მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბესო შენგელია: საბანკო სექტორის კომპანიები აფხაზეთსა და ცხინვალს „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებენ - 18 დეკემბერი 2017

„ეს უკვე რუსეთისთვის (დათვისთვის) ბაბაიას დაძახება აღარაა, აქ დუმილი მიზანმიმართული სახელმწიფო ღალატია“

ufleba.ge

„რუსეთის ხელისუფლება არამხოლოდ მავთულხლართების გაბმითაა დაკავებული ჩვენს ქვეყანაში, ასევე ყოველდღიურად ცდილობს სეპარატისტული ხელისუფლების გაძლიერებას და მისი ფსევდო დამოუკიდებლობის აღიარების მოპოვებას სხვადასხვა გზებითა და საშუალებით. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ქართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები რუსული კომპანიების საშუალებით ახორციელებენ ფულად გადარიცხვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიაზრებიან. ეს არის უპირველესად ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა. 

მოვითხოვთ ეროვნული ბანკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დროულ და კოორდინერულ მუშაობას, რათა ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას და აღმოიფხვრას აღნიშნული დანაშაულებრივი მოქმედება. ჩვენ არ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ანექსიას, აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა და მოსწონს თუ არა ეს რუსეთის და, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელებს, ამის აღიარება ყველას მოუწევს და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციის განცხადებაში. 

ამ თემაზე, „ქრონიკა პლუსი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბესო შენგელიას ესაუბრება:

- უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ ქართულ საბანკო სექტორში ოპერირებენ უცხოური ფულადი გადარიცხვის კომპანიები (კონტაქტი, ლიდერი, ანელიკი, ზალატაია კარონა), რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებები აღიარებული აქვთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მინიჭებული აქვთ კოდი, ეგრეთ წოდებული ეროვნული დროშა და ჩასმულია სახელმწიფოთა ჩამონათვალში.

რაც ყველაზე სამწუხარო და გულდასაწყვეტია, თითქმის ყველა ქართულ ბანკს ამ კომპანიებთნ ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული და საკუთარ ფილიალებში უწევენ რეკლამირებას.

ყველა მხარე ვინც ამ სქემაშია ჩართული, არღვევს საქართველოს კანონს ოკუპაციის შესახებ და უნდა დაუწესდეთ სანქციები.

- ეროვნული ბანკი რას ამბობს?

- ეროვნული ბანკი აღიარებს, რომ კანონი ირღვევა, მაგრამ ისინი ქმედუუნარო არიან. 

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედი ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თურმე იცის აღნიშნული პრობლემის შესახებ და ელოდება საკითხის ინიცირებას. 

დუმს ეკონომიკის სამინისტრო და მთლიანად საქართველოს მთავრობა. ეს არის დანაშაულებრივი დუმილი საქართველოს მთავრობის მიერ, რომელიც რუსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებაშია.

ოკუპანტი რუსეთი ცდილობს მოიპოვოს სხვადასხვა ქვეყნების მხარდაჭერა და სახელმწიფოებმა „აღიარონ“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. როცა ეს არ გამოდის და ეს ყველაფერი მხოლოდ ნაურუსა და ვენესუელას დონეზე დარჩა, უკვე სხვა მექანიზმებს რთავს, განსაკუთრებით ეკონომიკურს. ხოლო ამ ყველაფერს კგბ-ს დერეფნებში შეთხზულის სუნი ასდის. და ამ დროს, საქართველო პროცესს ვერაფრით ეწინააღმდეგება.

- რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

- ეროვნულმა ბანკმა უნდა დააწესოს საქციები, პარლამენტმა სულ მცირე დადგენილება უნდა მიიღოს და საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა მუშაობდეს პარტნიორ სახელმწიფოებთან, რომ საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები დააწესონ.

რაც შეეხება სხვა სფეროებს, ტურიზმის მიმართულებით გვხვდება აღნიშნული პრობლემები. სასტუმროების დაჯავშნის ყველაზე გავრცელებულ საიტს, ბუქინგ.ქომ-ს თავის საძიებო სისტემაში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ აქვს გამოტანილი. ასევეა რუსული სასტუმროების დაჯავშნის  კომპანია ოსტროვსკ.რუ. ამ დროსაც დუმს საქართველოს ხელისუფლება, ტურიზმის დეპარტამენტი საერთოდ არაფერს იმჩნევს, თითქოს არიციან ამ პრობლემის შესახებ.

ეს უკვე რუსეთისთვის (დათვისთვის) ბაბაიას დაძახება აღარაა, აქ დუმილი არის მიზანმიმართული სახელმწიფო ღალატი. ვერავინ დამაჯერებს, რომ ამის შესახებ არ იციან, ეს აწყობთ თავადაც და საქართველოს მთავრობაში ვიღაც მოღალატეობრივად აფარებს ხელს.

ენმ-ს აფხაზეთის ორგანიზაცია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს საქართველოს მთავრობა აიძულოს აღნიშნულ კომპანიებს მოსთხოვოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის აღიარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებენ პროტესტის ფართო მუხტს და ამას აუცილებლად გადაყვებიან. ვერავინ გაბედავს შებღალოს და ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. აფხაზეთი საქართველოა, სამაშაბლო საქართველოა!

ეს ყოველივე არის რუსეთის მცდელობა, რომ არაპირდაპირი გზებით აფხაზეთი და სამაჩაბლო ცალკე ქვეყნებად წარმოაჩინოს.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებლები არ არიან:

„ზოგიერთი ფულადი გზავნილის განმახორციელებელი პირის მხრიდან მსგავსი საქმიანობის განხორციელება არღვევს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის რეაგირებას ამ თემასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის ცენტრალური ბანკი არ არის უფლებამოსილი აღნიშნული კანონის აღსრულებაზე“.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია