მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საარჩევნო კამპანია 8 ივნისს დაიწყება - 10 მაისი 2016

myrights.ge

საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური კამპანიის დაწყების თარიღად  8 ივნისი განსაზღვრა. აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციების შემდეგ გააკეთა.

საპარლამენტო არჩევნების თარიღი არ შეიცვლება - ეს არის 8 ოქტომბერი. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღს, მივედით კონსესუსამდე, გარკვეულწილად შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები და შევთანხმდით, რომ შესაბამისი აქტი, ჩემს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილება და კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს, რაც ნიშნავს საარჩევნო კამპანია გაგრძელდება ოთხი თვის განმავლობაში”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე აღნიშნა, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციებზე განიხილეს აფხაზეთის კონსტიტუციაში შესაძლო  ცვლილებები, პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დაჩქარების საკითხი და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული კანონპროექტი.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც შეეხება აფხაზეთის კონსტიტუციას და მასში შესაძლო შესატან ცვლილებებს. ამ საკითხის შესახებაც გავცვალეთ მოსაზრებები.

აგრეთვე ვისაუბრეთ იმ კანონპროექტის შესახებაც, რომელიც პარლამენტში შესულია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით და გავუზიარეთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ისე პრემიერმინისტრს ჩვენი გარკვეული კითხვის ნიშნები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ რეალურად ამ კანონმა არანაირად არ უნდა შეზღუდოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირების არეალი და საკონსტიტუციო სასამართლოს - ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს უნდა შეუნარჩუნდეს ის უმნიშვნელოვანესი სტატუსი, რომელიც მას გააჩნია.

ჩვენ ასევე განვუცხადეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მოსამართლეთა კანდიდატურების საკითხთან დაკავშირებით დროულ განხილვას ველით, რადგან ეს პროცესი გაიწელა და გარკვეულ სირთულეებს უქმნის უზენაეს სასამართლოს, ვინაიდან იქ არის მოსამართლეების ნაკლებობა და მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე ბოლოსდაბოლოს პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია