„თბილისის მერიაში სუსის პირდაპირი მმართველობა არის დამყარებული, დღეს ნარმანიას არავინ არაფერს ეკითხება, თუმცა მას არც აქმადე ეკითხებოდნენ რამეს“
ufleba.ge
თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ დედაქალაქის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს, რომელის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს, მხარი არ დაუჭირა. მათი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საარჩევნოდ საკუთარ თავზე მოირგო და ამ ცვლილებებით ამომრჩევლების გულის მოგებას ცდილობს.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განმარტებით, 200 გვერდიანი დოკუმენტი შევიდა საკრებულოში და მეორე დღეს უკვე განხილვა დაიწყო, რაც არასერიოზულია.
„წინასაარჩევნოდ ხდება ეს ცვლილებები და წინასაარჩევნოდ ხალხის გულის მოგება უნდათ, ამაზე თავიდანვე ეზრუნათ. ამცირებენ გამწვანების სამსახურის ბიუჯეტს 5 მილიონ 700 ათასით თან თანხას ინვენტარიზაციას აკლებენ. ეს ძალიან აღმაშფოთებელი და სამარცხვინოა. სადღეგრძელოებს ვისმენდი, ვერ გავიგე და არგუმენტები ვერ მოვისმინე“, - განაცხადა ელისაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მარიკა დათუკიშვილის თქმით კი, ეს ბიუჯეტი არ არის ის ბიუჯეტი, რომელიც თბილისელების ინტერესებს მოემსახურება.
„ეს ბიუჯეტი საარჩევნოდ მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ტანზე მორგებულია და ძალიან ბუნდოვნად გაწერილია. მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფულადი რესურსი წინასაარჩევნოდ გამოიყენოს, რომელიც საბიუჯეტოა და მხოლოდ მათ არ ეკუთვნით. ამ თანხების გაცემა უკონტროლოა. ამ ცვლილებებით კომუნალური სუბსიდირება მილიონ ლარზე მეტით შემცირდა“, - აღნიშნა დათუკიშვილმა.
საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის მამუკა ახვლედიანის შეფასებით, ბიუჯეტის მიღებაზე და მის შესრულებაზე, როგორც პოლიტიკურად, ისევე საქმიანობის თვალსაზრისით პასუხისმგებელი უმრავლესობაა.
„ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ, იმიტომ, რომ ჩვენ მაინც ღრმა ეჭვები გვაქვს იმისა, რომ ბიუჯეტი წინასაარჩევნო პერიოდსაა მორგებული. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და დამკვირვებელი, რომელიც არჩევნებს აკვირდება მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, რომ საბიუჯეტო ცვლილებები არჩევნებამდე ასე ახლოს არ განახორციელოს. თბილისის მერიას თუ ბიუჯეტში რამე ცვლილების შეტანა უნდოდა აქამდე უნდა ეზრუნა“, - განაცხადა ახვლედიანმა.
ამ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„ქრონიკა პლუსი“ დედაქალაქის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მარიკა დათუკიშვილს ესაუბრება.
- ქალბატონო მარიკა, მთლიანობაში როგორ აფასებთ თბილისის ბიუჯეტში განხორციელებულ ბოლო ცვლილებებს?
- რასაკვირველია, ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ, რადგან ეს თბილისელების ინტერსებზე მორგებული არ არის. რეალურად, ეს საარჩევნოდ გამწესებული დოკუმენტია, ოღონდ ეს ბიუჯეტი დასაბამიდანვე არჩევნებზე გათვლილი იყო, რომელიც საკრებულოში ჯერ კიდევ დეკემბერში შემოიტანეს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრი შენიშვნა გვქონდა და აქედან არაფერი არ გაუთვალისწინებიათ. ამიტომ თავდაპირველ ვარიანტსაც მაშინ მხარი არ დავუჭირეთ. შემდგომ წლის განმავლობაში (ეს აგერ ივლისამდე მოხდა) ბიუჯეტში ოთხი ცვლილება განხორციელდა და ოთხივეჯერ ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ პარტია „ქართული ოცნების“ მადას იყო მორგებული.
მაგრამ ეს ბოლო ცვლილება რაც მოხდა, ეს უკვე განსაკუთრებული შემთხვევაა. ამ ბიუჯეტმა ჩვენ გვითხრა, რომ თბილისის მერია ხელშეკრულებით კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანით მეტს ასაქმებს და ეს ხდება როგორც დედაქალაქის მერიაში, ასევე გამგეობებსა და საკრებულოში.
არჩევნები კენჭისყრის დღეს კი არ ყალბდება, მისი გაყალბება ბევრად უფრო ადრე დაიწყეს და დღეს უკვე (როცა არჩევნებამდე სამი თვე არის დარჩენილი), რამდენიმე ასეულ ადამიანს ვადიანი მერიაში ხელშეკრულებით ნიშნავენ. ეს კი ამომრჩევლის მოსყიდვას ნიშნავს, რომ მათ ამ თვეების განმავლობაში ხელფასი ჰქონდეთ და „ქართულმა ოცნებამ“ ის ხმები მიიღოს, რომლის მიცემასაც თბილისისა და, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობა მათთვის არ აპირებს.
აქედან გამომდინარე, მათ ერთადერთი გზა დარჩენიათ, რომ მოისყიდონ ამომრჩეველი და ამისთვის ყველანაირ საშუალებას მიმართავენ.
- მმართველ პარტიას არჩევნებისთვის რა პრობლემები აქვს, რატომ დგამენ ასეთი ტიპის ნაბიჯებს?
- „ქართულ ოცნებას“ რომ საარჩევნოდ პრობლემები აქვს, ეს აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენდიაი) ბოლო სოციოლოგიური კვლევების შედეგებმაც ცხადყო, რადგან ასეთი ვარდნა არცერთ სახელისუფლებო პარტიას არასოდეს არ ჰქონია. არადა, ბოლო არჩევნებიდან სულ რაღაც ერთი წელიწადიც არ არის გასული.
რასაკვირველია, პრობლემები აქვთ, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე თვითმმართველობის მიმართულებით ყოვლად წარუმატებელია. დღეს პარტიას ყველა მიმართულებით პრობლემები აქვს, აბსოლუტურად არცერთი სეგმენტი ისე დალაგებული და აწყობილი არ არის, რომ გამართულად მოქმედებდეს.
შესაბამისად, მათ ხალხის განწყობებიც იციან, და, ეს მიუხედავად იმისა, რომ კომფორტული მანქანებიდან და ფეშენებლური კაბინეტებიდან გარეთ არ გამოდიან. ალბათ, ტელევიზიებს მაინც უყურებენ და ხალხის რეალურ განწყობას გრძნობენ.
იმის განცდა და იმედი არ აქვთ, რომ ქართული საზოგადოება მათ მხარს დაუჭერს. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა დარჩენიათ, სუსის პურდაპირი ჩარევები, რომელიც ყოველდღიურად ცხადად იკვეთება. ფაქტობრივად, თბილისის მერიაში სუსის პირდაპირი მმართველობა არის დამყარებული. დღეს ნარმანიას არავინ არაფერს ეკითხება, თუმცა მას არც აქმადე ეკითხებოდნენ რამეს.
ამ ყველაფრის შედეგად სახეზე გვაქვს ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, სუსის პირდაპირი ჩართულობა ამ პროცესებში და ა.შ. ეს ის გზაა, რომელიც მათ დარჩათ.
- როგორ ფიქრობთ, ეს ბოლო საბიუჯეტო ცვლილებები მათთვის რამდენად შედეგის მომტანი იქნება?
- არ მგონია, ქართული საზოგადოება ისეთი უგუნური იყოს, რომ მათ კიდევ მიეცეთ შანსი დარჩნენ ხელისუფლებაში. მე მაქვს დიდი იმედი, რომ განსაკუთრებით თბილისში საზოგადოება ბოლომდე გამოფხიზლდება. დედაქალაქმა მიიღო დიდი შეურაცხყოფა, როდესაც მას მერად ბიძინა ივანიშვილის რჩეული ნარმანია დაუნიშნეს. და ვფიქრობ, რომ თბილისი ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებს, დედაქალაქის მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერს.
ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არაჩვეულებრივი კანდიდატი გვყავს და მე მჯერა, რომ თბილისის მოსახლეობა ზალიკო უდუმაშვილს მხარს დაუჭერს.
- თქვენ განაცხადეთ, რომ ამ ცვლილებებით კომუნალური სუბსიდირება მილიონ ლარზე მეტით შემცირდა, ეს რა შედეგებს გამოიწვევს?
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კომუნალური სუბსიდირება რამდენიმე მილიონი ლარით შემცირდა. დღეს უკვე, რადგან ზამთრის პერიოდი არ არის, ეს პროცესი აქტუალურად არ აისახება სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებზე (ისინი დღეს ამ შემცირებას ვერ იგრძნობენ). და სანამ ამ ყველაფერს იგრძნობენ, მანამდე არჩევნებიც გადაგორებული ექნებათ.
შესაბამისად, მილიონ 90 ათასი ლარით შეამცირეს კომუნალური სუბსიდირება. ოღონდ, ერთმანეთში იმდენად კოორდინაციაც არ აქვთ, რომ ბიუჯეტის პროექტში წერია, - სუბსიდირება შემცირდა იმიტომ, რომ ბენეფიციართა რაოდენობამ მოიკლოო.
ყოვლად შეუძლებელია ბენეფიციართა რაოდენობას მოეკლო. თუ ჩვენ თბილისის ქუჩებში გავალთ, ოჯახებში შევიხედავთ, მივხვდებით, რომ ადამიანები დღეს ბევრად უარესად ცხოვრობენ, ვიდრე წლების წინ ცხოვრობდნენ.
„ქართულმა ოცნებამ“ იმდენად გააღარიბა საქართველოს მოსახლეობა, რომ ამ ფონზე შეჭირვებულ ბენეფიციართა რაოდენობის კლება უბრალოდ შეუძლებელია. ასე ხელოვნურად მოუმატეს ქულები ადამიანებს და, შესაბამისად, სოციალურად დაუცველთა სიიდან ამოიყვანეს ის ადამიანები, ვინც დღეს რეალურად სოციალურად შეჭირვებულები არიან.
აი ასეთი რამეები წერია ბიუჯეტის პროექტში. მაგრამ საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ბრძანებს, - ამ მუხლში თანხა მილიონ 90 ათასით იმიტომ შემცირდა, რომ ჩვენ მათ ისე კი არ ვაძლევთ, მხოლოდ რეალური მოხმარების შემდეგ ხდება ანგარიშწორება და, შესაბამისად, ეკონომია დარჩაო.
არ ვიცი, ამ შემთხვევაში ჯაბა სამუშია ცრუობს თუ ბიუჯეტის პროექტი, რადგან ეს მათ ერთმანეთში უნდა გაარკვიონ. მაგრამ ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ტყუილებით უკვე ყველას თავი მოგვაბეზრა.
- გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ამცირებენ გამწვანების სამსახურის ბიუჯეტს 5 მილიონ 700 ათასით თან თანხას ინვენტარიზაციას აკლებენ, ამის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- რამდენიმე თვის წინ დაინიშნა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი. მე გახლდით საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის წევრი და როდესაც ამ მიმართულებით კითხვა დავუსვით, თუ რას ფიქრობენ ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ეს თბილისის ეკოლოგიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა; დღეისთვის ამაზე ბიუჯეტში ჩადებულია მილიონი ლარი, რაც ნამდვილად საკმარისი არ არის, მაგრამ ჩვენ შვეიცარიულ ფონდთან მოლაპარაკება გვაქვს და თანადაფინანსებით უახლოეს თვეებში ეს პროექტი დაიწყებაო.
ამ დაპირების პარალელურად, ჩვენ ახლა დავინახეთ, რომ ბიუჯეტიდან ის მინიმალური თანხაც კი (რაც ჩადებული იყო) ამოიღეს. ანუ გამწვანების სამსახურის უფროსს რომ კითხვა დავუსვით, - ახლა აღარ არის ეს ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? მას ამასთან დაკავშირებით პასუხი არ ჰქონდა.
ჩვენ ასევე გვახსოვს სამი წლის წინ მილიონი ხის დაპირებით მოსული ნარმანია და ამგვარი დანაპირებების პარალელურად, 5 მილიონ 700 ათასი ლარით ამცირებენ გამწვანების ბიუჯეტს. როცა დღეს თბილისი ეკოლოგიურად კატასტროფულ მდგომარეობაშია. ხეების მაგივრად კი ნარმანიამ ჯოხები დაგვირგო, რომელიც ისედაც გახმა.
მაგრამ რადგანაც ისინი ხეებით არჩევნებს ვერ მოიგებენ, ამიტომ ერჩივნათ, რომ ეს ფული სხვა, მათთვის უფრო საჭირო მიმართულებით გადაემისამართებინათ.
ამ ფონზე, ასევე მერიის სარეზერვო ფონდს (რომლითაც თავის დროზე მეგობარი პროკურრის შვილის პარიზში ცხოვრების ხარჯები დაუფინანსდა) კვლავ 243 ათას 500 ლარი დაემატა. ეს იმისთვის, რომ ნარმანიას კიდევ უფრო ხელ-ფეხი გახსნილი ჰქონდეს მეგობრების შვილების დასაფინანსებლდად, ეს განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით.
და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ბიუჯეტის პროექტში წერია, რომ საჯარო მოხელის შესახებ კანონთან შესაბამისობაში მოყვანისას, მერიის საშტატო რიცხოვნობა 512 ერთეულით შემცირდა. 512 საშტატო ერთეულით შემცირება, დაახლოებით (ყველა ზე ცოტას გეუბნებით) 5 მილიონის გამოთავისუფლებას ნიშნავს. მაგრამ შრომის ანაზღაურება აბსოლუტურად არ შემცირებულა. შრომის ანაზღაურებაში ზუსტად იგივე თანხები დარჩა, რაც 512 თორმეტი ადამიანის დამატებით მუშაობაშის შემთხვევაშიც იყო.
ანუ ეს ნიშნავს, რომ სულაც არ აპირებენ ამ თანხების შემცირებას, რადგან პრემიები, ხელფასები, დანამატები აგონიაში მყოფებს უფრო მეტად სჭირდებათ. დღეს კაცმა არ იცის, ვინ წავა, ვინ დარჩება და, საერთოდ, რა მოხდება ამ არჩევნებზე. მათ გამარჯვების იმედი არ აქვთ და, შესაბამისად, არჩევნების დასრულებამდე ამ თანხას პრემია-დანამატებით აითვისებენ.
- საერთაშორისო ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთავრობას რეკომენდაციას აძლევენ, რომ საბიუჯეტო ცვლილებები არჩევნებამდე ასე ახლოს არ განახორციელოს, ამას რატომ არ ითვალისწინებენ?
- ყველამ იცის და თქვენც მოგეხსენებათ, საერთაშორისი ორგანიზაციები და საქართველოში მოქმედი არასამთავრობოები მუდმივად ყველა ხელისუფლებას მიუთითებენ, რომ არჩევნებამდე სამი თვით ადრე ასეთი რყევები და 20 მილიონის გადათამაშება ბიუჯეტში არ შეიძლება. თან ისეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში შემოსული ბიუჯეტი, როდესაც ერთ დღეს შემოიტანეს, მეორე დღეს განხილვებზე დააყენეს და მიიღეს კიდევაც.
ფაქტობრივად, საკრებულოს წევრებს დრო არ გვქონდა, რომ ამ ბიუჯეტს ხარისხიანად გავცნობოდით. ეს „ქართული ოცნების“ ხელწერაა, როდესაც მუდმივად ცდილობენ ასეთი ფაციფუცით შემოიტანონ და ჩვენ დრო არ დაგვიტოვონ. თუმცა ამის ფუფუნება მათ ნამდვილად არ აქვთ, ჩვენ მაინც ვახერხებთ ყველა საკითხის განხილვას.
ზუსტადაც, მათ არ აწყობთ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები გაითვალისწინონ, რადგან სხვა შემთხვევაში ამ ბიუჯეტს ტანზე ვერ მოირგებდნენ, თუ ამ ყველაფერს, იმ ნორმებს დაიცავდნენ, რომელიც მსოფლიოს ცივილიზებულ ხელისუფლებებს აქვთ.