მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა დასკვნები უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ზვარეს ინციდენტიდან? - 05 დეკემბერი 2016

„ბოლოს და ბოლოს, მივიღეთ რეალობა, როცა ხელკეტებით, დანებითა და ნაჯახებით გაუსწორდნენ დასაქმებულებს“

ufleba.ge

რამდენიმე დღის წინ სოფელ ზვარეში ჩინელ დამსაქმებლებსა და ქართველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ქართველი მუშა დაშავდა, რომლებიც ზესტაფონის და ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით დაიწყო. დაკავებულია ჩინეთის 3 მოქალაქე. რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ჩინური კომპანიის „23-ე ბიუროს“ მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში,ისინი სამუშაოების განახლებას არ აპირებენ. 

გაერთიანებული პროფკავშირების განცხადებით, საქართველოში სხვადასხვა კომპანიები უმეტესწილად არღვევენ დასაქმებულთა უფლებებს, ხოლო სახელმწიფო ამ ყველაფერზე რეაგირებას არ ახდენს. მათივე თქმით, თუ ამ საქმეზე არ მოხდება დროული რეაგირება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს: 

„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ თუ როგორ ექცევიან დასაქმებულებს საქართველოში. ირღვევა ის შრომის კანონმდებლობაც კი, რომელიც არ არის თანხვედრაში აღიარებულ ნორმებთან, ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლების რეაგირებას მსგავს ფაქტებზე და სოფელ ზვარეში რაც ვნახეთ, ეს იყო პიკი. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა პირველი არ ყოფილა და სოლიდარობას ვუცხადებთ იქ მომუშავე ადამიანებს“.

ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე მომუშავე მუშების მხარდასაჭერად თბილისიდან სტუდენტებიც ჩავიდნენ. სტუდენტები გაფიცულ მუშებს სოლიდარობას უცხადებენ. მათი თქმით, ზვარეში ქართველ მუშებს არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა და მათი შრომითი პირობები ხშირად ირღვევა. 

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ „რკინიგზის ახალი პროფკავშირის“ თავმჯდომარეს, ვიტალი გიორგაძეს ესაუბრება.

- ზვარეში ეს პროცესი დაახლოებით თვენახევრის წინ დაიწყო. დასაქმებული ადამიანები პროფკავშირებს, ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვიკავშირდნენ და მათი უფლებების დაცვა გვთხოვეს. შესაბამისად, შრომის სამინისტროს მივმართეთ და მათი წარმომადგენლის თანდასწრებით, აღნიშნულ ჩინურ კომპანიასთან დავა დავიწყეთ. მთელი თვის განმავლობაში ამ პროცესში ვიმყოფებოდით. 

რაში მდგომარეობდა პრობლემა. უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული, შრომითი ურთიერთობები გაუმართავი, ამ ადამიანებს ელემენტარულად კონტრაქტები არ ჰქონდათ. ასევე მათ არ ჰქონდათ შვებულება, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და ა.შ. ისინი ღიად აცხადებდნენ, რომ დამსაქმებლის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ასევე წარსულში ყოფილი ინციდენტები, როდესაც დამსაქმებელი სცემდა დასაქმებულებს.  

ჩვენ ამ დარღვევებთან დაკავშირებით დაწესებულებაში შრომის ინსპექტორები შევუშვით, - როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენი, პროფკავშირების ინსპექცია. შესაბამისი დასკვნები დაიწერა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, რკინიგზის დეპარტამენტს გადავუგზავნეთ. 

ასევე ჩინურ კომპანიასაც გადავუგზავნეთ ჩვენი დასკვნები. ყველას ამ პროცესებზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოვუწოდეთ.

ძალიან მძიმე მოლაპარაკებები დასრულდა და გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ. მაგრამ შეთანხმებიდან მეორე-მესამე დღესვე ზვარეს ობიექტის დამსაქმებელმა ამ შეთანხმებების დარღვევა დაიწყო. ასევე მიმართეს პროვოცირებას იქ დასაქმებული ადამიანების მიმართ. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ცემის მუქარას, ასევე პრობლემები დაიწყო შვებულებების გამოყენებაზე.

ჩვენ ამას მაქსიმალური ჩართულობით ვაგვარებდით და ამ პრეცენდენტებით გვინდოდა, რომ პროცესი ნორმალურ კალაპოტში გადასულიყო. გარკვეულწილად, ამას ვახერხებდით. კიდეც.

საბოლოო ჯამში, იცით, რაც მოხდა. ჩინელი დამსაქმებელი ქუჩაში სოფლის მცხოვრებთ დახვდა, რომლებიც ტყიდან შეშას ეზიდებოდნენ და აღნიშნული მერქნის დაბრუნება მოსთხოვა. ამ ადამიანებმა არ დაუბრუნეს და ამის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ამ ყველაფერს იქვე დასაქმებული მუშები შეესწრნენ და სოფლელებს გამოესარჩლნენ. მეორე დღეს, როდესაც ისინი სამსახურში გამოცხადდნენ და ხელმძღვანელობისგან პასუხი მოითხოვეს, თუ რატომ იყო ნაცემი ის ორი ადამიანი, ვინც სოფლის მცხოვრებთ გამოესარჩლა, ამ დასაქმებულებს ალყა შემოარტყეს და სასტიკად გაუსწორდნენ. 

ყველაფერი იმის ბრალია, რომ საქართველოში შრომის პოლიტიკა პრაქტიკულად არ არსებობს. სახელმწიფოს იაფი მუშახელის პოლიტიკა აქვს არჩეული, - მეტი უფლებები ბიზნესს და ა.შ. ამ ფონზე, მიმდინარე პროცესები ლოგიკურად გამოიყურება. 

ჩვენ და სახელმწიფომ რეალურად დავინახეთ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია მექანიზმი, როდესაც დამსაქმებელი ურჩად იქცევა, კანონს არ ემორჩილება, არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, ადამიანის უფლებებს... ამ დროს ქვეყანას რეალური ბერკეტი არ გააჩნია, რომ მსგავსი კომნპანიები იძულებული გახადოს და კანონის ჩარჩოებში მოაქციოს. 

ამიტომ, ბუნებრივია, მსგავს ფაქტებს მომავალშიც ადგილი იქნება, თუ რეალური რეგულაციები არ დაწესდა და ნომალური შრომის პოლიტიკია არ შემუშავდა. 

დღეს სიტუაცია ძალიან გამწვავებულია. სოფლელები მუშებს სრულ სოლიდარობას უცხადებენ. ასევე არასამთავრობოებმა, სტუდენტებმა თანადგომა დააფიქსირეს. ასე რომ, სოლიდარობის მუხტი სულ უფრო ძალებს იკრებს.

მე იმით ვარ შეშფოთებული, რომ რკინიგზის უწყება გაურბის პასუხისმგებლობას, შეშფოთებული ვართ იმით, რომ მთავრობის მაღალი ეშელონებიდან ამ საქმეზე არცერთი კომენტარი არ გაკეთებულა. 

მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკვლევას აწარმოებს, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ საქმის ობიექტურად გამოძიებისთვის, ამ პროცესის მაქსიმალურად დადებითად დასრულებისთვის მნიშვნელოვანია მთავრობის ჩართულობა, რკინიგზის მონაწილეობა და ასევე საზოგადოების თითოული წევრი მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოექცეს აღნიშნულ საქმეს.

რადგან ეს ძალიან მტკივნეული თემაა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ შეთხვევაში არანაირ ქსენოფობიაზე საუბარი არ არის. ბუნებრივია, იქ დასაქმებულ ადამიანებს არანაირი პრობლემური დამოკიდებულება არ აქვთ ჩინელ ერთან და მათ კულტურას დიდ პატივს სცემენ. ოღონდ იქ უშუალოდ დამსაქმებლები კრიმინალები არიან. 

ჩვენ ვაფრთხილებდით რკინიგზას და ვეუბნებოდით, რომ უშუალოდ ზვარეს ობიექტზე დამსაქმებლები არიან პროვოკატორები, კრიმინალები და მოვითხოვდით, რომ ისინი შეეცვალათ. რადგან, ყოველდღე მათი პროვოკაციების მოგერიება გვიწევდა. 

ბოლოს და ბოლოს, მივიღეთ რეალობა, როცა ხელკეტებით, დანებითა და ნაჯახებით გაუსწორდნენ დასაქმებულებს. რკინიგზამ ჩვენი გაფრთხილება თავის დროზე ყურად არ იღო. შეგვპირდნენ, რომ ისინი ჩამოშორებული იქნებოდნენ , სარეთოდ ჩინეთში გაუშვებდნენ ან სხვაგან გადაიყვანდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა. 

ახლაც ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ადგილზე დამსაქმებლის დაუყოვნებლივი ჩანაცვლება მოხდეს და ამ ხალხს ეს იძულებითი მოცდენა აუნაზღაურდეს. და ამ ადამიანებს ნორმალურ, უსაფრთხო გარემოში მუშაობის საშუალება მიეცეს.

- შრომითი პირობების უგულვებელყოფა და არაადამიანური მოპყრობა ახსნეთ, უფრო კონკრეტულად ეს რაში გამოიხატება?

- ბუნებრივია, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობაზეა საუბარი. როგორც აღვნიშნე, იქ არის ცემის მუქარა, ამის აღსრულება და ა.შ.

ერთ მაგალითს მოვიყვან. უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს ერთ-ერთ მუშას ცხელი ბეტონი გადაესხა. მან მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. იქ საერთოდ არ არსებობს სამედიცინო ოთახი. განსაკუთრებით სპეციფიკური სამუშაოა, მავნეა ჯანმრთელობისთვის და ყოველ წუთს იქ შეიძლება რაღაც მოხდეს. 

მით უმეტეს, აბსოლუტურად ყველა ნორმა დარღვეულია, რაც ყველა ნიუანსსა და კონპონენტში გამოიხატება. დამსაქმებლები აბსოლუტურად ყველაფერს არღვევენ. 

იმის ნაცვლად, რომ ზემოხსენებული ადამიანისთვის ამბულატორიული დახმარება გაეწიათ, ნორმალურ პირობებში გადაეყვანათ, წარმოიდგინეთ, თავზე ადგება ხელმძღვანელი ბლაგვი საგნით და უტყამს მას. 

მოკლედ, ჩვეულებრივი, მონათმფლობელური დამოკიდებულებაა მათ მიმართ. მათ მენტალიტეტში ისინი კრიმინალები არიან და ასეც იქცევიან. ანუ მსგავსი ფაქტები ადრეც ყოფილა და დღესაც გრძელდება. არაადამიანურ დამოკიდებულებაში სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ადამიანს, როგორც პირუტყვს, ისე ექცევიან.

- პრობლემატიკისადმი სახელმწიფოს მხრიდან ასეთი დამოკიდებულება რით აიხსება?

- სახელმწიფო პოლიტიკა ჩანასახშივე არაჯანსაღია. რამდენი ხანია პროფკავშირები იმაზე ვსაუბრობთ, რომ საჭიროა რეგულაციები, ძლიერი შრომის ქმედითი ინსპექცია და ა.შ. რეალურად, ბიზნესს სახელმწიფოზე ძალიან დიდი გავლენა აქვს, ბიზნესი უფრო და უფრო მეტ უფლებებს ითხოვს... და აი ამ ჭიდილში მხოილოდ უმნიშვნელო შედეგები გვაქვს.

შრომის კოდექსში ის მცირე ცვლილებებისთვისაც კი (რასაც პროფკავშირებმა ბრძოლის შედეგად 2013 წელს მივაღწიეთ), ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. ამაში მხარში გვედგა შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება იყო და ა.შ.

ეს მხარდაჭერა რომ არა, ვერაფერს გავაკეთებდით, იმხელა ზეწოლა აქვს ჩვენში ბიზნესს სახელმწიფოზე. ბიზნესი სულ უფრო მეტ უფლებებს ითხოვს, ჩვენც, სახელმწიფოც ვაძლევთ ამ უფლებას იმ იმედით, რომ საერთო მდგომარეობა გამოსწორდება და ქვეყანაში უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი გვეყოლება. 

რეალურად კი, საპირისპირო სიტუაცია გვაქვს. ადამიანები კიდევ უფრო გაჭირვებული ხდებიან, ბიზნესი ვიღაცის ჯიბეებში ილექება და დოვლათი სახელმწიფოში არ ბრუნდება. 

ამიტომ ჩვენ დღვანდელ ბაზარს ბიზნესი არ ჰქვია. ერთი მხრივ არიან მონები, ადამიანები, რომლებიც მონურ პირობებში არსებობენ და მათ რეალურად ცხოვრება არ გააჩნიათ; და მეორე მხრივ, სახეზეა ფაშისტური ბიზნესი, გამომდინარე შედეგებით.

ბალანსი აუცილებლად უნდა გამოიძებნოს. ვფიქრობ, საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს გააჩნია ძალა ბიზნესი და სახელმწიფოც დაარწმუნოს იმაში, რომ საჭიროა გონიერება, ერთმანეთის მოსმენა და გამოსავლის მოძებნა. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა ძალიან ღრმავდება და ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ.

- რა ეტაპზეა ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი?

- სახელმწიფო ისევ და ისევ ბიზნესის ზეწოლით შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგებოდა. ამის მიზეზად ასახელებდა, რომ არ არსებობს ბაზისი, - შრომის ინსპექცია დიდი ხანია გაუქმებულია, არ გვყავს ინსპექტორები, შესაბამისი სტრუქტურები, ამისთვის საჭიროა დრო და ა.შ.

სწორედ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ძალიან დიდი ხელშეწყობითა და პროფკავშირების მოთხოვნით, ამ სამსახურის რაღაც ჩანასახი გაჩნდა. უბრალოდ, ეს სტრუქტურა, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, ფურცელზე ჩანაწერის სახით გვაქვს. 

ნებისმიერ შემთხვევაში, რა სახითაც დღეს შრომის ინსპექცია გვაქვს, რეალურად ეს არის სამარცხვინო და ფასადური მოვლენა. 

ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით. თუ დამსაქმებელმა თვითონ არ მიიწვია ეს შრომის ინსპექცია (მოდით, შემამოწმეთო), მას უფლება არ აქვს რომ იქ შევიდეს. რომ შევა, შეამოწმებს და დასკვნას დაუწერს, ეს დასკვნაც სავალდებულო არ არის და მხოლოდ რეკომენდაციული ხასიათი აქვს. 

რეალობაში ასე ხდება, - როცა დასკვნა ოდნავ კრიტიკულია, დამსაქმებელი უკვე აღარ აძლევს უფლებას თავიდან შევედეს და შეამოწმოს საწარმოო პროცესი. ამიტომ ეს არის სამარცხვინო სამსახური, რითაც ვერც ევროკავშირს  და ვერც სხვა ვერავის მოვატყუებთ. 

ბუნებრივია, ამით ვერც მშრომელ ადამიანს მოვატყუებთ, რომელიც დღეს ყველაზე ცუდ მდგმარეობაშია. ეს სტატისტიკაც ყველაფერზე ღაღადებს, როცა სამუშაო ადგილებზე უამრავი დაღუპული და დასახიჩრებული გვყავს. ბუნებრივია, ამით მათ ოჯახებსაც ვერ მოვატყუებთ.

ამ ე.წ. გარდამავალმა ეტაპმა (როგორც ამაზე თვითონ სახელმწიფო საუბრობს) საკუთარი თავი უკვე ამოწურა. ხომ ხედავთ, დამსაქმებელი უკვე ნაჯახით უსწორდება დასაქმებულს. ამიტომ პროფკავშირები არ გავჩერდებით, სრული სიმწვავით ვიმოქმედებთ და შედეგს მაინც მივაღწევთ. 

არასამთავრობოებთან ერთად სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გავმართეთ. ამ პროცესს გავაგრძელებთ და მაქსიმალურად შევცდებით, რომ უკვე ახალი მოწვევის პარლამენტმა ამაზე მუშაობა დაიწყოს და ქვეყანაში რეალურად შეიქმნას ქმედითი შრომის ინსპექცია. 

დღევანდელი ფასადური ინსტიტუცია კი არავის სჭირდება. ვითხოვთ, რომ მას ჰქონდეს სანქციების გაცემის, დაუკითხავად შესვლის უფლება, რეალური მექანიზმები, რომ ეს სფერო, დამსაქმებლისა და დასაქმებულების შრომითი ურთიერთობები რეალურად გააკონტროლოს.         

თავის მხრივ, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი ზვარეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წლის 2 ნოემბერს ადგილი ჰქონდა მცირე კონფლიქტს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დავის მიზეზი გახლდათ მოჭრილი მერქნული რესურსის მოსახლეობის მიერ უკანონო მითვისების ფაქტი. ინციდენტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. 

ყურადღებას ვამახვილებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოჭრილი მერქნული რესურსი ეკუთვნის გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტს და მის შენახვასა და გადაცემაზე პასუხისმგებელია ჩინური მხარე. მომდევნო დღეს მოხდა კონფლიქტის ესკალაცია, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. სამწუხაროდ, ორივე მხრიდან არიან დაზარალებულები. 

მასობრივი მედიის საშუალებებით ვრცელდება მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია, თითქოს ჩინელმა მუშებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველებს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან კიდევ ერთელ ვაფიქსირებთ, რომ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება როგორც ქართველ, ისე ჩინელ თანამშრომლებს. კონფლიქტის ინიცირების შესახებ არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. 

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები სათანადოდ და დროულად მოახდენენ ყველა მონაწილე პირისგან ჩვენებების აღებას და მიუკერძოებლად ჩაატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს. 

სანამ არ დადგინდება საქმეზე ჭეშმარიტება, კატეგორიულად მოვითხოვთ, გათავისუფლდნენ დაკავებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა ჩინეთის საელჩოს. იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება ჩატარდება გამჭვირვალედ და სამართლიანად და ზემოხსენებული ინციდენტი გავლენას არ მოახდენს ჩვენი ქვეყნების მეგობრულ ურთიერთობებზე“, - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია