„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ამიტომ მომხმარებელი იძულებულია თავი ჩაღუნოს და არსებულ უსამართლობას შეეგუოს“
ufleba.ge
სხვა ყველაფერთან ერთად, ჩვენ მომხმარებლებიც ვართ და უფლებები გაგვაჩნია. ეს უფლებები ხშირად ირღვევა და გამართული კანონმდებლობის უქონლობის გამო, მათზე სათანადო რეაგირებასაც ვერ ვახდენთ. როგორც სხვა სფეროებში, აქაც ევროკავშირთან მზარდი ინტეგრაცია უნდა დაგვეხმაროს, რათა კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან ერთად საზოგადოების ცნობიერებაც ამაღლდეს და ახლებური ცხოვრება დავიწყოთ.
მანამდე, დრო გადის და ჩვენ ერთი და იმავე სამწუხარო წრეზე ვტრიალებთ. კანონმდებლობის რეალურად ამოქმედების, გამკაცრების გარეშე სიტუაცია არ იცვლება. თავდაპირველად, მოვუსმინოთ ადამიანებს, ვინც ამ სფეროს გაუმართაობა კიდევ ერთხელ საკუთარ ტყავზე გამოცადა.
სურსათზე გარკვეული კონტროლის მიუხედავად, უკეთესი მომსახურების სურვილს ვიტოვებთ.
გიორგი იველიძე ყბადაღებული გარე ვაჭრობის მომხრე ნამდვილად არ არის, რადგან მისივე თქმით, იქ გამოფენილი, მათ შორის მალფუჭებადი პროდუქცია (თევზი, ხორცი, ყველი და ა.შ.) წარმოუდგენელი ანტისანიტარიის ბუდეა, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოიწამლოს და დასტაქრების იძულებითი მეთვალყურების ქვეშ აღმოჩნდეს. მაგრამ მისივე დაკვირვებით, ეს მარტო „კლასიკური“ გარე ვაჭრობის პრობლემა არ არის, რადგან მალფუჭებადი პროდუქტი ასევე ღიად ბაზრობების შიდა ტერიტორიებზეც იყიდება. სამაგალითოდ, მას ნავთლუღისა და ვაგზლის ბაზრობების კრიტიკული რეალობა მოყავს:
„ბაზრობების ე.წ. შიდა ტერიტორიაზე (რომელიც გარეგნულად გარე ვაჭრობას არ გულისხობს) ღია ცის ქვეშ იყიდება სხვადასხვა წარმოშობის რძის პროდუქტი, ხორცეული, თევზი და ა.შ. აღარაფერს ვამბობ კამფეტებსა და ნამცხვრებზე (ზოგადად ტკბილეულზე), რომელიც ასევე იქ ყოველგვარი დაფარვის გარეშე, ქუჩის მტვერსა და ბუქში იყიდება. არაერთხელ ვთხოვე პირადად გამყიდველებს, რომ ტკბილეული, ჩურჩხელები და მსგავსი პროდუქცია მაინც დაეფარათ (მყიდველიც მოგემატებათ-მეთქი), მაგრამ ნურას უკაცრავად, ყურსაც არ იბერტყავენ. ამიტომ კონტროლი აქაც გასამკაცრებელია, რათა ყოველდღიურად ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ იდგეს“.
გია გიგინეიშვილი კახეთის ერთ-ერთი მთისძირა სასტუმროს რესტორანში ისე მოიწამლა, რომ გონება დაკარგა და კინაღამ გრძელ გვირაბში ამოყო თავი, რომლის ბოლოშიც ამბობენ, რომ მკრთალი სინათლე ბჟუტავს:
„იმ სასტუმროს არ ვასახელებ, რადგან პერსონალს შევპირდი, რომ ფაქტს არ გავახმაურებდი, ოღონდ კი სათანადო ზომები მიეღოთ. მოკლედ, ჩავედი სასტუმროში და საღამოს რესტორანში ვივახშმე. მგელივით დამშეულმა მხოლოდ ბოლოს მივაქციე ყურადღება, რომ „შვედური მაგიდის“ ერთ-ერთ კერძს, ცოტა არ იყოს, სიმჟავის გემო ასდიოდა. დიდად ყურადღება არ მიმიქცევია იქამდე, სანამ შუაღამისას არ გამეღვიძა ძლიერი გულისრევის შეგრძნებით. სწრაფად ავდექი საწოლიდან, ტუალეტამდე ვერ მივაღწიე, ისე მოწყვეტით გავიშხლართე...
გამომაფხიზლა თანაოთახელის შიშნარევმა წინადადებამ, სასწრაფო დახმარებას ხომ არ გამოვუძახოო. არა-მეთქი, - ერთ კი დავიძახე, წამოვხტი და ტუალეტისკენ გავქანდი.
იმ ღამით კიდევ ერთელ გადავრჩი და მეორე დილით პერსონალს დაველაპარაკე - ვაჩვენე, აი ამა და ამ პროუდუქტმა მომწამლა, ეტყობა დაძველებულია და ყურადღება მიაქციეთ-მეთქი. მადლობებად „დაიღვარნენ“ და იმედია იმ სასტუმროში მსგავსი რამ აღარასოდეს გამეორდება. მე კი იმავე დილით მანქანაში დავჯექი და თბილისისკენ გამოვქანდი“.
ნუკრი გოგებაშვილი ზოგიერთ საპარიკმახეროში ელემენტარული ჰიგიენური წესების დაუცველობას უჩივის. მისი თქმით, ორ კვირაში ერთხელ გაწკრიალებული „სტილისტისთვის“ 10 ლარი არ აქვს, ამიტომ 3-4 ლარიან სამამულო„პარიკმახერებთან“ სიარული უწევს, გამომდინარე შედეგებით.
„ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დავდივარ საპარიკმახეროში. იქ შეჭრა 3 ლარი ღირს და იმიტომ. მაგრამ რად გინდა, ეს კაცი „დენიკინისდროინდელი“ ინსტრუმენტებით მუშაობს და სამწუხაროდ გამოცვლასაც არ აპირებს. ისე გაშმაგებული მაჭრის ხოლმე ე.წ. „ნანეტს“, რომ სისწრაფე-სიჩაუქე მისი ხარისხის ნიშანია. რა გახდა, ამ ინსტუმენტების თვეში ერთხელ მაინც გარეცხვა, მაგრამ ეტყობა ამისთვის არ სცალია. კარგი, ელექტროხელსაწყოები კიდევ გასაგებია, ადამიანმა მამაპაპური სავარცხელი მაინც ხომ უნდა გაასუფთავო, მაინც არ რეცხავს. მეც იქ დავდივარ, სანამ 10 ლარი არ მექნება, რომ ათლარიან „სალონში“ ვინმე ღვთისნიერი შუშანას ან ქრისტინას განკარგულებში აღმოვჩნდე“.
ჰენრი ბუხრიკიძე ყოველდღიურად მობილურ ტელეფონზე შემოსული ათეულობით გზავნილით არის შეწუხებული. მისი თქმით, ვალდებული არ არის, რომ წლობით სხვადასხვა კომპანიის საინფორმაციო-სარეკლამო ტყვეობაში იცხოვროს:
„ამისთვის სპეციალურად იუსტიციის სახლში მივედი და ოპერატორებს ვთხოვე, რომ ჩემი პირადი მონაცემებიდან მობილურის ნომერი ამოეგდოთ. მიპასუხეს, რომ ეს ამ საქმესთან არაფერ შუაშია და „ესემესები“ ჩვენც მოგვდისო. თავი როგორ დავაღწიო-მექთი. ყველა „მესიჯს“ ბოლოში გამორთვის კოდი მოყვება და მიმართეო. რამდენიმეზე გამოვიყენე, მაგრამ უშედეგოდ, უარის მიუხედავად იმავე კომპანიის გზავნილები მაინც მომდის.
თან მგონი ესენი „ტელეპატიური ნიჭითაც“ დაჯილდოებული არიან. გზავნილს რომ წავშლი, იმავე წამს იგივე შინაარსის ახალი წინადადება მომდის. ჩვენი ნახევარი ცხოვრება ხომ ძილში მიდის და ახლა ვატყობ დანარჩენის ნახევარიც ათასი კომპანიის „ესემესების“ იძულებით კითხვა-წაშლაზე იხარჯება. ბატონებო, ცოტა დრო დაგვიტოვეთ, რომ თქვენი „ჯერარნახული პროდუქტების“ გარეშე ვიარსებოთ“.
რესპონდენტებთან ერთად გაუთავებელი წუწუნი რომ არ გამოგვივიდეს (ჩვენში ამას რა გამოლევს), არსებულ სიტუაციასა და გამოსავლის გზებზე დარგში მომუშავე ექსპერტ-სპეციალისტებს მოვუსმინოთ. ჩვენი პირველი რესპონდენტი ა/ო „მომხმარებელთა ფედერაციის“ თავმჯდომარე, მადონა კოიძეა:
- ერთადერთი სფერო, რომელიც საქართველოში დაცულია, სურსათის უვნებლობაა. რადგან არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა, სურსათის ეროვნული საგენტო, რომელიც პასუხისმგებელია, რომ ქვეყანაში უვნებელი სურსათი გაიყიდოს.
ყველა დანარჩენი სფერო სახელმწიფოს მხრიდან კონტროლისა და ზედამხედველობის გარეშე მიტოვებულია. ამას ისიც ემატება, რომ საქართველო, ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. აქედან გამომდინარე, მომხმარებელი დღემდე დაუცველი რჩება.
თუმცა არსებობს კანონპროექტი, რომელიც ექსპერტთა ჯგუფმა, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან ერთად შექმნა. კანონპროექტი პარლამენტში წარდგენილია, ორი მოსმენით გავიდა და დღეს, რატომღაც, თაროზე შემოდებულია. მას საბოლოო სახეც მიცემული არ აქვს.
ამიტომ საქართველოში მომხმარებელს სასამართლოს გარდა არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას.
- თქვენი ინფორმაციით, კანონის მიღებას ხელს რა უშლის?
- კანონს ბიზნესგაერთიანებები ეწინააღმდეგებიან. ამ დროს, მასში ერთადერთი ის არის გათვალისწინებული, რომ მომხმარებელი არ უნდა მოატყუონ და შეძენილ სამუშოზე ან პროდუქტზე სრულყოფილი ინფორმაცია ქართულ ენაზე (კონსტიტუციურ ენაზე) მიაწოდონ, რათა მომხმარებელმა სწორი არჩევანის გაკეთება შეძლოს.
- ამ შემთხვევაში ბიზნესგაერთიანებების პოზიცია რამდენად ლეგიტიმურია?
- კეთილსინდისიერი ბიზნესი ამას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. პირიქით, მომხრე უნდა იყოს, რადგან ეს ქვეყანაში ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. ასევე პროდუქციის მიმართ მომხმრებლოს ნდობას გაამყარებას.
- მაშინ საკუთარ პოზიციას რით ხსნიან?
- იმით, რომ ქართულენოვანი ეტიკეტირება პროდუქტს გააძვირებს და ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება. თუმცა ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში მოსახლეობას, მომხმარებელს ინფორმაცია თავის კონსტიტიციურ ენაზე მიეწოდება, რათა მან სწორი არჩევანი გააკეთოს.
ჩემთვის გაუგებარია, საქართველო გამონაკლისი რატომ უნდა იყოს.
- რა შედეგს იწვევს ის, რომ სურსათის გარდა სხვა სფეროები პრაქტიკულად არ რეგულირდება?
- ცალსახად, დაუცველობას იწვევს. მომხმარებელმა შეიძლება განიცადოს ეკონომიკური ზარალი და თანხა ისეთ ნივთში ან მომსახურებაში გადაიხადოს, რომელიც მის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
- პრობლემის აღმოფხვრის გზას რაში ხედავთ?
- საშუალება ის არის, რომ მომხმარებელს უნდა შეეძლოს პოზიციები გაიმყაროს, საკუთარი თავი დაიცვას. მოქალაქე სხვადასხვა კანონებში მიმოფანტულ მომხმარებელთა უფლებების შესახებ თავებს არ უნდა ეძებდეს, ერთიანი კანონი უნდა არსებობდეს, რომელშიც გარკვევას შეძლებს და, ფაქტობრივად, მეგზური იქნება, თუკი მისი უფლებები დაირღვევა.
- საზოგადოების დამოკიდებულება როგორია?
- საზოგადოების დამოკიდებულება უარყოფითია, რადგან ვიმეორებ, ერთადერთი ბერკეტი, რომელიც მომხმარებელს დარჩენილი აქვს, ეს არის სასამართლო. მაგრამ იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მომხმარებელმა ადვოკატი უნდა აიყვანოს და სასამართლოს ბაჟი გადაიხადოს, ეს კიდევ თანხებთან არის დაკავშირებული.
აქედან გამომდინარე, მომხმარებელი უბრალოდ იძულებულია თავი ჩაღუნოს და არსებულ უსამართლობას შეეგუოს.
- რამდენად ხელს უწყობს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება ამ სფეროში ვითარების გაუმჯობესებას?
- ასოცირების ხელშეკრულება პირდაპირ ითხოვს, რომ ქვეყანაში მომხმარებელი დაცული იყოს და არსებობდეს კანონო მომხმრებელთა უფლებების დაცვის შესახებ.