მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პრემიერ-მინისტრი: მწვანე ეკონომიკა ჩვენთვის აბსოლუტური პრიორიტეტია - 24 ივლისი 2018

ufleba.ge

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბოლო წლებში გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა იყო უკიდურესად არაეფექტური, მე ვიტყოდი - დანაშაულებრივიც კი. ამ ყველაფერს სასწრაფოდ სჭირდება გამოსწორება და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. აქედან გამომდინარე, სწორედ, მწვანე ეკონომიკა იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ მწვანე ეკონომიკაში, ბუნებრივია, თბილისს აქვს თავისი უნიკალური როლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას აქვს ძალიან პრინციპული მნიშვნელობა იმისათვის, რომ ზოგადად, ქვეყნის მწვანე ეკონომიკის სტრატეგია წარმატებული იყოს. მისივე განცხადებით, ქვეყანას აქვს უნიკალური პოტენციალი ამ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაში - გახდეს ერთ-ერთი მოწინავე.

„ჩვენ ეკონომიკურ პროგრამაში გავაჟღერეთ, რომ საქართველოს აქვს ორი მთავარი და ყველაზე ფასეული რესურსი: პირველი ეს გახლავთ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები და მეორე - ჩვენი ულამაზესი ბუნება. შესაბამისად, მწვანე ეკონომიკა ჩვენთვის არის აბსოლუტური პრიორიტეტი. ეს არის პრიორიტეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ახალ ხარისხობრივ დონეზე ავიყვანოთ ეკონომიკა და ზოგადად, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მე ვიტყოდი, ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის პოტენციალის მქონე მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ევროპული ქვეყნების უმრავლესობა, სწორედ, ამ გზას დაადგა - მწვანე ეკონომიკის მშენებლობის გზას,"- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რამდენიმე დღეში იგი გამართავს პრეზენტაციას ქვეყნის მწვანე ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის შესახებ, სადაც ყველა კომპონენტზე ისაუბრებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ სტრატეგიაში თბილისს უნიკალური როლი აქვს.

„სამწუხაროდ, თბილისმა და თბილისელებმა ყველაზე მტკივნეულად მიიღეს ბოლო წლებში ის შედეგები, რაც მოჰყვა არასწორ და მე ვიტყოდი, ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივ პოლიტიკას გარემოს მიმართ. ეს ყოვლად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ახალ პოლიტიკაზე და ახალ სტრატეგიაზე ვმუშაობდით გვქონდა ორი ამოცანა: პირველი - თუ როგორ აღმოვფხვრათ ის ძალიან მძიმე შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს ამ კუთხით თბილისში, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და საქართველოში; და მეორე - როგორ გადავიყვანოთ ეს მიმართულება განვითარების ახალ რელსებზე,"- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გადაწყდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი მიემართება ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისში, იმისათვის, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში პრინციპულად შეიცვალოს ის ეკოსისტემა, რაც უკავშირდება სატრანსპორტო სისტემას და არის ძალიან არაეფექტური.

„ვიცი თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება, თუ რას ფიქრობთ, რამდენჯერაც ყვითელი ავტობუსი გაივლის. დამერწმუნეთ, მეც იმავეს ვფიქრობ. ამის აღმოფხვრა ერთ და ორ კვირაში იყო შეუძლებელი, თუმცა ის გრაფიკი, რომელსაც დღეს მერია წარმოგვიდგენს, დამერწმუნეთ, არის ძალიან ამბიციური. განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებსაც კი უჭირთ ისეთ მოკლე დროში ჩაანაცვლონ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები, როგორც ამას თბილისის მერია გააკეთებს, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით,"- აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ დედაქალაქის მერს და თბილისის მერიის თანამშრომლებს ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავების მიზნით გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„უახლოეს პერიოდში თბილისის სატრანსპორტო სისტემა იქნება ხარისხობრივად განსხვავებული, მართლაც რომ - ევროპული,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

თავის მხრივ, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ დაანონსებული პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ცენტრალური ხელისუფლების დახმარების გარეშე, რისთვისაც მან მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა. კახა კალაძის თქმით, მამუკა ბახტაძე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროიდან უცხადებდა დედაქალაქის მთავრობას მაქსიმალურ თანადგომას დაანონსებული პროექტების განხორციელებისა და რეფორმების გასატარებლად.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

აქვე ცნობისთვის, მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც დამყარებულია მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზე. ის ეკონომიკის სხვა დარგებისაგან იმით განსხვავდება, რომ პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს, რომელსაც აქვს ეკონომიკური ღირებულება. მწვანე ეკონომიკის განვითარება ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას და შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას. ითვალისწინებს რა ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას, იგი დააჩქარებს სუფთა მოხმარების და წარმოების პრაქტიკის განხორციელებას, მოიზიდავს მწვანე ინვესტიციებს და შექმნის ახალ მწვანე სამუშაო ადგილებს. ასევე ის შეაფერხებს გარემოს დეგრადირებას და ნატურალური რესურსების გამოფიტვას, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის კეთილდღეობას.

მწვანე ეკონომიკა მიჩნეულია ეკონომიკური თეორიის იმ კომპონენტად, სადაც იგი ეკოსისტემის ნაწილად მოიაზრება. მწვანე ეკონომიკა სახელმწიფო და კერძო სექტორს ერთმანეთისაგან არ მიჯნავს. იგი ცდილობს მოძებნოს ეკონომიკური გადაწყვეტილების პოზიტიური ალტერნატივა. მწვანე ეკონომიკის მთავარი რეგულატორი არა სახელმწიფო ან კერძო ბიზნესია, არამედ საზოგადოება, რომელიც ირჩევს და თავად მართავს მას.

მწვანე ეკონომიკის ძირითადი სექტორებია:

1. განახლებადი ენერგია (მზის, ქარის, გეოთერმული, საზღვაო, მათ შორის, ტალღების, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია);

2. მწვანე შენობები (ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე პროდუქტები და მასალები);

3. სუფთა ტრანსპორტი (ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰიბრიდული და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები);

4. წყლის მენეჯმენტი (წყლის და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის ლანდშაფტი, წყლის გამოყენება);

5. ნარჩენების მართვა (უტილიზაცია, მუნიციპალური ნარჩენი, მასალების გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, გაწმენდა);

6. მიწის მართვა (ორგანული სოფლის მეურნეობა, ურბანული ტყეები და პარკები, ტყეების განაშენიანება).  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია