მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - 27 აგვისტო 2018

ადვოკატი: წარმოუდგენელია, ერთმა ადამიანმა მოკლას მამაკაცი, ბავშვი, ქალს სდიოს, გააუპატიუროს და გაგუდოს

ufleba.ge

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური პატიმრობაში რჩება. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე იქნა მიღებული.

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა მალხაზ კობაურის ადვოკატების მოთხოვნა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე არ დააკმაყოფილა, ვინაიდან, მისი თქმით, არსებული რისკები არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა კიდეც.

ბრალდებულ მალხაზ კობაურის საქმეში ახალი მტკიცებულებებია, – ამის შესახებ მცხეთის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელის მოადგილემ, არჩილ ბედუკაძემ განაცხადა.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა. არანაირი ახალი გარემოება არ არსებობდა, რომ ეს შეცვლილიყო. საფრთხეები, რაც სასამართლომ მიიჩნია, ისევ ძალაშია, პირიქით, საფრთხეები მომატებულია კიდეც, საქმეში არის  ახალი მტკიცებულებები“, – განაცხადა პროკურორის მოადგილემ.

მალხაზ კობაურის დამცველები მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული.

გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლო უფრო სამართალშემოქმედებითად მიუდგება აღნიშნულ საკითხს და მეტად გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე ყურადღებას, რაზეც დაცვის მხარე საუბრობს. შერაცხადობაზე ექსპერტიზის დასკვნას ვეთანხმებით, რადგან ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ერთმა ადამიანმა მოკლას მამაკაცი, შემდეგ მოკლას ბავშვი, ქალს სდიოს კილომეტრნახევარი, გააუპატიუროს და გაგუდოს. ეს წარმოუდგენელია, რაც არ უნდა მანიაკალურ ინსტიქტებთან გვქონდეს საქმე. სპერმის ექსპერტიზასთან დაკავშირებით კი, მთელი რიგი უზუსტობებია. ამას მოწმობს ისიც, რომ ექსპერტიზის მიხედვით, რაიან სმიტის სხეულში იყო მისივე სპერმა, რაც დაუჯერებელია. ჩატარდება ექსპერტიზა და დადასტურდება, რომ კობაურის სპერმა არ არის მოხვედრილი ლორა სმიტის სხეულში”,-აცხადებს ადვოკატი.

ბრალდებულის დედას, მარინა მარტიაშვილს არ სჯერა, რომ დანაშაული მისმა შვილმა ჩაიდინა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მცხეთაში, სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

კობაურის დედა საქმის სრულყოფილად გამოძიებას ითხოვს და აცხადებს, რომ არ ფიქსირდება სატელეფონო ზარები, როდესაც ოჯახმა შვილის მოძებნის მიზნით „112“-ში დარეკა. ოჯახს ეს გარემოება გარკვეულ ეჭვებს უჩენს.

„112-ში გვქონდა დარეკილი, როცა ჩემს შვილს ვეძებდით, რატომ გააქრეს ეს ზარები, თუ მართლები არიან, რატომ გაქრა? ჩვენ ვეძებდით შვილს და ეს არ ფიქსირდება. მე ვიცი ჩემი შვილი რაცაა, ის არ ჩაიდენდა ამ დანაშაულს. ფსიქოლოგმაც ხომ გამოიკვლია მისი მდგომარეობა. მოვითხოვ, საქმე ნორმალურად გამოიძიონ“, – განაცხადა მარინა მარტიაშვილმა.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა. საქმეში არსებული სქესობრივი დანაშაულის ნიშნებისა და არასრულწლოვნის გარდაცვალების ფაქტორის გამო, მოსამართლემ პროცესი დახურა.

19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია