მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
101 მომხრე, 2 წინააღმდეგი - მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე აირჩიეს - 16 ივლისი 2018

ufleba.ge

101 მომხრე, 2 წინააღმდეგი - მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე არჩეულია. კენჭისყრა პარლამენტში რამდენიმე წუთის გაიმართა. მანამდე კი დეპუტატებმა შალვა თადუმაძეს შეკითხვები დაუსვეს და მისი ხედვები მოისმინეს.

ოპოზიციისგან განსხვავებით, შალვა თადუმაძეს საპარლამენტო უმრავლესობამ ნდობა გამოუცხადა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით კი, მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძის დანიშვნა პოლიტიკური ფარსია.

ოპოზციის შეფასებით, მმართველი ძალა საზოგადოების მოთხოვნას არ ითვალისწინებს და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს უცხადებენ მხარდაჭერას.

ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

„ჩემ განათლებაზე კითხვები საიდან გაჩნდა არ მესმის, რადგან 17 წლის განმავლობაში უკანასკნელი ორი დღეა უმუშევარი ვარ, არც ერთი დღე არ არსებობდა, რომ მე როგორც იურისტი არ ვყოფილიყავი დასაქმებული“, -ამის შესახებ ჯერ კიდევ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი დაინტერესდა, შალვა  თადუმაძის განათლებით და აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობას განსაკუთრებული განათლება სჭირდება.

„ჩვენ გვაქვს ერთადერთი პროფესია გენერალური პროკურორის, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ განათლებას. მხოლოდ ამ პროფესიის ადამიანს უწერია, რომ უნდა იყოს სისხლის სამართლის იურისტი.  თქვენ ნებისმიერ თანამდებობაზე, მათ შორის პრემიერ-მინისტრად უსიტყვოდ დაგიჭერდით მხარს, თქვენ ამ ნდობას როგორც ადამიანი ნამდვილად იმსახურებთ. მინდა, უფრო მეტი მითხრათ თქვენი პროფესიის შესახებ. მითქმა მოთქმის საგანი რომ არ იყოს და ამ მხრივაც არ ვთხოულობდეთ საზოგადოებისგან შეღავათებს, ეგებ ამაზე უფრო მეტად ვისაუბროთ”, – მიმართა ენძელა მაჭავარიანმა შალვა თადუმაძეს.

როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, არასდროს ყოფილა დაუსაქმებელი და მასზე, როგორც იურისტზე  ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო.

„ცოტა მიჭირს ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ამ ქვეყანაში ცხოვრობდა ორი მილიარდერის  ოჯახი და ორივე მილიარდერის ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი. ამ ქვეყანაში რამდენიმე ათეულ გენერალს ვემსახურებოდი, როგორც ადვოკატი, მათ შორის ერთი პარლამენტის დარბაზში თქვენს გვერდზე მჯდომია. ამ დიპლომით შევძელი, რომ ექვსი წელი მემუშავა საკანონმდებლო ინიციატივებზე მთავრობის ნაწილში და ექვსი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ გუნდს, რომელიც პარლამენტში მოხვდა, ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო იმ კანონების განხილვაში, რომელსაც ან პირადად მე ვწერდი, ან პირადად ვიღებდი ამაში მონაწილეობას. ჩემ განათლებასთან დაკავშირებით კითხვები საიდან გაჩნდა არ მესმის, რადგან 17 წლის განმავლობაში უკანასკნელი ორი დღეა უმუშევარი ვარ არც ერთი დღე არ არსებობდა, რომ არ ვყოფილიყავი დასაქმებული როგორც იურისტი”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

პარლამენტში წარდგენილი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, შალვა თადუმაძე 1994 – 1998 წლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო ინჟინრის პროფესიას დაეუფლა, ხოლო 1994 – 1999 წლებში, იურისტის განათლება თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში მიიღო.

ჟურნალ „თბილისელების“ ინფორმაციით კი, შალვა თადუმაძის სამუშაო ბიოგრაფია 2001 წელს დაიწყო თავდაცვის სამინისტროში  იურისკონსულტად, შემდეგ ადვოკატად მუშაობდა ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებაში“. 2003-2004 წლებში თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. 2005 წლიდან ისევ ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებას“ დაუბრუნდა. 2007 წლის აპრილიდან  2008 წლის დეკემბრამდე შპს „აბგ & პროფსერვის გრუპში“ მუშაობდა ადვოკატად. 2006 წლის სექტემბრიდან  2009 წლის ოქტომბრამდე ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი ცენტრისა და IRI-ის პროექტ „ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი სკოლის“ კოორდინატორიც იყო; 2010-2012 წლებში კვლავ ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებისა“ და „წამების პრევენცია სამხედრო ჰაუპტვახტებში“ EU პროექტის კოორდინატორია. ამის პარალელურად, პერიოდი 2008 წლის მაისიდან 2012 წლის ოქტომბრამდე – საადვოკატო კომპანია „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგის“ პარტნიორი და ადვოკატი.  2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახლდათ, ხოლო სულ ახლახან, მაია ცქიტიშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს.

შალვა თადუმაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, 1973 წელს მესტიაში დაბადებული მზევინარ ანსიანი და 2012 წელს დაბადებული ქალიშვილი  მარიამი.

შალვა თადუმაძის საკუთრება იყო ბინა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე (70 კვ. მ.), ბინა ვარკეთილის ზემო პლატოზე (80 კვ. მ.), საცხოვრებელი სახლი (240 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი (1 100 კვ. მ.) ნატახტარში. მზევინარ ანსიანს კი ეკუთვნის არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, გურამიშვილის 78–ში (60 კვ. მ.), ბინები თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე (90 კვ. მ.) და ბახტრიონის ქუჩაზე (120 კვ. მ.).

მზევინარ ანსიანი, ასევე, ეწევა სამეწარმეო საქმიანობასაც, არის „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგის“ კომანდიტი და კომპლემენტარი, რამაც 2013 წელს 80 000 ლარი მოუტანა, ინდმეწარმეობამ – 9 000 ლარი, ხოლო 2013 წლის დეკემბერში დარეგისტრირებულ „მზევინარ ანსიანის ლოია კლაბს“ მისთვის არანაირი შემოსავალი არ მოუტანია 2013–ში.

რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში მზევინარ ანსიანმა, როგორც ადვოკატმა, 9 000 ლარი აიღო, ხოლო შალვა თადუმაძემ, როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, 95 700 ლარი.

2013 წელს შალვა თადუმაძემ „თი ბი სი ბანკიდან“ 30 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აიღო (5-წლიანი), რომლის მომსახურებაც 2013–ში 3 000 აშშ დოლარი დაუჯდა. მზევინარ ანსიანმა 100 000 აშშ დოლარად შეიძინა ბინა, შალვა თადუმაძემ კი – 32 000 აშშ დოლარად სახლი და მიწის ნაკვეთი, მზევინარ ანსიანმა ავტომობილის გაყიდვით 5 000 აშშ დოლარი მიიღო, შალვა თადუმაძეს კი, 15 000-ლარიანი საკრედიტო ბარათის მომსახურება 300 ლარი დაუჯდა, სარემონტო სამუშაოები კი – 9 000 ლარი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია