„შედეგები მძიმე და დამაფიქრებელი აღმოჩნდა“
myrights.ge
ა/ო მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ აგრძელებს რაიონებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვითი ნაწილის შესწავლას. ამჯერად ორგანიზაციის თვალთხედვის არეში ქვემო ქართლის რეგიონი მოექცა. „ქრონიკა პლუსი“ „მედიატორის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გოჩა ყოლბაიას ესაუბრება.
გოჩა ყოლბაია:
- არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორმა რეგიონალური კვლევის ფარგლებში, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან მასალები გამოითხოვა - შედეგები მძიმე და ძალიან დამაფიქრებელი აღმოჩნდა. მივყვეთ თანმიმდევრულად ქალაქების მიხედვით:
მარნეული
- 2016 წლის 13 იანვარს გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა საჩუქარი გაუკეთა საკუთარ თავს და გამგეობის სხვა თანამდებობის პირებს. მან საბიუჯეტო სახსრებით შეიძინა 5 ჰონდა ჩღV ტიპის და ერთი თOYOთA ჩAMღY-ს ტიპის ავტომანქანა, რაშიც ჯამში 106 000 ლარი გადაიხადა.
საბიუჯეტო თანხების ასეთი არაადეკვატური ფლანგვის გარდა, შეკითხვებს ბადებს ავტომობილებში არასაბაზრო თანხის გადახდა.
გამგეობის მფლანგველობისკენ მიდრეკილებას ასევე ადასტურებს სოფელ იმირში არსებული საფეხბურთო მოედანი, რომლის რეაბილიტაციაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ 30 647 ლარი დახარჯა. რეალურად კი, სტადიონის ტრიბუნებისთვის განკუთვნილი ადგილი ჩვეულებრივი ნაგავსაყრელია...
რუსთავი
- საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის კლასიკური მაგალითია ქალაქი რუსთავი, სადაც ბიუჯეტის თანხით სპეციალურად გუბერნატორისთვის და მერისთვის შეიძინეს VOLKშVAGEN PAშშAთ ჩჩ ღირებულებით - 58 941 ლარი და თOYOთA LAND ჩღUIშEღ PღADO ღირებულებით - 71 374 ლარი. ჯამში 2014-2015 წლებში რუსთავის ბიუჯეტით მხოლოდ ავტოპარკისათვის გადახდილია 227 315 ლარი...
ასევე, კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა მერიის შენობას, რომლის ხარჯები, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, დღემდე არ მოუწოდებიათ.
დმანისი
- როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, დმანისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ თეთრაძემ (რომელიც არის გამგებლის ბიძა) კომპანია სილქნეტისგან სოფელ ამამლოში მდებარე ფოსტის შენობა 2000 ლარად შეიძინა და დმანისის გამგეობას 15 000 ლარად მიყიდა; აღნიშნული შენობა 15 000 ლარად შეაფასა დმანისის გამგეობის აუდიტის სამსახურმა, რაც სერიოზულ შეკითხვებს ბადებს.
გარდაბანი
- 2015-2016 წლის აპრილის ჩათვლით გარდაბნის ბიუჯეტიდან პრემიებზე და დანამატებზე დახარჯულია კოლოსალური თანხა - 1 მილიონ 283 750 ლარი. ამ თანხის 80 % მაღალი თანამდებობის პირებზე მოდის.
რაც შეეხება საწვავს, მხოლოდ გარდაბნის გამგეობამ ამ მიმართულებით 2015 წლიდან 2016 წლის აპრილამდე ასევე არნახული თანხა 245 000 ლარი გამოიყენა.
ახლა კი კულმინაცია - გარდაბნის მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეს, ვაჟა გენგაშვილს 2015 წლიდან დღემდე 27 000 ლარის პრემია აქვს აღებული, ხოლო მის მოადგილეს 17 000 ლარი.
როგორც მასალებიდან ირკვევა, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარეს პრემია 11-ჯერ აქვს აღებული და თითო პრემიის ოდენობა 2650 ლარია.
წალკა
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2013-2014 წლების წალკის მუნიციპალიტეტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში, სადაც წალკის მუნიციპალიტეტის ფინანსური მიმართულების საქმიანობაა შეფასებული, ვკითხულობთ:
- მუნიციპალიტეტმა გამარტივებული წესით გააფორმა 85 ხელშეკრულება - საერთო ღირებულებით 919 500 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გამგეობას მიმწოდებლებთან ანგარიშწორება არ მოუხდენია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილების მიხედვით; ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე 2013-2014 წლებში; ხელშეკრულების ფარგლებში წყლის სიტემის სარებილიტაციო სამუშაოზე დოკუმენტურად ვერ დასტურდება 3,2 ათასი კბ.მ ქვიშის მიწოდება.
2014 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა გზის კაპიტალური რემონტის სამუშაოები, ხელშეკრულების ფარგლებში. გამგეობამ გზის სამოსის მომზადებაში მიმწოდებელს აუნაზღაურა 340,6 ათასი ლარი. როდესაც იგივე სამუშაოები ქვეკონტრაქტორმა 222,9 ათასი ლარად შეასრულა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესწავლისას გამოვლინდა, რომ 17,6 ათასი ლარის სამუშაოები დაზიანებულია და გამოსულია მწყობრიდან; ხოლო 78,8 ათასი ლარის სამუშაოები დასრულდა.
2013-2014 წლებში გაცემულმა პრემიებმა ჯამში 696,9 ათასი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 100%-იანი პრემია წელიწადში 6-7-ჯერ ძირითადად მუნუციპალიტეტის მაღალი თანამდებობების პირებზეა გაცემული.
2013-2014 წლებში საკრებულოს არაანაზღაურებად დეპუტატებზე, მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით, ჯამში გაცემულია 259,5 ათასი ლარი. თუმცა, აღნიშნული ხარჯის გაწევის დასადასტურებლად დოკუმენტები არ არის წარმოდგენილი.
მინდინარე წლისთვის გამგებლისათვის ტელეფონი შეძენილია ორჯერ, საერთო ღირებულებით 2160 ლარი; ხოლო საკრებულოს თავმჯდომარისთვის სამჯერ, 2940 ლარის ღირებულებით. ასევე ორივე მათგანმა ბიუჯეტის თანხით შეიძინეს 1380 ლარის ღირებულების პლანშეტები.
ასევე დარღვეულია, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ“, რომლის მიხედით, წალკის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის 3 (სამი) სამსახურეობრივი ავტომანქანა, ხოლო ფაქტობრივად იყენებს 5 ავტომანქანას.