მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მინდელის შახტში შრომის პირობებს გერმანული კომპანია DMT Group შეისწავლის - 07 სექტემბერი 2018

ტყიბულის შახტში უსაფრთხოების კომპლექსური სისტემა არ არსებობს, საწარმოში ამ ეტაპზე რაიმე შრომითი აქტივობა მიზანშეწონილი არ არის

ufleba.ge

ტყიბულში, მინდელის შახტში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია DMT Group შეისწავლის და ექსპერტიზას ჩაატარებს, – გადაწყვეტილება აღნიშნული კომპანიის შესახებ სამმხრივი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით,  აღნიშნულ კომპანიას საქმიანობის 140 წლიანი გამოცდილება აქვს.

მინისტრის თქმით, კომპანიასთან კონტრაქტი დღესვე, დაჩქარებული წესით გაფორმდება, ვინაიდან უცხოელმა ექსპერტებმა ადგილზე მუშაობა დროულად დაიწყონ.

ტყიბულში შახტის ექსპერტიზის მიზნით შესაბამის სამუშაოებს კომპანია სავარაუდოდ, ორ კვირაში დაიწყებს.

მოწვეული სპეციალისტების ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, საუბარია 50 ათას ევროზე.

ამასთან, პირველი არხისთვის ცნობილი გახდა ტყიბულის შახტში, 16 ივლისს, მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევის ოქმის დეტალები. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, ტყიბულის შახტში უსაფრთხოების კომპლექსური სისტემა არ არსებობს და საწარმოში ამ ეტაპზე რაიმე შრომითი აქტივობა მიზანშეწონილი არ არის.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 04:05 საათზე, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის მე-10 ველის +300, +320 ჰორიზონტზე ხორციელდებოდა ლავის გაფართოების, არაგაბარიტული ნატეხების დამუშავების, გამაგრების, ჰორიზონტის სატვირთავი პუნქტისა და წყლის არხის გაწმენდის სამუშაოები.  დავალება, აგრეთვე, ითვალისწინებდა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განხორციელებას. 04:00 საათზე სატელეფონო კავშირის საშუალებით, დისპეტჩერს დამუხვტის სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა, რასაც უნდა მოჰყოლოდა საამფეთქებლო სამუშაოებთან კონტაქტში არმყოფი პირების საშიში ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გაყვანა, რომელიც განსაზღვრულია ბურღვა-აფეთქებითი პასპორტითაღნიშნული პროცესი დადგენილი წესის მიხედვით არ განხორციელდა.

დასაქმებულთა განცხადებით, მათი ნაწილი არ ფლობდა ინფორმაციას ბურღვა აფეთქების პასპორტით განსაზღვრული უსაფრთხო ადგილის შესახებ და უსაფრთხო ადგილს თავიანთი შეხედულების მიხედვით არჩევდნენ.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, პერსონალის ნაწილი არ დაემორჩილა ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მითითებას და აფეთქების მომენტში საშიში ზონა არ დატოვა. ასევე, დეტონაციის შემდეგ განხორციელდა დაგეგმილზე გაცილებით დიდი სიმძლავრის აფეთქება, რაც შესაძლებელია, სამუშაო სივრცეში არსებული მეთანის (ან ნახშირის მტვრის) მომეტებული კონცენტრაციით იყოს განპირობებული.

დასკვნის მიხედვით, სადისპეტჩეროში სატელეფონო შეტყობინება უშუალოდ აფეთქების წარმოების შესახებ არ შესულა (ჩანაწერი არ იძებნება).

გარდა ამისა, დოკუმენტში მითითებულია შახტში არსებული სხვა პრობლემის დეტალებიც. კერძოდ, ორგანიზაციას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ჩამოყალიბებული და გაცხადებული პოლიტიკა არ გააჩნია. საწარმოში არ არის დანერგილი და პერსონალზე მორგებული უსაფრთხოების კომპლექსური სისტემა.

მოკვლევისა და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანიისთვის უცნობია საფრთხის იდენტიფიცირების, რისკის შეფასებისა და მართვის მეთოდოლოგია.

შახტში მოქმედებდა ჰაერში მავნე და ფეთქებად საშიში აირების კონცენტრაციის კონტროლისა და ავტომატური შეტყობინების საშუალებები და მომსახურე პერსონალის დეტექციისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემა. აღნიშნული სისტემის ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ პერსონალმა დამუხტვის პროცესის დაწყებისთანავე არ დატოვა სამუშაო სივრცე და საამფეთქებლო სამუშაოების განხორციელების პროცესში, მის დასრულებამდე საშიშ ზონაში იმყოფებოდა. სადისპეტჩეროსა და მონიტორინგის სამსახურის პერსონალს არ განემარტა შესაბამის ვითარებაში ურთიერთკოორდინირებული და შესაბამის უბანთან მუშაობის შესაძლებლობა და აუცილებლობა. არ შედგა კომუნიკაცია საამფეთქებლო სამუშაოების განმხორციელებელ პერსონალთან და საამფეთქებლო სამუშაოები არ შეწყდა.

ოქმში მითითებულია, რომ ხელმძღვანელ გუნდს, მომუშავე პერსონალსა და დასაქმებულებს შორის არასათანადო კომუნიკაცია იყო. არასწორმა კომუნიკაციამ კი, ორივე რგოლს შორის  დავალების შესრულების არათანმიმდევრული, უკონტროლო და არაუსაფრთხო ქმედება გამოიწვია.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, არსებული ვითარების სიტუაციური ანალიზით გამოვლენილი სისტემური დარღვევების საფუძველზე, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი საწარმოში რაიმე შრომითი აქტივობის განხორციელება, გარდა კანონმდებლობით დადგენილი სამუშაოებისა, რომელიც სავალდებულოა უსაფრთხოების თვალსაზრისით და წარმოადგეს გადაუდებელ აუცილებლობას.

ტყიბულის შახტში 16 ივლისის აფეთქების დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია