მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უკრაინიდან ქართველების გამოძევება - ქართული მხარის გულგრილობა, თუ ერთობლივი ოპერაცია? - 06 დეკემბერი 2017

„საზოგადოებას ეჭვი ექმნება, რომ უკრაინასთან ურთიერთობა გაფუჭებული გვაქვს და უკრაინის მთავრობის მხრიდან რაღაც ანგარიშწორებას აქვს ადგილი, ამიტომ აუცილებელია მეტი კომუნიკაცია“

ufleba.ge

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, უკრაინიდან ქართველების ბოლოდროინდელი გამოძევება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციით გააპროტესტეს. შეკრებილების თქმით, საგარეო უწყებამ კონკრეტული პირები სწორედ პოლიტიკური ნიშნით გამოარჩია და უკრაინაში მათი გატაცების და რამდენიმე დღით გაუჩინარების ფაქტზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევეს, ისინი ფოთის პორტში ბორანით ჩამოიყვანეს.

ამასთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს, პარლამენტში იბარებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, საგარეო უწყებამ დეტალურად უნდა განმარტოს, რა მოხდა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციასთან დაკავშირებით:

„ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს იყო ერთობლივი ოპერაცია, რომელიც ეწინააღმდეგება ორივე ქვეყნის კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. შეუძლებელია, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტის პირველ გვერდზე არსებული წარწერა, რომ ამ პასპორტის მესაკუთრეს იცავს საქართველოს სახელმწიფო, უკვე ვინმესთვის იყოს დამაჯერებელი“.

თემაზე პირველი კომენტარი უკრაინაში საქართველოს ელჩმა გააკეთა. გელა დუმბაძემ „კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია ჰქონდა. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნოტა გაიგზავნა. გელა დუმბაძის თქმით, დაგეგმილია უკრაინის საზღვრისა და საემიგრაციო სამსახურის უფროსებთან მისი შეხვედრა:

„ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით უწყვეტი კომუნიკაცია გვქონდა იმ მომენტიდან გამომდინარე, როცა საელჩომ ამის თაობაზე ინფორმაცია მივიღეთ, არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ყველა ზემოთ ხსენებულ უწყებასთან. ცალკე ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნოტა გაიგზავნა, ხვალ პრემიერმინისტრის დავალებით შედგება ჩემი შეხვედრა ქვეყნის საზღვრის უფროსსა და საემიგრაციო სამსახურის უფროსთან, სადაც ეს საქმეები დეტალურად იქნება განხილული“.

ელჩის თქმით, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით კიევში საქართველოს საელჩო მომენტალურ რეაგირებას ახდენს:

„ცალკეულ შემთხვევებზე დგება სპეციალური ნოტა და შედგა ყველა ადრე არსებულ შემთხვევასთან დაკავშირებითაც შეხვედრები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბოლო შემთხვევას რაც შეეხება, უკრაინის მხარემ ოფიციალურად განაცხადა, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური, ეროვნული პოლიცია, საემიგრაციო სამსახური, რომ ამ მოქალაქეების ქმედება, საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა უკრაინის უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებს და ამით აიხსნა ინფორმაციის ნაკლებობა ამ საკითხებთან დაკავშირებით“.

უკრაინაში საქართველოს ელჩის განმარტებით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი გადაწყვეტილება. 

„ეს არის უკრაინის შიდა საქმიანობა. როდესაც საუბარია ფორმულირებაზე, აქ არის სხვადასხვა ფორმულირება, შეიძლება მეტ-ნაკლებად ასახავდეს ამ სიტუაციას. კონკრეტულად ხაზგასმას ამ პიროვნებებთან დაკავშირებით, რომ ისინი ამა თუ იმ კავშირში იყვნენ საქართველოს ექსპრეზიდენტთან და მის პოლიტიკურ საქმიანობასთან, ამას მოცემულ ეტაპზე ადგილი არ აქვს,“ - განაცხადა დუმბაძემ.

ამ ფონზე, უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ. იურისტები ორივე ქვეყნის შესაბამისი უწყებებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ გამოძევების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. შიდა სამართლებრივი პროცედურების ამოწურვის შემდეგ კი უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის გამორიცხული ევროსასამართლოში იჩივლონ. 

დეპორტირებულ ქართველებს შორის არის „რუსთავი 2“-ის ოპერატორი თამაზ შავშიშვილი. მისი ინფორმაციით მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობა არ გაუწევია, სპეცრაზმის წევრები სასტიკად გაუსწორდნენ. სასტიკად სცემეს, თვალები წებოვანი ლენტით აუხვიეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და ამ მდგომარეობაში თითქმის 9 საათი ჰყავდათ, შემდეგ მიკროავტობუსიდან ვერტმფრენში გადასვეს და კიევიდან ოდესაში გადააფრინეს. ყველგან პირქვე ყავდათ დაწვენილი და დამამცირებლად ექცეოდნენ. თამაზ შავშიშვილის განცხადებით თვალებზე წებოვანი ლენტი ოდესის პორტიდან ბორანის დაძვრის შემდეგ მოხსნეს.

თამაზ შავშიშვილს უკრაინაში პროფესიული მოვალეობის შესრულების უფლება ჰქონდა. მან აკრედიტაცია უკრაინის ინფორმაციის სამინისტროდან თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე აიღო.

უკრაინიდან გამოძევებული ქართველებს ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხი, რა გახდა მათი ქვეყნიდან დეპორტაციის მიზეზი და რატომ არ ერევა საქართველს საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი მოქალაქეების სასტიკი ფორმებით დაკავებისა და იძულებითი დეპორტაციის საქმეში. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ უკრაინიდან დეპორტირებული ქართველების საქმეზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს ესაუბრება:

- ბატონო კახა, ბოლო დროს უკრაინიდან ქართველების გამოძევებაზე (ქვეყანაში არშეშვებაზე) საქართველოს საგარეო უწყების რეაქცია რამდენად დამაკმაყოფილებელია?

- ცოტა მივიწყებულია, მაგრამ საკმაოდ სკანდალური თემაა. ეჭვი მაქვს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ რაღაც გამწვავებას ყველა ერიდებოდა. ამ დროს მთავრობებს შორის ერთიან პოზიციაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ა.შ. 

ახლა შევხედავთ რა მოხდება, რა დამოკიდებულება იქნება ამ ყველაფრის შემდეგ. რეაგირება აუცილებლად უნდა იყოს და პრობლემური საკითხები გაირკვეს. ანუ, რატომ აძევებენ ისევ უკრაინიდან ქართველებს. გეთანხმებით, რომ ამ მომენტისთვის ქართული მხარის რეაქცია ადეკვატური ნამდვილად არ არის. 

- ფიქრობთ, რომ ჩვეულებრივ ვითარებაში საგარეო სამინისტროს შესაბამისი განცხადება უნდა გაეკეთებინა?

- ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობისთვის ამასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა აეხსნათ. რადგან საზოგადოებას ეჭვი ექმნება, რომ უკრაინასთან ურთიერთობა გაფუჭებული გვაქვს და უკრაინის მთავრობის მხრიდან რაღაც ანგარიშწორებას აქვს ადგილი. ამიტომ აქ მეტი კომუნიკაცია უბრალოდ აუცილებელია და ეს ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო.

- თვითონ უკრაინაში ეს პროცესები როგორ შეიძლება განვიხილით, მაინც საითკენ არის მიმართული?

- მიჭირს ამაზე დაზუსტებით საუბარი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი დღეს უკრაინაში მმართველ ძალასთან ძლიერ ოპოზიციაშია. ეს ყველაფერი არსებულ ფონზე ხდება, როდესაც უკრაინაში დემოკრატიამ სათანადოდ ფეხი ვერ მოიკიდა, ქვეყნის მოდერნიზაცია ძალიან ნელა მიმდინარეობს და ა.შ. 

ამასთან, ძალიან ძლიერი შიდა პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ამ ფონზე, შეიძლება ქართველების მიმართ რაღაც ანგარიშწორებასაც ჰქონდეს ადგილი. ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამ ყველაფერზე სრული ინფორმაცია არ მაქვს. 

- რა უნდა გაკეთდეს, რომ ამ ტიპის პრობლემებმა (იგივე პიროვნულმა ფაქტორმა) ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოახდინოს?

- პირველ რიგში, თვითონ უკრაინაში დემოკრატიის დონე ისეთი უნდა იყოს, რომ ასე პოლიტიკის სუბიექტივიზაცია არ მოხდეს. მსგავსი გართულებები მთელ ერზე და ეთნოსზე არ უნდა გადადიოდეს, ანუ რაღაც უკმაყოფილება მისი ერთი წარმომადგენლის გამო. პოლიტიკა ცალკე უნდა დარჩეს და ცალკე ქვეყნებს, ხალხებს შორის ურთიერთობები, ისევე, როგორც დემოკრატიის პრინციპები, ადამიანებთან მოპყრობა და ა.შ. ეს ყველაფერი ავტომატურად, სხვა რეჟიმში უნდა  მიმდინარეობდეს, ყოველგვარი ზედმეტი გართულებების გარეშე უნდა ხდებოდეს. 

შეიძლება ითქვას, რომ ეს, პირველ რიგში,  უკრაინის შიდა სახელმწიფოებრივი პრობლემაა. ეს ქვეყანა ამ თვალსაზრისით ჯერ ნამდვილად მომწიფებული არ არის და დემოკრატიის თვალსაზრისით აშკარა პრობლემებს განიცდის. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი ეს იყო, რაც თვალნათლივ გამოჩნდა კიდეც. 

- აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო სამიტიდან ჩვენი ქვეყნები რა კონკრეტულ შედეგებს მიიღებენ?

- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი პირველ რიგში იმაზე იყო კონცენტრირებული, რომ კვლავ თავისი ფორმატი დაემკვიდრებინა და ეს მგონი რაღაცნაირად შედგა; რადგან, თუნდაც დეკლარაციასთან დაკავშირებით კონსენსუსი მოიძებნა. ეს ფართო დეკლარაცია ბევრ დიდ მიზანს მოიცავს, რაც ამ ქვეყნების ევროკავშირთან ფუნქციურ ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. აქ უამრავი მიმართულება, სექტორული თანამშრომლობაა, ჩამოთვლილია სფეროები, მათ შორის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კომუნიკაცია და ა.შ. რომლებშიც მხარეები ურთიერთობების გაღრმავებას აპირებენ. 

ამ თვალსაზრისით, კარგია, რომ სამიტმი რაღაც პრაქტიკულ ერთსულოვნებას მიაღწია. 

რაც შეეხება პროგრესსა და მეტ პერსპექტივას ჩვენი ქვეყნებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად გამეორებული იყო რიგის სამიტის დეკლარაცია იმ კონტექტში, რომ კვლავ აღიარეს ასოცირების შეთანხმების ხელმომწერი ჩვენი ქვეყნების ევროპული მისწრაფებები და კვლავ დაადგინეს,რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, რომ ევროკავშირთან იმ გზით იაროს და ისეთი მიზნები ჰქონდეს, რასაც თვითონ საჭიროდ მიიჩნევს. 

ანუ რეალურად გზა გახსნილია იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირთან მაქსიმალურად დავაახლოვდეთ. აქ ეს პირდაპირ ნათქვამი არ არის, მაგრამ ჩვენ ლეგიტიმური უფლება გვაქვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ვიაროთ. 

მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ, მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს გვაინტერესებდა კიდევ დამატებითი პაკეტი იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასეთ ამბიციას (სრულ ინტეგრაციაზე) არ ავლენენ. საუბარია აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ სამ ქვეყანაზე, - სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსი. აი აქ მხოლოდ ერთი პატარა ჩანაწერია, რომელიც აბობს, რომ შეიძლება ამ სამ ქვეყანასთან (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) ცალკე საუბარი ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო საკითხების შესახებ. 

ეს მაინც კარგია, რომ შეიძლება ცალკე ქვეფორმატის შესაძლებლობა შეიქმნას, რაღაც ცალკე დიალოგის ჩარჩოსი, სადაც ეს სამი ქვეყანა ევროკავშირთან ერთად ისაუბრებს. 

დანარჩენი თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნებისთვის რაღაც განსაკუთრებული არ იყო ნათქვამი. უბრალოდ, გაიმეორეს ყველაფერი, რაც ორი წლის წინანდელ ასოცირების შეთანხმებაში, რიგის სამიტზე არის დეკლარირებული.         

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია