მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პროფკავშირები პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს - 21 ივლისი 2016

„ჩვენი მიზანია ქართულ სახელმწიფოს მსგავსი პროგრამების უკეთესად ჩატარებაში დავეხმაროთ“   

myrights.ge

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების 2015 წლის პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს. მშრომელთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია კვლევის საბოლოო შედეგებს სექტემბერში გამოაქვეყნებს. მანამდე, პროფკავშირების წარმომადგენლები „ქრონიკა პლუსთან“ გამოვლენილ მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას.

გიორგი ჭანტურიძე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ეკონომიკური ანალიტიკოსი:

- ზოგადად პროფესიული მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და, შესაბამისად, დასაქმება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებასთან ხშირად ვთანამშრომლობთ. ამ კონკრეტულ პროგრამასთან დაკავშირებით, ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ მისი პოზიტიური მხარეები და ასევე ნაკლოვანებები, თუ ასეთი არსებობს. 

ამასთან დაკავშირებით, მოვამზადეთ ჩვენი დასკვნა, რომელსაც, საბოლოოდ, სექტემბერში გამოვაქვეყნებთ.

- მანამდე, პროგრამის პოზიტიურ მხარეებში რომელს გამოყოფთ?

- პოზიტიური, რასაკვირველია, ის არის, რომ აქამდე ასეთი პროგრამა, სამუშაო პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება არ ყოფილა. შესაბამისად, მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება. 

სახელმწიფოს გამოცდილება ჯერ არ აქვს დაგროვილი. ამის გამო, პროგრამის მიმდინარეობისას გარკვეული ხარვეზები თავს იჩენს. 

მაგალითისთვის, ჩანს, რომ დამსაქმებლებსა და პოტენციურ სამუშაოს მაძიებლებს შორის კომუნიკაცია ნაკლები იყო. საბოლოო დასკვნა აჩვენებს, რომ ამ პროგრამის შედეგად დასაქმების დონე ძალიან დაბალია. თუმცა საკმაოდ ბევრმა სტუდენტმა გადამზადება გაიარა. 

ასევე, შეიძლება მოვიყვანოთ, რომ ნაკლი იყო მოსახლეობის ინფორმირებულობა. ის რაოდენობა, რომელიც გადამზადებული უნდა ყოფილიყო და რა თანხაც ამ პროგრამისთვის იყო გამოყოფილი, მისი სრულად ათვისება ვერ მოხერხდა. 

შესაბამისად, ჩართულობა შედარებით დაბალი იყო.

- დადებით მხარეებში კიდევ რას გამოყოფდით?

- პოზიტიურია ის, რომ ადამიანებმა მომზადება გაიარეს, გარკვეული პროფესიები შეიძინეს და, შესაბამისად, უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცათ იმისთვის, რომ სხვადასხვა პროფესიით დასაქმდნენ. 

მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა მანამდე განათლება, მათ შეუძლიათ ამ მცირეხნიანი გადამზადებით უკვე სამსახური მოძებნონ.

- მაჩვენებელი როგორია?

- 415 ადამიანია, ვინც ეს პროგრამა გაიარა და დაასრულა.

- რა შედეგები ექნება ამ პროგრამას და როგორ გაგრძელდება-განვითარდება?

- მთლიანობაში, ეს პირველი საცდელი პროგრამა იყო. მიმდინარე წლის სექტემბერში  შემდეგი პროგრამა დაიწყება. და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკეთესი შედეგი იქნება. 

ხოლო 2015 წლის საპროგრამო მონიტორინგის შედეგებს ჩვენ სექტემბრისთვის გამოვაქვეყნებთ.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ სახელმწიფოსთან ხშირად ვთანამშრომლობთ მსგავს საკითხებზე. ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ეს პროცესები ზუსტად შეფასდეს და ჩვენი მიზანია ქართულ სახელმწიფოს მსგავსი პროგრამების უკეთესად ჩატარებაში დავეხმაროთ.   

ლაშა ბლიაძე, მონიტორინგის პროექტის კოორდინატორი, პროფკავშირების გაერთიანების აპარატის უფროსი:

- ეს პროექტი ჩვენთვის იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ახალგაზრდების გადამზადებას და დასაქმებას ეხება. მონიტორინგის ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, პრინციპში, შარშან პროექტი პატარა დოზით განხორციელდა. შედეგებიც ნაკლები მოიტანა, რადგან ცოტა ადამიანი იყო ჩართული.

მაგრამ ვიცით, რომ უკვე სექტემბრიდან დამტკიცებულია სახელმწიფოს გეგმა, რომ ეს პროგრამა უფრო მასშტაბურად ამუშავდეს. ჩვენ აუცილებლად დავაკვირდებით იმას, თუ როგორ განხორციელდება ეს პროექტი, რამდენად კმაყოფილი იქნებიან თვითონ ბენფიციარები, ასევე ის პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც ამ პროცესში ჩაერთვებიან.

ინფორმაცია გვაქვს, რომ ძალიან ბევრი სასწავლებელი ამ პროგრამაში ჩართვას აპირებს. ასევე საინტერესო იქნება ბიზნესის აქტიურობა, რამდენი და რომელი კომპანია ჩაერთვება.

ჩვენთვის მთავარია, რომ ამ პროგრამაში დასაქმებულმა ადამიანებმა როგორც განათლება  მიიღონ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკის პერიოდი მართლაც შედეგის მომცემი, რეალურად პროდუქტიული იყოს.

გვახსოვს მსგავსი პროგრამები წინასაარჩევნო პერიოდებში, რომელსაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა, ვქთვათ, ახალგაზრდების დასაქმების პროგრამებს. მაგრამ მცირე ფინანსური ინტერესის გარდა, რეალურად, ასეთი პროგრამები ახალგაზრდას არაფერს აძლევდა. ხშირ შემთხვევაში ეს სამუშაოები ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რეალურ პრაქტიკას ვერ იღებდნენ. ძველ პროგრამებზე აღარ გავაგრძელებ, იქ ბევრი პრობლემები იყო.

ჩვენ გვინდა, რომ ეს პროგრამა, რომელზეც გადასახადების გადამხდელთა თანხები იხარჯება, იყოს ეფექტური. ამის დაზღვევის საშუალებას, უპირველესად, ის მოგვცემს, რომ უშუალოდ გავესაუბროთ ამ პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს. 

სახელმწიფოს ის როლი აქვს, რომ ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარე პროგრამაში მაქსიმალურად ჩართოს.

- თვითონ ამ პროგრამის მონიტორინგი რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება-დასაქმებისთვის, ზოგადად ჩვენი სახელმწიფოსთვის?

- მონიტორინგი სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მივუთითოთ ხელისუფლებას, სახელმწიფოს თუ რა გზებით სჯობს წასვლა, პროგრამა რამდენად ეფექტურად მუშაობს. 

ვიცი, რომ მათ შიდა შეფასების კრიტერიუმები აქვთ, მაგრამ ეს საკმარისია. აქ ყველაფერი ნათლად და გამჭვირვალედ უნდა იყოს წარმოდგენილი. როგორც დასაქმებულების ორგანიზაცია (რომელიც დასაქმებულთა ინტერესებს ატარებს, ასევე ჩართულია პროფესიული განათლების რეფორმაში და ერთ-ერთი დაინტესებული მხარე ვართ) ვფიქრობთ, რომ მსგავსი მონიტორინგების წარმოება აუცილებელია. ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. 

ჯერ ამ ეტაპს დავასრულებთ და მერე სექტემბერს დაველოდებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროცესს თავიდან ბოლომდე გავყვებით. როგორც იცით, ორი ეტაპია, ერთი  პროფსასწავლებლებში სწავლების და მეორე, თვითონ პრაქტიკა. ორივე ძალიან საინტერესოა, ბიუჯეტის თანხა იხარჯება და გვინდა, რომ ამ პროგრამაში მონაწილე ადამიანებმა მაქსიმალურად კარგი შედეგები მიიღონ. და, რასაკვირველია, ამ პროგრამის მიზანიც ის არის, რომ შემდეგ მათი აქტივი დარჩეს იქ, სადაც აღნიშნულ გადამზადებს გაივლის. 

ეს პროექტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. სწორედ მათმა მხარდაჭერამ საშუალება მოგვცა, რომ მსგავსი ტიპის პროგრამები, პროექტები განვახორციელოთ. 

საბოლოო კონფერენციაზე (რომელსაც აუცილებლად მოვაწყობთ), დავპატიჟებთ მთავრობის, ბიზნესის წარმომადგენლებს, ვეცდებით, რომ თვითონ შეგირდებიც მოვიყვანოთ და საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ იმ შედგებს, რომელსაც ამ მონიტორინგის შედეგად მივიღებთ.    

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია