„ჩვენი ფუნქცია სულ სხვაა, - ამ ცოდნის უფრო აკუმულირება, დაშენება და საგნობრივი უნარების განვითარება“
ufleba.ge
ბოლო დროს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში ფუნქციური გადაფარვა ხდება. კონკრეტულად, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და ხარისხის განვითარების ცენტრები იყო დასახელებული. ასევე კითხვები ისმის აღნიშნულ უწყებათა მუშაობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. სამაგალითოდ მოყავთ 2016 წლის იანვარში გამართული პედაგოგთა საატესტაციო გამოცდების შედეგები, როდესაც გამოცდაზე გასული 6 477 პრაქტიკოსი პედაგოგისგან 60%-იანი ბარიერი მხოლოდ 1101-მა გადალახა...
ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ პედაგოგთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს, გიორგი მაჩაბელს ესაუბრება:
- ამ ბოლო დროს პრესაში გავრცელდა მოსაზრება, რომელიც არავითარ საფუძველს არ ეყრდნობა. საუბარი იმაზეა, რომ განათლების სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში ფუნქციური გადაფარვა ხდება, კერძოდ, ჩვენი და ხარისხის განვითარების ცენტრი იყო ნახსენები. ე.წ. ექსპერტი, რომელიც ასეთ დასკვნას აკეთებს, უბრალოდ, გაუგებარია ამ დროს რას ეყრდნობა.
ელემენტარულად, შეეძლო, რომ საკითხის არსში ჩაეხედა, ინფორმაცია ორივე ცენტრის ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულია. ენახა მათი დებულებები, დაეზუსტებინა მოვალეობები, მიზნები, თუ რას ემსახურებიან და ამით გაარკვევდა, რომ ეს ორი სხვადასხვა ფუნქციის მატარებელი ორგანიზაციაა.
მეორეც, დასკვნა კეთდება, რომ თითქოს სამინიტროში არის სტრუქტურული ერთეული, რომელიც იგივე ფუნქციით და მოვალეობებითაა დაკავებული, რასაც ჩვენი ცენტრი ასრულებს. ამაზე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ სამინისტროს არცერთი ქვედანაყოფი პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულებით და ამ პროფესიასთან დაკავშირებული ანალოგიური პოლიტიკის განსაზღვრით კონკრეტულად დაკავებული არ არის. ჩვენი ერთადერთი სსიპ-ია, რომელიც ამ მიმართულებით თავის მოვალეობას ასრულებს. ცენტრი სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და სტრუქტურებთან მჭიდრო კოორდინაციით გეგმავს და ახორციელებს შესაბამის პოლიტიკას.
ზოგადად, ამაზე განმარტება, ალბათ, საჭირო არც უნდა იყოს, რომ არა ის „ექსპერტული“ დასკვნები, რაც ამ ბოლო დროს პრესაში გაჩნდა. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ამაზე ყურადღება გაგვემახვილებინა. კარგი იქნებოდა ამ ექსპერტებს გამოექვეყნებინათ ის მონაცემები, რაზე დაყრდნობითაც ამ დასკვნას აკეთებენ.
- ამ კონტექსტში, თქვენი ცენტრი რა კონკრეტულ ფუნქცია-მოვალეობას ასრულებს?
- ჩვენი ცენტრი ძირითადად პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროგრამებს ახორციელებს. ასევე დაკავებულია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების განხორციელებით. მაგალითად, ეს ეხება არაქართულენოვან რეგიონებში პედაგოგების მივლინება-დასაქმებას, ქართული ენის შესწავლის მიმართულებით გარკვეული პროექტების განხორციელებას, მაღალმთიან რეგიონებში პედაგოგების გაგზავნას და ა.შ. მათ შორის, ცენტრი არაერთ საერთაშორისო პროექტს ახორციელებს.
ამასთან, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა პედაგოგის პროფესიასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებადა შემდეგ მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. ამ ეტაპზე, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ე.წ. პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც 2015 წელს დამტკიცდა და ცენტრი მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
ასევე ბევრი ის მიმართულებაა, რომელიც არამარტო პედაგოგების, არამედ სკოლების ადმინისტრაციის, სკოლასთან დაკავშირებული სხვა პოზიციების პროფესიულ განვითარებასთან არის დაკავშირებული.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სკოლამდელი დაწესებულების პედაგოგთა გადამზადების კუთხით და ბევრი სხვა მიმართულებაა, რომელიც ცენტრს აბარია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ კუთხით სამინისტროს სისტემაში სხვა რომელიმე ქვედანაყოფს ანალოგიური ფუნქციები არ გააჩნია.
- მეორე საკითხი თქვენი ცენტრის მუშაობის ეფექტიანობას უკავშირდება. საუბარი იმაზეა, რომ 2016 წლის იანვარში გამართული პედაგოგთა საატესტაციო გამოცდების შედეგებით, გამოცდაზე გასული 6 477 პრაქტიკოსი პედაგოგისგან 60%-იანი ბარიერი მხოლოდ 1101-მა გადალახა... ამაზე რა პასუხი გაქვთ?
- ჩვენი ცენტრი არანაირად არ არის დაკავშირებული პედაგოგების გამოცდებთან და მომზადებასთან. ერთი მხრივ, სახელმწიფოს ერთი ქვედანაყოფი ამზადებდეს პედაგოგებს და მეორე ქვედანაყოფი, ამ შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი ამოწმებდეს ამ მომზადებას, ეს ცოტა ანომალიურ პროცესად მიმაჩნია.
ასეთი პროცესი ადრე ხორციელდებოდა და, გასაგებია, ეს მოსაზრება საიდანაც მოდის. მასობრივად პედაგოგების გამოცდებისთვის მომზადება ხდებოდა, ალბათ გახსოვთ ეს პერიოდი, რომელმაც ცენტრს იმიჯი შეუქმნა, რომ რაღაც რეპეტიტორობის ინსტიტუტი უნდა ყოფილიყო.
მაგრამ არამც და არამც გამოცდებისთვის მოსამზადებელი ცენტრი ვერ ვიქნებით, რადგან ეს პროფესიული განვითარების ცენტრია და არა პედაგოგების გამოცდისთვის მომზადების დაწესებულება. თქვენ შეიძლება მომზადება უმაღლესი განათლების დაწესებულებაში გაიაროთ, მიიღოთ აკადემიური ცოდნა; რასაც შემდეგ ცენტრი იყენებს, რათა უკვე აღნიშნულ ბაზისზე სხვა მიმართულებები დააშენოს, ეს ცოდნა განავითაროს, უფრო სხვა დონეზე აიყვანოს, პედაგოგებს ასწავლოს და აუხსნას როგორ შეიძლება ამ ცოდნის უფრო უკეთესად გამოყენება სასწავლო პროცესში და ა.შ.
რეალურად, ეს პროფესიული განვითარების ცენტრია და არა მომზადების, ვიმეორებ, აკადემიური მომზადება უმაღლეს სასწავლებლებში უნდა ხდებოდეს. თუ რაღაც ხარვეზებია ამ მომზადების კუთხით, პედაგოგი უნდა უბრუნდებოდეს უმაღლეს სასწავლებლებს, ამის საშუალება ნამდვილად არსებობს (60 კრედიტიანი კურსია შემოღებული და სხვ.). იქ უნდა ივსებდეს თავის ცოდნას.
ჩვენი ფუნქცია სულ სხვაა, - ამ ცოდნის უფრო აკუმულირება, დაშენება და საგნობრივი უნარების განვითარება.
ცენტრი რეპეტიტორობის ინსტიტუტი ვერ იქნება, კერძოდ, პედაგოგების გამოცდებისთვის მოსამზადებლად. თუ რომელიმე პედაგოგს ეს აკადემიური ბაზისი არ გააჩნია, ვერანაირი ტრენინგები ამ ცოდნის განვითარებას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ მივიჩნევ, რომ ცენტრის ფუნქციების აღქმის თვალსაზრისით მცდარი შეხედულებაადა ჩვენ ამას ვერანაირად ვერ გავიზიარებთ.
ის, რომ პედაგოგთა კორპუსში აკადემიური ცოდნის მხრივ ასეთი მდგომარეობაა, ეს არახალი ამბავია, წლების განმავლობაში მომდინარე პრობლემაა და სხვათა შორის, ახალი სქემა ამ ცოდნის გამოსწორების გარკვეულ გზებსაც ითვალისწინებს.
- პრემია-დანამატების საკითხი თქვენთან როგორ რეგულირდება?
- ჩვენ ცენტრში დანამატები არ გაიცემა. პრემიის რეგულირება ცენტრალიზებულად, სამინისტროს მეშვეობით ხდება და ჩვენი ცენტრიც იმ საერთო წესებს ექვემდებარება, რასაც სამინისტრო განსაზღვრავს.
- ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს რას უკავშირებთ, იგივე ცენტრის მუშაობის ეფექტიანობასთან, ფუნქცია-მოვალეობების აღრევასთან დაკავშირებით?
- საზოგადოების ინტერესი რომ არსებობს, ეს კარგი და ჯანმრთელი პროცესია. ვთვლი, რომ უფრო აქტიური ინტერესიც უნდა იყოს აღნიშნული მიმართულებით. ჩვენ მზადვართ, რომ ყველას ინტერესი დავაკმაყოფილოთ. ცენტრი მაქსიმალურად ღია და ტრანსპარენტული ორგანიზაციაა, დასამალი არაფერი გვაქვს.
უბრალოდ, ვინც საკუთარ თავს ექსპერტს უწოდებს, ოდნავ სერიოზულად უნდა მოეკიდოს იმ საქმიანობას, რითაც დაკავებულია. ელემენტარულად, გარკვეულ დასკვნას რომ აკეთებენ, ანალიზიც სწორად უნდა წარმართონ, რომლის მეშვეობითაც შემდეგში ამ დასკვნას დადებენ.
ეს მათ მიმართ ჩვენი სურვილია და პროცესში თუ რამის გადამოწმება შეკითხვა, დაზუსტება დაჭირდებათ, მზად ვართ ამაში ყველანაირად ხელი შევუწყოთ, სწორი დასკვნების გაკეთებაში დავეხმაროთ.