მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზაზა მეხრიშვილი: ხაშურში ყველა მაღალი თანამდებობის პირი საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს და ხალხი არავის ანაღვლებს - 14 ივნისი 2017

„იქნებ თქვენი გაზეთის საშუალებით მაინც მივაწვდინოთ ხელისუფლებას ხმა, რომ ჩვენთან მაფიოზური კლანების ბოგინი შეაჩერონ“

ufleba.ge

საქართველოს დედაქალაქი და რეგიონები ხშირად მაინც განსხვავებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოფით სულდგმულობენ. ნათესაურ-კლანური მმართველობა, ნეპოტიზმი, კორუფცია და მისთანები რაიონებში უფრო ცხადად არის გამოხატული და ბოლო ხმაზე ყვირის. რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით არც ხაშურის რაიონი არის გამონაკლისი. 

არსებულ პრობლემებზე „ქრონიკა პლუსის“ რესპონდენტი არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებლობა და ევროინტეგრაციის“ წარმომადგენელი ხაშურში, სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილია.

- ხაშურთან დაკავშირებით, თქვენი გაზეთის მეშვეობით არაერთხელ მისაუბრია, მაგრამ რად გინდა? აქ ხომ ე.წ. ბრმა-ყრუობაა გაჩაღებული, იმდენად ძლიერი მაფიოზური კლანია, რომ ხელისუფლება უძლურია ეს ყველაფერი გააკონტროლოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ხაშურს ნორმალური ხელისუფლება ეღირსოს. 

ხალხს იმედი ქონდა, სიმონ ნოზაძე დეპუტატი გახდებოდა და ჩვენს ქალაქში რაიმე შეიცვლებოდა, კანონი ყველასთვის იკანონებდა და ყველაფერი თანდათანობით მოწესრიგდებოდა. თუმცა მათი მოლოდინი ამაო გამოდგა. ბატონი დეპუტატი მარტო საკუთარი პიარითაა დაკავებული, რაც ხალხს წინასაარჩევნოდ შეპირდა, მხოლოდ დაპირებად დარჩა. 

ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროექტები (რომლებიც ჯერ კიდევ წინა წელს იყო დაგეგმილი) დეპუტატმა მიითვისა და თავის ინიციატივად ასაღებს. ამასწინათ, 2 დეპუტატი ჩამოიყვანა, სტადიონზე გაატარა, ფოტოები გადაიღო, გამოაქვეყნა და ხალხი „დააბოლა“, რომ სტადიონს მალე გააკეთებს. 

5 წელია ასე აბოლებენ ხალხს ხელისუფლების წარმომადგენლები ხაშურში. მათ ხომ ფოტოების გადაღებასა და პიარის გაკეთებაში ბადალი არ ყავთ. აქ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს ყველა მაღალი თანამდებობის პირი და ხალხი არავის ანაღვლებს. 

გამგებელს იმდენად დიდი გავლენა აქვს „ააიპებზე“ (არასამეწარმეო იურიდიულ პირები), საკრებულოზე და ყველა სტრუქტურაზე, რომ რასაც უნდა იმას აკეთებს. „ააიპებში“ უსაქმურების ბუდეა, არც კი დადიან სამსახურებში, ისე იღებენ ხელფასს. არარსებული საწყობის გამგეებიც კი ჰყავთ. 

აგრეთვე, იმდენად ღრმად მოხუცებული ხალხი ჰყავთ სამსახურებში (ჩემი მათ მიმართ პატივისცემის მიუხედავად), რომ ვეღარ დადიან სამსახურებში ავადმყოფობის თუ სხვა გარემოებების გამო და პატრონი არავინააი. იცით რატომ არ უშვებენ? იმიტომ, რომ გამგებლის  ნათესავია ან მისი მეგობრის მამა. ასე ინახავენ ამ ხალხს. 

ასევე გამგებლის მეგობრებითაა სავსე „ააიპები“, პარტიული ნიშნით დასაქმებულ ხალხს რომ თავი დავანებოთ. ფაქტობრივად, „ააიპებში“ დასაქმებული ხალხის 30% სამსახურში  გასართობად დადის და 500ლარს კი იღებს.

ჩემი ბევრი მცდელობის მიუხედავად, ასეთ საკითხებს ყურადღებას არავინ აქცევს. გამგეობის თანამშრომლები გამგებლისგან იმდენად გათავხედებული არიან, რომ კრიტიკის გამო მოქალაქეებზეც კი იწევენ.  ასეთი შემთხვევები ბევრია, გასაჯაროვდა კიდეც, მაგრამ რად გინდათ, როგორც ყოველთვის მოქალაქეები დაადანაშაულეს. 

რაღა შორს წავიდე, მე პირადად შემემთხვა ასეთი რამ.  კერძოდ, სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის პოსტი დავწერე: 

- ხაშურში  ადგილობრივ ხელისუფლებას, კერძოდ კი, ქონების მართვის სამსახურს საკუთარი ბოსტანი გონია ხაშურის ქონება. ეს პიროვნებები როგორც უნდათ, ისე ექცევიან სახელმწიფო ქონებას. უამრავი ხალხი მიდის მიწებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ბიზნესი დაიწყონ, არის უამრავი შეთავაზებებები, მაგრამ ეს ხალხი ყველაფერს ისე აკეთებს, რომ ხალხი ბიზნესს ვერ იწყებს. 

იმის მაგივრად, რომ ქონების მართვის წარმომადგენლებმა თვითონ შეთავაზონ გარკვეული მიწები ბიზნესმენებს, ტექნიკურად უარით ისტუმრებენ ან ისეთ განცხადებას დააწერინებენ, რომ მერე უარს მიიღებენ. ასე იკარგება უამრავი ინვესტიცია ხაშურში. 

ზუსტად ვიცი, რომ რეგიონალური ქონების მართვის წარმომადგენლები და ხაშურის ქონების მართვა შეკრულები არიან. ეს ხალხი წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა თანამდებობაზე, პოლიტიკაში არ ერეოდენ, თუმცა ერთმანეთთან გადახლართულები არიან და მიწებს მხოლოდ საახლობლო-მეგობრებზე და ეგრეთ წოდებულ ბიზნესმენ მამაოებზე ასხვისებენ, რომლებსაც წილებში უჯდებიან. ამოიღეთ მათ მიერ წინა წლების გასხვისებული მიწები და კავშირებს ახლაც იპოვით. 

ამიტომ სასწრაფო წესით გასაწმენდია ქონების მართვის რეგიონული სამსახურები ასეთი თანამშრომლებისგან. ეს ხალხი ბიზნესის განვითარებას და ხალხის დასაქმებას უშლის ხელს, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. 

დეპუტატ სიმონ ნოზაძეს კი ვთხოვთ ხაშურის მოსახლეობას შუამდგომლობა გაუწიოს შესაბამის ორგანოებთან, სტრუქტურებიდან ასეთი საჯარო მოხელეების გასაწმენდად. 

აი ამ პოსტის  გამოქვეყნების მერე გამგეობაში ჩემ საქმეზე ვიმყოფებოდი. კიბესთან ეკონომიკური სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი დამხვდა, მთხოვა, რომ კაბინეტში გავყოლოდი, საქმე ჰქონდა. მან კაბინეტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და ხელი მკრა. ამ დროს  მე გაოგნებული ვიდექი და მხოლოდ  ხმამაღალი სიტყვებით ვცდილობდი შემეჩერებინა. 

ხმაურზე მისი თანამშრომლები შემოვარდენ და ხელები გადამიგრიხეს. მერე გამიყვანეს გამგეობის უკან და ქურდულად საქმის გარჩევა დამიწყეს. ამ ყველაფრის მერე გამგებელს მივმართე განცხადებით ამ ფაქტის  შესახებ და მოვთხოვე უღირსი თანამშრომლების მიმართ ზომები მიეღო. 

განცხადების პასუხი 50 დღეში მივიღე, სადაც წერია, რომ აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. პროვოკატორი იქით გამხადეს ამ თავგასული ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 

აი ასეთი „ბრმა-ყრუობაა“ ხაშურში. გამგებლის მხრიდან დაუსჯელობით „გაგულავებული“ ხალხი რასაც უნდა იმას აკეთებს. თუმცა არც მიკვირს. შარშან, როდესაც თვითონ გამგებელი დამემუქრა ტელეფონით, რომ მანქანით გადამივლიდა (და თან უშვერი სიტყვებით მლანძღავდა), პოლიციამ ეს საქმე თაროზე შემოდო და არაფერს ამბობს. რაც გამგებელია, ისეთივე  ბანდა ყავს შეკრებილი. 

ასევე ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებს მინდა შევეხო, ხაშურში მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით. 22 ჰექტარი გამგებელსა და მის ბანდას უნდათ ხელში ჩაიგდონ. მიწის ინტერესი პირადად გამგებელს და სერგო ლალიაშვილს აქვთ თაღლით კომპანიასთან ერთად. ისინი ხმებს უკვე გორშიც ავრცელებენ, რომ უკვე შეისყიდეს ხაშურის 22 ჰექტარი მიწა. 

მივმართავ საკრებულოს წევრებს, არავითარ შემთხვევაში არ დაუჭიროთ მხარი ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ხაშურს დააზარალებს. თუ კომპანია და აღნიშნული პირები დადებენ ისეთ პროექტს, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის, აუქციონი  აუცილებლად უნდა გამოცხადდეს ისეთი პირობებით, რომელიც ხაშურის განვითარებას ხელს შეუწყობს. სხვისი ჯიბის გასასქელებლად ნუ მიიღებთ მცდარ გადაწყვეტილებას. 

დღეს ამ ტერიტორიას მოსახლეობა საძოვრად იყენებს, სადაც 200 ოჯახი ამით ჭამს პურს. ნუ ვიზამთ ისე, რომ ამ 200 ოჯახს ლუკმა-პური წავართვათ და ვიღაცის ხელში აღმოჩნდეს ეს მიწის ნაკვეთი. ისე რომ, ისინი კიდეცვ უფრო გამდიდრდენ და ხალხი მშიერი დარჩეს.

ხაშურში არის ისეთი ფაქტებიც, სადაც რამაზ ნოზაძემ გამგეობის თანამშრომლები დანაშაულში ამხილა, მაგრამ ყველაფერი რეაგირების გარეშე დარჩა.

ხაშურის გამგებლის, გიორგი გურასპაშვილის „სანოტარო ბიუროს“ (იგივე საკრებულო) უმრავლესობის წევრებმა არც კი მოისმინეს ის ბრალდებები, რაც რამაზ ნოზაძემ გამგებელს ტენდერთან დაკავშირებით წაუყენა; ტენდერი გაფორმებულია 2014 წლის 3 ივნისს (ხელშეკრულება #82, 68090.01 ლარი)და ეს თანხა გადარიცხულია შეუსრულებელ სამუშაოზე. 

გამგეობის წარმომადგენლებს შევთავაზე შეეტანათ საჩივარი ჩემ წინააღმდეგ, ცილისწამების მუხლით და საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინათ. რაზეც გამგებლის მოადგილემ, ჩხიტუნიძემ შემომთავაზა გაზეთში დამეწერა ეს წერილი, - ჩვენ რა ვიცით, რომ გიჩივლოთ და შემდეგ უარი თქვა არ მითქვამსო?(მაგარი არგუმენტია). 

ბატონი რამაზი ამბობს, რომ ეს მიღება-ჩაბარების აქტი არის გაყალბებული, რადგან აღნიშნული სამუშაოები უკვე შესრულებული იყო. რაც დასტურდება 2014 წლის 12 ნოემბრის აქტით (ცხრილი #4), - შეგიძლიათ თავისუფლად შეიტანოთ სარჩელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლი, რომ ეთანხმებით ჩემ ბრალდებებს, აყალბებთ სატენდერო დოკუმენტებს, -  ამბობს რამაზ ნოზაძე.

ამ ყველაფერზე ხელისუფლების მიერ რეაგირება ნულის ტოლია. აღარ ვიცით სად ვეძებოთ სამართალი ხაშურის მოსახლეობამ. იქნებ თქვენი გაზეთის საშუალებით მაინც მივაწვდინოთ ხელისუფლებას ხმა, რომ ჩვენთან მაფიოზური კლანების ბოგინი შეაჩერონ.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია