მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არასამთავრობო ორგანიზაციები: ინციდენტის გამოძიება საგამოძიებო ორგანოებისთვის ღირსების საკითხი უნდა გახდეს - 05 ოქტომბერი 2016

myrights.ge

არასამთავრობო ორგანიზაციები - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" და  "ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო" გუშინ მომხდარ აფეთქებას ეხმაურებიან.

არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ 4 ოქტომბერს, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

პირველ რიგში, წუხილს გამოვთქვამთ დაზარალებული მოქალაქეების გამო, რომელთაგან ერთ-ერთის მგომარეობა კვლავ მძიმეა

მიგვაჩნია რომ აღნიშნული ქმედება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და მის უკან მდგომი ძალების სურვილია საქართველოში დესტაბილიზაცია და არჩევნების დაძაბულ გარემოში ჩატარება. ამ შემთხვევას წინ უძღვოდა შეიარაღებული თავდასხმა დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილზე გორში, და ძალადობრივი ინციდენტის შედეგადქართული ოცნებისაქტივისტების დაშავების ფაქტი ზუგდიდში. მაშინ როცა, რიგი გამოწვევების მიუხედავად, ამ ინციდენტებამდე საარჩევნო პერიოდი პოზიტიური გარემოთი ხასიათდებოდა, მსგავსი ქმედებები ცალსახად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და საფრთხეს უქმნის მშვიდ და სტაბილურ საარჩევნო გარემოს, ქმნის სიტუაციის ესკალაციის რისკებს და აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა სამართალდამცავი ორგანოებისთვის გამოწვევაა. ამ გამოწვევასთან  გამკლავება მათი საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, უპირველეს ამოცანად დაისახონ არჩევნების დღის და მანამდე დაგეგმილი აქციებისა თუ სხვა წინასაარჩევნო ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასევე, სწრაფად, სრულყოფილად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად გამოიძიონ მომხდარი და ადეკვატურად დასაჯონ დამნაშავეები. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინციდენტის გამოძიება საგამოძიებო ორგანოებისთვის ღირსების საკითხი უნდა გახდეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს საკითხი პოლიტიკური ბრალდებების საგანი გახდა.

აქვე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნების წინ არსებული პოლიტიკური ტემპერატურის ფონზე:

- გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა;

- უარი თქვან დაპირისპირებისა და ესკალაციის საფრთხის შემცველ ქმედებებზე;

- ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის ძალადობრივი მიმართულებით განვითარება;

- ხელი შეუწყონ მშვიდობიან და სამართლიან საარჩევნო გარემოს;

- გამოძიების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე უარი თქვან პოლიტიკურ ბრალდებებზე“, - აღნიშნულია არასამთავრობოების განცხადებაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია