მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკო არის ხალხის ხმა და ყველას ექნება ზუსტად ის შედეგი, რასაც მათ ხალხი მისცემს - 14 აგვისტო 2018

ცესკო არის ხალხის ხმა და ყველას ექნება ზუსტად ის შედეგი, რასაც მათ ხალხი მისცემს, რა დაუჯდება ქვეყანას 2018 წლის არჩევნები, რომლის დროსაც ხალხის მიერ ბოლოჯერ მოხდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა? არიან თუ არა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად დანიშნულიქართული ოცნების“, ცეკოს და სუს-ის თანამშრომლების ოჯახის წევრები და როგორ პასუხობს საარჩევნო ადმინისტრაცია ოპოზიციის ბრალდებებს? რამდენად მზადაა ცესკო არჩევნების ჩასატარებლად და რა უნდა იცოდეს საარჩევნო ყუთთან მისვლისას ამომრჩეველმა? - ამ და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზეინტერპრესნიუსსცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ესაუბრა.

- დაახლოებით 2 კვირაში საპრეზიდენტო კანდიდატები საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად დაიწყებენ. პირველ რიგში შეფასება მინდა გთხოვოთ, როგორ ემზადება ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებისთვის?

- მიუხედავად კონკრეტული თარიღის გამოცხადებისა, ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ არჩევნები ოქტომბერში იქნებოდა. ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი წელი მოანდომა იმას, რომ უფრო მომზადებული შეხვედროდა საპრეზიდენტო არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია რეგიონში ფასდება, როგორც ლიდერი და სამაგალითო, ცხადია, მაინც არსებობს გამოწვევები. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა არის კვალიფიკაციის ამაღლება. ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან დავიწყეთ საოლქო საარჩევნო კომისიების ტრენინგები, რაც უმთავრესად ფოკუსირებული იყო საარჩევნო დავების განხილვაზე. როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშებში აღნიშნულია, რომ ამ საკითხში გაუმჯობესება გვაქვს. ასევე, 7000-ზე მეტმა მოქალაქემ საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები გაიარა, რაც არჩევნების დღის პროცედურების სწავლებას გულისხმობს.

გარდა შიდა რესურსების მომზადებისა, ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამები გვქონდა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და უნივერსიტეტების პირველ-მეორე კურსელებისთვის. ასევე, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავატარეთ ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანი კამპანია - „ვესაუბრებით ამომრჩეველს“ . ეს კამპანია 2017 წელს დავიწყეთ და წელს მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ყველაფერს ფართო სახე მივცეთ.

უახლოეს დღეებში დავიწყებთ საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა გადამოწმების ფართომასშტაბიან კამპანიასაც. ამომრჩევლებს ვთავაზობთ სერვისს, რომ საკუთარი თავი ან ოჯახის წევრი ელექტრონულად გადაამოწმოს საარჩევნო სიაში. ბოლო 2 წლის განმავლობაში, 2 მილიონამდე ამომრჩეველმა სიაში საკუთარი თავი ელექტრონულად გადაამოწმა და ეს არის ძალიან კარგი. ეს ტექნოლოგიური მოხმარების კუთხით ამომრჩევლის მეტ მზაობას აჩვენებს.

- რამდენი საუბნო საარჩევნო კომისია გაიხსნება ქვეყანაში?

- ჩვენ გვაქვს 73 მოქმედი საარჩევნო ოლქი, რომელთა მეშვეობითაც მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები. შეიქმნება დაახლოებით, 3 600-მდე საარჩევნო უბანი, მათ შორის უბნები შეიქმნება საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვისაც. ზუსტად რამდენი უბანი გაიხსნება საზღვარგარეთ, ეს გვეცოდინება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამ დროისთვის ვამზადებთ გეგმას იმასთან დაკავშირებით, სად შეიძლება დავიქირავოთ უბნები. სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის კომფორტი, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ხელთ არსებული შენობები გამოვიყენოთ. ხშირად გვიწევს ხოლმე შენობების დაქირავება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, წინასწარ დაგეგმილი და გათვალისწინებული გვაქვს, უბრალოდ ახლა ამ ორგანიზაციულ საკითხებს ვაწესრიგებთ შესაბამის ორგანოებთან ერთად.

- რა თანხა დაჯდება წლევანდელი არჩევნები, რომლის დროსაც ამომრჩეველი პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს საკუთარ პრეზიდენტს?

- ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ეს იქნება გარკვეულწილად განსხვავებული არჩევნები იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოჯერ მოხდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და თანაც 5 წლიანი ვადის ნაცვლად, 6 წლის ვადით იქნება არჩეული. ამიტომ ჩვენ ვიარეთ ყველა მუნიციპალიტეტში, სოფლებში, სამუშაო თუ საჯარო ადგილებში, რათა ამომრჩევლამდე მიგვეტანა ეს ინფორმაცია. ამავდროულად, ხალხს მუდმივად ვაცნობებთ იმას, რომ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საკონტაქტო საოლქო საარჩევნო კომისიას.

2018 წლის არჩევნების ხარჯებისთვის დაახლოებით 39 მილიონი იყო გამოყოფილი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები არა 60 დღით ადრე, არამედ უფრო ადრე დაინიშნა, ამ გაზრდილმა პერიოდმა გამოიწვია ხარჯების ზრდა. არჩევნების დანიშვნას უკავშირდება საარჩევნო ადმინისტრაციაში დროებითი წევრების მატებაც. როგორც იცით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ოლქებში მხოლოდ ერთ წევრს ირჩევს, დანარჩენი 6 დროებითი წევრი კი არის პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული. არჩევნების გაზრდილი პერიოდი იწვევს მათი სახელფასო პერიოდის ზრდასაც. ამან გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტის კორექტირება გახდა საჭირო. დამატებითი ხარჯების გამო დაახლოებით 4 მილიონზე მეტის მოთხოვნა გვიწევდა, თუმცა ცესკოს 700 000 ლარის ოდენობის დანაზოგი ჰქონდა და შესაბამისად, 3 400 000 ის მოთხოვნა დაგვჭირდება. ეს მოთხოვნა უკვე წარდგენილია ფინანსთა სამინისტროში. ჯამურად რომ ვთქვათ, დაახლოებით 42 მილიონი ლარი იქნება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გასაწევი ხარჯები, საიდანაც 1 200 000 ლარამდე სატრენინგო საკითხებზე დაიხარჯება, 9 მილიონზე მეტი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების საეთერო დროსა და მათი წარმომადგენლების დაფინასებას მოხმარდება.

- არის თუ არა წლევანდელ არჩევნებზე რაიმე სიახლე, რაც ამომრჩეველმა ან საკითხში ჩართულმა მხარეებმა უნდა იცოდნენ?

- მნიშვნელოვანი სიახლეები ამომრჩევლებზე მეტად, მასში ჩართული მხარეებისთვის გვაქვს. წელს სიახლე რაც გვაქვს ის არის, რომ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შეეძლებათ ონლაინ დანიშნონ თავიანთი დამკვირვებელი ნებისმიერ ოლქში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ათასობით დამკვირვებელი ინიშნება ამ არჩევნებზე. უნდა აღინიშნოს, რომ გვეყოლებიან საერთაშორისო დამკვირვებლებიც. უკვე ვიცით, რომ იქნება NDI-ის და ეუთოს სადამკვირვებლო მისია.

- საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. თუმცა ამავდროულად საარჩევნო კოდექსში აღნიშნულია, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იმავდროულად სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, მან რეგისტრაციისას უნდა წარადგინოს დოკუმენტიც, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა, შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილს 2013 წელსაც უნდოდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუმცა ორმაგი მოქალაქეობის გამო ხელი შეეშალა. შესაძლებელია თუ არა, რომ წელსაც მის ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებულმა რაიმე ფაქტორმა ხელი შეუშალოს მას?

- საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს საარჩევნო კოდექსით და თქვენ რაც აღნიშნეთ, არის ერთ-ერთი ახალი ცვლილება. წინა შემთხვევაში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დაარეგისტრირა კანდიდატი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა სწორედ იმიტომ, რომ კონსტიტუცია კრძალავს პრეზიდენტი იყოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე. თუმცა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით, თუ კანდიდატი წარადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, რითიც დასტურდება, რომ მან მიმართა შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე, ჩვენ მას კანდიდატად ვარეგისტრირებთ. თუ მოხდება ისე, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მას არ ექნება სხვა ქვეყნის მოქალაქეობა შეწყვეტილი, ალბათ, ეს იქნება განხილვის თემა, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციაში ეს აღარ შედის.

- საგულისხმოა, რომ ეს ცვლილება საარჩევნო კოდექსში არ იყო. ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით ეს ჩანაწერი სულ ცოტა ხნის წინ, 21 ივლისს გაჩნდა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ აღნიშნული ცვლილება კონკრეტული კანდიდატის გამო შევიდა საარჩევნო კოდექსში?

- შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ასეთი ეჭვიც, თუმცა პირველად ვინც ისარგებლა ამ ცვლილებით სულ სხვა ადამიანია და არა ის, ვისზეც შეიძლება ეჭვი არსებობდეს. კანდიდატი გიორგი გახოკია, რომელმაც რეგისტრაციისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საინიციატივო ჯგუფით მომართა, პარალელურად არის რუსეთის მოქალაქე. მან უკვე წარმოადგინა ეს სავალდებულო დოკუმენტი, რომ მან შესაბამის საელჩოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მიმართა. საარჩევნო კოდექსის ეს ახალი ცვლილება შეიძლება არა ერთმა, არამედ ბევრმა ადამიანმა გამოიყენოს.

- ოპოზიციური გაერთიანებისძალა ერთობაშიაწევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ვაკანსიებზე ქართული ოცნების წევრების, სუს-ის მაღალჩინოსნების და ცესკოს თანამშრომლების ოჯახის წევრები არიან დანიშნულები და მათი რაოდენობა 70- აღწევს. ადასტურებთ ამ ინფორმაციას? ამ ადამიანებმა შესარჩევი კონკურსი გაიარეს?

- ცხადია, ეს ადამიანები კონკურსის შედეგად შეირჩნენ. კანონმდებლობით დადგენილი ვადებით გამოცხადდა კონკურსი და კომისიის წევრების ძალიან მაღალი კვორუმით იყვნენ ეს კანდიდატები არჩეული. ამ ადამიანების 80% ბოლო ორ არჩევნებზეც მუშაობდა და პროფესიული ნიშნით იყვნენ არჩეულები. რამდენიმე ადამიანს, რომელიც იმ სიაში დასახელდა, 2006 და 2008 წლიდან აქვთ საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება. ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთ რამეს ამბობენ. თითოეული მათგანი პროფესიული ნიშნით არის არჩეული და არა იმ ნიშნით, რასაც ასახელებენ. ყველას შეუძლია მათი გამოცდილება და მუშაობის ისტორია ნახოს. ეს ადამიანები შარშანაც მუშაობდნენ, შარშანწინაც, მანამდეც და არცერთ მათგანზე რაიმე შენიშვნა, გადაცდომა არც კი არსებობს.

ზოგადად, როდესაც ასეთი შეფასებები კეთდება, რა თქმა უნდა, ცესკოს აქვს თმენის ვალდებულებაც და ამ საკითხისადმი პროფესიული მიდგომაც. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა პარტიამ ვერ გაიგო, საარჩევნო ადმინისტრაცია არ არის მათი ოპონენტი. ჩვენ ვართ ამომრჩეველზე ორიენტირებული ინსტიტუცია და ვემსახურებით ხალხის ნებას. ამას აღარ უნდა მიკერძოებული არბიტრების შეფასება. ამას წლებია აფასებენ ეუთო, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები და მიუკერძოებელი არბიტრები, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ქვეყნის და საარჩევნო განვითარება შეაფასოს ნეიტრალური თვალით. ამას აფასებენ ადგილობრივი დამკვირვებლებიც, რომელთა შორისაც არავის არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ არ დაუყენებია. ამიტომ ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას უყურებენ როგორც ოპონენტს.

- დიახ, მაგრამ როდესაც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად დანიშნულ პირთა შორის არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, „ქართული ოცნებისშტაბის წევრები, სხვადასხვა რაიონული ოლქების თავმჯდომარეების ცოლები, ალბათ, ბუნებრივია, რომ საზოგადოების ნაწილში არჩევნების გაყალბების ეჭვი ჩნდება. ეს ყველაფერი ინტერესთა კონფლიქტს არ ქმნის?

- ასეთ ძალიან არასწორ ბრალდებებსა და არასწორად წაყვანილ შეფასებებზე კომენტარს ცხადია არ გავაკეთებთ, რადგან ჩვენი ვალდებულებაა გამოცდილი კადრები ავიყვანოთ. ყველანაირი ინტერესთა კონფლიქტი ამ შემთხვევაში გამორიცხულია იმიტომ, რომ აქ არის საკანონმდებლო კრიტერიუმები, რომლებსაც ისინი პირდაპირ და სრულყოფილად აკმაყოფილებენ. მეორე, რაც ჩემთვის სასიხარულოა სწორედ ამომრჩევლებს არ უჩნდებათ ასეთი კითხვები. ბოლო საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან ამომრჩეველს კითხვები არ აქვს. ბოლო კვლევების მიხედვით ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი რეპუტაცია, ამომრჩეველი ენდობა საარჩევნო ადმინისტრაციას იმიტომ, რომ მან კარგად იცის ის, რასაც ნეიტრალური არბიტრები ამბობენ - ჩვენ იმ შედეგებს ვდებთ, რა არჩევანსაც ხალხი აკეთებს. მგონია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ხალხში მაღალი სანდოობა და რეპუტაცია ყველა მხარეს უნდა უხაროდეს ვინაიდან ეს ყველა პოლიტიკური პარტიის გარანტიაა, რომ ის მიიღებს ზუსტად იმდენ ხმას, რამდენსაც ამომრჩეველი მას მისცემს. მე, როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, შემიძლია ყველას იმის გარანტია მივცე, რომ თითოეული საარჩევნო სუბიექტი იმდენ ხმას მიიღებს, რამდენსაც მას ამომრჩეველი მისცემს.

ასეთი ტიპის განცხადებებს ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობად ვაფასებ, მაგრამ ჩემი პროფესიული ვალდებულება და ღირსება არ მაძლევს საშუალებას, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსებს ვუპასუხო, რადგან ისინი ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში.

- არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში თითქმის ყოველ წელს ხვდება საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ხარვეზები. მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობის 2017 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, 2017 წელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საუბრობდნენ .. „წინასწარი სიებისარსებობაზე, რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უნდა შეერჩიათ. რიგ შემთხვევებში ასეთიწინასწარი სიებისაოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შერჩეული პირების ჩამონათვალს თითქმის სრულად დაემთხვა. თქვენ ფიქრობთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები საფუძველს მოკლებულია?

- ზუსტად მახსოვს ეს ჩანაწერი. არასამთავრობო ორგანიზაცია თვითონ ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიები საუბრობენ ამაზე. პირდაპირ გეტყვით, აქ არაფერი დასამალი არ არის - როდესაც კანდიდატურები შემოდის საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისინი მუშავდება და შემდგომში, რა თქმა უნდა, დამუშავებული სიის საფუძველზე ხდება ხმის მიცემა კანდიდატურებისთვის. ასეთი საუბრები, რომ სია ედო საოლქო კომისიის წევრს და იმ სიას იყენებდა, ბოლო არჩევნებზე 4 ოლქზე დაფიქსირდა. მე აქ ვერაფერ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ არ დადასტურდა, რომ ეს სია მართლა ვიღაცამ მიაწოდა შტაბიდან. ეს სია ოლქში ნებისმიერი წევრისათვის ისედაც არის ხელმისაწვდომი. მას შეუძლია ამოიღოს, დაამუშაოს, დაიდოს წინ და ვინც თვითონ გადაწყვიტა, იმას მისცეს ხმა. თუკი დადასტურდა, რომ შტაბიდან ვინმე ერევა და იქიდან მოტანილი სიით ხდება გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაქცია. თუმცა, არცერთი მსგავსი ფაქტი არგუმენტებით დადასტურებული არ ყოფილა და აღქმების ჭრილში ჯდება ეს ამბავი. ამ აღქმების მიღმა ზოგჯერ დგას ხოლმე პოლიტიკური მიზნები. მე ამას ვერ ვიტყვი არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ჩვენ მათთან ერთად, ალბათ, უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ეს პროცესი უფრო მეტად გამჭვირვალე და სანდო.

- საუბარია იმაზეც, რომ საარჩევნო დავები, უმრავლეს შემთხვევაში ცესკოს სასარგებლოდ წყდება ხოლმე. როგორია სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილებების თანაფარდობა ცესკოსა და მოდავე სუბიექტს შორის?

- ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო სტატისტიკა. მაგალითად, რომ შევხედოთ 2016 წლისა და 2017 წლის სასამართლო დავებს, ვნახავთ, რომ 2016 წელს 1 700-მდე საჩივარი იყო, ხოლო 2017 წელს 1 190-მდე. საჩივრების რაოდენობა დაახლოებით 500-ით იყო შემცირებული. შესაძლოა, ეს რიცხვები არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 2017 წელს ნაკლები იყო სადაო. საქმე იმაშია, რომ 2016 წელს საარჩევნო პერიოდი იყო უფრო ხანგრძლივი. შესაბამისად, შემცირებული რიცხვები არაფერს ამბობს, თუ არ შევალთ მის შინაარსში. ძალიან მნიშვნელოვანია საჩივრის ქონა, რადგან მაგალითად, ჩვენ გვქონდა სტატისტიკა, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივრების 55%-მდე დავაკმაყოფილეთ. მათი მოთხოვნები უკავშირდებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პატარ-პატარა ხარვეზებს.

რაც შეეხება სასამართლო დავების სტატისტიკას, 2017 წელს 7 პროცესი გვქონდა და ყველა ჩვენ მოვიგეთ. ამ შემთხვევაში დავები საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლოდ გადაწყდა, ვინაიდან სარჩელები არგუმენტირებული არ იყო. შესაბამისად, ძალიან მარტივი იყო ასეთი სასამართლო დავების ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტა.

- დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის, რომლებიც პარტიების გარეშე იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რომ მათი წარმომადგენლობა ყველა დონის საარჩევნო კომისიებში იყოს. როდის და როგორ მოხდება მათი რეგისტრაცია?

- ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც არჩევნები ადრე დაინიშნა არის ისიც, რომ მხარდამჭერთა ხელმოწერების მოგროვებისთვის როგორც პარტიებს, ისე დამოუკიდებელ კანდიდატებს ჰქონოდათ საკმარისი ვადა. პრეზიდენტობის თითოეულ კანდიდატს სჭირდება მხარდამჭერთა 25 000-ზე მეტი ხელმოწერა, რათა მან გაიაროს რეგისტრაცია. მნიშვნელოვანია, რომ არაუგვიანეს 50- დღემდე უნდა მოგვმართონ კანდიდატებმა და არჩევნების თარიღი რომ 60 დღით ადრე დანიშნულიყო, ხელმოწერების მოსაგროვებლად უფრო ნაკლები დრო ექნებოდათ კანდიდატებს. ახლა ვინაიდან თითოეულ კანდიდატს, მათ შორის დამოუკიდებელ კანდიდატსაც, მეტი დრო აქვს იმისათვის, რომ ცესკოში გაიარონ რეგისტრაცია. ამავდროულად, მათ აქვთ უფლება, რომ საარჩევნო უბნებზე წარმომადგენლები ჰყავდეთ. დამოუკიდებელი კანდიდატებისგან განსხვავებით, კანონის მიხედვით პარტიის წარმომადგენელებს სახელმწიფო დაფინანსება ეძლევა. დამოუკიდებელი კანდიდატების წარმომადგენლებს დაფინანსება არ მიეცემათ, თუმცა მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ წარმოდგენილნი იყვნენ ყველა საარჩევნო უბანსა და ოლქში.

აქვე დავამატებ იმასაც, რომ ჩვენ ვცდილობთ, ამომრჩეველთა მაქსიმუმს ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება, ამიტომ ცოტა ხნის წინ გავავრცელეთ ინფორმაცია პირებზე, რომლებიც რეგისტრაციის გარეშე არიან ან რომელთაც ფაქტობრივი საცხოვრებელი არ აქვთ მითითებული. 7 ოქტომბრამდე მათ შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს და დააფიქსირონ ფაქტობრივი მისამართი. სწორედ ამ მისამართის მიხედვით ისინი მოხვდებიან სიაში და მიეცემათ ხმის მიცემის უფლება.

დასკვნის სახით მინდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის ამომრჩეველზე ორიენტირებული ინსტიტუცია, ის არის ხალხის ხმა და ყველას ექნება ზუსტად ის შედეგი, რასაც მას ხალხი მისცემს.

მარიამ დემეტრაშვილი

ინტერპრესნიუსი

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია