ufleba.ge
"ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. ამის შესახებ პარტიის ოფისში სპეციალური განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. მან მამუკა ბახტაძეს წარმატება უსურვა.
„გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრემიერის კანდიდატურას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ვინაიდან პრემიერი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მთავრობის შემადგენლობა ავტომატურად გადაყენებულია. საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა ასევე 7 დღეში უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ცნობისთვის, მამუკა ბახტაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ფლობს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს (2010), INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია. არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
2005-2006წწ. სს "საქართველოს რკინიგზა", პროექტის მენეჯერი; 2007-2008წწ. სასტუმროების ქსელ "რჩეულის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2010-2012წწ. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი; 2013-2017წწ. სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი; 2017 წლიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი.