მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია ხუხაშვილი: ქვეყანას ძალიან სერიოზული თავის ტკივილი და საფიქრალი აქვს, იმედია, ვიღაც ამაზე ფიქრობს - 07 დეკემბერი 2017

„ასეთ შემთხვევებში დაყარეთ იარაღი და რუპორით საუბარი, სპეცოპერაციის ჩატარების ცოტა მიამიტი გზაა“ 

ufleba.ge

ბოლო დღეები ქვეყნისთვის მძიმე და ტრაგიკული აღმოჩნდა. ბათუმის სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ. ხოლო თბილისის ერთ-ერთ უბანში ხაბგრძლივ სპეცოპერაციას ქართველი სპეცრაზმელი შეეწირა და რამდენიმე დაიჭრა. განვითარებულ პროცესებზე, „ქრონიკა პლუსი“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრება.

- ბატონო გია, ბათუმის სასტუმროში დატრილებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- შორსმიმავალ დასკვნას არ გავაკეთებდი, ეს საშინელი ტრაგედიაა. გასაგებია, რომ იქ სახანძრო უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით რაღაც წესრიგში არ იყო. მითუმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიები თითქოს ასეთ შემთხვევებს უნდა გამორიცხავდეს, ამ დროს ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში ხდება და ა.შ. 

აქ ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გამოსაძიებელი და დამნაშავე დასასჯელია. ამ შემთხვევაში დამნაშავე ორი მხარეა, თვითონ სასტუმროს მენეჯმენტი და სამსახურები, რომლებმაც, როგორც ჩანს, არცთუ ისე გამართულ მდგომარეობაში მიიღეს მაღალი კლასის სასტუმრო ექსპლუატაციაში. 

მითუმეტეს, რომ მაღალი კლასი მხოლოდ კომფორტს არ ნიშნავს, თავის თავში პირველ რიგში მაღალი კლასის უსაფრთხოებას გულისხმობს და ეს, როგორც ჩანს, დაცული არ იყო.

- მთავრობას თუ მოუწევს ნაბიჯების გადადგმა ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმების ასამაღლებლად?

- არ მგონია, რომ პრობლემა ნორმებში იყოს. ვფიქრობ, რომ აქ უფრო კონკრეტული ჩინოვნიკების ზერელე დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე. დეტალებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ არ მგონია არსებული ნორმები იმ სტანდარტებს აცდენილი იყოს, რაც დღევანდელ სამყაროში არსებობს.

სხვა საკითხია, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ნორმების დაცვაზე პასუხისმგებლები არიან, ხშირ შემთხვევაში ან არაკომპეტენტურები არიან, ან ამ საკითხს ძალიან ზერელედ უყურებენ. თუ კიდევ უფრო უარესთან არ გვაქვს საქმე. ასეთი რაღაცეებიც ხდება და იმედი მაქვს, რომ აქ რაღაც კორუფციულ გარიგებებზე საუბარი არ იქნება. 

- თბილისში ჩატარებულმა სპეცოპერაციმ და მიღებულმა შედეგებმა რა შთაბწჭდილება დაგიტოვათ?

- ჯერჯერობით, სურათი ისევ ბუნდოვანია. ამ საკითხს სამ ნაწილად გავყოფდი. პირველი, რაც შეეხება თვითონ სპეცოპერაციას, აქ ერთი და მთავარი კითხვა მაქვს. თუ ეს ადამიანები დაკვირვების ქვეშ იყვნენ (იმის მიუხედავად, თუ რა ხდება მათ გარშემო, გასაგებია, დაკვირვების ქვეშ იმიტომ ჰყავდათ, რომ რაღაც სერიოზული  ეჭვები იყო), ეს დაახლოებით მაინც გასაგები უნდა ყოფილიყო, თუ ამ ადამიანებისგან მოსალოდნელი რა რის. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში დაყარეთ იარაღი და რუპორით საუბარი, სპეცოპერაციის ჩატარების ცოტა მიამიტი გზაა. 

ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო გამოყენებული, მოულოდნელობის ფაქტორი და ოპერაცია ამით რომ დაეწყოთ, ის ბევრად უფრო სწრაფად დასრულდებოდა. ასევე ეს ბევრად უფრო ეფექტურად მოხდებოდა. 

როგორც ჩანს, ეს ფაქტორი არ იყო გამოყენებული. ვიღაცას ილუზია ჰქონდა, რომ მოწოდებით ეს ადამიანები დანებდებოდნენ, რითაც ეს მოლოდნელობის მომენტი გამოირიცხა. ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპერაციას დაგეგმვის ეტაპზე ხარვეზები ჰქონდა. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან ამ შემთხვევაში სპეცრაზმთან პრეტენზია არ მაქვს. სწორედ დაგეგმვის ეტაპზე ეს ყველაფერი უხარისხოდ იყო გაკეთებული, რადგან ის რისკები არ იყო გათვალისწინებული, რაც ამ ფაქტორის გამორიცხვით ოპერაციის ჩატარებას შეიძლება მოყოლოდა.

რაც შეეხება მეორე საკითხს, როგორც ამის შემდეგ განვითარდა მოვლენები, ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია საზოგადოებასთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით მაქვს და ამ კუთხით ბევრი უცნაურობა ვნახეთ. როდესაც ასეთი რამ ხდება, ბუნებრივია, საზოგადოება დაზაფრულია. 24 საათის განმავლობაში ქალაქში ლამის ომი მიდიოდა და ასეთ დროს საზოგადოებასთან კომუნიკაცია ოპერატიული უნდა იყოს. ეს, ფაქტობრივად, ონლაინრეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს და საზოგადოება მუდმივად საქმის კურსში უნდა იყოს. 

ამას ორი მიზეზი აქვს. მთავარი ისაა, რომ ადამიანები თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ. ჩვენთვის ორი რაღაც უნდა ეთქვათ, პირველი, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და, მეორე, ამ ოპერაციის შედეგად ქვეყანა რა საფრთხეს ააცილეს. ეს ორი რაღაც მაქსიმალურდ სწრაფად უნდა იყოს ნათქვამი. 

ახლა გასაგებია ექსპერტიზები და ა.შ. მაგრამ მუდმივად რაღაც ინფორმაციას უნდა იძლეოდეს სპეცსამსახური. მითუმეტეს, როცა ერთ-ერთი პირი აყვანილი ჰყავთ და ახლა საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ეს კაცი სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს თავის მდგომარეობას. ასეთი მძიმე შემთხვევის შემდეგ, ერთადერთი გადარჩენილი ადამიანი აყვანილია და ამ ჯგუფის წევრია, როგორც ამას ხელისუფლება გვეუბნება. ის პატიმრობის საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო ინსტანციაში მიდის. 

ანუ ეს ყველაფერი სრულ აბსურდამდე მიდის და, რაც მთავარია, ასეთ შემთხვევები ხელისუფლების ინტერესებშია, რომ მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეს საზოგადოებასთან. როდესაც ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ახალი და ახალი კითხვები იბადება. 

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს წინასწარ ბრალი დავდო, მაგრამ საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხი აბსოლუტურად კატასტროფული იყო და, რაც მთავარია, ეს დღემდე არ დასრულებულა და გაუგებრობა გრძელდება. 

სამომავლოდ, რასაკვირველია, თავად ეს ფაქტიც და ის ტენდენციებიც, რაც ტერორიზმთან დაკავშირებით გლობალუარად ვითარდება, საქართველოსთვის მაღალი საფრთხის შემცველია. ვფიქრობ, რომ ქვეყანას ძალიან სერიოზული თავის ტკივილი და საფიქრალი აქვს. იმედია, ვიღაც ამაზე ფიქრობს.

- ბოლო არჩევნებსაც გადავხედოთ, რა მოხდა ამ დღეს, როცა ოპოზიცია დღესაც მის არალეგიტიმურობაზე საუბრობს და ასაჩივრებს?

- არჩევნებზე ძალიან მარტივი რაღაც მოხდა, ეს იყო კენჭისყრა, როცა ამომრჩეველს არჩევანი არ ჰქონდა. ანუ ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი (ამას კვლევებიც აჩვენებს), 60 და 65% ფიქრობს, რომ მას ჰყავს ცუდი ხელისუფლება, ასევე ცუდი ოპოზიცია და არ მიიჩნევს, რომ მას ღირსეული არჩევანი აქვს. ასეთი ტიპის ნეგატიურ არჩევნებზე, როდესაც ამომრჩეველს არჩევანი არ აქვს, ყველაფერს რესურსი წყვეტს. ანუ ამომრჩეველი მზად არის, რომ ერთჯერადად გაიყიდოს. ის ამბობს, რომ დაპირების არ მჯერა, არც შენი და არც შენი, რადგან ათასჯერ შემპირდით და არავის არაფერი გაგიკეთებიათ. ღირსეული არჩევანი არ აქვს, ვისაც დაუჯერებს, ირწმუნებს და ამიტომ ამბობს, გადაიხადეთ და, კი ბატონო, ხმას გადმოგიგდებთო. 

რაღაც ნაწილი სახლში დარჩა და ჩვენ ვნახეთ, რომ დაბალი აქტივობა იყო. მაგრამ ამ დაბალ აქტივობაშიც პარტიების ნატურალური მხარდამჭრი ალბათ ამის ნახევარი იყო. მეორე ნახევარი ჯოხის ქვეშ იყო, გარკვეული ინტერესით მიყვანილი, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის მიერმ, იქ მეტი არაფერი მოხდა. 

მთლიანობაში, ეს იყო გაყიდული არჩევნები. მაინცდამაინც არ ვამბობ, რომ ფულს უხდიდნენ, სხვადასხვა ინტერესები და სატყუარა არსებობს. ამ დროს მთელ პარტიულ ელიტას ჯამურად ნატურალური ამომრჩეველი სულ 20-25% ჰყავს. მეტი ნატურალური ამომრჩეველი არ არის და ეს ნიშნავს, რომ პარტიული ელიტა ღრმა კრიზისშია. ამომრჩეველი ახალი არჩევანის მოლოდინშია, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს.       

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია