myrights.ge
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ცესკოს წევრები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და სამეგრელოს რეგიონების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ცესკოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის შემუშავებული ინსტრუქციები გააცნეს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს იმ საქმიანობებზე, რომელსაც ცესკო 2016 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესში ახორციელებს.
„ბევრი სიახლეა წელს არჩევნებთან დაკავშირებით, იქედან გამომდინარე, რომ საზღვრების დაყოფა მოხდა ახლებურად, ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები არის ახლებურად განსაზღვრული, ამ ოლქებთან მიმართებაში ძირითადი და დამხმარე საარჩევნო კომისიები რა ფუნქციას შეასრულებენ, ამაზე კონკრეტული ინსტრუქცია არსებობს. ჩვენ გვინდოდა ყველა ეს ნიუანსი გაგვეზიარებინა პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის“-განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მედიასთან საუბრისას.
ზემოაღნიშნული ინსტრუქცია ცესკოს თავმჯდომარემ კომისიის წევრებთან ერთად ასევე გააცნო რეგიონის ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ საოლქო საარჩევნო კომისიების უფლება-მოვალეობებს და კანონით დადგენილ მათ მიერ გასატარებელ ღონისძიებებს 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის.
შეხვედრებს ცესკოს იურიდიული, საფინანსო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრა ქუთაისში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისია მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვას სხვა რეგიონებშიც გეგმავს.