მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დივერსია ქართული სპორტისა და ქვეყნის მომავლის წინაშე - 29 აგვისტო 2018

"მჭიდროდ დასახლებულ თბილისში 20 სპორტული ობიექტის დანგრევა იგივეა, რაც ატომური ბომბის ჩამოგდება ხიროსიმასა და ნაგასაკიში"

ufleba.ge

ერის ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობა, ცხოვრების ჯანაღი წესის დაცვა რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამას დიდი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება. ეს რაც შეიძლება მეტ და მრავალფეროვან სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურას რომ მოითხოვს, ესეც ეჭვგარეშეა. რას ვაკეთებდით ამ მხრივ ბოლო 26 წლის განმავლობაში? რას და დაუნდობლად, მართლაც რომ ბარბაროსულად ვანგრევდით დიდ თუ პატარა მოედნებსა თუ სხვა სტრატეგიულ სპორტულ ობიექტებს. ასე, ერთი ხელის მოსმით განადგურდა ვაკის ყოფილი საერთო საცხოვრებლის, ფიზკულტურის ინსტიტუტის, დინამოს სათადარიგო, ავლაბრის და სხვა უამრავი სტადიონი თუ სასიცოცხლოდ აუცილებელი სპორტული ობიექტი. სამაგიეროდ, მათ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსები წამოიმართა. ახალგაზრდობას სავარჯიშო, მოსახლეობას სუფთა ჰაერის ჩასასუნთქი სივრცე აღარ დარჩა. წარმოუდგენელია სხვაგან ასე ანგრევდნენ მომავალი თაობების ჯანმრთელობას და საერთოდ ქვეყნის მომავალს. ამიტომ განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ ამ პროცესის შესაჩერებლად.     

"ufleba.ge" ამ პრობლემატიკაზე, ვეტერან სპორტსმენს, არმაზ ბაკურაძეს ესაუბრება.   

- საქართველოს არც ერთი ხელისუფლება ქვეყნის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას არ სწყალობს. პირიქით, სპორტული მოედნები ისეთ ტემპით ინგრევა და აღიგავება მიწისგან პირისა, რომ სრული კატასტროფა შორს არ არის. 

იმით დავიწყოთ, რომ  წინა ხელისუფლებამ თბილისში გაყიდა, დაანგრია და გააუქმა 10 საერთაშორისო სტანდარტული ზომის სტადიონი (სიგრძე - 100 მეტრი, სიგანე - 68 მეტრი). აგრეთვე ვაკეში 8 მაღალი რანგის სპორტული ობიექტი; ბათუმისა და ზუგდიდის ცენტრალური სტადიონები, რომლებიც თვის დროზე სტალინის ბრძანებით, ჯერ კიდევ 1922-1925-1930-1950-იან წლებში აშენებულ იქნა. მაშინ შენდებოდა მთელ საქართველოში. მარტო თბილისში იყო 26 სტადიონი, რომელთაგან  15-ის ირგვლივ  მოწყობილი იყო სავარჯიშო ბილიკები. აქედან, ღმერთის წყალობით, ნაძირალა ქართველებს გადაურჩა  მხოლოდ ეროვნულზე არსებული და ისიც 1991 წლიდან თვით სპორტსმენებისთვისაც ჩაკეტილია.

გეკითხებით, ვინ გააუქმა სტადიონები? ამასაც ხომ პუტინს ვერ დავაბრალებთ, ის საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა. ვერც სტალინს, მან სტადიონები აგვიშენა და დაგვიტოვა.

1991 წლამდე, თბილისის თერთმეტ და საქართველოს ყველა დიდი ქალაქის სტადიონს ჰქონდა განათება, სადაც სპორტსმენებსა და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულ ადამიანებს ღამის 11 საათამდე შეეძლოთ ევარჯიშათ.

კომუნისტური რეჟიმის შემდეგ, ზემოთ ნახსენები სამი ქალაქის 18 სტადიონიდან, ვაი-ქართველებმა 17-ზე მოშალეს სავარჯიშო ბილიკები. რა ჰქვია ამას, თუ არა ხაზგასმული მავნებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე. 

ამან, როგორც მთელ ქართულ სპორტს, ისე მოსახლეობის ჯანმრთელობასაც შეურყია საფუძველი. რადგან ასეთ სტადიონებზე სპორტის ყველა სახეობის სპორტსმენები ვარჯიშობდნენ, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. 

რაც შეეხება თბილისს, ასე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში 20 სპორტული ობიექტის დაუნდობლად დანგრევა იგივეა, რაც ატომური ბომბის ჩამოგდება იაპონიის ქალაქებში, ხიროსიმასა და ნაგასაკიში. 

ყოფილი ხელისუფლებების მანქურთებმა ეს საუკუნის დანაშაული რომ ჩაედინათ, ფარად გამოიყენეს მლიქვნელი, ფულზე დახარბებული  შოუ-ბიზნესის  ზოგიერთი წარმომადგენელი, ვითომდა  ისტორიკოსები და  მწერლები, ასევე  სპორტსმენები, ჟურნალისტები - მათ გვარებს მოგვიანებით ჩამოვთვლი. მომავალმა თაობებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ.

ჩვენი ქვეყნისთვის სტადიონები და სპორტული ობიექტები თავისი დანიშნულებით ისეთივე წმინდა ტაძრებია, სადაც ადამიანები ლოცულობენ - ისინი ხომ ერის ღირსებას, ქართული სპორტის წარმატებებს, ახალგაზრდობისა და მოსახლეობის გაჯანსაღებას ემსახურებოდნენ ათწლეულების განმავლობაში. მათ შორის წინა ხელისუფლებების "დამსახურება" რომ არა, ეს სპორტული ობიექტები კიდევ მოგვემსახურებოდნენ ალბათ საუკუნეების განმავლობაში.    

მიაქციეთ ყურადღება - დივერსია ქართული სპორტის, მისი მომავალი თაობების წინააღმდეგ ჩადენილია საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში, 1991 წლიდან. ამ პერიოდზე დაწვრილებით, ცოტა მოგვიანებით, ქვემოთ ვისაუბრებ. 

დანაშაული ისეთი მძიმეა, რომ წესიერი სიტყვის თქმა ჭირს. ნამდვილი უბედურება  დაატყდა თავს ქართულ სპორტსა და ჯანმრთელობის მოყვარულ  მოსახლეობას, რაც მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ დამანგრეველმა პროცესმა  მეორე უბედურება მოუტანა  ჩვენი ქალაქის  ახალგაზრდობას - ნარკომანია და პროსტიტუცია. ქუჩები გაივსო უსაქმურად მყოფი ახალგაზრდებით  - ნარკომანებით, ალკოჰოლიკებით...

თბილისის 10 რეგიონის, ზუგდიდისა და ბათუმის ახალგაზრდობას მოუსპეს, როგორც სპორტულ სექციებში, ასევე ჯანმრთელობის გასაკაჟებლად ვარჯიშის საშუალება.

ეს რომ არა, 20 სპორტულ ობიექტზე ყოველდღიურად 5000-მდე სპორტსმენი ივარჯიშებდა. იმუშავებდა უამრავი მწვრთნელი, ჯანმრთელობას გაიკაჟებდა ასევე მრავალი ჩვენი თანამოქალაქე. 

ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთ მიზანს, მეტი ნარკოტიკი, სპირტიანი სასმელი და თამბაქოს ნაწარმი გაეყიდათ ხელისუფლებაში მოკალათებულ ნარკობარონებს. ისინიც ხელქვეითების დახმარებით მასიურად ყიდდნენ ამ ყველაფერს. ეს მცირე ჩამონათვალია დანაშაულის. ამ დივერსიის სულისჩამდგმელი მათ შორის ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელევიზიის საშუალებით ვითომდა ნარკოტიკების განადგურების კადრებს გვაჩენებდა.

ამის გამოა, რომ დღეს ქვეყანაში უამრავი ავადმყოფი ბავშვი იბადება და იზრდება, რომელთა გამოჯანმრთელებას, ოპერაციებს, უცხოეთში გამგზავრებას მილიონებით თანხები სჭირდება. ეს უბედურება დათესა ქვეყანაში მახინჯი სულის ბრბომ, რომლის გამოსწორებასაც მრავალი წლები სჭირდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სხვებთან ერთად „მოქალაქეთა კავშირს“, „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ მომხრეებს შევახსენებ, რომ ეს სპორტული ობიექტები არ დაუნგრევია არც პუტინს, არც ოსებს, არც აფხაზებს.

ეს დივერსია ჩადენილია თავის დროზე საქართველოს პარლამენტის, თავდაცვის, ეკონომიკის, სპორტის, განათლების, სამინისტროების, სპორტის დეპარტამენტის, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის, უშიშროებისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით და გადაწყვეტილებით.

ასევე ამ დივერსიაში მონაწილეობა აქვს მიღებული სპორტულ ჟურნალისტთა კავშირს; ვეტერან სპორტსმენთა კავშირს, აგრეთვე სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებს. ეს გამოიხატებოდა მათი მლიქვნელური დამოკიდებულებით, მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებისადმი. ეს სპორტული ფედერაციებია: ფეხბურთის, მძლეოსნობის, რაგბის, ჭიდაობის, ფარიკაობის, კრივისა და ძალოსნობის. სპორტულ ფედერაციებს შეეძლოთ მიემართათ საერთაშორისო  სპორტული ორგანიზაციებისათვის, ევროკავშირის მისიებისათვის. ისინი მოახდენდნენ მიუღებელი რეჟიმის პოლიტიკის ბლოკირებას.

ასევე მოხდებოდა ქართული სპორტის ბლოკირება საერთაშორისო არენაზე; ამით გადარჩებოდა განადგურებას 20 მაღალი დონის სპორტული ობიექტი.

- თუ მიმართავდით ვინმეს ამ პროცესის შესაჩერებლად?

- ამ დივერსიის შესახებ თავის დროზე ეცნობა როგორც თავისუფლების ინსტიტუტს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს. მაგრამ მათი მხრიდან ისევ ნაციონალური პარტიის ქება ისმოდა. 

მათაც შეეძლოთ გადაერჩინათ ეს სტადიონები. ყველამ მშვენივრად იცოდა მომავალი თაობების წინაშე ჩადენილი ამ დანაშაულის შესახებ, მაგრამ ყველა თვალს ხუჭავდა.  

ამ მძიმე ქმედებაში, ასევე მონაწილეობა აქვთ მიღებული ჩვენი ხელისუფლებების უცხოელ კურატორებს. საყვედური უნდა ეთქვათ ამერიკის საელჩოს იმ ხელმძღვანელებს, ვინც სააკაშვილს ამ დივერსიაში ხელი შეუწყო. მათ ჯერ კიდევ 2005 წელს ეცნობათ აღნიშნული დანაშაულის შესახებ, მაგრამ თვალი დახუჭეს და პირიქით წააქეზეს ნაციონალური მოძრაობის ეს პოლიტიკა. რასაც მასიურად სპორტული ობიექტების განადგურება მოყვა.

- ამ ეტაპზე რა უნდა გაკეთდეს ვითარების შემოსაბრუნებლად?

- დღესაც, უპირველესად, საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება უნდა უზრუნველვყოთ. ამის შემდეგ კონფისკაცია უნდა მოვახდინოთ იმ პირების ქონების, ვისი გადაწყვეტილებითაც დაინგრა 20 მაღალი რანგის სპორტული ობიექტი. ჩამორთმეული ფულით სამივე ქალაქში სტადიონები უნდა აშენდეს. მათ უთვალავი ფული აქვთ და საკუთარი ჯიბით მაინც პასუხი უნდა აგონ ჩადენილ დანაშაულზე. 

ეს იყოს გაკვეთილი მომდევნო ხელისუფლებისთვისაც. იცოდნენ მომდევნო თაობებმა, რას წარმოადგენდა  ნაციონალური მოძრაობა, ვინ იყვნენ შევარდნაძე და აბაშიძე და ა.შ. ვიმეორებ, დანაშაული მეტად მძიმეა, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ მომხდარა.

- იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, სხვადასხვა დროს სპორტული ობიექტების ბედის შესახებ? 

- დიახ, ახლა გაგაცნობთ დამოუკიდებლობის შემდეგ  სტადიონების ბედს. ეს არის 1991 წლის შემდგომი პერიოდი.

გამსახურდიას ხელისუფლების მაღალჩინოსნები მმართველობის მოკლე პერიოდშივე ახერხებენ სტადიონების, სპორტული ობიექტების, სპორტსმენთა საცხოვრებელი სასტუმროების – მათი ტერიტორიების მიტაცებას და განადგურებას. მათ შორის აღმოჩნდა თბილისის სახელმწიფო იპოდრომის ტერიტორია.

ასეთივე დანაშაულს სჩადიან შევარდნაძის ხარბი ნათესავ-მეგობრები: ნიკო ლეკიშვილი,  რჩეულიშვილები და კოტე გაბაშვილი. ისინი ყიდიან და ანგრევენ ვაკის ყოფილი სტუდქალაქის უნიკალურ სტადიონს, 4 მოედანთან ერთად. აუქმებენ ვაკის მოსახლეობის სავარჯიშო კომპლექსს.

ხოლო მაშინდელი რკინიგზის შეფი აკაკი ჩხაიძე "ლოკომოტივის" სტადიონების რეკონსტრუქციის დროს, ორივე სტადიონში აუქმებს სავარჯიშო სარბენ ბილიკებს; სადაც სპორტის ყველა სახეობის სპორტსმენები და მთელი თბილისის მოსახლეობა ვარჯიშობდა - დილის 6 საათიდან, ღამის 11 საათამდე. რა ჰქვია ამას, განსჯა მკითხველს მივანდოთ.  

ასევე მაღალი დონის სტადიონი გააქრო აჭარის "ფაშამ", ასლან აბაშიძემ ბათუმში. მეორე ცენტრალური კი სანახევროდ დაანგრია, რომელიც სააკაშვილმა შემდგომ საერთოდ გააქრო.

ეს სტადიონები ბათუმში აშენებულ იქნა 1922-1930-იან წლებში. სამაგიეროდ, აჭარაში აშენებდნენ ნარკოტიკების ლაბორატორიებს, ახალგაზრდობას, მის მოსახლეობას ნარკომანიის ჭაობში ძირავდნენ.

ისევ ვისაუბრებ ნაციონალური მოძრაობის ნაბიჯებზე, დაწვრილებით გაგაცნობთ რომელი სპორტული ობიექტები და სტადიონები იქნა დანგრეული და გაუქმებული:

1. პირველ ეტაპზე ისინი აუქმებენ სპორტის აკადემიას, სპობენ ქართული სპორტის ისტორიას და მის წარსულ მატიანეს. სპორტის აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე ანგრევენ სტადიონს სავარჯიშო ბილიკებით, რომელზედაც სპორტის 10 ოლიმპიური სახეობის სპორტსმენები ვარჯიშობდნენ მრავალი წლის განმავლობაში.

ანგრევენ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტული ზომების მძლეოსნურ მანეჟს; ანგრევენ ძიუდოს, კრივის,  ფარიკაობის დარბაზებს; აუქმებენ ორ ჩოგბურთის კორტს; ვაკის რეგიონის მოსახლეობას მოუსპეს სავარჯიშო კომპლექსები. ვაკის ახალგაზრდობა, ნარკომანიის ჭაობში ჩაფლეს.  

2. ავლაბარში ყიდიან და ანგრევენ ქართული არმიის შესანიშნავ სტადიონს, უზარმაზარი ტერიტორიით. ქართული არმია ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც საკუთარი სტადიონი არა აქვს. რაც შეეხება ავლაბრის რეგიონს, მოუსპეს ერთადერთი სავარჯიშო ცენტრი, ახალგაზრდობა აქაც ქუჩაში აღმოჩნდა.

3. ყიდიან და ბაზრობის ტერიტორიად გადააქციეს თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ძველი 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონი. ქართული ფეხბურთისა და ქართული სპორტის სამჭედლო - ვანდალებმა გააუქმეს ქალაქის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონის სავარჯიშო კომპლექსი.

4. ყიდიან და აუქმებენ მუშტაიდის ბაღის გვერდით მდებარე "ნორჩი დინამოელის" სტადიონს, ექვს სათამაშო მოედანთან ერთად; გააქრეს თბილისის ცენტრალური უბნების კიდევ ერთი უნიკალური სავარჯიშო სტადიონი.

5. აუქმებენ ეროვნული სტადიონის გვერდით მდებარე სტადიონსაც, სადაც მოაწყვეს ავტოსადგომი – ხოლო ეროვნული სტადიონის ირგვლივ მოიწყვეს საკუთარი ბაზრობა. ამიტომ საჭიროა სასწრაფოდ გაუქმდეს, სტადიონის ირგვლივ არსებული ყველა მაღაზია, რომლებიც ამახინჯებს – სიტყვა ეროვნულს.

6. ყიდიან და აუქმებენ ნახალოვკაში "ბერის" სტადიონს, მის გარეშე ტოვებენ ამ რეგიონის ახალგაზრდა თაობებსაც.

7. ყიდიან და აუქმებენ დიდუბეში ცნობილ "სუკონის" სტადიონს. კიდევ ერთ მჭიდროდ დასახლებული უბნების ერთადერთ სტადიონს; რომელიც ეკუთვნის პატარკაციშვილების ოჯახს. საჭიროა ამ ოჯახის კლანჭებისგან დავიხსნათ ეს სტადიონი, დავუბრუნოთ  ის მომავალ თაობებს და აღვუდგინოთ მას ძველი დიდება.

ყველამ იცოდეს, სტადიონები მთელ მსოფლიოში ხელშეუხლებელია. მათი გაყიდვა სახელმწიფოს მიერ არ შეიძლება – ისინი მომავალი თაობების და მოსახლეობის გაჯანსაღებას ემსახურებიან.

8. აუქმებენ გლდანში, ცნობილი სპორტული სკოლა-ინტერნატის სტადიონს.

9. ასევე აუქმებენ "მეტროსტროის" დასახლებაში არსებულ სტადიონს.

10. აუქმებენ ვარკეთილში მდებარე სტადიონს, რომელსაც ეროვნული სტადიონის მსგავსი სარბენი ბილიკები ჰქონდა. ამ რეგიონშიც  გაქრა სავარჯიშო ბაზა.

 11. "გეპეის" სტადიონი 1 ლარად იყიდა სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ. საჭიროა ეს სტადიონი გადაეცეს სახელმწიფოს.

ოლიმპიური კომიტეტი, სპორტული ფედერაციები, მათი პრეზიდენტები, განსაკუთრებით ფეხბურთის, რაგბისა და მძლეოსნობის, ამ ობიექტებს ისე უნდა გაფრთხილებოდნენ, როგორც ეს ერთ დროს ღირსეულმა ქართველმა ექვთიმე თაყაიშვილმა გააკეთა, რომელმაც საქართველოს მიბარებული საგანძური შემოუნახა.

მომავალი თაობების, ქართული სპორტის წინაშე დანაშაული ჩადენილია და ფაქტები სახეზეა. ერთი ხელის მოსმით გაქრა უნიკალური სტადიონები და სპორტული ობიექტები. დამოუკიდებელი საქართველოს სამივე ხელისუფლების მმართველი ბრბოს მიერ მეტად მძიმე დანაშაულია ჩადენილი. სხვა ქვეყნებში ასეთი დივერსიის გამო ადამიანებს სათანადოდ დასჯიდნენ.

- ხელისუფლებამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას?

- საჭიროა სახელმწიფომ მიიღოს კანონი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ აკრძალავს მსგავს დივერსიას – რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ. რათა მომავალ თაობებს შევუნახოთ და გადავცეთ დარჩენილი სტადიონები და სპორტული ობიექტები. ისე, როგორც კომუნისტურმა რეჟიმმა შემოგვინახა ათეული განმავლობაში. 

ამ ფონზე, სპორტული ფედერაციების ნდობა აღარ შეიძლება - სტადიონები, ყველა სტრატეგიული სპორტული ობიექტი სახელმწიფოს მფლობელობაში უნდა გადავიდეს. თორემ ისევ გამოჩნდებიან გადაგვარებული ქართველები. 

საჭიროა შემთხვევით გადარჩენილი სტადიონების სრული აღდგენა. ამ პრობლემის გადაჭრა ლამის საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ტოლფასი იქნება. 

ამას მომავალი თაობები ითხოვენ. ამას თბილისის, აჭარისა და სამეგრელოს ღირსეული სპორტული წარსული ითხოვს. ამას ის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ითხოვენ, რომლებიც ოდესღაც ამ სპორტულ ობიექტებზე ვარჯიშობდნენ.

ბოლოს, 20 დანგრეული სპორტული ობიექტის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლებებთან  ერთი კითხვა აქვთ:

- რა დაგიშავეთ? 

დანარჩენი სამართალდამცავებმა გაარკვიონ.

ასევე ჩამოვთვლი სტადიონებს, რომელთა აღდგენაც შეიძლება, რათა მომავალი თაობები საბოლოოდ ნარკომანებად და ალკოჰოლიკებად არ იქცნენ. ეს ეხება თბილისს.

სასწრაფოდ აღსადგენია:

1. ძველი 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონი - 4 სავარჯიშო ბილიკით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე.

2. ნორჩი "დინამოს" სტადიონი - ექვს მოედანთან ერთად, მუშტაიდის ბაღის გვერდით.

3. სპორტის აკადემიის უკან მდებარე სტადიონი - 4 სავარჯიშო ბილიკით.

4. "ვარკეთილში" მდებარე სტადიონი - 6 სავარჯიშო ბილიკით.

5. "მეტროსტროის" დასახლებაში მდებარე სტადიონი -4 სავარჯიშო ბილიკით.

6. "ბერის" სტადიონი ნახალოვკაში.

7. "სუკონის" სტადიონი დიდუბეში - 3 სავარჯიშო ბილიკით.

8. გლდანში სპორტული სკოლა-ინტერნატის სტადიონი.

9. ეროვნულის (ყოფილი დინამოს) გვერდით მდებარე სტადიონი.

ასაშენებელია ოლიმპიური სტატუსის მქონე სტადიონები  ზუგდიდში  და  ბათუმში - ორივე სტადიონს უნდა ჰქონდეს 8 (რვა) სარბენი ბილიკი, როგორც ეს მიღებულია საერთაშორისო წესდებით. არ დაგვავიწყდეს, ისინი აჭარისა და სამეგრელოს დედაქალაქებია. ოლიმპიური სტატუსის მქონე სტადიონები ზემოთ აღნიშნულ ქალაქებში, კომუნისტური რეჟიმის დროს, ჯერ კიდევ 1930 წელს იყო აშენებული, რომლებიც 75 წლის შემდეგ დაანგრიეს.   

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია