ufleba.ge
ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების პრეს-კონფერენციას უმწვავესი რეაქციით უპასუხეს ამერიკის კონგრესში, სადაც დონალდ ტრამპი ჰელსინკიში გაკეთებული განცხადების გამო ორივე პარტიიდან გააკრიტიკეს. საქმე ეხება პრეზიდენტის სიტყვებს, როდესაც მან არ დაადანაშაულა რუსეთი ამერიკულ არჩევნებში ჩარევაში და თქვა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა ყოფილიყო რუსეთი ამის უკან.
პრეზიდენტ ტრამპის ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოვიდა ამერიკის დაზვერვის საზოგადოების ერთსულოვან დასკვნასთან იმის თაობაზე, რომ რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარკ უორნერმა გაავრცელა განცხადება. მოგვიანებით კი ამ თემაზე პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.
„თუკი პრეზიდენტს არ შეუძლია საჯაროდ დაიცვას შეერთებული შტატები და მისი ინტერესები. როგორ უნდა ვენდოთ მას, რომ ჩვენს ქვეყანას პირისპირ საუბარში დაიცავს,“- აღნიშნავს უორნერი.
უმწვავესი განცხადება გაავრცელა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჰელსინკიში პრესკონფერენცია იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ქმედება ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან. მაკკეინმა ჰელსინკის სამიტს ტრაგიკული შეცდომა უწოდა.
„ძნელია შეაჯამო ის ზიანი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის გულუბრყვილობამ, ეგოიზმმა, ყალბმა ექვივალენტურობამ და ავტოკრატი ლიდერის მიმართ სიმპათიამ გამოიწვია. ნათელია, რომ ჰელსინკის სამიტი ტრაგიკული შეცდომა იყო. პრეზიდენტმა ტრამპმა დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ არ შეუძლია, სურვილიც არ აქვს პუტინს შეეწინააღმდეგოს. ეს არ ყოფილა დამწყები პოლიტიკოსის შეუფერებელი ტვიტები. ეს გახლდათ პრეზიდენტის მიზანმიმართული არჩევანი, რომელმაც, როგორც ჩანს გადაწყვიტა, მოახდინოს პუტინის რეჟიმთან თბილი ურთიერთობების შესახებ მისი მცდარი შეხედულებების რეალიზება ისე, რომ არ მიაქციოს ყურადღება მისი მმართველობის რეალურ ბუნებას, მეზობლების სუვერენიტეტის ძალადობრივ უგულებელყოფას, მის თანამონაწილეობას სირიელი ხალხის დახოცვაში, საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევას და თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე მთელს მსოფლიოში. არც ერთ პრეზიდენტს დაუმცირებია ასე საბრალოდ თავი ტირანის წინაშე,“- აღნიშნავს მაკკეინი.
პრეს-კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს განსაკუთრებით ელოდებოდნენ კიევში, რადგან უკრაინის საკითხი მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა უნდა ყოფილიყო. უკრაინის რადას საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა დღეს ვაშინგტონში ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის ძლიერი პოზიცია მათი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და ასევე იმის შესახებ, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის.
იყო თუ არა საქართველოს თემა წამოწეული ჰელსინკის სამიტზე, შეერთებულ შტატებში, ვერავინ ამბობს. სენატორი უორნერი ხაზს უსვამს, რომ უნდა ყოფილიყო მეტი ხალხი მოლაპარაკებებზე, რათა სცოდნოდათ, თუ რა საკითხებზე ისაუბრეს დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა პირისპირ შეხვედრაზე.
„რუსეთის დამოკიდებულება რეგიონში ყველა ქვეყნის მიმართ მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მეც და სხვებსაც მტკიცედ მიგვაჩნია, რომ საჭირო იყო ოთახში სხვა პირებიც ყოფილიყვნენ, არის ის რომ შეხვედრის შემდეგ დაზუსტებული ინფორმაცია გვექნებოდა. ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, წამოწიეს თუ არა საქართველოს საკითხი,“- განაცხადა მარკ უორნერმა.
ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
თავის მხრივ, კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი, მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპი, როგორც დოყლაპია, ისე გამოიყურებოდა.
მისი თქმით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლა სამარცხვინო იყო.
„პრესკონფერენციაზე როგორც დოყლაპია, ისე იდექით. ჩემს თავს ვეკითხებოდი, როდის გამოართმევდით პუტინს ავტოგრაფს ან მასთან სელფის გადაიღებდით“, - ნათქვამია არნოლდ შვარცნეგერის ვიდეომიმართვაში.
არნოლდ შვარცნეგერის აზრით, დონალდ ტრამპმა უღალატა ამერიკის დაზვერვას, მართლმსაჯულების სისტემასა და ქვეყანას მთლიანობაში.
„თქვენ აშშ-ს პრეზიდენტი ბრძანდებით. ასე არ უნდა მოიქცეთ. რა დაგემართათ? რა დაემართა რონალდ რეიგანის იმ სიტყვებსა და ძალას, როდესაც ის ბერლინის კედელთან იდგა და გორბაჩოვს უთხრა: „ჩამოშალეთ ეს კედელიო“?“, - დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ არნოლდ შვარცნეგერი „რესპუბლიკური პარტიის" წევრია.
„რუსეთს აშშ-ს პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე არანაირი მაკომპრომენტირებელი მასალა არ აქვს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ტელეარხ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„არანაირი კომპრომატი არ გვაქვს და არც შეიძლება იყოს. არ მინდა პრეზიდენტ ტრამპს ვაწყენინო, მაგრამ ვიდრე მან არ განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იქნებოდა, ჩვენთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენდა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, „ტრამპი მდიდარი ადამიანია, თუმცა აშშ-ში ბევრია ასეთი“.
„ის სამშენებლო ბიზნესში იყო. სილამაზის კონკურსებს ატარებდა. არავის მოუვიდოდა თავში, რომ ოდესმე აშშ-ს პრეზიდენტი გახდებოდა. ის არასოდეს საუბრობდა თავის პოლიტიკურ ამბიციებზე. ამიტომაც კომპრომატებზე საუბარი სისულელეა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში უამრავი ამერიკელი ბიზნესმენი ჩამოდის და სპეცსამსახურები მათ არ უთვალთვალებენ და არ უსმენენ.
„აი ჩვენთან პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე 550 მსხვილი ამერიკელი ბიზნესმენი ჩამოვიდა. როგორ ფიქრობთ, ჩვენი სპეცსამსახურები დარბიან და მათ უთვალთვალებენ და უსმენენ? ეს წარმოუდგენელია. მსგავს რაღაცებს არ ვაკეთებთ“, - დასძინა მან.