„მსგავსი შემთხვევების გამოვლენაზე პასუხისმგებლები, ხშირ შემთხვევაში, თვითონვე ამ ძალადობის მაპროვოცირებლები და განმახორციელებლები არიან“
ufleba.ge
სახალხო დამცველმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. მასში ასახულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, რომელიც სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNIჩEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერების“ ფარგლებში ჩაატარა. ბავშვის უფლებების ცენტრმა 2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 98 საჯარო სკოლა, 5 კერძო და 6 სკოლა–პანსიონი შეამოწმა.
მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კვლავ გამოწვევად რჩება მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და არასათანადო მოპყრობისაგან. ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსების განსაკუთრებით, მოსწავლეებთან აქტიურ კომუნიკაციაში მყოფი პირების და თანატოლების მხრიდან; მოსწავლეთა შორის ბულინგი ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა.
სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებებისა თუ ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ, ამასთან, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით, სკოლებს არა აქვთ ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა. მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, ყურის აწევა ძალადობად არ მიაჩნია მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9%, მსგავსი დამოკიდებულებები დაფიქსირდა სხვა მრავალი ფორმის ძალადობის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინებების მიმართ.
ძალადობის სხვადასხვა ფორმებიდან ცალსახად იკვეთება ყვირილი, რომელსაც ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს უფროსების მიერ გამოყენებულ მიმართვად. სკოლის მანდატურის მხრიდან მოსწავლის მიმართ ყვირილის შემთხვევების არსებობა დააფიქსირა მოსწავლეთა- 20.30%, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან-47.10%, დამრიგებლის მხრიდან 61.50%, ხოლო საგნის მასწავლებლის მხრიდან- 78.80%. სკოლის თანამშრომელთა 25 % კი ამას ძალადობად არ მიიჩნევს.
მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სკოლის თანამშრომელთა შორის დაბალია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმის ცოდნა. საქართველოს მთავრობის დადგენილება, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“, როგორც აღნიშნულ შემთხვევებზე რეაგირების სამოქმედო მექანიზმი, რესპონდენტთა მხოლოდ 2.8%-მა დაასახელა.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სხვა მრავალი გამოწვევის შესახებ სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, შეიმუშაოს და წარმართოს კოორდინირებული პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმების დასახვეწად.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ მონიტორინგი, ამიტომ რამდენიმე საქმის შესწავლის შემდეგ რეაგირებისთვის მიმართეს შესაბამის უწყებებს: „ჩვენ კონკრეტული შემთხვევები შევისწავლეთ, სადაც საჭირო იყო ჩვენი რეაგირება. ჩავთვალეთ, რომ რამდენიმე საქმის შესწავლა დაგვეწყო. არ გამოვრიცხავ რამდენიმე საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“.
ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ ა/ო „პარტნიორობა ადმიანის უფლებებისთვის“ იურისტს, ანა სალდაძეს ესაუბრება:
- სახალხო დამცველის ანგარიშს ვიცნობთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ მდგომარეობას შეიძლება საგანგაშო ვუწოდოთ. განსაკუთრებით მწვავეა ბულინგის საკითხი და ფაქტია, რომ ეს პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.
ამასთან, სახალხო დამცველი პირველი არ ყოფილა, ვინც ბულინგისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით ხმა ამოიღო, ჩვენი ორგანიზაცია ამ საკითხზე ძალიან აქტიურად მუშაობს და ბევრჯერ ამ პრობლემებზე ხაზი გაგვისვამს.
- რეაგირება როგორია?
- სამწუხაროდ, ამ ყველაფერს განათლების სამინისტროს მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია, რაც პრობლემის სიმწვავეს კიდევ უფრო ააშკარავებს. ამას ხაზს უსვამს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, კონკრეტული მაგალითები, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გვხვდება.
ფაქტია, ამ რეალობაზე განათლების სამინისტროს ეფექტური მონიტორინგი, ერთიანი ხედვა არ აქვს, თუ როგორ უნდა ებრძოლოს მსგავს უარყოფით გამოვლინებას სკოლებში.
ქვეყანაში გვაქვს კანონდებლობა, რომელიც, ფაქტობრივად, მსგავსი ძალადობის გამოვლინების აღმოფხვრისკენ უნდა იყოს მიმართული. ამის საპირისპიროდ, სკოლებში ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავად უნდა იყვნენ მსგავსი შემთხვევების გამოვლენაზე პასუხისმგებლები და ბავშვები ამ ძალადობისგან მაქსიმალურად უნდა დაიცვან, ხშირ შემთხვევაში თვითონვე არიან ამ ძალადობის მაპროვოცირებლები და განმახორციელებლები.
აი ასეთი დამოკიდებულება გვაფიქრებინებს, რომ ამის საპასუხოდ განათლების სამინისტრომ რაღაც ღონისძიებები უნდა შეიმუშაოს ამ პრობლემების მოგვარების მიზნით, მათ შორის, ეფექტური მონიტორინგი განახორციელოს, რათა მსგავსი შემთხვევები კვლავაც არ ხდებოდეს.
ცხადია, სახალხო დამცველის ანგარიში ძალიან კარგია, რადგან ნათლად წარმოჩენილი და დანახვებულია ყველა პრობლემა, რაც სკოლებშია. ამიტომ ამ ანგარიშს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოყვეს.
- შესაბამისი უწყებების გარდა, არსებულ მდგომარეობაზე მთავარი პასუხისმგებლობა ვის მხარეზეა? მაპროვოცირებლები და განმახორციელებლები ახსენეთ...
- ომბუდსმენის ანგარიშში მითითებულია რეალობა, როდესაც სკოლის მასწავლებლები თავად ახორციელებენ გარკვეულ ფსიქოლოგიურ ძალადობას და ბულინგს ბავშვების მიმართ. ამ შემთხვევაში, სწორედ ბავშვებთან მომუშავე პედაგოგები შეიძლება ამ პრაქტიკის განმახორციელებლები იყვნენ. ეს რეალობა ოფიციალურად, კვლევით დადასტურებულია.
- „მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, ყურის აწევა ძალადობად არ მიაჩნია მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9%, მსგავსი დამოკიდებულებები დაფიქსირდა სხვა მრავალი ფორმის ძალადობის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინებების მიმართ“, - რასთან გვაქვს საქმე?
- ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არ არის სათანადო ცოდნა როგორც პედაგოგებში, ამავდროულად ბავშვებშიც, თუ რეალურად რას წარმოადგენს ეს ძალადობა. ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ფიზიკური ზემოქმედება აღიქმება ძალადობად, როდესაც ფსიქოლოგიური ძალადობა და თუნდაც თავზე ხელის წამორტყმა შეიძლება ბულინგად მივიჩნიოთ. რაც, ამავდროულად, ბავშვების მიმართ ძალადობის გამოვლინებაა.
შესაბამისად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც უნდა გაკეთდეს, ბავშვებმა ამ ყველაფერზე შესაბამისი განათლება უნდა მიიღონ და იცოდნენ, რომ თუნდაც ეს თავზე ხელის წამორტყმა ან მსგავსი ქცევები, რეალურად, ბავშვების მიმართ გამოხატული ძალადობაა.
მსგავსი განათლება უნდა ჰქონდეთ პედაგოგებს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათანადოდ კვალიფიციურები იყვნენ და იცოდნენ, რომ ბავშვთან მიმართებაში მსგავსი ქმედებების განხორციელება დაუშვებელია.
- ამ რეალობის მიზეზებს რაში ხედავთ, რამ მიგვიყვანა მდგომარეობამდე, როცა ბავშვთა მიმართ ძალადობა გავრცელებული პრაქტიკაა?
- სახეზეა განათლებისა და, ზოგადად, ცნობიერების დაბალი დონე, თუ რა არის რეალურად ძალადობა და რა არა. როგორც აღვნიშნეთ, თუ ეს ფიზიკური შეხება არ არის, მისი იდენტიფიცირება არ ხდება.
შესაბამისად, სოციალური სამსახური, სოციალური მუშაკი მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოს, სახელმწიფო სრულად უნდა იყოს იმაზე გადართული, რომ ამ ადამიანებთან შესაბამისი განათლება მიიტანოს. და მეორე, ყველა ადამიანმა, ვინც ხედავს, რომ ბავშვი, მათ შორის ოჯახში ან სკოლაში, ქუჩაში ან სადღაც სხვაგან შეიძლება ძალადობის მსხვერპლი იყოს, შესაბამის ღონისძიებებს უნდა მიმართოს.
ჩვენ გვაქვს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები, სადაც ზუსტად გაწერილია ის მექანიზმები და აქტივობები, რაც უნდა განხორციელდეს ბავშვის დასაცავად. თუმცა სახალხო დამცველის ანგარიშშიც წერია, რომ ამ მექანიზმის არსებობასთან დაკავშირებით სკოლის პედაგოგებსა და მათ შორის ოჯახებშიც სათანადო ინფორმაცია არ არის. ადამიანებმა არ იციან, რომ ბავშვის მსგავსი უარყოფითი გამოვლინებისგან დაცვა შესაძლებელია.
ამიტომ შესაბამისმა უწყებებმა იმისთვის უნდა იმუშაონ, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს, რა პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მის წინაშე და როგორ უნდა მოიქცეს მაშინ, როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლია.
- ოჯახში ძალადობის თვალსაზრისით რა მდგომარეობა გვაქვს?
- ანგარიში ამას არ ეხებოდა, თუმცა ცხადია, რომ ეს ოჯახებშიც ხდება და ასევე აქაც ძალადობისგან დაცვის მექანიზმები არსებობს, რაზეც წეღან ვისაუბრე. ეს არის ბავშვთა დაცვის მიმართვინობის და რეფერირების პროცედურები და აქ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური სამსახურის როლი, ამ შემთხვევების გამოვლენისა და აღკვეთის პროცესში.
- გამოსავალი სად არის, კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ უარყოფითი შემთხვევები შემცირდეს მაინც...
- უპირველესად, ცნობიერების ამაღლების კუთხით კამპანიები უნდა დაიგეგმოს და საზოგადოებამ, ოჯახის წევრებმა, სკოლაში პედაგოგებმა და ყველამ უნდა იცოდეს, თუ რა მექანიზმები არსებობს ქვეყანაში ბავშვთა ძალადობისგან დასაცავად.
პირველი ნაბიჯი სწორედ ეს იქნება, საინფორმაცია კამპანია და ცნობიერების ამაღლება.
შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა და ეფექტური მონიტორინგის განხორციელება იმისთვის, რომ კონკრეტულ შედეგებზე გავიდეთ. თუ სკოლაში მოხდება ძალადობა, აუცილებლად განათლების სამინისტრომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ზოგ შემთხვევაში თვითონ განათლების სამინისტრომ ღონისძიებები უნდა შეიმუშაოს, რაღაც სტანდარტები დაადგინოს, რომელიც მაქსიმალურად ასეთი შემთხვევების გამოვლენისკენ და პრევენციისკენ მიმართული იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ძალადობასთან გვაქვს საქმე, აუცილებლად სოციალური სამსახურის როლი გაზრდილი უნდა იყოს და ყველა უწყებასთან მიმართებით მონიტორინგის ეფექტური მექანიზმები უნდა არსებობდეს.
- სადღეისოდ, ამ მექანიზმის ეფექტურობა რით შემოიფარგლება?
- ეს მექანიზმები დღესაც გვაქვს, კანონმდებლობის დონეზე ეს ყველაფერი გაწერილია, თუმცა მისი სათანადოდ აღსრულება არ ხდება. არ ხდება თუნდაც რეაგირება, შესაბამისი სოციალური სამსახურისთვის მიმართვა და ა.შ.
ხშირ შემთხვევაში, ამის გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ არ არსებობს ცნობადობა და, უბრალოდ, არ იციან, რომ არის ქვეყანაში მსგავსი მექნიზმები. მოკლედ, საკანონმდებლო დონეზე რაღაცები მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, თუმცა მისი პრაქტიკულად განხორციელების კუთხით პრობლემებია. პრობლემურია სწორედ იმის მონიტორინგი, თუ როგორ ხდება ამ კანონმდებლობის რეალურად აღსრულება.
- რამდენად ძალუძს დღევანდელ განათლების სისტემას, საერთოდ, საზოგადოებას, რომ ამ პრობლემატიკას ადეკვატურად უპასუხოს?
- ცალსახად ადეკვატურად უნდა უპასუხოს, რადგან განათლების სამინისტროს პირდაპირი ვალდებულებაა, რომ იზრუნოს ბავშვთა უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, სამინისტროს სურს თუ რა, ეს ვალდებულება აუცილებლად უნდა შეასრულოს.
„მოსწავლეებზე ძალადობის გამო, 2016 წლიდან დღემდე, 23 მასწავლებელი გათავისუფლდა მოსწავლეებზე ძალადობის გამო, 2016 წელს სკოლებიდან 14 პედაგოგი გაათავისუფლეს, ხოლო 2017 წლის იანვრიდან დღემდე - 9, - ამის შესახებ „ინტერპრენსიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, მხოლოდ მიმდინარე სასწავლო წელს აღნიშნული მიზეზით 4 პედაგოგი გათავისუფლდა.
რაც შეეხება ძალადობისა და ბულინგის პრევენციას, როგორც სამინისტროში განმარტავენ, ტრენინგები ტარდება სკოლების ადმინისტრაციებისთვის, ასევე მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებისთვის, თუ როგორ მოახდინონ დესტრუქციული ქცევის მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირება და რეაგირება.
„ბულინგთან ბრძოლის კუთხით, რეაგირების სხვადასხვა სქემები არსებობს, მათ შორის დროული რეფერარი. ამიტომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სისტემატიზებული იქნა სკოლებიდან ინფორმაცია, 4 431 რეფერარი განხორციელდა. მათგან 500-ზე მეტი სოციალური მომსახურების სააგენტოშია გადაგზავნილი, ყველა დანარჩენთან კი, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი მუშაობს.
ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება ყველა შემთხვევაზე, როცა დასტურდება მასწავლებლისგან, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ბავშვებზე ძალადობის ფაქტები“, - აცხადებენ სამინისტროში.