მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია ხუხაშვილი: ჩვენ ხვალის იმედზე ვერ ვიქნებით, უკვე დღეს გვჭირდება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, არა სიტყვიერი, არა სადღეგრძელოები, რასაც ხელისუფლების მხრიდან ვისმენთ - 25 აგვისტო 2017

„დღეს, სააკაშვილი „ბომჟად“ კი არა, ფაქტობრივად, მსოფლიო მოქალაქედ იქცა“

ufleba.ge

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დასრულდა. საერთაშორისო სწავლების დასრულება ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი საველე სწავლებით აღინიშნა, სადაც ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჩვენებელ სწავლებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ევროპაში აშშ-ის არმიის ჯი3-ის უფროსი, ბრიგადის გენერალი თიმათი დოჰერთი, ასევე საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

საჩვენებელი საველე სწავლების სცენარი თავდაცვით და კონტრშეტევით ამოცანებზე იყო დაფუძნებული. წვრთნებში მონაწილე მრავალეროვნულ ასეულს არაპირდაპირი ცეცხლით მხარდაჭერა საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის დანა ბატარეამ და ამერიკულმა საარტილერიო ბატარეამ გაუწიეს. ტანკსაწინააღმდეგო ამოცანების შესრულებისას აშშ-ის ევროპული სარდლობის II კავალერიის პოლკის სამხედროებმა პირობითი მოწინააღმდეგე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინით“ დააზიანეს. 

წვრთნაში ჩართული იყო ქართულ შეიარაღებაში არსებული ტე-72 ტიპის ტანკი, ამერიკული ტანკი „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“. კონტრშეტევითი ამოცანების შესრულების დროს ძირითად ძალებს მხარი საინჟინრო გამრღვევმა მანქანამ „მიკლიკი“ დაუჭირა, რომელმაც პირობითი მოწინააღმდეგის პოზიციებზე გასასვლელი გააკეთა. 

„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ქვედანაყოფს სწავლების წარმატებით დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ევროპაში აშშ-ის არმიის ჯი3-ის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა თიმათი დოჰერთიმ მიულოცეს. 

დასკვნითი ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოებით დასრულდა. თავდაცვის მინისტრმა უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ სწავლების შტაბის უცხოელი და ქართველი ოფიცრები დააჯილდოვა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კი, ქართველ ოფიცრებს სწავლების წარმატებით დაგეგმვისა და აღსრულებისთვის უწყებრივი მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადასცა. 

,,ღირსეული პარტნიორი 2017“ სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (ნრფ) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და ნრფ-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას ემსახურებოდა.

„ძალა პარტნიორობაშია“ - მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მთავარი გზავნილი იყო, რომელსაც საქართველომ წელს უკვე მესამედ უმასპინძლა. წლევანდელი სწავლება ყველაზე უფრო ფართომასშტაბიანი იყო და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მონაწილეობდა: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა.

მიმდინარე თემებზე „ქრონიკა პლუსი“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრება:

- ბატონო გია, როგორ აფასებთ საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი 2017?“

 - რა თქმა უნდა, დღევანდელ სამყაროში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ რისკები იზრდება, გლობალური დაპირისპირება პიკს აღწევს, სადაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება თოფი გავარდეს და ასეთ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების თემა ნომერ პირველია. 

მეტსაც გეტყვით, ეს წვრთნები კარგია, მაგრამ დაცულობა, კონკრეტულ უსაფრთხოების სისტემაში განთავსება არა ხვალ, არამედ დღესვე გვჭირდება. სწავლება კარგია, მაგრამ ეს არასაკმარისია და პროცესის ინტენსიფიკაცია უნდა მოხდეს; თუ გლობალური დაპირისპირების ეს დინამიკა გაგრძელდა (ისტორიულმა კანონზომიერებამ ჩვენ სამწუხაროდ ისევ ფრონტის წინა ხაზზე გაგვიყვანა, რაც არასასაურველი, მაგრამ როგორც ჩანს გარდაუვალი იყო), ამ ვითარებაში ნებისმიერ ასეთ აქტივობას თავისი სასიცოცხლო ფასი აქვს. 

თუმცა, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არასაკმარისია და ჩვენ კიდევ უფრო სწრაფად გვჭირდება უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება. 

- პროცესის ინტენსიფიკაცია ახსენეთ, რა ნაბიჯები უნდა დაჩქარდეს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები გაიზარდოს?

- ახლა ტექნიკურ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გვჭირდება, რომ უკვე დღეს მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია გლობალური უსაფრთხოების სისტემაში, რაც არ ხდება. გარკვეულწილად, 2008 წლის შემდეგ ჩვენ წინ წავიწიეთ, მაგრამ ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს იმავე 2008 წლის, სადაც თითქოს მოლოდინი იყო, რომ ეს გლობალური უსაფრთხოების სისტემა იმუშავებდა, მაგრამ ფაქტია, რომ ის აბსოლუტურად არაეფექტური აღმოჩნდა. 

2008 წლის შემდეგ ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა და ეს, რასაკვირველია, შფოთვის საფუძველს იძლევა. ერთია თეორიული მხარდაჭერა და, მეორეა, რეალური ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა, რათა ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში ვიცოდეთ, რომ ჩაირთვება გარკვეული მექანიზმები, რომელიც ამას შეაკავებს. ჯერჯერობით, ასეთი მექანიზმი არ არსებობს, რაც სამწუხაროა. 

ის, რომ ჩვენ უბრალო რიტორიკის იმედზე ვიყოთ (თუ ხელისუფლება ამას ფიქრობს), ეს რა თქმა უნდა აბსოლუტურად არასაკმარისია და ძალიან მიამიტი გაგებაა, რომ სადღეგრძელოებითა და ერთმანეთის მიმართ რევერანსებით რამე წყდება. ჩვენ რევერერანსები არც 2008 წლის წინ გვაკლდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.

- ამ ვითარებაში, როგორც მინიმუმი, საჭიროა თუ არა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა, მაპი მიანიჭოს?

- იცით რა არის, ვითარება სამყაროში იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მაპი უკვე ჩემი აზრით არასკამრისი დაცულობაა, არასკმარისი დაცვის გარანტიას იძლევა. ვიმეორებ, ილუზია იმისა, რომ ვიღაცა მეორეს რაღაცას ეტყვის და ამის გამო ის გაჩერდება, არ უნდა გვქონდეს. 

მეტსაც გეტყვით, ჩვენ აღნიშნული უსაფრთხოების სისტემაში უკვე დღეს რომ ვიყოთ ინტეგრირებული, ესეც არ არის საკმარისი, ასპროცენტიანი გარანტია იმისა, რომ რაღაც არ მოხდება. მით უმეტეს, ამ ვითარებაში და თუნდაც მაპით ამის გარანტიები, რასაკვირველია, ვერ შეიქმნება.

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი არავის არ ეპუება. ავიღოთ სირიის მოვლენები, სადაც ის პრაქტიკულად არ იყო და სადაც პირდაპირ გადაიკვეთა შეერთებული შტატებისა და რუსეთის ინტერესები; და აშშ-მ რუსეთს ბევრი ვერაფერი მოუხერხა. მითუმეტეს, იმ ვითარებაში, როცა ჩვენ მსოფლიო გეოპოლიტიკურ ომებში სირიის რანგში არ ვართ. ანუ ჩვენდამი ინტერესი ერთი რიგით უფრო ნაკლებია, ვიდრე სადღეისოდ ეს სირიისადმი არის გამოხატული. 

- ასევე ჩრდილოეთ კორეის გარშემო დაძაბულობა პიკს აღწევს...

- დღევანდელი გლობალური რისკები მრავალვექტორიანია. თითქოს რაღაც შემაკავებელი ფაქტორები არსებობს, მაგრამ იმდენდ ბევრი რისკ-მიმართულება გაჩნდა, რომ ამის აბსოლუტური კონტროლი შეიძლება უკვე შეუძლებელი გახდეს და ამან უმართავ პროცესებს მისცეს დასაბამი. რაღაც ჯაჭვურ მოვლენებამდე მივდივართ, სადღაც ერთგან თუ იფეთქა, შეიძლება ბევრგან, თითქოს ერთმანეთთან ურთიერთკავშირში არ მყოფი მოვლენები განვითარდეს. 

ასეთი სცენარი შესაძლებელია და ზუსტად ამიტომ გითხარით, რომ ჩვენ ხვალის იმედზე ვერ ვიქნებით. უკვე დღეს გვჭირდება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. არა სიტყვიერი, არა სადღეგრძელოები, რასაც ვისმენთ, განსაკუთრებით ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, არამედ რეალური უსაფრთხოების სისტემის ფორმირება, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც დაიწყოს. 

და ის, რომ ჩვენ რამდენიმე წლის შემდეგ სადღაც მიგვიღებენ, ეს ამ ვითარებაში არ არის საკმარისი გარანტია. 

- ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ნეგატიურ პროცესებზე ჩვენი ხელისუფლების რეაქცია რამდენად საკმარისია?

- სამწუხაროდ, ამ ქვეყნის დეზინტეგრაციის, ანუ ტერიტორიების მიტაცების  პროცესი ობიექტურად უნდა ვთქვათ, რომ მარტო ამ ხელისუფლების პრობლემა არ არის. ჩვენ ფაქტობრივად, მთელი უახლესი ისტორიის განმავლობაში, ხშირ შემთხვევაში ჩვენივე შეცდომებით კისერს ვიტეხდით. რუსეთის ბუნება გასაგებია, ეს მოცემულობაა და ამ მხრივ ყოველთვის ამერიკას თავიდან აღმოვაჩენთ ხოლმე; იმაზე ვმსჯელობთ, თუ ვინ დაიწყო ომი და ვინ არა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? 

რუსეთს თავისი ინტერესები აქვს და თუ შენ საფუძველი შეუქმენი (და საკმარისი სისუსტე აჩვენე), ის რა თქმა უნდა თავის ინტერესებს ატარებს. აქ მთავარია, რომ შენ როგორც პატარა მოთამაშემ შეცდომები არ უნდა დაუშვა, ხაფანგში არ გაება, პროვოკაციაზე არ წამოეგო, რომ რუსეთმა იქ თავისი ამბიციები დაიკმაყოფილოს. 

სამწუხაროდ, ჩვენმა ყველა ხელისუფლებამ მოახერხა და დაუშვა ეს შეცდომები, ფაქტობრივად, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაწყებული. ამან სხვადასხვა ეტაპზე ქვეყნის ერთიანობას სხვადასხვა მძიმე დარტყმა მიაყენა. ეს პროცესი ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და იქიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლებამ თითო „აგური დადო“ ამ დეგრადაციის გზაზე.

შესაბამისად, ყველა ხელისუფლება პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს ხდება ან რაც დღემდე მოხდა, ეს სხვადახვა დოზით შეიძლება ითქვას. ჯერჯერობით, დღევანდელ ხელისუფლებას ამ მხრივ შეცდომები ყველაზე ნაკლებად აქვს დაშვებული. მაგრამ დანაშაულია თუნდაც ის, რომ მან ამ სიტუაციის თუნდაც შეჩერება და კონსერვაცია ვერ მოახერხა და დეგრადაცია-დეზინტეგრაციის პროცესი დღესაც გრძელდება.

თუმცა ვიმეორებ, მისი დანაშაულის ხარისხი ჯერჯერობით ნაკლებია, ვიდრე ეს წინა ხელისუფლებების შემთხვევაში იყო. 

- რა შთაბეჭდილება გრჩებათ მიხელ სააკავშილთან დკავშირებულ სატელეფონო ჩანაწერებზე?

- მგონია, რომ არადამეჯერებლია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადება, ეს ყველაფერი საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება. როცა დაცულ თუ დაუცველ ხაზზეა საუბარი, აბსოლუტურად გაუგებარია საერთოდ რაზე ვმსჯელობთ, ამიტომ ეს დამაჯერებელი კომენტარი არ არის. 

ვფიქრობ, თუ შსს-ს სურს დაამტკიცოს, რომ ეს ასე არ არის და რომ ეს საუბრები მოგონილია, მაშინ გამოძიება უნდა ჩაატაროს. ეს თვითონვე საკუთარი ინიციატივით უნდა გააკეთოს და ჩვენ უნდა დაგვიდოს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ეს საუბარი არ შემდგარა. 

რადგან ვიღაცამ შეიზლება ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროს და რომ გაირკვეს, რომ ეს მღებრიშვილის  ხმაა და ის საუბრობს? ძალიან მაინტერესებს, ამ დროს რა გადაწყვეტილებას მიიღებენ? აი, ვიღაცამ რომ მოისურვოს, ასეთი ექსპერტიზა და სხვადასხვა დონის ექსპერტიზის ჩატარება შეიძლება ხმის ავთენტურობის დასადგენად. 

ასე რომ, მე მაინც ვარიანტებზე ვისაუბრებ. თუ ეს საუბარი რეალურად არ შემდგარა, მაშინ სალაპარაკო ბევრი არც არაფერია. მაგრამ თუ ეს საუბარი შედგა, ბუნებრივია, ეს ძალიან სერიოზული სკანდალია, ფაქტობრივად, ძალიან ბევრ რამეს ფარსად აქცევს, რაც მთელი ამ ისტორიის ირგვლივ ხდება. 

რა თქმა უნდა, პოლიტიკურად იმას ვიზიარებ, რომ ხელისუფლებისთვის მიშა სააკაშვილის საქართველოში ექსტრადაცია მის ინტერსებში არ შედის. სააკაშვილი თბილისის ციხეში, რა თქმა უნდა, დესტაბილიზაციის წყაროა, დიდი თავის ტკივილია და, რეალურად, ხელისუფლებას ეს არ უნდა. 

მაშინ ჩნდება კითხვა, ეს აქტიურობები მოთხოვნაზე, სასამართლო პროცესები, ეს ყველაფერი დიდი სპექტაკლი და ფარსია? ეს ერთი მხარეა პოლიტიკური პასუხისმგებლობის, თუმცა აქ, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. თუ სასასმართლო ადამიანზე გადაწყვეტილებას იღებს და მას სასჯელს უსჯის, მაშინ ხელისუფლება ვალდებულია, რომ ეს ადამიანი ციხეში გაამწესოს და ამისთვის ყველა მექანიზმი გამოიყენოს. 

თუ პოლიტიკური ელიტა ამ სამართლებრივი პროცედურის ტორპედირებას ეწინააღდეგება, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. კონკრეტული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხია შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან. რადგან არსებობს კანონით დადგენილი პროცედურა და ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულოს. თუ შს მინისტრი აბობს, რომ ჩვენ ამის აღსრულება არ გვინდაო, ეს რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა და უკვე სხვა ტიპის პასუხისმგებლობის საკითხია, მხოლოდ პოლიტიკურის არა. 

მაგრამ ეს ყველაფერი იმ დათქმით, რომ ეს საუბარი ნამდვილად შედგა.

- დღევანდელ ვითარებაში, ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის მიმართ როგორი პოზიცია იქნება სწორი და გამართლებული?

- ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა, ხელისუფლება პოლიტიკურად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამას პირდაპირ გეტყვით. თუ ჩვენი მხრიდან ვიღაც ამას ხელს უწყობდა, მას პოლიტიკის არაფერი გაეგება. უკრაინულ პოლიტიკაში ინტეგრირებული მიშა სააკაშვილი, სადაც უკვე საკმაოდ მარგინალიზებული იყო, ეს ქართული მხარისთვის ძალიან კომფორტული სიტუაცია იყო. ეს ორი მიზეზის გამო, ერთის მხრივ მისი მარგინალიზება ხდებოდა (რის პოლიტიკური ინტერესიც ხელისუფლებას აქვს) და, მეორე მხრივ, ის უბრალოდ ვერ იცლიდა საქართველოსთვის, მთლიანად ჩაფლული იყო ამ უკრაინულ ვაკჰანალიაში. ამიტომ ეს კომფორტული მდგომარეობა იყო.

დღეს, სააკაშვილი „ბომჟად“ კი არა, ფაქტობრივად, მსოფლიო მოქალაქედ იქცა. უკრაინულ პოლიტიკასთან მიდგომები მას გაუჭირდება, პრინციპში, არც მის ტრანსნაციონალურ პოლიტიკურ პარტნიორებს (ძირითადად ვაშინგტონში) მისი უკრაინულ პოლიტიკაში რეინტეგრაციის მაინცდამაინც დიდი ინტერესი აღარ აქვთ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქაურ პოლიტიკაში ყველაფერი უკვე დალაგებული აქვთ, ფროტის ხაზი გავლებულია და ამ მხრივ სრული კომფორტი აქვთ. 

ამ სიტუაციაში მიშა სააკაშვილის დამატებითი კონტროლი მათ აღარ სჭირდებათ. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, რომ ის გადმორთონ საქართველოზე, გააქტიურონ, დააბრუნონ ამ მიმართულებაზე და მისგან ერთგარი გიულენის ქართული მოდელი შექმნან. რომელიც ხელისუფლების ირიბი კონტროლისთვის გამოყენებული იქნება. არ ვამბობ, რომ მისი პირდაპირი რეინტეგრაცია მოხდება, მაგრამ ის, როგორც ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში შეიძლება დაბრუნდეს.  

სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების დასაბალანსებლად გადმორთავენ. ანუ გარკვეული კითხვები თუ გაჩნდა ტენდენციასთან დაკავშირებით, მისი გააქტიურება ყოველთვის შეიძლება. კონკრეტულად, რა და როგორ მოხდება, ეს უკვე პოლიტიკური ტაქტიკის საკითხია. მთლიანობაშიკი ეჭვი არ მეპარება, რომ მას საქართელოსზე გადმორთვენ, რადგან უკრაინაში მისი დრო მთავრდება, იქ ეს ფაქტორი მხოლოდ ინერციით იმუშავებს.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია