„აშენების მერე ელემენტარულად მზე აღარ იქნება, აქ სიცოცხლე მოკვდება, რაც აქაურებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“
ufleba.ge
ვარკეთილში, ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მაცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, ახალი შენობა საცხოვრებელ სახლებს მთლიანად დაჩრდილავს და ერთადერთ საბავშვო სკვერს გაანადგურებს. ადგილობრივები ამბობენ, რეომ კორპუსის მშენებლობა უკანონოა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები კი საპირისპიროს ამტკიცებენ და განმარტავენ, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.
მოსახლეობა სკვერის გარდა, საკუთარ საცხოვრებლებზეც ღელავს. მეორე მიკრორაიონის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი კორპუსები დაახლოებით 40-42 წლისაა, ხოლო მახლობლად დაწყებული ახალი კორპუსი მშენებლობამ, შესაძლოა, ძველი კორპუსები ავარიული გახადოს.
მოსახლეობა კახი კალაძეს სთხოვს, რომ ათსართულიანი კორპუსის აშენების შესახებ არსებული გადაწყვეტილება გაუქმდეს. ამ მიზნით, ისინი დედაქალაქის ახალადარჩეულ მერთან შეხვედრას ითხოვენ.
თავის მხრივ, სამშენებლო კომპანიაში აცხადებს, რომ მათ აღნიშნული 1250 კვ/მ ტერიტორია დაახლოებით 8 თვის წინ შეიძინეს და ყველა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტიც აქვთ. სამუშაოები ადგილზე დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.
ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ ადგილობრივ მცხოვრებ დავით გოჩიტაშვილს ესაუბრება:
- ვაპროტესტებთ ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას, სადაც ათი საცხოვრებელი სართული და დამატებით კომერციული ფართია. ეს ყველაფერი დასასვენებელი პარკის წინ ხდება. ამ უკვე შემოღობილ ტერიტორიამდე ლამის რამდენიმე სანტიმეტრის მანძილია დარჩენილი და იმდენად ახლოსაა, რომ პარკის შესასვლელი წინა მხარე, ფაქტობრივად, იკეტება.
კორპუსის აშენების შემდეგ ოთხ სადარბაზოს და პლუს პარკს, რომელსაც ცხრა კორპუსიდან მომხმარებელი ჰყავს (სხვადასხვა თაობის უბნელები ყოველდღიურად გადმოდიან და ისვენებენ) ელემენტარული სივრცე აღარ რჩება. ამ დროს, უბანში ერთადერთი რეკრეაციულ ზონაზე ვსაუბრობთ. წარმოიდგინეთ, აშენების მერე ამ პარკში, ელემენტარულად, მზე აღარ იქნება. ანუ აქ სიცოცხლე მოკვდება, რაც აქაურებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
მეორე, ეს მიმდებარე ტერიტორია ჩვენი, ადგილობრივი მცხოვრებლების საპარკინგო ადგილია. თან ერთადერთი სივრცეა, რადგან შიდა უბანზე პარკირება თითქმის შეუძლებელია. როცა არსებული საპარკინგო ტერიტორია აღარ გვექნება, რეალურად, უბანში მანქანის გასაჩერებელი ადგილი აღარ დარჩება.
ამას პლუს, აღნიშნულ საპარკინგო ტერიტორიას ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია იყენებს. აქ მანქანებს განსაკუთრებით საეკლესიო დღესასწაულებზე აჩერებენ. ეს მეორე პრობლემაა.
არავის ხელს არ ვადებ, მაგრამ ამ კორპუსის მშენებლობის დაწყების შესახებ ჩვენ გაფრთხილებული არ ვყოფილვათ, არავითარი ბილბორდი და სხვა ინფორმაცია არ ყოფილა. მოსახლეობას წლების განმავლობაში გვეგონა, რომ ბაგა-ბაღი უნდა აშენებულიყო, ახლა კი მოდიან და თურმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აგვიშენონ. აქაც განუკითხაობა იკვეთება.
გასაგებია, რომ ეს თბილისის მერიის ტერიტორიაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ელემენტარულად, მოსახლეობის აზრი გათვალისწინებუული უნდა იყოს და მგონი ქვეყნის კანონმდებლობითაც ასეა.
ამ კორპუსებში ჩვენ გვყავს ასთმიანი და ასევე აუტისტი ბავშვიც, რომლის გარეთ გამოყვანა ისედაც რთულია, მოგეხსენებათ ამის შესახებ. ახლა წარმოიდგინეთ, ადგილზე მშენებლობა რომ დაიწყება, ასთმიანი და აუტისტი ბავშვი როგორ მდგომარეობაში იქნებიან. ეს კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევაა.
ასევე კორპუსის მშენებლობა ტექნიკურ სადარბაზოებს კეტავს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი სივრცეა. ისედაც პარკის გავლით გვიხდებოდა სარგებლობა რაიმე დიდი ავეჯის შემოტანის დროს და ახლა ამას კორპუსი დაემატება. ხომ წარმოგიდგინიათ, რამხელა ტერიტორიის გავლით უნდა მოხდეს იქ რამის შეტანა ან გამოტანა.
თავის მხრივ, სახანძრო და სასწრაფო სამსახურები კორპუსებს რამდენად მოუდგება, ეს კიდევ ცალკე საკითხავია. ასევე ხეები, ტოტები უნდა მოიჭრას, რადგან იქ სხვანაირად მშენებლობა არ გამოვა.
კიდევ ერთი სამომავლო პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კორპუსის მშენებარე გზა ერთ-ერთი ცენტრალური და სავაჭრო ცენტრ ისტ-პოინტისკენ მიმავალია. ზემოთ მიმავალი მეორე გზაცა არის, მაგრამ რეალურად ესეც ცენტრალური და მნიშვნელოვანი მონაკვეთია. როცა ეს კორპუსი აშენდება და მას კომერციული ფართი ექნება (მთლიანად პირველი სართული), რასაკვირველია, მასთან ბუნებრივად მანქანების გაჩერება მოხდება, რაც უკვე ავტომატურად გარეთა გზის მხარეს მოხდება. სხვა ტერიტორია აქ აღარ არის.
ეს პრობლემა ისედაც იქმნება, როგორც მოგახსენეთ, საეკლესიო დღესასწაულზე სხვადასხვა უბნებიდან იმდენი მოსახლე მოდის, რომ ახლაც ტევა აღარ არის. დღევანდელ თავისუფალ გზაზეც უკვე პრობლემა იქმნება და ამას ეს კორპუსი თავისი კომერციული ფართით რომ დაემატება, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად პრობლემები შეიქმნება.
ახალმა მერმა განაცხადა, რომ ქალაქში არც ერთ სკვერს, მწვანე ზოლს პრობლემა არ უნდა შეექმნას. ამიტომ ჩვენ არჩევნებამდე ყველანაირად შევეცადეთ, რომ ეს მშენებლობა შეგვეჩერებინა. ეს ისეთ დროს მოხდა, რომ პრობლემას ვერც ძველი და ვერც ახალი მერი ვერ მოაგვარებდა. ინფორმაცია ახალ მერს მივაწოდეთ, რომ საკითხზე სერიოზულად იფიქრონ და გადაწყვეტილება მიიღონ.
მანამდე, ადგილზე მხოლოდ შემოღობვაა და ისიც ბოლომდე დასრულებული არ არის. საძირკველზე საუბარიც ზედმეტია. ერთი დღის საქმეა გაკეთებული, მეტი არაფერი.
კიდევ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ინვესტორთან შეხება გვაქვს, პირადად მის წარმომადგენელს ვესაუბრე. თუ მერია დედაქალაქში ალტერნატიულ ადგილს შესთავაზებს, ის ამაზე მოგვყვება. არ ვიცი, მეტი რა არის საჭირო იმისთვის, რომ მერიამ (ნებისმიერმა ორგანომ, ვისაც ეს ეხება) საკითხი განიხილოს და ზუსტი პასუხი მოგვაწოდონ, ეს კორპუსი აშენდება თუ არა.
ასევე პირველად ვამბობ, გვსურს აქვე პარკი გავაგრძელოთ და მოსახლეობისთვის რეკრეაციული ზონა გავზარდოთ. ვიმეორებ, აქ ცხრა კორპუსი გადმოდის და არსებული პარკი ისედაც უკვე პატარაა. პარკინგის ადგილიც იმისთვის დავტოვოთ, რომ უბანს ზედმეტი პრობლემები არ შეექმნას. ეს ჩვენი სურვილია.
ხაზსს ვუსვამ, რომ პატარა ბაგა-ბაღის მშენებლობა პირიქით გვიხაროდა. მე პირადად შვილები არ მყავს, მაგრამ რა მნიშვნელობა ქვს, ყველამ ვიცით, რომ თბილისში საბავშვო ბაღების პრობლემაა. საცხოვრებლის მშენებლობა კი პირიქით გააღიზიანებელი და ადგილობრივების არაფრად ჩაგდებაა.
ახალ მერთან პრეტენზია არ გვაქვს, რადგან ეს ამბავი მან ახლა გაიგო. თუმცა მისი რეაქცია გვაინტერესებს.
- ინვესტორი ვინ არის?
- ევროპული სამშენებლო ჰოლდინგია, ეს ყველაფერი უკვე გადამოწმებულია. მოკლედ, ეს ინვესტორი ადგილმონაცვლეობაზე თანახმაა, ამას ჩემთან პირდაპირ ინვესტორი ამბობს თუ მისი მარჯვენა ხელი, საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ერთი და იგივე ინტერსს გამოხატავენ და მზად არიან ჩვენთან შემხვედრი ნაბიჯები გადადგან.
- რატომ მისცეს ასეთ პრობლემურ ადგილზე მშენებლობის ნებართვა?
- რთული სათქმელია, ვფიქრობ, რომ ეს მერიის წინა მმართველობის დამსახურებაა.
- მერიაში დღეს რას ამბობენ ამ საკითხზე, კონსულტაციები ხომ არ გაგივლიათ?
- ამ საკითზე ახალადარჩეულ მერს, კახი კალაძეს კითხვა პირდაპირ ეთერში დაუსვეს. მან უპასუხა, რომ საკითხს განიხილავდნენ. ასევე იყო ნათქვამი, რომ აქ კანონის მოთხოვნები დაცულია. მოკლედ მთავარია, რომ ჩვენი პრობლემა მის ყურამდე მივიდა და ვნახოთ რა შედეგეს მივიღებთ.
ჯერჯერობით, მშენებლობა გაჩერებულია და საკითხი განხილვის სტადიშია. მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან კიდევ მოსულები იყვნენ, ღობე ზოგან სანტიმეტრებით და სხვაგან მეტრებით იყო დარღვეული, ეს ბოლომდე შეამოწმეს.
- როდის მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას?
- როგორც მოგახსენეთ, მშენებლობა განახლებული არ არის, მაგრამ არც პასუხი გვაქვს, ხვალ რა მოხდება. ეს ყველაფერი (ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები) მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ადგილზე უნდა იხილონ და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღონ. ვფიქრობ, დასახელებული მიზეზები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ეს მშენებლობა არ განხორციელდეს. მეტი რაღა უნდა იყოს, რომ აქ კორპუსი არ აშენდეს და ადგილმონაცვლეობა მოხდეს?
რასაკვირველია, ეს მერიის პრეროგატივაა. მაგრამ ამ შეთხვევაში ეს სამივე მხარისთვის (მერია, ინვესტორი, მოსახლეობა) სწორი გამოსავალი იქნება. საბოლოოდ, ეს ტერიტორია ისევე უნდა დარჩეს, როგორც აქამდე იყო. საერთოდ კი, იდეალური ვარიანტი იქნება, თუ მერია აქვე პარკის მშენებლობის აზრს გამოეხმაურება. თუ არადა, თავად მოსახლეობა როგორღაც შევთანხმებით, რომ არსებულ პარკს არასოდეს საშიშროება არ შეექმნას და, მეორე მხრივ, ის კიდევ უფრო გაიზარდოს.
- თუ მერიამ ინვესტორს მაინც დართო მშენებლობის ნებართვა, რას აპირებთ?
- სასამართლოში სარჩელის შეტანაზეა საუბარი, ამას, რა თქმა უნდა, განხვიხილავთ.