მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია ჟორჟოლიანი: „ქართულ ოცნებასთან“ ერთიანი საარჩევნო სია გვექნება - 22 ივნისი 2016

„ყველაფერს საფრთხე დაემუქრება, თუ არ შეიცვალა ის სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება“

myrights.ge

„სოციალ-დემოკრატიული პარტია“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გადის. პარტიის ლიდერის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, შემდეგ მთავრობას მათი უმრავლესობა დააკამპლექტებს და ამას კოალიციური რეჟიმი არ დასჭირდება.   

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და პერსპექტივებზე, „ქრონიკა პლუსი“ „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, გია ჟორჟოლიანს ესაუბრება:

- ბატონო გია, „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციო კოლეგიის გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ?

- სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩვენი ხელისუფლება არ ერევა. მეც არ ვერევი და საჭიროდ არ მიმაჩნია ამის კომენტირება. იმედი მაქვს, რომ სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს. 

- ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თუ ტელეკომპანიის მფლობელების ცვლილება მოხდება, ამან შეიძლება არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის პრობლემა წარმოშვას. თქვენი პოზიცია როგორია?

- არ მესმის, ეს როგორ შეიძლება მოხდეს. როგორ შეიძლება სასამართლო გადაწყვეტილებამ დღის წესრიგში არჩევნების ლეგიტიმურობის პრობლემა დააყენოს. მე აქ ვერავითარ კავშირს ვერ ვხედავ. 

ეს არის დავა მესაკუთრეებს შორის. 

რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკას, სიმართლე გითხრათ, ამ მოდავე მხარეებიდან არც ერთი მფლობელობის დროს სარედაქციო პოლიტიკა არ მომწონდა. მაგრამ მიმაჩნია, რომ სადღეისოდ „რუსთავი ორმა“ ის სარედაქციო პოლიტიკა უნდა წარმართოს, რომელიც მის დღევანდელ ხელმძღვანელობას მართებულად მიაჩნია. 

და ეს არაობიექტურად კრიტიკული მაუწყებლობა და სარედაქციო პოლიტიკა მაინც უნდა შენარჩუნდეს.  

- როგორ ფიქრობთ, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გარკვეული შეფერხებები რასთან არის დაკავშირებული?

- ძალიან მკაფიო და აშკარაა, რომ ეს დაკავშირებულია იმ მიგრაციულ კრიზისთან, რომელიც ევროპაში უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს. მაგრამ დღეისთვის უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული. 

მით უმეტეს, ურთიერთობა დაიძაბა თურქეთთან და ეს ხანგრძლივი პროცესია. რაც გარკვეული მექანიზმების შემოღებისკენ უბიძგებს ევროკავშირს. 

მაგრამ ეს არ შეეხება ვიზალიბერალიზაციას, კერძოდ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის მოხსნას. მაგრამ ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, რომ ყველაფერი საერთო კონტექსტში მოექცეს.

- ევროკავშირის მხრიდან სავიზო რეჟიმის მოხსნა შემოდგომისთვის განხორციელდება?

- პროცესს დიდი დრო არ დასჭირდება, დაზუსტებით ვერ გეტყვით. დეტალურ პროცედურებზე ვერაფერს ვამბობ, მე საერთო-პოლიტიკური კონტექსტი მოგახსენეთ და მთავარი მიზეზი ეს არის. დანარჩენი, ყველა შემთხვევში ეს პროცესი წარმატებით დასრულდება და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ.  

ასევე ვფიქრობ, რომ თქვენ მიერ დასახელებული დრო შესძლოა რეალური იყოს. 

-  ბიძინა ივანიშვილის ბოლო წერილი რამდენად ასახავს ქვეყნის ამჟამინდელ რეალობას?

- ამ წერილში რამდენიმე მომენტს გამოვყოფდი. პრინციპში, წერილის პათოსს მთლიანად ვიზიარებ. განასაკუთრებით ორ მომენტს გამოვყოფდი, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია. 

ერთი, ეს არის დემოკრატიული წესრიგისა და ეკონომიკური განვითარების ურთიერთმიმართება, რაზეც ბატონი ბიძინა საუბრობს. 

რასაკვირველია, ვიზიარებ იმას, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგი დამკვიდრდა. ასევე სიტყვის თავისუფლება დამკვიდრა. რეპრესიები, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი აღარ ფუნქციონირებს. საპატიმროებში წამებას ადგილი არ აქვს, რეჟიმი ავტორიტარული აღარ არის და ა.შ. 

მაგრამ ყველაფერ ამას საფრთხე დაემუქრება, თუ არ შეიცვალა ის სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება. სწორედ ეს არის კავშირი დემოკრატიულ პროცესსა და ეკონომიკურ განვითარებას შორის. 

ასევე ვიზირებ იმას, რომ ჩვენ ეს უნდა შევაფასოთ, გავაანალიზოთ და დავსახოთ გეგმები, რეგიონული და გლობალური განზომილებების გათვალისწინებით. ჩვენ არ ვართ იზოლირებული ქვეყანა, დღეს სამყარო გლობალურია, ინტეგრირებულია და ყველა ეს პროცესი ჩვენზე ზეგავლენას ახდენს. 

2008 წლის კრიზისიდან მოყოლებული, ჯერ ამერიკაში იყო მძიმე მდგომარეობა. დღეისთვის, ეს ვითარება აშშ-ში გამოსწორებულია. ევროპაში იყო და ახლაც შენარჩუნებულია სირთულეები, პრაქტიკულად, ზრდა არ არის ევროპული ეკონიმიკის. 

რაც შეეხებ რეგიონში ჩვენს მეზობლებს, აქ ეკონომიკის დაცემას ვხედავთ. ამ ვითარებაში, საქართველო მცირე და ძალიან უმნიშვნელო ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს. მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ინარჩუნებს სტაბილურ და მშვიდობიან მდგომარეობას რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში. 

ამ პირობებში, მგონია, რომ ჩვენ სწორი ორიენტირები უნდა ავარჩიოთ. ეს ორიენტირები მეტ-ნაკლებად ამ წერილშიც წარმოდგენილი იყო. მგონი, საკმაოდ კარგად იყო ჩამოყალიბებული პრემიერის ოთხ პრიორიტეტში და ასევე ბიძინას ინტერვიუში ჟურნალისტებთან საზოგადოებრივ მაუწყებელზე. სადაც ნათქვამი იყო, რომ წარმოება და განსაკუთრებით მაღალი ტექნოლოგიები განვითარების ერთადერთი გზაა. 

რასაკვირველია, უარი არ უნდა ვთქვათ არც აგრარულ სექტორზე და არც ტურიზმზე. მაგრამ ეს არის მთავარი გზა.

მეორე მომენტი, რასაც ეკონომიკის გარდა ხაზს გავუსვამდი, - ჩვენი ძალიან მკაფიო და ნათელი, დასავლური, პროევროპული ორიენტაციის პირობებში, განვითარების უმთავრესი რესურსი ჩვენი კულტურა და ხალხია. სწორედ ამ კულტურასა და ტრადიციებზე დაყრდნობით, ჩვენ ადამიანურ რესურსზე დაყრდნობით შევძლებთ ქვეყნის განვითარებას. 

ღია წერილიდან ამ ორ მომენტს განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი. 

- ივანიშვილის ხელმძღვანელობით სათავეში მოსულმა კოალიციამ რის განხორციელება ვერ მოახერხა, თქვენ რას გამოყოფდით?

- სისტემის დემონტაჟის თანდათანობითი გზა ავირჩიეთ. მაგალითად, სამართალდამცავ სფეროში პროცესი თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, შსს-ში, უშიშროებაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. 

ასევე პროცესი დაიწყო და, ალბათ, კიდევ უნდა გაგრძელდეს სასამართლო სისტემაში. 

სოციალური საკითხების გადაწყვეტაში ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანი წარმატება იყო ჯანდაცვის სისტემაში. 

რაც შეეხება განათლების სისტემას, ამას მეტი ენერგია, რესურსი, მათ შორის ფინანსური რესურსი სჭირდება. ჩვენი ეკონომიკის განვითარება სწორედ ამ პროცესზე არის დამოკიდებული. 

ჩვენ, ჯერჯერობით, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ მოვახერხეთ საჭირო რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით უმაღლეს განათლებასა და კვლევებში. თუმცა აქ უკვე დაიწყო ორი პროექტი, რომელიც ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება. ცხადია, ეს საკმარისი არ არის, მარგამ მნიშვნელოვანი ორიენტირები შეიძლება იყოს. 

- ივანიშვილის კიდევ ერთხელ აქტიური ჩართვა საარჩევნო პროცესში „ქართულ ოცნებას“ რას მოუტანს?

- ივანიშვილის აქტიურად ჩართვა, მგონია, რომ პროცესს წაიყვანს ნორმალური მიმართულებით და არა კინკლაობის გზით. ბატონი ბიძინას მაღალი საზოგადოებრივი ავტორიტეტი და ნდობა აქვს, მგონი ეს ქართული ოცნების წარმატებას მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს. 

- ისიც ვთქვათ, კოალიციის შიგნით გზები რატომ გაიყო და თქვენი პარტიის პოზიცია სად არის ამ ყველაფერში?

- მოგეხსენებათ, სოციალ-დემოკრატები დაახლოებით იმავე პლატფორმაზე ვართ, რაზეც ქართული ოცნებაა. ჩვენ მემორანდუმიც გვაქვს გაფომებული ქართულ ოცნებასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. მათთან ერთაად მივიღებთ საპარლამენტო არევნებში მონაწილეობას. 

რაც შეეხება კოალიციაში გზების გაყოფას, მაშინ სხვა ამოცანები იდგა - ეს არას თქმაზე აგებული იყო; ანუ არა იმ რეჟიმს, რომლიც ქვეყანაში იყო. მაშინ ყველა დემოკრატიული ჯგუფი აღნიშნულ კოალიციაში გაერთიანდა. არა მხოლოდ კოალიცია, ჩვენი საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი ამ პოზიციას იზიარებდა. 

დღეისთვის არ დგას საკითხი არა, არამედ კი. ანუ რა უნდა გავაკეთოთ, დღის წესრიგში პოზიტიური ამოცანები დგას და ასეთი ამოცანების დროს საპროგრამო ორიენტირები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ალბათ, ამიტომაც პროცესი ამ გზით წარიმართება.

- თქვენთან ერთად არჩევნებზე კიდევ რა ძალები გამოვლენ?

- ჩვენ ეს მემორანდუმი გვაქვს, მაგრამ ამას კოალიციის ფორმა არ ექნება. მაგრამ ერთიანი საარჩევნო სია გვექნება და კანდიდატებს ერთობლივად დავასახელებთ. ჩვენთან შეიძლება კიდევ სხვაც იყოს, ამის თაობაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. 

- რა შედეგებს იმედოვნებთ არჩევნებზე?

- ვფიქრობთ, რომ ოცნება სერიოზულ უმრავლესობას მიიღებს. 

- და მთავრობის დაკომპლექტების პროგნოზი როგორია?

- მთავრობის დაკომპლექტება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მოხება და ეს მაჩვენებელი საკმარისზე მეტი იქნება. მთავრობას აღნიშნული უმრავლესობა დააკამპლექტებს, ამას კოალიციური რეჟიმი არ დასჭირდება.    

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია