myrights.ge
დღეს ცესკოში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) საჭიროებათა შემფასებელ მისიასთან გაიმართა შეხვედრა.
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სტუმრებს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის უკვე განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ გააცნო ინფორმაცია:
„დელეგაციის მთავარი მისია არის იმ საჭიროებების დადგენა და შესწავლა, რომლებიც არსებობს საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში, პარლამენტის არჩევნებისთვის. ჩვენი განხილვის მთავარი თემებია არჩევნებისთვის მზადების პროცესი, რა ნაბიჯებს დგამს ცესკო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რა აქვს დაგეგმილი, იმისათვის, რომ არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩავატაროთ. ჩვენთან სტუმრად მყოფი მისია ასევე დაადგენს იმ სადამკვირვებლო მასშტაბებს, რომელიც საჭირო იქნება საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის და ჩვენი მხრიდანაც, რა თქმა უნდა, მაქსიმალური მოთხოვნა იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობას,“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო დირექტორს ანდრეას ბეიკერს, OSCE/ODIHR-ის მრჩეველს საარჩევნო საკითხებში ოლეკსი ლეჩკოვახს და ახალი ტექნოლოგიების საკითხებში მრჩეველ სტივენ მარტინს ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად ასევე შეხვდნენ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და ცესკოს სხვა წარმომადგენლები.
OSCE/ODIHR-ის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საჭიროების შემფასებელი მისია საქართველოში 25 აპრილს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში მისიის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს და სააპელაციო სასამრთლოს წარმომადგენლებს. მისიის წევრები საქართველოს 29 აპრილს დატოვებენ“, - აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში.