მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
იუსტიციის მინისტრი პარტიებს, კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციისთვის რამდენიმე დღე დარჩა - 02 ოქტომბერი 2017

"არიან მერობის კანდიდატებირომლებიც უმისამართოდ არიან რეგისტრირებულნი" 

ufleba.ge

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც მოხსნილნი არიან რეგისტრაციიდან ან მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი, რომ დარჩენილი რამდენიმე დღე გამოიყენონ საცხოვრებელ მისამართებზე რეგისტრაციისათვის, რათა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

ეს განცხადება მინისტრმა დღეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომაზე გააკეთა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიუხედავად 2017 წლის თებერვალში დაწყებული აქციისა, არაერთ ამომრჩეველს, მათ შორის, მერობის კანდიდატებსაც კი, რეგისტრაციის ადგილი არ აქვთ მითითებული სამოქალაქო რეესტრის ბაზებში, რამაც შესაძლოა, არჩევნების დღეს მათ პრობლემები შეუქმნას. ამ ხარვეზის გამოსწორება საქართველოს მოქალაქეებს 5 ოქტომბრამდე შეუძლიათ, რადგან 5 ოქტომბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცესკო- საქართველოს მოქალაქეთა ბაზას გადასცემს, რაც საარჩევნო სიის შედგენის  მთავარი საფუძველია.

ცხადია, პირადი მონაცემების დაცულობის გამო ვერ დავასახელებ, მაგრამ არიან მერობის კანდიდატები, რომლებიც უმისამართოდ არიან რეგისტრირებულნი და როგორც მათ, ისე მათ ამომრჩეველს, მოვუწოდებ, გაასწორონ ხარვეზი დოკუმენტებში, რადგან მათ შესაძლოა, საკუთარ თავს და სასურველ პარტიას ვერ მისცენ ხმა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

აქვე მინისტრმა საარჩევნო სიის დაზუსტებისათვის გაწეული საქმიანობის ერთ კონკრეტულ შედეგზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, კომისიას მინისტრმა დოკუმენტის გარეშე პირებისთვის 2017 წლის თებერვალში გამოცხადებული უფასო პირადობის მოწმობების აქციის შედეგები მოახსენა. თეა წულუკიანის განცხადებით, დღემდე 62000-მა უსაბუთო მოქალაქემ აიღო პირადობის დამადასტურებელი საბუთი უფასოდ და, შესაბამისად, შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

მისივე თქმით, სხვა არაერთ ღონისძიებასთან ერთადეს აქციაც სპეციალურად საარჩევნო სიის დაზუსტების მიზნით 2017 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომაა განსხვავებაა საარჩევნო სიებისა და სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საყოველთაო აღწერის შედეგებს შორის. თეა წულუკიანმა აღნიშნა ამ სხვაობის ორი ძირითადი მიზეზი:

საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ბაზებში ირიცხებიან არა მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ფიზიკურად ცხოვრობენ საქართველოში, არამედ ისინიც, ვინც მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, არიან სრულწლოვნები და აქვთ საქართველოს მოქალაქეობა;

საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ბაზებში ირიცხებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  − აფხაზეთსა და სამაჩაბლოში − მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები.

„მოქლაქეთა ერთიან ბაზაში შესულია ყველა ჩვენი მოქალაქე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. მე არ მეგულება ამ ქვეყანაში მთავრობა, რომელიც მათ საქართველოს მოქალაქეთა ბაზიდან ამორიცხავს. ჩვენს ბაზებში ირიცხება, ასევე,  საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ცხოვრობს უცხოეთში. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა კი აღწერა მხოლოდ ის ადამიანები, ვინც აღწერის მომენტში იმყოფებოდა საქართველოში. აღწერა არ შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებს, ვერ აღწერა მთლიანად უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე. შესაბამისად, განსხვავება საქართველოს მოქალაქეთა ბაზასა, რომელსაც ფლობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, და აღწერის მონაცემებს შორის არის სრულიად ბუნებრივი და ეს ასეც უნდა იყოს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გადაცემულ სიაში 3,49 მილიონი პოტენციური ამომრჩეველია. ამ სიაში შედიან როგორც საქართველოში (მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მცხოვრები, ისე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული სრულწლოვანი პირები. პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზაში არსებულ თითოეულ ჩანაწერზე გაცემულია შესაბამისი დოკუმენტი, მათ შორის, 2.6 მილიონ პირზე − ელექტრონული პირადობის მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია