არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები 14:00 სთ-ის მდგომარეობით
myrights.ge
8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართა. ასევე, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, ჩატარდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას 25 საარჩევნო სუბიექტი - 19 პარტია და 6 ბლოკი იღებდა. ასევე, საარჩევნო სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 816 მაჟორიტარი კანდიდატი.
საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 7 საარჩევნო სუბიექტი და მაჟორიტარობის 27 კანდიდატი, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას 7 საარჩევნო სუბიექტი და 23 კანდიდატი იღებდა.
როგორც დღეს ცესკოში 14:00 სთ-ზე გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა მედიას განუცხადა, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საარჩევნო უბნების გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა. აღნიშნულის მიუხედავად, გარდა ერთეული შემთხვევებისა, ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა.
ცესკოს სპიკერმა არჩევნების წინასწარი პირველადი შედეგები 14:00 სთ-ის მდგომარეობით წარადგინა და მედიას პროპორციული სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგები 3056 უბნის მიხედვით გააცნო.
ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს საჩივრების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. „საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 228 საჩივარი. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. ასევე, საჩივრები შეეხება ხმის მიცემის და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურებს. შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ საჩივრებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო უბნების უმეტესობიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ დროულად მიიღო საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმები, რომლებიც ეტაპობრივად იტვირთება და ხელმისაწვდომია კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების, ასევე საკრებულოს შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნების ოქმების მონაცემების შეყვანა. ცესკოს სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge ნებისმიერ მსურველს შეუძლია იხილოს ინფორმაცია შეყვანილი მონაცემებისა და შედეგების შესახებ,“ - განუცხადა მედიას ანა მიქელაძემ.
ასევე იხილეთ ვიდეობმული:
https://www.youtube.com/watch?v=O6lBmBXj5i0