მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რას ითვალისწინებს მარიხუანას შესახებ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - 12 სექტემბერი 2018

მარიხუანას მოხმარებაში 21-წლამდე ახალგაზრდის ჩართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება

ufleba.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, თუ რას გულისხმობს მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა.

შსს- ინფორმაციით, სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან  საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად და სამედიცინო მიზნითექსპორტზე გასატანად კანაფის მოყვანა-წარმოების რეგულირებისთვის  საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა. აღნიშნული კანონპროექტი  მთავრობას დღეს წარედგინა.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა, კერძოდ:

იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე;

ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანას მოხმარება აკრძალული იქნება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;

ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული;

მარიხუანას მოხმარება აკრძალული იქნება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;

მარიხუანას მოხმარებისთვის კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების, ჩამორთმევას;

იზრდება სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას, მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის;

სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას, კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.

კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ რეგულაცია. მარიხუანას ფლობა და გასაღება კვლავ სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების სულისკვეთებას. ასევე გათვალისწინებული იქნა საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნების (კანადაისრაელი, ჩეხეთი, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და ..) პრაქტიკა, სადაც სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის დასაშვებია.

შესაბამისად, ახალი კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლოლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე განხორციელდება მკაცრი კონტროლი დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ.

ასევე, მკაცრი ფინანსური სანქციები და სისხლისსამართლებრივი  პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის. გარდა ამისა, მოყვანა-წარმოების პროცესში კონკურენციის  შენარჩუნების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს ლიცენზიის სხვადასხვა სახეებს, რაც გამორიცხავს მთლიანი საწარმოო ჯაჭვის რომელიმე კომპანიის მიერ მონოპოლიზაციას. მკაცრად იქნება განსაზღვრული პოტენციური ლიცენზიანტი იურიდიული პირის მიერ დასაკმაყოფილებელი უსაფრთხოების და სხვა პირობებიაღსანიშნავია, რომ კანაფის სამედიცინო მიზნით მოყვანა-წარმოების რეგულირება ექსპორტზე გასატანად არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო რეგულაციებს, კერძოდ, გაერო- კონვენციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი სრულ  შესაბამისობაში მოდის ქვეყნის პოლიტიკასთან, რაც ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასთან მკაცრ ბრძოლას გულისხმობს.

„მარიხუანას მოხმარებაში 21-წლამდე ახალგაზრდის ჩართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება“, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის სხდომაზე დღეს მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი განიხილეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა.

გიორგი გახარიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ნარკოპოლიტიკის კონტექსტში, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა შინაარსობრივი და ეფექტიანი რეგულირება.

„მთავრობის დავალებით, ამ ნაწილში გავატარეთ გარკვეული სამუშაოები და მივაღწიეთ კანონის ისეთ ხარისხს, რომელიც გვაძლევს ეფექტიანი რეგულაციის საშუალებას, რაც გულისხმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არეალი მაქსიმალურად შემცირდეს“, – განაცხადა შს მინისტრმა.

გიორგი გახარიას განმარტებით, დასჯადი არ იქნება მარიხუანას მოხმარება მხოლოდ პირად სივრცეში.

„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში ყველა სახის მარიხუანას მოხმარება იქნება დასჯადი, 21-წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარება ყველა სახის სივრცეში ასევე დასჯადი იქნება. მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი ხდება. ასევე, 21-წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანის მოხმარებაში სისხლის სამართლის წესით დაისჯება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მისი თქმით, ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია მთელი რიგი სამოქალაქო უფლების შეზღუდვა.

„სისხლის სამართლის წესის დარღვევის შემთხვევაში კი, ეს იქნება მოსამართლის დისკრეცია. დღეის მდგომარეობით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, გვიჭირდა, როგორც სამართალდამცავ სტრუქტურას, მოგვეხდინა ეფექტიანი კონტროლი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა მარიხუანას კონტექსტში დარეგულირებულია.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია