„სამხედრო წვრთნებით ნატო ცდილობს, რომ სამხრეთ კავკასიაში პოზიციები გაიძლიეროს, ყოველ შემთხვევაში ეს პოზიციები არ დაკარგოს მაინც“
ufleba.ge
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ გაიხსნა. ცერემონიას ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობას საქართველო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას.
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NღF) საწვრთვნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NღF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკვე მესამე წელია საქართველო ამ მნიშვნელოვანი, ერთობლივი სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ ჩატარების ადგილია და ამ უმნიშვნელოვანეს ერთობლივ სწავლებას უკვე გააჩნია თავისი ტრადიცია.
„მე ვერ აღვწერდი უფრო სწორად ჩვენ ერთობლივ წვრთნას, ვიდრე ეს სახელი - „ღირსეული პარტნიორი“, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები ვართ და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გლობალური სტაბილურობის დროშა.
მივესალმები სწავლებაში მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენელს. განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ამერიკელ თანამებრძოლებს, რომლებთან ერთადაც ქართველი ჯარისკაცები იცავენ სტაბილურობას ავღანეთში.
მეგობრებო, თქვენი თანამებრძოლები თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სწირავენ უმთავრეს მიზანს - ჩვენი საზოგადოებების დაცულობას, ჩვენი საზღვრების შეულახაობას, ჩვენს სიმშვიდეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართველი ხალხისა და სწავლებაში მონაწილე ქვეყნების მოსახლეობის სახელით მადლობა გადაუხადა თითოეულ ჯარისკაცს ამ სამსახურისთვის.
„დარწმუნებული ვარ, სწავლების განმავლობაში თქვენ ბევრ საინტერესო გამოცდილებას და მეგობარს შეიძენთ. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იწყება და ვითარდება ადამიანებს შორის მეგობრობითა და პატივისცემით.
გისურვებთ წარმატებულ სწავლებას, ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ღმერთი ფარავდეს ქვეყნებს, საიდანაც თქვენ წამოხვედით და სადაც თქვენ მიდიხართ!“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი „ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ცერემონიაში პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, თავდაცვის მინისტრთან, გენერალური შტაბის უფროსთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ფართომასშტაბიანია სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.
ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალი“ მთავარ რედაქტორს, სამხედრო მიმომხილველ ირაკლი ალადაშვილის ესაუბრება:
- ბატონო ირაკლი, რა დატვირთვა აქვს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას ჩვენი ქვეყნისთვის და სხვა მონაწილეებისთვის?
- ეს მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში 2015 წლიდან უკვე მესამედ იმართება. ჩანს ტენდენცია, რომ მასში მონაწილეთა რიცხვი იზრდება. ახლა უკვე მასში რვა სახელმწიფო მონაწილეობს, მათ შორის 5 ნატოს წევრი და სამი პარტნიორი ქვეყანა, 2800-მდე ადამიანი.
ასევე მონაწილე სამხედრო და სხვა დამხმარე ტექნიკის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. არამარტო რიცხოვნობა, სახეობებიც მომატებულია. თუ თავიდან მხოლოდ „ბრედლის“ ტიპის ქვეითმა საბრძოლო მანქანამ მიიღო მონაწილეობა, გასულ წელს მას ძირითადი საბრძოლო ტანკი „აბრამსი“, ხოლო წელს უკვე ამერიკელების მხრიდან ჯავშანტრანსპორტიორი „სტრაიკერი“ დაემატა. წელს გერმანელები მონაწილეობენ თავისი ჟავშანმანქანა „ბოქსერით“, ესეც პირველად იქნება წარმოდგენილი.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წელს ამაში პირველად ჩვენი მეზობელი სომხეთი ჩაერთო, როგორც ნატოს პარტნიორი ქვეყანა. ასევე ვიცით, რომ სომხეთი ე.წ. „ოდეკაბეს“, ანუ კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების წევრი და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ძირითადი სამხედრო პარტნიორია.
ეს ყველაფერი სწავლებას ძალიან საინტერესოს ხდის, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.
სწავლების ძირითადი მიზანია, რომ სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო და ლოჯისტიკურმა დანაყოფებმა ურთიერთშეთანხმებულად იმოქმედონ, როგორც თავდაცვით ბრძოლებში, ასევე შეტევით ოპერაციებში.
- წვრთნების მასშტაბების ზრდა რაზე მიუთითებს?
- მიუთითებს, რომ ეს სწავლება შედგა, მას პერსპექტივა გაუჩნდა და მონაწილე მხარეებისთვის საინტერესოა. ანუ საინტერესოა არამარტო საქართველოსთვის, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც. მათ შორის, უპირველესად, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. რეგიონში კი სიტუაცია დაძაბულია და კიდევ უფრო იძაბება.
2008 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი იყო, რუსეთისა და ნატოს, რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობა, სხვათაშორის, ცუდი არ იყო. ძალიანაც ნორმალურად ჰქონდათ მაშინ ეს ურთიერთობები. ხოლო დღეს, ყურადღება მივაქციოთ რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლისთავზე, თვითონ რუსეთ-ნატოს და რუსეთ-აშშ-ს შორის დაძაბულობა უკვე საკმაოდ გაზრდილია.
გასაგებია, რომ თავის დროზე ნატოს ჩაეძინა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, როდესაც რუსეთმა თავისი აქტიური მოქმედებები დაიწყო ჯერ ჩეჩნეთის მეორე ომის სახით, შემდეგ უკვე 2008-ში, საქართველოში სამხედრო აგრესიის გაგრძელების სახით და ამას ყირიმი, უკრაინის აღმოსავლეთის საომარი პროცესები მოყვა. ამ ფონზე, ნატომ ნელ-ნელა გაღვიძება დაიწყო.
როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. და ახლა, ეტყობა, ნატო ცდილობს, რომ სამხრეთ კავკასიაში პოზიციები გაიძლიეროს, ყოველ შემთხვევაში ეს პოზიციები არ დაკარგოს მაინც.
- ამის გათვალისწინებით, სამხედრო წვრთნებს რა შედეგები ექნება?
- წვრთნის შედეგი ყოველთვის ის არის, რომ სამხედროები, ასევე მეთაურები, შტაბის ოფიცრები ერთმანეთს გაიცნობენ, ყველაფერს, ანუ ურთიერთშეთანხმებულ საბრძოლო მოქმედებებს, საველე წვრთნებს დახვეწენ. ასევე სამეთაურო-საშტაბო სწავლებაც გაიმართება უშუალოდ შტაბებში.
გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, მაგალითად, საბრძოლო ტექნიკის გადმოსროლა იგივე ევროპიდან სამხრეთ კავკასიაში, კონკრეტულად ფოთის ან ბათუმის პორტში.
სხვათაშორის, სწავლების დაწყებამდე ორი დღით ადრე შედგა საინტერესო სიახლე (ექსპერიმენტს არ დავარქმევდი), რომელშიც თავადაც ვმონაწილეობდი. კერძოდ, ფოთის პორტიდან მოხდა ამერიკული ბორბლიანი ჯავშანტრანსპორტიორების, „სტრაიკერების“ ჯავშანკოლონის მარშ-გადასვლა ფოთიდან ვაზიანის მიმართულებით. ანუ მე, როგორც ჟურნალისტმა ამაში მონაწილეობა მივიღე, დავაკვირდი, აქ ეს როგორ ხდებოდა. თან ამის საკმაო გამოცდილება მაქვს, ეს იქნებოდა ცხინვალის, აფხაზეთის ომის დროს, თუ ერაყში და ვიცი ეს დაახლოებით რა არის. ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპერატიულად ჯავშანკოლონის ვთქვათ ერთი რაიონიდან მეორეში გადასროლა.
ამ შემთხვევაში, ეს მარშ-გადასვლა არანაკლებ 400 კილომეტრის მანძილზე ხდებოდა და ეს წარმატებით განხორციელდა კიდეც. აქამდე სწავლებებისთვის ყოველი ასეთი გადმოყვანა ფოთიდან ვაზიანში მხოლოდ სარკინიგზო ეშენლონების საშუალებით ხდებოდა. ახლა უკვე თავისი სვლით გადმოვიდნენ, ამასაც თავისი სამხედრო მნიშვნელობა აქვს.
- არის თუ ეს ყველაფერი წინგადადგმული ნაბიჯი ნატოში გაწევრიანების გზაზე?
- პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია მზად არის გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, გინდ პოლიტიკური და გინდ სამხედრო თვალსაზრისით. რასაკვირველია, იდეალური მდგომარება არ არის, მაგრამ ასეთი იდეალური სიტუაცია თვითონ ნატოს სივრცეშიც არ გვხვდება. ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა ჩვენზე უფრო სავალალოდ გამოიყურება, გინდ სამხედრო და გინდ დემოკრატიის ან საერთო პოლიტიკური თვალსაზრისით. არის ასეთი, განსაკუთრებით ნატოს ახალი წევრი ქვეყნები.
მათ ფონზე, საქართველო ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება. იმასაც თუ მივიღებთ მხედველობაში, თუ რა დახმარებას უწევს საქართველო ნატოს ავღანეთში თითქმის რვა წელია (იქ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი გვყავს და ყველაზე ცხელ წერტილებშია), აქედან გამომდინარე საქართველოს დიდი ხანია ეკუთვნის, რომ ნატოს სრულუფლებიანი წევრი იყოს.
მაგრამ აქ ძირითადად პოლიტიკური მოტივი მოქმედებს, რუსეთის ფაქტორია. თუ აქამდე რუსეთის ფაქტორი იმაში მდგომარეობდა, რომ მისი ხელისუფლების გაღიზიანება არ უნდოდათ (პირველ რიგში, ეს ევროპის წამყვან ქვეყნებს ეხება), ახლა ამას ის ფაქტორიც ემატება, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით უკვე საკმაოდ გაძლიერდა და ნატოს არ სურს, რომ საქართველოს გამო მას რამე სამხედრო კონფლიქტი მოუვიდეს. აქ ესეც გასათვალისწინებელია.
ყველა ეს ფაქტორი იმას იწვევს, რომ სამწუხაროდ საქართველო დღემდე არ არის ნატოს წევრი. და საქართველოს რატომ უნდა ალიანსის წევრობა? ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ნატოს თავდაცვის ქოლგის ქვეშ აღმოვჩნდეთ. რუსეთმა რაც 2008-ში აქ თითქმის დაუსჯელად განახორციელა, ეს საშინელება აღარ მოხდეს.
- წვრთნებში სომხეთის როლსა და ინტერსს როგორ განიხილავთ?
- სხვათაშორის, საინტერესო სიტუაციაა. რუსეთი როგორც ყოველთვის ღიზიანდება საქართველოში ნებისმიერი სწავლების ჩატარებით და ამაზე გარკვეულ პროტესტს აცხადებს ხოლმე. მაგრამ დღეს როგორი იქნება მისი რეაქცია, როდესაც მისი ერთ-ერთი სერიოზული პარტნიორი ამაში თავად მონაწილეობს? მართალია სამედიცინო ასეულის სახით, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისიც სამხედრო დანაყოფია და სწავლებაში ნატოსთან ერთად მონაწილეობს.
ჩვენთვის, საქართველოს ინტერესებისთვის, პირიქით, ეს მისაღებია, ანუ რაც უფრო მეტი ურთიერთობა ექნება სომხეთს ნატოსთან და მას დაუახლოვდება. არ უნდა დავივიწყოთ, სომხეთში განთავსებულია გიუმრის სამხედრო ბაზა, საიდანაც 50 ერთეულამდე ჯავშანტექნიკა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მომდგარი იყო. კაცმა არ იცის, ისინი რას იზამდნენ, აქ ეს ფაქტორიცაა.
სხვათაშორის, თვითონ სომხურ საზოგადოებაში არ არის ისეთი ერთგვაროვანი განწყობა, ვინმემ იფიქროს, რომ ისინი მარტო რუსეთის დროშას აფრიალებენ. იქ საქმე ასე მარტივად არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ორმაგ პოლიტიკას ახორციელებს, როდესაც ორივეს აიარაღებს, - ცალკე სომხეთს და ცალკე აზერბაიჯანსაც და ეს ნიუანსი ყოველთვის მოქმედებს.
ასე რომ, სომხეთთან დამოკიდებული სიტუაცია არც თუ ისე ერთაზროვანია. სომხეთი ცდილობს რუსეთთან ჰქონდეს ეს სტრატეგიული ურთიერთობა, მაგრამ ასევე ცდილობს არ დაკარგოს კავშირები დასავლეთთან და მათ შორის ნატოსთანაც.
- ამ ფონზე, ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე რუსულ-ოსურ წვრთნებს რა დატვირთვა აქვს?
- ჩვენი სწავლების დაწყებამდე, რუსეთმა თავის სამხრეთის სამხედრო ოლქში ეს საბრძოლო მზადყოფნისთვის ვარჯიშები დაიწყო. სხვათაშორის, იქ ბევრად უფრო დიდი მასშტაბებია, დაახლოებით 16 ათას კაცზეა საუბარი, როცა ჩვენთან ამაში 2800 ადამიანი მომაწილეობს. მათ შორის, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონშიც ხდება ეს ყველაფერი.
ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხდებოდა თავის დროზე ცივი ომის დროსაც, როდესაც ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების ორი დაპირისპირებული ბლოკიდან ერთი რომ სწავლებას იწყებდა, მეორეც მას მიყვებოდა. ჩვენ, გვინდა თუ არა, ნატო-რუსეთის, დასავლეთ-რუსეთის ინტერესების ერთგვარ საზღვარზე ვართ. ადრე ნატო არ არსებობდა, მაგრამ საქართველო ყოველთვის სხვადსხვა იმპერიების ბრძოლების ხაზზე ხვდებოდა.
- ოკუპაციის ზონაში ვითარების შესაძლო გართულების შემთხვევაში, დღეს რამდენად მოსალოდნელია დასავლელი მოკავშირეების რეალური თანადგომა?
- თუ რეალურ თანადგომაში ვგულისხმობთ სამხედრო თვალსაზრისით მხარდაჭერას უშუალოდ ბრძოლის ან რაღაც მსგავსი სახით, მგონი ამ ეტაპზე ეს არარეალურია. იქ არავინ ასეთ რამეს არ დაიწყებს. რასაკვირველია, ჩვენ ყველა ხერხით უნდა ვეცადოთ არ დავუშვათ ის, რაც 2008 წელს მოხდა. მაშინდელ ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ ეს ყველანაირად თავიდან აგვეცილებინა და თუ არა, დროში მაინც გადაგვედო.
დღეს საქართველო რუსეთს ამის საბაბს არ აძლევს, რომ მსგავსი რამ გააკეთოს. თუმცა რუსეთის გაგება მსოფლიოს არ შეუძლია და ამას მარტო ვერც ჩვენ შევძლებთ. მან ყოველთვის შეიძლება მოიძიოს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთ მიმართულებად ისევ დასავლეთთან, ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება რჩება. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ასპროცენტიანი გარანტია იმისა, რომ ჩვენთვის იქ ვიღაც თავს დადებს და ა.შ.
კი, პოლიტიკური მხარდაჭერა იქნება, ეს ბუნებრივია, მაგრამ რამდენად დროული და რამდენად სრულყოფილი, ეს უკვე სხვა საქმეა. ისე, სხვათაშორის, ამ მხრივ აბსოლუტურად გულდაჯერებულები არც ისინი უნდა იყვნენ, იგივე ნატოს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნები. ეს ბოლო ერთი-ორი წელია ნატომ იქ გაძლიერება, სამხედრო ქვედანაყოფების გადასროლა და შექმნა დაიწყო. თორემ აქამდე ბალტიისპირელები მარტო ალიანსის წევრები იყვნენ და იქ არავითარი რეალური სამხედრო ძალა არ არსებობდა, რომ რუსული აგრესიისგან დაეცვა. ახლა კი რაღაცას აკეთებენ, თუმცა ჯერ ეს არასაკმარისია.
- ამ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისთვის გამოსავალი სად არის?
- იდეალური გამოსავალი ერთგვარი ნეიტრალიტეტია, ჩვენთვის ვიცხოვროთ და ფული ვხარჯოთ არა ტანკზე, არამედ ტრაქტორზე, კომბაინზე და ა.შ. მივხედოთ მარტო ეკონომიკას, ტურიზმს, ყველაფრის წარმოებას, ეკონომიკურად გავძლიერდეთ... აი ეს იდეალური ვარიანტია.
მაგრამ, სამწუხაროდ, მწარე ისტორიული გამოცდილება გვაქვს და დღევანდელი რეალობაც ამას ამბობს, რომ ეს თითქმის შეუძლებელი ამბავია. საქართველომ ნეიტრალიტეტი რომ გამოაცხადოს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დასავლეთთან, ნატოსთან უნდა შევაჩეროთ რაღაც ურთიერთობები ან გავყინოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ გზით რუსეთი თავს გაგვანებებს და მისთ; როგორც ამას ზოგიერთი ფიქრობს. არა, პირიქით, ის თავისას გააგრძელებს და შეიძლება ეს ყველაფერი უფრო მარტივად გააკეთოს.
აქედან გამომდინარე, აქ მთავარია რა უნდა რუსეთს, მის დღევანდელ ხელისუფლებს კი სურს, რომ რუსეთის იმპერია აღადგინოს. როგორც თვითონ ამბობენ, ეს ჯერ ახლო აღმოსავლეთის ფარგლებში (აქ ითვლება საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, შუა აზია) და შემდეგ უფრო შორსაც, ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების მიმართულებით უნდა მოხდეს.
ამიტომ რუსეთის ინტერესი ესაა, რომ ამ მიმართულებით გაძლიერდეს, მით უმეტეს, მისი ინტერესები დღეს სირიაშიცაა. და საქართველო მას იმისთვის სჭირდება, რომ აქ თავისუფლად იმოძრაოს, როგორც შავი ზღვის აკვატორიასთან დაკავშირებით (მის აღმოსავლეთ ნაწილში) და ასევე ჩრდილო კავკასიიდან გასასვლელი ჰქონდეს სომხეთზე, ირანზე, რომელიც ასევე მისი პარტნიორია; ასევე შემდეგ სირიაზე გავიდეს, რაც შეიძლება მეტი ინტერესი ჰქონდეს ახლო აღმოსავლეთში და ა.შ.
ამ შეთხვევაში რუსეთისთვის საქართველო არ წარმოადგენს რაღაც განსაკუთრებით ძირითად მოწინააღმდეგეს. ჩვენ ვართ ერთგვარი შუალედური რგოლი, ერთგვარი დერეფანი, რომელიც მას სურს უფრო სტრატეგიული მიმართულებით, პირელ რიგში ახლო აღმოსავლეთში კრემლის პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენოს.