მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მამუკა ბახტაძე კურორტების მზადყოფნის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებს ბოლო გაფრთხილებას აძლევს - 29 აგვისტო 2018

ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა არ არის არგუმენტი იმისა, რომ კურორტები გაზრდილი ნაკადების მისაღებად მზად არ აღმოჩნდნენ

ufleba.ge

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კურორტების ინფრასტრუქტურისა და მზადყოფნის ხარისხით უკმაყოფილოა და ამ მიმართულებებზე პასუხისმგებელ პირებს ბოლო გაფრთხილებას აძლევს. როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა არ არის არგუმენტი იმისა, რომ კურორტები გაზრდილი ნაკადების მისაღებად მზად არ აღმოჩნდნენ.

ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა კურორტებზე ზაფხულში და, ამასთან ერთად, არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ვიხილეთ ზამთარში. ყველას კარგად გვესმის და გვახარებს, რომ ტურისტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ კურორტები არ იყოს მზად ამ ნაკადის მისაღებად.

აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში და მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაში, ეს არის ბოლო გაფრთხილება, რომ ასეთი რაღაც აღარ უნდა განმეორდეს. ეს ეხება ყველა ადამიანს, ვისაც ეკუთვნის თანამდებობრივად, რომ კურორტები შესაბამის დონეზე იყოს მომზადებული. განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკურორტო სეზონებზე, როდესაც ტურისტული აქტივობა განსაკუთრებით იზრდება.

არ მინდა დავასახელო კონკრეტული სახელი და გვარები, რადგან ეს ეხება საკმაოდ ბევრ ადამიანს და ბევრ უწყებას. დარწმუნებული ვარ, ზამთრის სეზონს, ისევე როგორც მომავალი ზაფხულის სეზონს ჩვენ ხარისხობრივად გაცილებით უფრო მომზადებული შევხვდებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საკითხს, რათა  საკურორტო ზონაში ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მოწესრიგებული იყოს.

კერძოდ, მოეწყობა კობი-გუდაურის სასრიალო ტრასების და ზამთრის სეზონისთვის ზვავსაწინააღმდეგო დროებითი სისტემა; რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ურეკის ძველ ბულვარს, ხოლო ახალი ბულვარის მოწყობისთვის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები; რეაბილიტირდება დაბა ბაკურიანში ცენტრალური, წრიული საფეხმავლო ბილიკი.

ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს აუცილებლად 4-სეზონიან კურორტად და აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები, ისევე როგორც დიდველის მიმდებარე ავტოსადგომის გაფართოება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში.

ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დიდი მიტარბის საბაგირომდე მისასვლელ საავტომობილო გზას. მოხდება ქობულეთის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოების ინტენსიფიკაცია. ამ პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა რაჭაში სტუმრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები კარგი ტემპით და ვადებში ხორციელდება, თუმცა, აუცილებელია, ცენტრალურთან ერთად, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა კიდევ უფრო სწრაფად და მასშტაბურად წარიმართოს.

შესაბამისად, დღევანდელ მთავრობაზე განვიხილავთ საკითხს, რომლის მიხედვითაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება 12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 80 მილიონი ლარია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია