მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი ლაშა მესხის სამსახურიდან განთავისუფლებას გმობს - 01 მარტი 2017

პროფკავშირი მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას - სასწრაფოდ შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილება

ufleba.ge

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირის ლიდერის, ლაშა მესხის სამსახურიდან განთავისუფლებას და ამ ფაქტს აფასებს როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის პირდაპირ შეტევას დასაქმებულთა იმ ფუნდამენტურ და განუხრელ უფლებებზე, რომლებიც მათ მინიჭებული აქვთ საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო კონვენციებით და საქართველოს კანონმდებლობით.

ცივილიზებული თანამედროვე მსოფლიო შეთანხმებულია, რომ პროფესიული კავშირი არის დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც წარმოადგენს წევრთა ინტერესებს და უფლება აქვს დამსაქმებელთან აწარმოოს კოლექტიური მოლაპარაკებები, მონაწილეობა მიიღოს კოლექტიური შრომითი დავების მოგვარების პროცესში, კანონით დაშვებული ყველა მეთოდის გამოყენებით გამოვიდეს დასაქმებულთა უფლებების დასაცავად.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უმთავრესი სტანდარტი - სამმხრივი სოციალური დიალოგი სწორედ იმას გულისხმობს, რომ პროფესიული კავშირი არის სოციალური პარტნიორის სტატუსის მატარებელი ინსტიტუცია და სოციალურ პარტნიორებს შორის თანაბარუფლებიანობისა და თანასწორობის პრინციპების დასაცავად, პროფკავშირის ლიდერთა დაცვის გარანტიები კანონმდებლობებით არის გამყარებული, მაგალითად:

საქართველოს კონსტიტუცია - მუხლი 26:

1. ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება.

საქართველოს კანონი პროფესიული

კავშირების შესახებ - მუხლი 23:

3. დაუშვებელია დამსაქმებელთა ინიციატივით, შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგის სამუშაოდან დათხოვნა, სხვა სამუშაოზე გადაყვანა ან დისციპლინარული წესით დასჯა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს კანონი პროფესიული

კავშირების შესახებ - მუხლი 24:

2. პროფკავშირულ ორგანოში არჩეული მუშაკის დამსაქმებლის ინიციატივით დათხოვნა მისი არჩევითი უფლებამოსილების დამთავრების შემდეგ არ შეიძლება ერთი წლის განმავლობაში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გახლავთ კერძო კომპანია და მისი მართვა ხორციელდება სახელმწიფო მექანიზმების გამოყენებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირის არჩეული ლიდერის, ლაშა მესხის სამსახურიდან განთავისუფლება, ჩვენს მიერ ფასდება როგორც სახელმწიფოს მიერ ჩადენილი უკანონო, დანაშაულებრივი და დისკრიმინაციული ქმედება, რაც საქართველოსთვის აუცილებლად იქნება რეპუტაციული ზიანის მომტანი.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო თავად უნდა იყოს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების, ასოციაციის თავისუფლების და ზოგადად კანონმდებლობის დაცვის გარანტი, შესაბამისად საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას - სასწრაფოდ შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილება“, - აღნიშნულია საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის განცხადებაში.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია