„მე განგებ არ გამიკეთებია“
ufleba.ge
"ევროპული საქართველო" პრემიერსა და განათლების მინისტრს ქედის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. პარტიაში აცხადებენ, რომ სამინისტრომ სკოლების პოლიტიკური აქტივობებისგან დისტანცირება უნდა უზრუნველყოს.
პარტია ყურადღებას ამახვილებს ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში გადაღებულ პირველკლასელთა ფოტოებზე, სადაც მოსწავლეებს „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ.
„ბავშვები პარტიის დროშებთან ერთად კლასში, ეს არის შემაშფოთებელი ფაქტი და ასეთი რამ ქართულ სკოლებში არ უნდა ხდებოდეს. მინისტრი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ მიხედოს განათლების სისტემას, ამაზე უნდა აკეთებდეს რეაგირებას,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
მისი თქმით, სკოლის მოსწავლეების პოლიტიკურ აქტივობებში ჩართვა, პირველი შემთხვევა არ არის.
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, მარიამ რამინაშვილი განათლების მინისტრს რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
თავის მხრივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განათლების მიმართულების ხელმძღვანელის, მარიამ გერსამიას განცხადებით, ხელისუფლება „ზოგადი განათლების შესახებ კანონს” არღვევს, რაც მასწავლებლებისა და მოსწავლეების პარტიულ ღონისძიებებზე დირექტორის მოთხოვნით ჩართვას გულისხმობს.
„საარჩევნო პერიოდში, რომელიც დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ კამპანიებში განათლების სექტორში დასაქმებული პედაგოგები აქტიურად ჰყავს ჩართული. ასევე, სკოლების ადმინისტრაციულ რესურს იყენებს და მათ აქციებზე ხშირად ვხედავთ არასრულწლოვან მოსწავლეებს. ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებას - თავისი სურვილით ჩაერთოს პოლიტიკურ აქტივობებში, თუმცა, პარტიულ აქციებზე მოქალაქეების იძულებით, არაინფორმირებულობით ან მოტყუებით მიყვანა დაუშვებლად მიგვაჩნია.
ამის ერთ-ერთი მაგალითია 16 სექტემბერს, ქ. ზუგდიდში გამართული „ქართული ოცნების“ პარტიული წინასაარჩევნო აქცია, სადაც სხვადასხვა რაიონიდან ჩამოყვანილ აქტივს მასწავლებლები და მოსწავლეებიც შეადგენდნენ. როგორც აქციაზე მყოფი სკოლის მოსწავლეები ამბობდნენ, აქციაზე სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების დავალებით, თხოვნით იმყოფებოდნენ და ბევრმა მათთაგანმა, არც კი იცოდა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერ აქციაზე მიდიოდა (არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულებები).
ამით დაირღვა „ზოგადი განათლების შესახებ კანონი”, რომლის მიხედვითაც „დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება“. ამ ფაქტზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უწყებათაშორის კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს სახალხო დამცველსა და სხვა უწყებებს მიმართა, რათა პრევენციული ღონისძიებები გატარდეს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განახლებული გუნდი, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მსგავსი ფაქტები სრულად აღმოფხვრილი იქნება.“
„მე განგებ არ გამიკეთებია,“ - ასე აფასებს შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, მარინე დარჩიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც პირველკლასელებს საკლასო ოთახში „ქართული ოცნების“ პარტიული დროშა უკავიათ.
ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი „რუსთავი 2“-თან აცხადებს, რომ ფოტოები თავად დადო სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ბავშვებმა დროშები სხვა მოსწავლეებს გამოართვეს.
მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ფოტოები განგებ, პარტიული ნიშნის გამო არ გამოუქვეყნებია.
თუმცა, მარინე დარჩიძე აღნიშნავს, რომ საოლქო კომისიაში ნამუშევარია მდივნად და დღემდე კომისიიის მოქმედი წევრია.
„რამდენი ხანია მე წევრი ვარ და ახლაც წევრი ვარ,“ - განაცხადა მარინე დარჩიძემ.
მარინე დარჩიძემ ასევე, დაამატა, რომ ბათუმში პრემიერთან შეხვედრაზეც იმყოფებოდა. მისი თქმით, შუახევიდან დირექტორმა დაურეკა და შეხვედრაზე წასვლა სთხოვა.
„შუახევიდან დამირეკეს, რომ წამოდი ბათუმშიო და შეხვედრაა კვირიკაშვილთანო და მაგი „ოცნების“ წარმომადგენელიაო, მაგი არ უთქვამს,“ - აცხადებს მარინე დარჩიძე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. სკოლაში მასწავლებელმა პირველკლასელებთან ერთად ფოტო გადაიღო, სადაც მოსწავლეებს ხელში „ქართული ოცნების“ პარტიული დროშა უკავიათ.
ალექსანდრე ჯეჯელავამ ამ საკითხზე პირველი კომენტარი "კურიერთან" გააკეთა და განაცხადა, რომ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაწყებულია. მინისტრის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვისი იდეაც იყო სკოლის მოსწავლეებისთვის დროშის დარიგება. მისი თქმით, მთავარი ის კი არ არის, საიდან მიიტანეს დროშა სკოლაში, არამედ უმნიშვნელოვანესია გაირკვეს, ვისი იდეა იყო დროშების ბავშვებისთვის მიცემა.
„ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც, დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან თუნდაც, გადაცდომა წესებიდან,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ყველა სკოლა გააფრთხილეს, რომ არ ჩართულიყვნენ საარჩევნო საკითხებში.
„ყველა სკოლა გაფრთხილებულია ძალიან მკაცრად და ამ შემთხვევაშიც, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ გავაფრთხილეთ, რომ სკოლის ტერიტორიაზე და მოსწავლეების ჩართულობით აბსოლუტურად დაუშვებელია არა მხოლოდ ვიზუალური ნიშნების გამოყენება, არამედ ნებისმიერი აქტივობა, აბსოლუტურად, არჩევნებთან დაკავშირებული,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მასწავლებლის გარდა, სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხიც დგას.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებელი, რომელიც ფოტოზე მოსწავლეეთან ერთად არის ასახული, პარტიის წევრი არ არის.
https://www.youtube.com/watch?v=GimCcMsfMHM