ufleba.ge
ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას უერთდებიან. სუბელიანი და ახობაძე წულუკიანის მართვის სტილზე და სამინისტროს შიდა პოლიტიკაზე საუბრობენ. ასევე, განმარტავენ, როგორ იყენებს იუსტიციის მინისტრი ინსტიტუციურ მექანიზმებს პირადი მიზნების სასარგებლოდ.
„ვთვლით, რომ თეა წულუკიანის მიერ წარდგენილი მთავარი პროკურორი ვერანაირად ვერ იქნება სამართლიანობის აღდგენის გარანტი. თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად დანიშნვის დღიდან იქცა იუსტიციის სისტემის დიქტატორად. დაიწყო პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა შევიწროვება და გაყრა სამსახურიდან. პარალელურად კი, თავისი პარტიული აქტივისტების დასაქმება, რის შედეგადაც არამიზნობრივად გაზარდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა როგორც ცენტრალურ აპარატში, ისე - დაქვემდებარებულ უწყებებში“, ამბობს ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
5 ივნისს ადამიანთა უფლებებზე მომუშავე 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს. ისინი ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის ძირეული ცვლილებებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში პოლიტიკური კორუფცია ყვავის, ადამიანის უფლებების ფუნდამენტური სტანდარტები კი უგულებელყოფილია.
„მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირება და პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი აშკარად მიუთითებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე“, ნათქვამია მათ განცხადებაში.
2014 წელს ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს. დათხოვნა ოფიციალურად რეორგანიზაციის მექანიზმის გამოყენებით მოხდა. თუმცა, რეალური მიზეზი თანამშრომლების მიერ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტები იყო.
მედიაციის სახლის მენეჯერის, ანა სუბელიანისა, და განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერის, თამაზ ახობაძის, ინიციატივით საქმის წარმოება სასამართლოში დაიწყო - მომჩივანებმა საქმე იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სამივე ინსტანციაში მოიგეს.
სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 9 მარტს სრულად დააკმაყოფილა ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სარჩელი. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს დაზარალებულთათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ უკანანოდ და ბათილად ცნო სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები.
2017 წლის დეკემბერში აღსრულების ეროვნულ ბიუროს ოფიციალური სააღსრულებლო ფურცელი ჩაბარდა, თუმცა, გადაწყვეტილება აღსრულებული დღემდე არ არის.
ანა სუბელიანს უკვე დაუბრუნდა სააღსრულებლო ფურცელი, რომელშიც ნათქვამია, რომ მას სამსახურში ვერ აღადგენენ, რადგან მისი პოზიცია გაუქმდა. თუმცა, ანა სუბელიანის, მედიციის სახლის მენეჯერის, პოზიციის გაუქმების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. რაც შეეხება თამაზ ახობაძეს - ცენტრის თამაშრომელმა, რომელიც მის პოზიციაზე იყო დასაქმებული, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა და ახობაძის საქმეზე მიღებული აღდგენის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ითხოვა. მისი სარჩელი დაკმაყოფილდა.
„როგორც აღსრულების ეროვნული ბიურო, ასევე დანაშაულის პრევენციის ცენტრი, ინსტიტუციურად დაკავშირებულია იუსტიციის სამინისტროსთან. ორივე უწყების ხელმძღვანელი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება იუსტიციის მინისტრის მიერ. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინსტიტუციური კავშირი იუსტიციის სამინისტროსთან, ქმნის საფრთხეს, რომ იუსტიციის მინისტრისათვის მიუღებელი გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი ხელოვნურად გაჭიანურდეს ან აღუსრულებელი დარჩეს“, ნათქვამია „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების“ განცხადებაში.
სუბელიანმა და ახობაძემ პროკურატურას გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო მიმართეს, თუმცა, მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
“2018 წლის 12 მარტს, განცხადება შევიტანეთ პროკურატურაში, სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რაზეც პროკურატურას დღემდე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს თეა წულუკიანის გავლენას პროკურატურაზე”, წერს ანა სუბელიანი.
მოთხოვნას 16 არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება:
1. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
2. ღია საზოგადოების ფონდი;
3. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
4. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
6. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
7. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
8. კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
9. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
10. თანასწორობის მოძრობა;
11. თემიდა;
12. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
13. მედია განვითარების ფონდი (MDF);
14. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
15. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
16. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD).