„არანაირი ინტერესი არ გვაქვს ვინმეს დაჭერის და წვალების... ჩვენი ზარალის ანაზღაურებას ვითხოვთ, შვიდი ოჯახი ვართ და რაც გვეკუთვნის, ის მოგვცენ“
ufleba.ge
ვერეს ხეობაში 7 ოჯახის ქონება მითვისებაზე სასამართლო პროცესი გრძელდება. დაზარალებულთა განცხადებით, თაღლითურმა ჯგუფმა 4800 მეტრი ისე მიითვისა და გაასხვისა, რომ არავინ არაფერი იცოდა. მათივე თქმით, სტიქია რომ არ მომხდარიყო ამის შესახებ ვერაფერს გაიგებდნენ.
„ქრონიკა პლუსი“ ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ლევან ოქროპირიძეს ესაუბრება.
- თაღლითურ ჯგუფთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გრძელდება და დაზარალებულები მას თვალყურს ვადევნებთ. ამ ეტაპზე, მოსამართლის მოქმედება გვაკმაყოფილებს, რაც შეეხება ბრალდებულებს, ისინი საქმეს ძალიან წელავენ. წარმოდგენა არ მაქვს, კიდევ რა აქვთ ჩაფიქრებული. შემიძლია ასი პროცენტით განვაცხადო, რომ სიცრუეა ყველაფერი, რასაც კი ისინი აცხადებენ.
მამაჩემი აქ ვერეს ხეობაში 1960 წლიდან ცხოვრობდა. თავის დროზე, ბებიაჩემი რაიონიდან ჩამოვიდა (სადაც გათხოვილი იყო) და სახლი ააშენა. ამ ადგილას მიტოვებული მიწები იყო. მე 1981 წელს დავიბადე, ხოლო ჩემი ძმა 78-ში.
მანდ კარგა ხანი ვიცხოვრეთ. მერე რაღაც პრობლემები შეგვექმნა და იქიდან ცალ-ცალკე გადმოვედით. შემდეგ მე დავოჯახდი და ისევ დავბრუნდი, სტიქიამდე დაახლოებით ორი წლით ადრე მოხდა ეს ამბავი. ადგილზე ისევ ჩვეულებრივად ვცხოვრობდით.
ბოლოს ისეთი სიტუაცია იყო, რომ სტიქიამდე ერთი თვით ადრე მანდედან ისევ წამოსული ვიყავი. ადგილზე ალკოჰოლზე დამოკიდებული ბიძაჩემი ცხოვრობდა. მოგეხსენებათ, როგორი გაუსაძლისი იქნებოდა ორ ბავშვთან ერთად ასეთ პირობებში ყოფნა.
წამოვედი და ახლა ჩემი ცოლისძმის ნაგირავებ ბინაში ვცხოვრობდი. ეს სტიქია რომ მოხდა, ვაკის გამგეობამ ბინის ქირა, 300 ლარი დამინიშნა. აქვე ქირით, ე.წ. მუხიანის აგარაკებში დავრჩი.
უკვე სტიქიის პერიოდში დახმარება-ანაზღაურების მისაღებად საბუთებზე რომ ვმუშაობდით, ყველაფერი თანდათანობით გამოვლინდა და გაირკვა. ანუ 13-ში სტიქია ხომ მოხდა, „თელასის“ საბუთი მომთხოვეს, მისამართზე გადასახადის ქვითარი ვის სახელზე მოდიოდაო. ჩავედი 15-ში „თელასში“ და საბუთი ავიღე, იმ მონენტში ბებიაჩემის, ჟუჟუნა ოქროპირიძის სახელზე იყო.
მერე გამგეობამ საბუთები მომთხოვა, რომ ბინის ქირის თანხა დაერიცხა. ისევ ჩავედი „თელასში“, ახლა უკვე 17-ში და ამ თაღლითებს საბუთი უკვე გადაკეთებული ჰქონდათ. ეს საქმე ამ ორ ადვოკატს, ასევე ჯავახიშვილსა და გუბელაძეს ჰქონდათ გაკეთებული. ხომ ხვდებით, ორ დღეში რაღაც ისეთი სქემა შეიმუშავეს, რომ თავისი ჭკუით ყველაფერი მოაგვარეს და კომუნალური საბუთებიც უკვე სხვა გვარზე მოდიოდა.
მოკლედ, 15 ივნისს საბუთი ჟუჟუნა ოქროპირიძის სახელზე ავიღე და უკვე 17-ში აღარ მომცეს, - გუბელაძის სახელზეა საბუთები და ოქროპირიძეზე ვეღარ გავცემთო. იმის მერე დაიწო გამოძიება, თუ რა და როგორ მოხდა.
- სანამ გამოძიებაზე გადავალთ, რეგისტრაციის საკითხი როგორ იდგა აღნიშნულ ტერიტორიაზე?
- იცით როგორ არის, ეს სახლები (აღნიშნულ ტერიტორიაზე რომ დგას) რეგისტრირებული არავისზე არ იყო. როგორც მოგახსენეთ, ეს ძალიან დიდი ხნის წინ ააშენეს. უბრალოდ, გადასახადები, გაზი, დენი, წყალი იმ მოსახლეობის სახელზე მოდიოდა, ვინც იქ წლების განმავლობაში რეალურად ცხოვრობდა.
ანუ თვითონ ბინა, სახლი, მიწა, ტერიტორია არავისზე ოფიციალურად რეგისტრირებული არ ყოფილა. რახან დენი გამოყვანილი იყო და ჩვეულებრივად ვსარგებლობდით, შესაბამისად, ეს ბებიაჩემის, ანუ მამაჩემის დედის, ჟუჟუნა ოქროპირიძის სახელზე იყო რეგისტრირებული.
- ეს ვერეს ხეობაში, დაახლოებით, რომელი ტერიტორიაა?
- თამარაშვილი-გმირთა მოედნის დამაკავშირებელ ახალ გზაზე სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი რომ გააკეთეს, გვირაბიდან დაახლოებით ას მეტრშია ჩემი სახლი, იქვე მდინარე ვერეს ნაპირზეა.
- როგორ მოახერხეს აღნიშნული დოკუმენტაციის შეცვლა, რაზეც თქვენ საუბრობთ?
- თავიდანვე აღვნიშნავ, რომ პროკურატურა სწორად მოიქცა და ეს საქმე თავიდან ბოლომდე გამოიძია. ეს ადამიანები 22 დეკემბერს დააპატიმრეს, 28-ში ბრალი წაუყენეს. სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამ მდგომარეობაში ისინი თითქმის 5 თვე იყვნენ.
კმაყოფილი ვარ მოსამართლის ვერდიქტით, როცა ეს ადამიანები პატიმრობიდან გაათავისუფლა. რადგან ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს ვინმეს დაჭერის, ციხეში ჯდომის, წამების და წვალების... ჩვენი ზარალის ანაზღაურებას ვითხოვთ. შვიდი ოჯახი ვართ და რაც გვეკუთვნის, ის მოგვცენ.
არავის ციხეში ჯდომა არ გვინდა და ეს სიამოვნებას არ მოგვანიჭებს. უბრალოდ, ორ ადვოკატს გირაოს სახით 30 ათასი შუფარდეს, ხოლო ჯავახიშვილსა და გუბელაძეს (გამყიდველსა და კეთილსინდისიერ მყიდველს) 15-15 ათასი.
ვეთანხმები მოსამართლეს და კარგია, რომ ისინი გარეთ გამოუშვეს. უბრალოდ, ახლა სათანადო ზომები მიიღონ, გაითვალისწინონ ყველაფერი საქმესთან დაკავშირებით, თუ რა და როგორ არის.
ბოლო სასამართლოზეც პროკურატურამ ამ ჯგუფს ახალი ბრალდებები წაუყენა. მგონია, რომ მოსამართლე ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და სათანადო გამამტყუნებელ გადაწვეტილებას მიიღებს. ასე ვფიქრობ, რადგან მჯერა სასამართლოსი, მთავრობისაც და პროკურატურისაც.
- რა დამატებით ბრალდებაზეა საუბარი?
- სიმართლე გითხრათ, ამას არც ვიმახსოვრებ, ისეთ განცდასა და გასაჭირში ვარ. მარტო მე კი არა, შვიდი ოჯახი ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ორი ბავშვი მყავს, 2 და სამი წლის არიან და საკუთარი ჭრრი არ გამაჩნია.
როგორც ჩანს, მათ მსგავსი თაღლითური სქემა სხვაგანაც ჩადენილი აქვთ და ამაზეც ბრალი წაუყენეს. ამასთან პროკურატურას ჩვენ საქმეზე გააჩნია ვიდეომასალა, სხვა ბევრი რამ, რაც სიმართლეს ადასტურებს. ალბათ, დრო მოვა და ამ ყველაფერს ბოლომდე გამოამჟავნებენ.
- ამ სქემის ამოქმედება როგორ მოახერხეს, ეს დეტალები თუ არის თქვენთვის ცნობილი?
- ჩვენთვის რაც ცნობილია, მცხეთაში ნოტარიუს ლელა ონიანს გააკეთებინეს ყალბი საბუთები და შეცდომაში შეიყვანეს. ბევრთაგან ერთ-ერთ ეს ბრალდება აქვთ წაყენებული. ამაზე უფრო კონკრეტულად ვერაფერს მოგახსენებთ.
მოკლედ, გუბელაძემ გაყიდა ტერიტორიები, მერე გაასხვისეს, ვითომ ჩუქება გააკეთეს, აი ასეთი რაღაცები ჩახლართულად აქვთ გაკეთებული. მაგ საქმეში არაპროფესიონალი ვარ, პროფესიონალები თვითონ არიან და სჯობს თვითონვე განმარტონ ეს ყველაფერი.
- აღნიშნულ პირებს მანამდე ტერიტორიასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ?
- სამ პიროვნებას არანაირი შეხება არ ჰქონია. ერთ-ერთი გუბელაძე მანდ დაახლოებით 70 წლიდან ცხოვრობდა. მისი მამობილი ცხოვრობდა აღნიშნულ ტერიტორიაზე. ცოლი რომ მოიყვანა და იმ ქალს თავისი შვილი მოყვა. 2008-ში სააკაშვილის დროს ზევითა გზა რომ გაჭრეს, მათ ზემოთ სადღაც 300 კვადრატულის სახლი ჰქონდათ. ეს სახლი მთავრობამ დაუნგრია და 180 ათასი დოლარი ამაზე კომპენსაციის სახით გადაუხადეს. აიღო გუბელაძემ ეს კომპენსაცია და იქიდან წავიდა. მერე ეს ამბავი აღარავის მოუკითხავს.
იცით რა მაინტერესებს (ალბათ, ამ კითხვას ჩვენი მხრიდანაც და პროკურატურის მხრიდანაც დასვამენ), - ეს კეთილსინდისიერი მყიდველი ჯავახიშვილი აცხადებს, რომ 2012-ში ეს მიწები ვიყიდე და ჩემთან არავინ მოსულა და არ უთქვამს, რომ ჩემი სახლი იყიდე და რატომ ყიდულობო.
გთხოვთ ხაზი გაუსვათ, რათა მკითხველმა ეს კარგად გაითავისოს. როდესაც მაგ მიწას ყიდულობდნენ ან ეს გუბელაძე რომ ყიდდა, თუ მართლა მისი იყო, რატომ არ მოვიდა ამ ხალხთან და უთხრა, რომ მე ვყიდი ამ მიწებს, ამდენი ხანი აქ ჩემ ტერიტორიზე ცხოვრობდით, თქვენ მოძებნეთ სხვა თავშესაფარი და რაღაც იმოქმედეთო. ხომ უნდა მოსულიყო და აქ ერთი ოჯახი მაინც გაეფრთხილებინა?
ან თუნდაც ეს ქალბატონი, ვინც ვითომდა კეთილსინდისიერი მყიდველის როლში გამოდის, ხომ უნდა მოსულიყო და ეთქვა, რომ მე ეს სახლ-კარი უნდა ვიყიდო და რა ხდება აქ, ვისია, რატომ ცხოვრობთ და როგორ ცხოვრობთ ამ ტერიტიარიაზეო.
პიროვნება მანქანას რომ ყიდულობს, დეტალურად იკვლევს მეპატრონეს, ვისი იყო, ახლა ვისია, რამე ჯარიმები ხომ არ აქვს და ა.შ. ხომ ასეა, ამაში ხომ მეთანხმებით. ჰოდა, ჩვენთან არავინ მოსულა და არავის არ გავუფრთხილებივართ.
ახლა იძახიან, რომ ვითომ ჩვენ გუბელაძის ბინაში ვცხოვრობდით. ქირით როგორ ვხოვრობდით, როცა 60 წლიდან დღემდე, სტიქიამდე არც რამე ქირა მოუთხოვიათ და არც გადასახადი? ერთადერთი, როგორც მოგახსენეთ დენის კომუნალურ გადასახადს ვიხდიდით. თუ ქირით ვცხოვრობდით, სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ რატომ არ შეგვქონდა? ესეც ხომ კიდევ ერთი ფაქტორია?
უბრალოდ, გამოძიებამ ეს კარგად უნდა გამოიკვლიოს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოსამართლე ჩვენ საქმეზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
- ზარალის ანაზღაურების საკითხი სადამდე არის მისული?
- სექტემბრამდე ქირას დაგირიცხავთ და იქამდე ეს საქმე უნდა მორჩესო. თუ ამ ოთხ პიროვნებას გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ, მაშინ რაც გვეკუთნის, იმ საფასურს გადაგვიხდიან. შეიძლება ბინით უზრუნველგვყონ, შეიძლება სათანადო კომპენსაცია მოგვენ. მგონი, ეს უკვე მთავრობის გადასაწყვეტია.
არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს ეს კომპენსაცია სად და რა ფორმით იქნება. ადგილზე დღეს ჩემი სახლი საერთოდ აღარ დგას. ამ ტერიტორიაზე ერთადერთი გელაშვილის სახლი დგას, რომლის ნათესავებიც ვართ. მისი სახლი დანგრეული არ არის, მაგრამ წყალი შესულია და საცხოვრებლად უვარგისია. ამ ტერიტორიაზე სახლის აშენება და ცხოვრებაც უკვე დაუშვებელია.
- თქვენი წინადადება მაინც როგორია ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით?
- ჩემი აზრით, ეს მაინც ფულადი კომპენსაციის სახით უნდა მოხდეს, რადგან მანდ დავიბადე გავიზარდე და ა.შ. ახლა მათ ფონიჭალაში ან უფრო შორს ბინით რომ უზრუნველმყონ, ეს ნამდვილად არ მაწყობს. რაც იქნება, იქნება, მთავარია ჭერი იყოს და ბავშვები ქუჩაში არ დამრჩეს.
სიმართლე გითხრათ ამ საკითხზე ბევრი არც მიფიქრია, რადგან ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. ახლა კომპენსაცია მომცენ და არჩევანში შევიდე, ესეც ზედმეტობა გამოდის. მოკლედ, ჯერ ეს თაღლითობის საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს და მერე ჩვენი ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს.