთჯერ იმყოფებოდა უცხოეთში მივლინებაში გამგებლის მოადგილე თამაზ ქავთარაშვილი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 6688 ლარი დაიხარჯა.
საერთო ჯამში, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა საზღვარგარეთ გამგზავრებისა და ყოფნისათვის ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხის ოდენობა აღნიშნულ პერიოდში 23 915 ლარს შეადგენს.
რამდენიმე კვირის წინ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. მივლინების ხარჯი ამ შემთხვევაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
დავით ფოცხვერიშვილი ახმეტის გამგებლის მოადგილედ 2015 წლის თებერვალში დაინიშნა. თანამდებობაზე დანიშვნიდან, სულ რაღაც, თვენახევრის შემდეგ ის გამგეობის ყველა სხვა მოსამსახურისგან გამორჩეულად წაახალისეს _ გამგებლის 2015 წლის 3 აპრილის #443 ბრძანებით მან ხელფასის სრული ოდენობით დანამატი მიიღო, ხოლო სამი დღის შემდეგ _ 6 აპრილის #444 ბრძანებით, ასევე ხელფასის ოდენობის პრემია, რამაც, ხელფასთან ერთად, საბოლოო ჯამში, 3900 ლარი შეადგინა.
გავრცელებული ინფორმაცით, ფოცხვერიშვილს იმ პერიოდში ვენახის ყიდვა უნდოდა და საკმარისი თანხა არ ჰქონდა, ამიტომ გამგებელმა „მეგობრული“ დახმარება ბიუჯეტიდან აღმოუჩინა.
დავით ფოცხვერიშვილი საჯარო სამსახურში პარლამენტის მაჟორიტარი წევრის, ზურაბ ზვიადაურის წყალობით მოხვდა, რომელმაც 2013 წლის დასაწყისში დეპუტატის ბიუროს უფროსად დანიშნა.
შემდეგში მას პიროვნული ერთგულება დაუფასეს და 2015 წლის თებერვალში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე გადაიყვანეს, სადაც მისი ხელფასის ოდენობა 1300 ლარს შეადგენს.
„ალუბლის ფესტივალი გლუბოკოეში“, „ტოპ-პიროვნებები მოლდოვაში“, „რიგა _ 2014“, ქალაქ მალბორკის იუბილე _ ეს იმ საზეიმო ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კახეთიდან გამგებლები და მათი ნათესავები, საკრებულოს თავმჯდომარეები და თანამდებობის სხვა პირები ესწრებიან. ხშირ შემთხვევაში მივლინებები საერთოდ არ არის დაკავშირებული სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებასთან, მაგრამ საბიუჯეტო თანხები იხარჯება. მაგალითად, 2015 წლის ივლისში თელავის თემის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებმა მონაწილეობა მიიღეს ბელარუსში „ალუბლის ფესტივალში“, რისთვისაც ბიუჯეტიდან 5310 ლარი დაიხარჯა.
გიგა გლუნჩაძე, „მედიატორის“ რეგიონული წარმომადგენელი:
- ა/ო „მედიატორმა“ 2016 წლის. მარტში კახეთის მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა მასალები, რომლებიც საბიუჯეტი სახსრების ხარჯვით ნაწილს ეხება. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია სიღნაღის და ახმეტის მუნიციპალიტეტებმა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სიღნაღის გამგეობამ პრემიის სახით 202 ათასი ლარი მიიღო. ხოლო იმავე გამგეობამ სატელეკომუნიკაციო ხარჯებისთვის 2015 წლის ბიუჯეტიდან 52 900 ლარი დახარჯა.
არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ახმეტის გამგეობის გაწეული მუშაობა ამ მიმართულებით. გამოთხოვილი მასალების საფუძველზე ირკვევა, რომ მხოლოდ ავტოპარკის განსაახლებლად და მის შესანახად, ბიუჯეტიდან 2015 წელს 100-ათას ლარზე მეტი დახაჯული. ხოლო რაც შეეხება მივლინებას, აღმოჩნდა, რომ 2014 წელს გამგეობამ მივლინებაზე საზღვარგარეთ დახარჯა 18,900 ლარი, ხოლო 2015 წელს 11,400 ლარი. ჯამში 2014-2015 წლებში მივლინებებზე, ქვეყნის გარეთ 30 000 ათასზე მეტია დახარჯული. ეს შეიძლება საგარეო საქმეთა სამინისტროსაც კი შეშურდეს.
ჩვენ უკომენტაროდ გთავაზობთ ბოლო წლებში თანამდებობების პირების გაწეულ ხარჯებს კახეთის რეგიონიდან საზღვარგარეთულ ვოიაჟებზე.
გამგებლის ცოლისძმა მივლინებაში (ახმეტა) 2013 წლის 16-19 მაისს იმყოფებოდა, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური და მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ქავთარაშვილი იყვნენ მოლდოვაში (იალოვენის რაიონი), საზეიმო ღონისძიებაში „ტოპ-პიროვნებები-2012“ დასწრების მიზნით. სამივლინებო თანხამ შეადგინა 2956,0 ლარი;
2013 წლის 20-27 აგვისტოს ახმეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ქავთარაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ქორეულაშვილი, გამგებლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ლაგაზაური, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ლირი ითიურიძე და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ნათელა ექვთიმიშვილი იმყოფებოდნენ უკრაინაში (ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონი), უკრაინის დამოუკიდებლობის 22-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე დასწრების მიზნით. სამივლინებო თანხამ შეადგინა 3351,0 ლარი;
2013 წლის 19-23 სექტემბერს ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური, მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ქავთარაშვილი და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ნათელა ექვთიმიშვილი იმყოფებოდნენ ლიტვაში (პანევეჟისის რაიონი) საზეიმო ღონისძიებაზე „მოსავალი-2013“ დასწრების მიზნით. სამივლინებო თანხამ შეადგინა 3786,0 ლარი;
2013 წლის 10-25 ოქტომბერს ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური, მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ლოლაძე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გელა ონიაშვილი და საკრებულოს წევრი ვალერიან დედაბრიშვილი იმყოფებოდნენ ლატვაში (ლიგატნეს რაიონი) საზეიმო ღონისძიებებზე დასწრების მიზნით. სამივლინებო თანხამ შეადგინა 4686,0 ლარი;
2013 წლის 18-22 ნოემბერს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური იმყოფებოდა ლატვიაში (ლიგატნეს რაიონი) ლატვიის რესბუბლიკის 95-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე დასწრების მიზნით. სამივლინებო თანხამ შეადგინა 987,0 ლარი;
2014 წლის 15-18 მაისს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლები თამაზ ქავთარაშვილი და კახაბერ ლოლაძე იმყოფებოდნენ მოლდოვაში (იალოვენის რაიონი), საზეიმო ღონისძიებაში „ტოპ-პიროვნებები-2013“ დასწრების მიზნით. სამივლინებო თანხამ შეადგინა 3114,3 ლარი;
2014 წლის 14-19 აგვისტოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური, მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ქავთარაშვილი და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილი იმყოფებოდნენ ლატვიაში (ლიგატნეს რაიონი) საზეიმო ღონისძიებაში „რიგა-2014“ დასწრების მიზნით. სამივლინებო თანხამ შეადგინა 3831,0 ლარი;
2015 წლის 14-18 მაისს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილი იმყოფებოდნენ მოლდოვაში (იალოვენის რაიონი) საზეიმო ღონისძიებაში „ტოპ-პიროვნებები-2014“ დასწრების მიზნით. სამივლინებო თანხამ შეადგინა 2584,0 ლარი;
2015 წლის 30 მაისი-6 ივნისს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსისტთა კონფერენციაზე დასწრების მიზნით. სამივლინებო თანხამ შეადგინა 5203,5 ლარი;
2015 წლის 6-13 ივლისს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ქავთარაშვილი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დამხმარე მოსამსახურე (გამგებლის მძღოლი) შმაგი ლაგაზაური იმყოფებოდნენ ლატვიაში (ლიგატნეს რაიონი) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების მიზნით. სამივლინებო თანხამ შეადგინა 4356,0 ლარი; შმაგი ლაგაზაური გამგებლის, ბექა ბაიდაურის ცოლისძმაა;
2015 წლის 26 ივნისი-პირველ ივლისს გამგებელი ბექა ბაიდაური იმყოფებოდა პოლონეთში ქალაქ მალბორკის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. მივლინების ხარჯებმა სულ შეადგინა 1537,0 ლარი;
5310 ლარი ბიუჯეტიდან _ გლუბოკოეს რაიონში ალუბლების ფესტივალზე თელაველი ჩინოვნიკების დასასწრებად;
2014 წლის 10-16 სექტემბერს თელავის თემის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი იმყოფებოდა პოლონეთში (ქალაქი ზელონა გორა) ღვინის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. მივლინების ხარჯებმა შეადგინა 1424,5 ლარი;
2015 წლის 26 ივნისი-2 ივლისს გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი იმყოფებოდა პოლონეთში ქალაქ მალბორკის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. მივლინების ხარჯებმა შეადგინა 1648,1 ლარი;
2015 წლის 16-20 ივლისს გამგეობის თანამდებობის პირები: ზურაბ სვიმონიშვილი, ლევან ბერძენაშვილი, ლევან აბრამიშვილი, მიხეილ შაშიაშვილი და დავით მეგუთნიშვილი იმყოფებოდნენ ბელარუსის რესპუბლიკაში (გლუბოკოეს რაიონი) „ალუბლის ფესტივალში“ მონაწილეობის მისაღებად. მივლინების ხარჯებმა სულ შეადგინა 5310,0 ლარი;
2015 წლის 11-18 აგვისტოს ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე და მერიის სპეციალისტი გიორგი ახვლედიანი იმყოფებოდნენ ლატვიაში (ქალაქი ტალსი). მივლინების ხარჯებმა შეადგინა 7584,0 ლარი;
სხვა მივლინებები (სიღნაღი):
2015 წლის ივნისში _ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი იმყოფებოდნენ პოლონეთში. სამივლინებო თანხამ შეადგინა 3620,0 ლარი;
2015 წლის აგვისტოში _ მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი, საკრებულოს 2 წევრი და გამგეობის შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი იმყოფებოდნენ შვეიცარიაში;
2015 წლის 16 ივნისი-პირველი ივლისს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია მზექალაშვილი იმყოფებოდა პოლონეთში (ქალაქი მალბორკი) ვიზიტით. სამივლინებო თანხამ შეადგინა 1594,0 ლარი;
2015 წლის 4-9 აგვისტოს ყვარლის გამგებელი ილია მზექალაშვილი, გამგებლის მოადგილეები ქეთევან ზაუტაშვილი და მალხაზ ხიზანიშვილი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე თამარ დენტოშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჩხეიძე იმყოფებოდნენ ლიტვაში (პლუნგეს რაიონი) ვიზიტით. სამივლინებო თანხამ შეადგინა 10 147 ლარი;
2015 წლის 16-22 აგვისტოს ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი იმყოფებოდა შვეიცარიაში. სამივლინებო თანხამ შეადგინა 1793,6 ლარი;
2015 წლის 11-19 ივნისს კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი იმყოფებოდა საფრანგეთში (ქალაქი ლიონი). სამივლინებო თანხამ შეადგინა 3698,0 ლარი;
2015 წლის 6 ივნისი-პირველ ივლისს გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი და ადმინისტრაციის მოხელე თეა ძულიაშვილი იმყოფებოდნენ პოლონეთში (მალბორკის რაიონი). სამივლინებო თანხამ შეადგინა 3187,0 ლარი;
2013-2015 წლებში მივლინებებზე ყველაზე მეტი თანხა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დახარჯა _ 36 689 ლარი; რეგიონში არაერთი კვლევისა და მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ საზღვარგარეთ მივლინებების თითქმის 100% მუნიციპალიტეტების უმაღლეს თანამდებობის პირებზე მოდის.
ამასთან, ხშირად, მივლინებები საერთოდ არ არის დაკავშირებული სამსახურებრივი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან, შემოიფარგლება მხოლოდ საზეიმო ღონისძიებებზე დასწრებით და, ფაქტობრივად, კერძო ვიზიტის ხასიათისაა.
ამგვარ „მივლინებებზე“ საბიუჯეტო თანხების დახარჯვა, მეტწილად, არამიზნობრივია. ამასთან, ხშირად, მივლინების ხარჯები გაცემულია სრული მოცულობით, მიუხედავად იმისა, რომ მათ სრულ ან ნაწილობრივ ანაზღაურებას მომწვევი მხარე ახორციელებდა.
არსებობს საფუძველიანი ვარაუდი, რომ კახეთის რეგიონში შემავალი ზოგიერთი მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ქმედებაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) ან/და 342-ე (სამსახურებრივი გულგრილობა) დანაშაულს.
ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური სპორტული სკოლის მოჭიდავეებთან ერთად ისრაელში გაემგზავრა. მოჭიდავეთა გუნდის უშუალო მწვრთნელის ადგილი დელეგაციის შემადგენლობაში არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ, მასში ოფიციალური პირების სტატუსით გამგებლისა და მისი მოადგილის მეუღლეებიც არიან:
ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური; მისი მეუღლე მეგი ლაგაზაური; გამგებლის მოადგილის ვანო ნასყიდაშვილის მეუღლე ხათუნა თურმანაული, ახმეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება _ მრეწველების“ თავმჯდომარის არჩილ შათირიშვილის დედა;
„კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ესაუბრა სპორტსკოლის მწვრთნელს, ზაზა კოტორაშვილს. მისი თქმით, იგი ისრაელში ოჯახური პირობების გამო ვერ წავიდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში სპორტის განვითარებისთვის 717,7 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხაში შედის სპორტული სკოლის დაფინანსებაც. ტურნირის მონაწილეთა მშობლებთან დავაზუსტეთ, რომ თითოეულ ბავშვს დამატებით 100 აშშ დოლარი გადაახდევინეს.
შეგახსენებთ, რომ „კახეთის საინფორმაციო ცენტრმა“ 2015 წლის 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა მასალა, სადაც საუბარი იყო ახმეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის ვიზიტებზე საზღვარგარეთ (ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი, მოლდოვა, ლიტვა, ლატვია, საფრანგეთი), რომელთა დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ათეულობით ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა ვიზიტების ერთადერთ მიზანს სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებაზე დასწრება წარმოადგენდა.
გარდა ამისა, 2015 წლის 22 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში ახმეტის გამგებელი მხილებულია კორუფციულ ქმედებაში, როდესაც მან საკუთარი ცოლისძმა, შმაგი ლაგაზაური, რომელიც მისი პირადი მძღოლიცაა, ერთკვირიანი „კულტურული დასვენების“ მიზნით ლატვიაში მიავლინა, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს 2300 ლარი დაუჯდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი მასპინძელმა მხარემ დააფინანსა.
მოგვიანებით გამოირკვა, რომ გამგებლის ცოლისძმა მისთვის ზედმეტად გაწერილი სამივლინებო თანხით ქალაქ რიგის ღამის კლუბში ატარებდა დროს.
ამის განსჯას მკითხველს მივანდობთ.