„ალასანიამ საზოგადოებას მიმართა, რომ თუ ამ პრობლემების კასკადი ჩემ გამო არის, მივდივარ პოლიტიკიდან და იქნებ ამით ეს მოგვარდესო“
ufleba.ge
საპარლამენტო არჩევნებმა პოლიტიკური ოპოზიციის რიგებში დიდი რყევები გამოიწვია. კენჭისყრის პირველივე ტურის დასრულებისთანავე „თავისუფალი დემოკრატები“ პარტიის თავმჯდომარემ და სხვა ლიდერებმა დატოვეს. ირაკლი ალასანიასგან განსხვავებით, ე.წ. ხუთეულმა მეორე ტურში „ოცნების“ კანდიდატების მხარდაჭერის შესახებაც გამოაცხადა. თავის მხრივ, „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმაც. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რით დასრულდება ეს პოსტსაარჩევნო გადაადგილებები.
ამ თემაზე „ქრონიკა პლუსის“ პირველი რესპონდენტი „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერი გიორგი გუგავაა:
- ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებთ, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერების გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებისა და არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის შესახებ?
- მგონი ამას განსაკუთრებული შეფასება არ სჭირდება. ეს განცხადებებები თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს.
ახლა ქართულ პოლიტიკას რა არ უნახავს, რას არ მოსწრებია, მაგრამ იშვიათია ასეთი ღია, საჯარო, მეორე დღესვე საკუთარის სახის საბოლოოდ გამოვლინება და სულში ჩაფურთხება იმ ადამიანებისთვის, ვინც მათ პატივს სცემდა, კარგად ეპყრობოდა, მათ კურსს მხარს უჭერდა. ასეთი თავლაფდასხმა, ალბათ, მაინც იშვიათია, რის მოწმენიც ჩვენ გავხდით.
- პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას რით ხსნით?
- ბუნებრივია, ჩვენ კონკურენტები ვიყავით, მაგრამ აქტიურ წინააღმდეგობაში ერთმანეთთან არასოდეს ვყოფილვართ, მსგავსი დაპირისპირება არ გვქონია. მაგრამ ჩვენთვის ეს ნაბიჯი გულდასაწყვეტი იყო. გეტვით რატომაც.
ვფიქრობ, რომ პოლიტიკა განსაკუთრებით საქართველოს სინამდვილეში არ არის ის სფერო, სადაც შეიძლება ეს პოლიტიკური გზა ია-ვარდით მოფენილი იყოს. ეს ბრძოლა იმას ითვალისწინებს, რომ შეიძლება გარეთ დაგტოვონ, შეიძლება ბევრი წინააღმდეგობა შეიქმნას, ის კი არა, საკუთარი გუნდი აგიჯანყონ, პარტიის წევრები, ათასი ჭორი ააგორონ შენ მიმართ, მაგრამ პოლიტიკოსის ვალდებულებაა დანარჩენი საზოგადოების მიმართ, რომ ამ ყველაფერს გაუძლო, შენ პრინციპებს არ უღალატო და ბრძოლა გააგრძელო.
აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი ვერცერთ შემთხვევაში დადებითად ვერ შეფასდება და ვფიქრობ, ეს სისუსტის მაჩვენებელია. მესმის ყველას ერთნაირად ვერ მოსთხოვ და ყველას ერთნაირი შესაძლებლობები არ გააჩნია, მაგრამ როდესაც პრეტენზია პოლიტიკურ ლიდერობაზე გაქვს, მაშინ კეთილი უნდა ინებო და იმაზე უფრო მაღლა დადგე, ვიდრე ამას ჩვეულებრივი რიგიღი ადამიანი შეძლებს. აქ ყველა ასპექტს ვგულისხმობ.
ამიტომ ვფიქრობ ეს სისუსტის გამოვლინება იყო, რაც ამ შემთხვევაში ალასანიამ გააკეთა და პოლიტიკური ველიდან გავიდა, - ყველაფერზე ხელები დაიბანა.
- პარტიაში დარჩენილების პოზიციას როგორ განიხილავთ?
- ჩემში მხოლოდ პატივისცემას იწვევს ამ ადამიანების პოზიცია და სულისკვეთება. ეს განსაკუთრებით ნინო გოგუაძეს შეეხება. ეს ადამიანები ისევ თავიანთ პოზიციაზე დარჩნენ, არიან პრინციპულები, შეუვალები და იმედია ასეც გააგრძელებენ.
რაც უნდა ძლიერი იყოს მოწინააღმდეგე, თუ შენ დარწმუნებული ხარ საკუთარ სიმართლეში, შენ პოზიციაში, მაშინ ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გააგრძელო.
გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
- რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებში განვითარებულ მოვლენებს, ამან მარტივი მიზეზის გამო მძიმე ემოციები გამოიწვია. ადამიანურად ირაკლი ალასანიას გაგება კიდევ შესაძლებელი იყო (შესაძლოა, ის თვლიდა, რომ პარტიის ირგვლივ რაც ხდებოდა, მისი პიროვნებიდან გამომდინარე იყო). შესაბამისად, მან პასუხისმგებლობა აიღო და ამით გარკვეულწილად საზოგადოებას მიმართა, რომ თუ ამ პრობლემების მთელი კასკადი ჩემს გამო არის, მე მივდივარ პოლიტიკიდან და იქნებ ამით ეს პრობლემები მოგვარდესო. ეს რაც შეეხება ალასანიას.
მაგრამ თავისუფალი დემოკრატების დანარჩენი პოლიტიკური ელიტა ჩემი აზრით ძალიან მძიმედ მოიქცა. მათ თავის პარტიაში ახალგაზრდებს ცუდი მაგალითი აჩვენეს. ეს ერთი მხრივ გაქცევა იყო, მაგრამ მეორე სერიაში, ფაქტობრივად, მეორე დღიდან რა პროცესებიც დაიწყო, ასეთი ღია და დაუფარავი შეთავაზება საკუთარი სერვისების ხელისუფლებისთვის და ა.შ. ეს ძალიან მძიმე საყურებელი იყო.
თან, მით უმეტეს, როდესაც პარტიაში შეიძლება ითქვას ასობით მოტივირებული ახალგაზრდა დატოვეს, რომლებიც უანგაროდ რაღაც იდეას ემსახურებოდნენ. ასე ფიქრობდნენ, ყოველ შემთხვევაში. ამ ადამიანებს თავიანთ ლიდერებად აღიარებდნენ და სრული იმედგაცრუება მოხდა მათ ცნობიერებაში.
ასე რომ, ამ საქციელს არანაირი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს.
რაც შეეხება უსუფაშვილს, ვფიქრობ, ეს ცოტა სხვა მოვლენაა. თუ ალასანიას შემთხვევში ეს პოლიტიკური კარიერის დასასრული იყო (ამ ეტაპზე მაინც) უსუფაშვილის შემთხვევაში, ალბათ, უფრო საქმე გვაქვს არა კარიერის დასასრულთან, არამედ ახალი კარიერის დაწყებასთან. ანუ აქ პოლიტიკური პერსპექტივის შენარჩუნების მცდელობაა.
ფაქტია, რომ რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად უსუფაშვილის კარიერული სვლა შეუძლებელი იქნებოდა. უკვე სერიოზულ ბალასტად იქცა მისი პოლიტიკური დონისთვის ეს პარტია. და თუ მას ამბიცია აქვს, რომ სამომავლოდაც გააგრძელოს პოლიტიკური სვლა და პოლიტიკური წონა შეინარჩუნოს, ბუნებრივია, რომ მას ეს პარტია უნდა დაეტოვებინა და ახალი მიმართულებები, ახალი კონფიგურაციები უნდა ეძებნა.
პრინციპში, რაც უსუფაშვილმა გააკეთა, ეს კანონზომიერია და ამის შემდეგ რა მოხდება, ამას დრო გვიჩვენებს.
- მსგავსი ტიპის პარტიებს რა პერსპექტივები აქვთ პოლიტიკურ სივრცეში?
- თავისუფალ დემოკრატებში ძალიან რთული მდგომარეობაა. ვინც კი მეტ-ნაკლებად საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, პრაქტიკულად ყველამ ეს პარტია დატოვა. თუ ის არსებობას გააგრძელებს, რეალურად, ნულიდან მოუწევს მშენებლობა. მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, რომ პარტიას გარკვეული პერსპექტივა მაინც აქვს.
რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, ის დაუბრუნდა თავის ბუნებრივ მდგომარეობას, რასაც არა როგორც პოლიტიკური პარტიის, არამედ, როგორც პოლიტიკური კლუბის არსებობა ჰქვია. ეს არც არასოდეს ყოფილა პარეტია ელექტორალური გაგებით, მას არასოდეს ხალხთან პირდაპირი კომუნიკაცია არ ჰქონია. ის პოლიტიკაში და ხელისუფლებაში ყოველთვის უკანა კარიდან მოძრაობდა. და ამ უკანა კარის გასაღები ორივე შემთხვევაში, როცა ისინი ხელისუფლებაში მოხვდნენ, ჩემი აზრით დავით უსუფაშვილი იყო.
ახლა, უსუფაშვილის წასვლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ამ პარტიის საარჩევნო პერსპექტივა რბილად რომ ვთქვათ ძალიან ბუნდოვანია. მათი აქტიურ პოლიტიკაში, საპარლამენტო ან სხვა ტიპის ლეგალურ ინსტიტუტებში მოხვედრის შანსი უკვე მიზერულია. სამომავლოდ მათ დიდ პერსპექტივებს ვერ ვხედავ.
ყოველ შემთხვევაში, საშუალოვადიან პერსპექტივაში ასეა და მერე და მერე რა იქნება, დღეს ამის პროგნოზირება ძნელია.
- ზოგადად, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილ პოლიტიკურ ლანდშაფტს როგორ განიხილავთ, როგორ განვითარდება ეს პროცესები?
- მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას სავარაუდოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება (ანუ აბსოლუტური ძალაუფლება), იმის გათვალისწინებით, რომ სუსტი სახალხო ლეგიტიმცია აქვს (ეს ბსოლუტური ძალაუფლება მან მოიპოვა ამომრჩევლის მხოლოდ 25%-ის მეშვეობით, ოცნებას ამომრჩევლის დაახლოებით ამდენმა პროცენტმა ხმა მისცა), ეს მის შესაძლებლობებს საკმაოდ მყიფეს ხდის. ოცნების მთავრობას საკმაოდ სუსტი ლეგიტიმაცია აქვს.
ამასთან ერთად, იმ მიზეზით, რომ მას სადღეისოდ გადაბრალების ინსტრუმენტი აღარ აქვს, იგივე სისხლიან ცხრა წელზე და ძველ ხელისუფლებაზე აპელირებით (ეს ყველაფერი უკვე ფარსად იქცა), ბუნებრივია, ეს აბსოლუტური ძალაუფლება ასევე აბსოლუტურ პასუხისმგებლობას ნიშნავს.
როდესაც ასეთ კონფიგურაციაში შენ ხალხისგან სუსტი ლეგიტიმაცია გაქვს, ეს ბუნებრივია იმას განაპირობებს, რომ არა მეყსეულად, არამედ რამდენიმე თვის შემდეგ უკვე პოლიტიკური რისკების გაჩენა არის მოსალოდნელი. ჩვენ, სავარაუდოდ, მაღალი ალბათობით რყევები გვექნება.
ახლა ამ რყევების ტემპერატურა რამდენად მაღალი იქნება, ეს იმაზე არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შეძლებს ხელისუფლება გარკვეული მიმართულებებით გარკვეული პრობლემების გადაწყვეტას. ეს ძირითადად კეთილდღეობითი თემებია, - სოციალური პრობლემატიკა, ეკონომიკური საკითხები, დასაქმება და ა.შ. ეს არ არის მარტივი საქმე, რაც ყველას კარგად გვესმის.
აგუგუნებულ საქართველოს ჩვენ კიდევ დიდხანს ვერ ვიხილავთ. ამ სუსტი ლეგიტიმაციის პირობებში, როდესაც საზოგადოებაში არის მოლოდინი და ეს არ გამართლდება, ბუნებრივია, სხვადახვა ტიპის პროტესტი იქნება. ეს მოხდება არა იმდენად პოლიტიკური, არამედ უფრო სოციალური ნიშნით. ანუ ახლა ჩვენ ისეთ ეტაპზე შევდივართ, როცა სოციალური ნიშნით შეიძლება განვითარდეს გარკვეული კრიზისული მოვლენები.
ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობაც შეეცდება, რომ კიდევ დამატებით შეუფითილოს ამ სიტუაციას და მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბოს.
ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას მშვიდი ოთხი წელი ექნება. და იმის ალბათობაც კი არსებობს, რომ ამ ხელისულებამ ეს ოთხი წელიწადიც ბოლომდე ვერ გაიტანოს.