მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლევან ხაბეიშვილი: კალაძემ ფეხებზე დაიკიდა თბილისელების მოლოდინი, რომ სოციალური პოლიტიკა გადაიხედებოდა - 06 დეკემბერი 2017

„თუ მოგშივდებათ, შეგიძლიათ პიარი ჭამოთ და ნარმანიას ნაცვლად კალაძეს უყუროთ, ალბათ, ესაა დიდი შვება და „ამბიციური“ პროგრამა“

ufleba.ge

ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დედაქალაქის საკრებულო და მერია ოფიციალურად შუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას. „ქრონიკა პლუსმა“ სტარტის შეფასება თბილისის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონლური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილს სთხოვა.

ლევან ხაბეიშვილი:  

- რაც მართალია მართალია, მოლოდინი ნამდვილად გააჩინა კალაძემ, რომ ნარმანიას შემდეგ რამეს შეცვლიდა. რეალობა მაშინვე შეიცვალა, როცა მან დედაქალაქის „ახალი“ ძველი მთავრობა წარადგინა. 10 რაიონის გამგებლიდან მხოლოდ 4 შეცვალა, ერთი საერთოდ დააწინაურა და საქალაქო სამსახურის უფროად დანიშნა. საქალაქო სამსახურებს რაც შეეხება, ფაქტობრივად, დიდი არაფერი შეუცვლია. 

თუ ვამბობდით და ისედაც ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ სოციალური მიმართულებით თბილისში რთული ვითარებაა, გამოსასწორებელია და ასე შემდეგ, კალაძემ გვითხრა, რომ ამ მიმართულებით ნარმანიას სამსახურის უფროსი კარგად მუშაობდა და შესასცვლელიც არაფერიაო. ამიტომ ადგა და ამ სამსახურის უფროსი თანამდებობაზე დატოვა. 

გააგრძელეთ სოციალურად დაუცველებმა 0,98 თეთრად კვება, დახმარებას რომ გაძლევთ, დღეში 1,5 ლარს, ესეც საკმარისიაო; არც კომუნალური ვაუჩერები სჭირდება თბილისელებსო; სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილ მილიონებსაც თუ კომპანიები იპარავენ, ეგეც დიდი არაფერიო და, მოკლედ, ეს მაგარი კაცია და ჩემს გვერდში მჭირდებაო. 

თბილისელების რეალური მოლოდინი, რომ სოციალური პოლიტიკა გადაიხედებოდა, კალაძემ ფეხებზე დაიკიდა. 

იგივე რეალობა დადგა ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში. ყველა კვლევით დედაქალაქში მწვავე პრობლემა იყო საცობები, უგზოობა, ინფრასტრუქტურის მოწყობა და მუდმივად ამაზე ვაქილიკებდით ნარმანიას, რომ თბილისი ორმოების ქალაქად გადააქცია. მაგრამ კალაძე აქაც სხვანაირად ფიქრობს. მისი აზრით, უნაკლოდ მუშაობდა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი. თბილისში არც გზის პრობლემა ყოფილა, საცობების პრობლემასაც უმკლავდება თურმე ეს კაცი. მოგვარებულია ინფრასტრუქტურის ამბავი და, ზოგადად, თურმე ამ სამსახურს მთელი ეს წლები გამართულად უმუშავია. ისე გამართულად, რომ ეს კაციც (გივი კუბლაშვილი ) უნდა დარჩეს ამ სამსაუხრის უფროსად. 

მოლოდინი იყო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კოლაფსის გამო შეიცვლებოდა ამ სამსახურის უფროსიც. სახეზეა მოფახფახებული და ექსპლუატაციაგასული ყვითელი ავტობუსები, მეტროში არსებული კატასტროფული რეალობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს და ა. შ. 

აქაც თურმე ყველაფერი კარგად ყოფილა და ნარმანიას კადრიც უნდა დარჩეს თანამდებობაზე და გააგრძელოს ასე „კარგად“ მუშაობა . ანუ, რა გამოვიდა? ის პრობლემები, რაზეც მათ შორის კალაძეც საუბრობდა წინასაარჩევნოდ, რასაც თბილისელები ყველა კვლევაში აფიქსირებდნენ, რასაც ყოვედღიურად ვაწყდებით ქალაქში, თურმე მოლანდებები ყოფილა. ამდენი სოციალური პრობლემებია, საცობები, გზები, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და თურმე ამ საქალაქო სამსახურის უფროსები ეს წლები კარგად მუშობდნენ და შესაცვლელიც არაფერია. 

ამას კალაძისგან პიარის ახალი სამსახურის უფროსის წარდგენა მოყვა. ანუ ჩვენ გველანდებობდა ეს ყველაფერი და მთავარი პრობლემა პიარში ყოფილა. საბოლოოდ კალაძის გუნდიდან ირკვევა, რომ დავით ნარმანია უბრალოდ სახეზე აღარ მოსწონდათ, თორემ მთელი მისი გუნდი კარგად მუშაობდა. 

აქედან რა გამოვიდა ? ნარმანიას მთავრობა დარჩა და მხოლოდ მერი და მისი პიარი შეიცვალა. თუ მოგშივდებათ, იცოდეთ, რომ შეგიძლიათ პიარი ჭამოთ და ნარმანიას ნაცვლად კალაძეს უყუროთ. ალბათ, ესაა დიდი შვება და „ამბიციური“ პროგრამა. 

10 რაიონის გამგებლიდან 6 თუ კარგად მუშაობდა, მაშინ რას ვერჩოდით ყოფილ მერს? თან ერთს საბურთალო აუყვავებია და ახლა გლდანში გადაიყვანეს (მიქაუტაძე ). იქ ხომ აღმშენებლობის კრამიტები ამტვრია და ახლა გლდანს ააყვავებს. 

ასევე თანამდებობაზე დატოვეს ქალბატონი ზავრადაშვილი ( დიდუბის გამგებელი ). ის ქალბატონია, მის რაიონში არარსებულ მისამართებზე რომ აგებდა გზებს. შემდეგ ასევე მის რაიონში არარსებულ კორპუსებში არარსებული ამომრჩეველი რომ დაარეგისტრირა და ბოლოს ამ არარსებულმა ხალხმა არჩევნებშიც მიიღო ალბათ მონაწილეობა. დაუფასდა ადამიანს. 

ასობით საჯარო მოხელე დაითხოვეს უკანონოდ, რასაც სასამართლოს გადაწყვეტილებები ადასტურებს. მილიონობით ზიანი მიადგა ბიუჯეტს და ის ხალხი, ვინც ამ ყველაფერს ამზადებდა და მისი ჭკუით იურიდიულად მართავდა, დაწინაურებულნი არიან და დღეს ერთ-ერთი მათგანი იურიდიული სამსახურის უფროსად წარადგინეს. 

კალაძე უდიტის სამსახურის უფროსსაც კი იგივეს ტოვებს. იმ სამსახურის ხელმძღვანელს, მთელი ეს წლები ხმა რომ არ ამოუღია ნარმანის და მისი გუნდის თავგასულ კორუფციაზე. ახლა კალაძე აპირებს ქაფოს ბიუჯეტი და ურჩევნია გამოცდილი, მორჩილი და უენო სამსახურის უფროსი ჰყავდეს, ვიდრე ახალი ეძებოს. 

ახალი ვინც მოძებნა, ისიც საოცარი კრიტერიუმებით შეარჩია. ვინმე ჭონქაძე, იგივე სულიკო კედელაშვილი. აგრესიულობით და სიძულვილის ენით მოსაუბრე ქსენეფობი, ჰომოფობი და განსხვავებულ აზრზე სახეზე რომ აყრის, ისეთი. კალაძის აზრით, ამ „სიკეთეებს“ ისიც ემატება, რომ კარგი თამადა და პურისმჭამელი ყოფილა. ჰოი საოცრებავ, აი ამ კაცისთვის და მისნაირებისთვის მოსულა კახი და  მათთვის ნამდვილად გახდება თბილისი სიცოცხლით სავეს ქალაქი. თორემ ნარმანიას მთავრობა, რომელსაც ახლა კახის მთავრობა ჰქვია, არაფრის გამკეთებელი რომ არ არის, ეს ვნახეთ უკვე სამ წელიწადში. საპნის ბუშტივით გასკდა ის მოლოდინები. 

ის კი არა, კალაძე საკრებულოს პირველ სხდომაზე თბილისელებს და არჩეულ საკრებულოს დაემალა. ის რაც ნარმანიასაც კი არ უკადრია, იკადრა კალაძემ. მისივე მთავრობის წარდგენას არ დაესწრო და თავის მართლება დაიწყო, რომ თურმე კანონი არ ავალდებულებს. საუბრობს თანამშრომლობაზე და ამ დროს საკრებულოშიც კი არ მოდის. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. 

მიუხედავად იმისა, რომ მერმა ფეხებზე დაიკიდა არჩეული საკრებულო და თბილისელების კითხვები, ჩვენ საქმიან რეჟიმში დავრჩით გაფართოებულ საკრებულოს სხდომაზე და 3 სთ-ის განმავლობაში დავსვით 100– მდე შეკითხვა. შეკითხვები ეხებოდა შემოვლით რკინიგზას, კონკრეტულ მისამართებზე ესტაკადების და ხიდების მოწყობას, სოციალური დახმარების გაზრდას, ბაღის პედაგოგებისთვის ანაზღაურების მომატებას, ბიუროკრატიის შემცირებას... 

ვკითხეთ, აპირებენ თუ არა ფუფუნებაზე უარის თქმას და არსებული 287 ავტომობილიდან რამდენზე იტყვიან უარს. გვაინტერესებდა შეამცირებდნენ თუ არა სარესტორნო ხარჯებს. კითხვა გვქონდა გაბერილ და მოგონილ სამსახურებთან და რას აპირებენ ამ მიმართულებით. ასევე ქაოსურ მშენებლობებზე, რეკრეაციულ ზონებზე, სადაც ბიძინას და ჩინოვნიკების გამო ნებისმიერ რამეს აწერენ ხელს.  

კითხვები ეხებოდა ასევე სი თი პარკის პრობლემას, ტრანსპორტს, კორუფციას, ნეპოტიზმს, ბაღებში არსებულ პარტიალ დიქტატურას და ასე შემდეგ. 

სამი საათი ვსვამდით შეკითხვებს და კალაძის მთავრობას, ფაქტობრივად, არაფერზე არ ჰქონდა პასუხი და კითხვებით გაღიზიანებულებმა მგზნებარედ დაიწყეს საუბარი ცხრა წელზე. სასაცილო ის იყო, რომ იმ 9-წლიანი მმართველობის პერიოდში მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი ადამიანები თავად წარმოგვიდგინეს თბილისის მთავრობაში. 

ადმინისტრაციის უფროსი სულაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო იმ 9 წელში და მათ რომ არ მოსწონთ, იმ პრეზიდენტისგან ჯილდოებიც აქვს მიღებული. ასევე მთავრობაშია წარმოდგენილი ფინანსური პოლიციის მაღალი თანამდებობის პირების დიდი ნაწილი და ვინც ენმ-ს დროს არ იყო თანამდებობაზე, სამაგიეროდ შევარდნაძის დროს 1994–95 წლებში თურმე მარკეტინგის განყოფილების უფროსი იყო ჯანდაცვის სამინისტროში ( გაიოზ ვასაძე ), საოცარი არ არის? 

1994 წელს ფონეიდოსკოპი არ იყო საავადმყოფოებში და რას ამარკეტინგებდა, კი არის საინტერესო. მიუხედავად იმისა რომ, ახალმა–ძველმა მთავრობამ არც არაფერი არ იცის, არც სტრატეგიაა აქვს, არც გეგმა და კონკრეტული პასუხებიც არაფერზე აქვთ, ახალმა საკრებულოს უმრავლესობამ ძველს მორჩილებაში უკვე აჯობა და ერთხმად დაუჭირა მხარი კალაძის მიერ წარმოდგენილ ნარმანიას მთავრობას. 

პირველივე სხდომებმა დაადასტურა, რომ ეს საკრებულო და ნაოცნებარი უმრავლესობა ძველის მსგავსად დიდი ნოტარიუსთა პალატა იქნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჭონქაძე – კედელაშვილის დანიშვნას გავასაჩივრებთ სასამართლოში. კანონით არ შეიძლება, რომ დისკრიმინაციაში მხილებული ადამიანი იყოს თანამდებობაზე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია