myrights.ge
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„დღეს ჩვენ თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადავედით, ვინაიდან მიზნად ვისახავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხო საარჩევნო გარემო უზრუნველვყოთ ყველასათვის. ჩვენი მიზანია, 8 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს დახვდეს პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნები, სადაც მათ სრულიად თავისუფალ გარემოში შეეძლებათ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალის შესრულება. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის განუხრელი დაცვის აუცილებლობას და დღევანდელი შეთანხმებით ვზრუნავთ კიდეც აღნიშნულის უზრუნველყოფაზე.
იმისათვის, რომ ამ საქმეში ჩვენ კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ, ორგანიზებას გავუწევთ სწავლებას არჩევნებისა და უსაფრთხოების საკითხებზე, რომლის საფუძველზეც ჩვენი თანამშრომლები პროფესიულ დონეზე შეძლებენ მოემსახურონ არჩევნებზე მისულ თითოეულ ამომრჩეველს. სწორედ ამ მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის არჩევნების უსაფრთხოების მიმართულებით სასწავლო მოდული შეიმუშავა.
საარჩევნო ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრების შედეგად, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან აქტიური თანამშრომლობით და ექსპერტული მხარდაჭერით, შევიმუშავეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და დღეს ამ დოკუმენტზე ხელისმოწერით კიდევ ერთხელ საჯაროდ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მზაობას უზრუნველვყოთ ყველასათვის თანასწორი საარჩევნო უფლება და უსაფრთხო, გამჭვირვალე საარჩევნო გარემო.
მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთი თანამშრომლობისა და თანადგომისთვის, და რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის,“ - ამ სიტყვებით მიმართა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელისმოწერის შემდგომ.
შსს-სა და ცესკოს ურთიერთგაგების მემორანდუმით განისაზღვრა თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც მხარეები ერთობლივ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ. დოკუმენტში ასახულია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) რეკომენდაციები; IFES-ის ექსპერტი აქტიურად იყო ჩართული არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონცეფციის შემუშავების პროცესშიც.
როგორც მემორანდუმის ხელისმოწერის შემდგომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, ცესკო და შსს აქტიურად ითანამშრომლებენ ხმის მიცემის პროცესის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. „ვფიქრობ, კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის თანამშრომლობის სწორად წარმართვა იქნება არსებითი საფუძველი მშვიდობიანი, გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო გარემოს შექმნისათვის,“- განაცხადა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ასევე იხილეთ ვიდეობმული:
https://www.youtube.com/watch?v=rkzgqxKvsPI